გერმანიაში წაყვანილი ცელქი ელჩი და გერმანიიდან წამოყვანილი გიორგი გახარია

გერმანიაში წაყვანილი ცელქი ელჩი და გერმანიიდან წამოყვანილი  გიორგი გახარია

ვიცი, გაგახარებთ,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. რა კონსულტაციები? ამ კაცმა ყველას თავი მოაბეზრა და წაიყვანეს. ამ დღეებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერებმა სამართლიანად დასვეს კითხვები ამ კაცის „მოღვაწეობის“ თაობაზე და როგორც ჩანს, უკვე ვეღარ „აპრავებენ“. თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაინც საქართველოს ხელისუფლებას ამუნათებს, რამდენიმე თვეა, ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებსო. როგორც გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს, პეტერ ფიშერის გაწვევა საქართველოს პრორუს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პეტერ ფიშერს შორის ხანგრძლივი ესკალაციის კულმინაციააო. გამოცემა წერს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ფიშერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და მისი გაძევება საჯაროდ განიხილეს. აბა, უყურეთ, თურმე ფიშერმა საქართველოს მთავრობის ავტორიტარული სტილი საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა და დიპლომატს პრობლემები შეექმნა. „შპიგელი“ იმაზე არაფერს წერს, ფიშერი მამუკა ხაზარაძის ცოლის ბინაში რომ ცხოვრობდა, კაი „მაყუთს“ იხდიდა და გადასახადებს მალავდა. არც იმაზე წერს, როგორი მიკერძოებული და არასამართლიანი იყო ეგ ვინმე ფიშერი. არც იმაზე წერს, როგორ გადააჭარბა მან თავის უფლებამოსილებას და როგორ ერეოდა საქართველოს შიგა საქმეებში, სანამ ირაკლი კობახიძემ გებელსი არ უხსენა, მანამდე არ გაჩერდა. ისაო, გებელსის ხსენება არაეთიკურია, ჩვენ არ ვახსენებთო. გაიგონეთ? ჩვენ არ ვახსენებთო. არ ახსენებ და ნუ ახსენებ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ ერთი, ისტორია არაფერს ივიწყებს, არც ჩვენ ვივიწყებთ, რადგან გერმანიამ 350 ათასი ქართველი შეიწირა, ერთი ამდენი კიდევ დაასახიჩრა. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ და მორალურ ზარალზე. ახლა იგივე სახელმწიფოს ელჩი მოგვდგომია და ჭკუას გვარიგებს. დიახ, სწორად შენიშნა კობახიძემ - ევროპა-ევროპას ძახილით ტვინი რომ წაგვჭამეთ, გებელსიც ევროპელი არ იყო? მოკლედ, ფიშერები და გებელსები მიდიან, საქართველო კი რჩება სამარადჟამოდ, ვინც ამ ქვეყანაზე ხელი ასწია, თუნდაც ფიზიკურად, თუნდაც აზრობრივად, ვერავინ ხეირი ვერ ნახა და ვერც ნახავს. ეგ არი და