დონალდ ტრამპი კვლავ ფორმაშია, მაგრამ ნერვიულობს
კვირა არ გავა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამე სენსაციური ამბავი არ „გამოაგოროს“. თქვენი არ ვიცი და, მე ისეთი შეგრძნება მაქვს, ამ კაცს მთისა და ბარის გასწორება აქვს გადაწყვეტილი. წინა კვირის დასაწყისში ულტრამემარცხენე ანტიფაშისტური მოძრაობა „ანტიფა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
რა არის „ანტიფა“, რას წარმოადგენს? ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანია ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. იგი მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალურ პარტიებს, სხვადასხვა ავტონომიურ ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აერთიანებს, რომლებიც ნეონაციზმსა და რასიზმს ებრძვიან. „ანტიფას“ ზოგიერთი აქტივისტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას კავშირი აქვთ რასიზმთან. ამის საპასუხოდ ზოგიერთმა პოლიტიკურმა მემარჯვენემ „ანტიფა“ საშინაო „ტერორისტულ ორგანიზაციად“ დაასახელა, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო დროის არეულობებში მოძრაობა „ანტიფა“ და სხვა მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა. გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის თქმით, სასტიკმა რადიკალურმა ელემენტებმა მშვიდობიანი და კანონმორჩილი აქციის მონაწილეები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს. ტრამპისთვის განრისხების კატალიზატორი, როგორც ჩანს, ჩარლი კირკის მკვლელობა აღმოჩნდა, მას თავისივე ადმინისტრაციიდან შთააგონეს, რომ აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს ულტრამემარცხენეების ძალადობას. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ტრამპი ქმნის საბაბს, რათა ჩაახშოს საპირისპირო შეხედულებები. საერთოდ, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, უკანონობად მიიჩნევა მატერიალური მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავრობის მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად ცხადდებიან, თუმცა ადგილობრივი ჯგუფებისთვის ანალოგიური კანონი არ არსებობს. როგორც ჩანს, ტრამპს მოუწევს კანონში ცვლილებების შეტანაც. არადა, ყველა საცალფეხო ბილიკი თუ შარაგზა სოროსისკენ მიდის, რომლის ფონდიც საქართველოში აუცილებლად უნდა აიკრძალოს.
უფრო ხისტი განცხადება გააკეთა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში. მისი თქმით, ძალიან ბევრს მუშაობენ, რათა მემარცხენე ძალადობის დაფინანსებისა და რადიკალიზაციის ქსელების გამოვლენა უზრუნველყონ.
სხვათა შორის, კულუარულად გავიგე, უახლოეს ხანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში აპირებს ჩამოსვლას. ეს, ალბათ, ე. წ. ოპოზიციისთვის მეხის დაცემა იქნება. პრინციპში, მაგათ მეხი და ბნედა უკვე დაცემული აქვთ - არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რომ ჯო უილსონს ეახლები და დაუჩოქებ, ოღონდ, მაგ უარყოფილ „MEGOBAღI აქტს“ მსვლელობა მიეცი და მილიონ დოლარს ჩაგირიცხავთო, ეგ რას ნიშნავს? _ ამ დღეებში თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან სანიკიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯო უილსონს ვაშინგტონში ეწვივნენ და სურათი გადაიღეს. ქვეყნის გამყიდველები რაზე ილაპარაკებდნენ, ალბათ, წარმოგიდგენიათ - საქართველოს სამაგალითოდ დასჯაზე. ზუსტად ისე, როგორც ამათი წინაპრები ლაპარაკობდნენ ხოლმე თავის დროზე ისპაჰანში. ერთი ეგ არი, უილსონს ცოტაღა უკლია შაჰობამდე და სულთნობამდე, ერთი გამოპრუტუნებული ბებერია.
სიტყვამ მოიტანა და ბარემ აქვე გეტყვით: როგორც აშშ-დან ხდება ცნობილი, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2025 წლის 11 ივლისს ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ფირმასთან - Nელსონ Mულლინს ღილეყ & შცარბოროუგჰ. კონტრაქტის თანხა შეადგენს 360 000 აშშ დოლარს. მოქმედების ვადა ექვსი თვე. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პეტრე ცისკარიშვილმა. კონტრაქტი მოიცავს ლობისტურ მომსახურებას, აშშ-ის ხელისუფლებასთან კონსულტაციების გაწევას და დახმარებას პარტიის დიპლომატიურ აქტივობებში. ლობისტებს შორის მოიხსენიება კონგრესმენი ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინიდან, რომელსაც ფირმამ გარკვეული თანხა ცოტა ხნის წინათაც „შესწირა“. მოკლედ, ხელი ხელს ბანს, ორივე კიდე პირსაო, ამათი საქმე ასეა, - უილსონს დოლარებს ურიცხავენ, ის კიდე ლაპარაკობს ათასნაირ სისულელეს, რა ენაღვლება? თუ ესენი ჩავლენ და მუხლებს დაუკოცნიან, სურათის გადაღებაზე უარს როგორღა იტყვის? თქვენი არ ვიცი და... მე ამ დროს საბჭოთა პერიოდი მახსენდება, ზოგიერთები მოსკოვში გოჭებით, ღვინით, კონიაკით და ჩურჩხელებით რომ დადიოდნენ. ახლა ცხოვრება გაძვირდა, გოჭები და ჩურჩხელები აღარ კმარა, ესენი მწვანე „პაჩკებით“ დადიან. ისე, დონალდ ტრამპმა რომ იცოდეს, უილსონის სახით როგორი წუპაკი ჰყავს პარტიაში, პანჩურს ამოარტყამდა და გამოაგდებდა, მაგრამ აბა, ამას როგორ იზამს, ამერიკაში ხომ დემოკრატიაა?
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დონალდ ტრამპის ჩასვლა დიდ ბრიტანეთში. იგი უინძორების სასახლეში ვერტმფრენით ჩაფრინდა, სადაც მას და მელანია ტრამპს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შეხვდნენ. შემდეგ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზსა და მის მეუღლეს, კამილას ეწვია. ეს ვიზიტი პომპეზური გამოდგა, აშშ-ის პრეზიდენტს არნახული ბრწყინვალებით დახვდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, მას ხასიათი და განწყობა მაინც ვერაფერმა გამოუკეთა, ჩვეულ სტილში განაგრძო ბრიტანელი ლიბერალების „დაჩმორება“. ანალიტიკოსები კი წერენ, ეს იყო ბულინგიო, მაგრამ არა, ეს იყო უფრო მეტი, ანუ „დაჩმორება“. სახლში მიმავალ დონალდ ტრამპს ჰკითხეს - რატომ არ იმყოფებოდა წარმოშობით პაკისტანელი ლონდონის მერი სადიქ ამან ხანი სამეფო ბანკეტზე. მისი პასუხი იყოი: „მე არ მინდოდა მისი იქ ყოფნა, მე ვთხოვე, რომ იქ არ ყოფილიყო“.
ტრამპმა ასევე არ ისურვა ბანკეტზე ენახა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა პაკისტანელი მინისტრი ქალი შაბანა მაჰმუდი. გამოდის, აშშ-ის პრეზიდენტი სასტიკი წინააღმდეგია ბრიტანეთის ისლამიზაციის და ცდილობს, ამ მდგომარეობას არ შეურიგდეს. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ სტარმერს მკაცრი ტონით განუცხადა, რომ ყველა ზომა მიიღოს აგრესიული მიგრაციის შესაჩერებლად.
ზოგი კითხულობს, დონალდ ტრამპი რისთვის ჩავიდა ბრიტანეთშიო? რა დიდი მარჩიელობა მაგას უნდა? ჩავიდა არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ზედამხედველი - დაცოფა, ვინც დასაცოფი იყო, გარიყა, ვინც გასარიყი იყო, უეჭველი რჩევა-დარიგებებიც მისცა სამეფო ოჯახის წევრებს, დახურულ კარს მიღმა ყური აუწია პრემიერ სტარმერს და სახლში მაინც გამწარებული წავიდა. რატომ ღელავს აშშ-ის პრეზიდენტი? იმიტომ ღელავს, რომ ლამის მთელი ბრიტანეთი უკვე მისლიმანების ხელშია. ავი ენები ამბობენ, რომ ბრიტანეთის 26 ქალაქში მერი არის მუსლიმანი. ცოტაც და ბრიტანეთს მუსლიმ მიგრანტთა ტალღა წალეკავს. რაკი ასეა, დონალდ ტრამპს, და არა მხოლოდ მას, ნამდვილად აქვს სანერვიულო, ბოლო-ბოლო, ბრიტანეთი აშშ-ის დამფუძნებელი და საძირკველია.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ბოლო ინფორმაციით, ტრამპი ითხოვს იმ ტელევიზიებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევას, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან. რასაკვირველია, ეს ცოტა საჩოთირო და არადემოკრატიული თემაა, მაგრამ ტრამპისთვის არაშეუძლებელი.
გელა ზედელაშვილი


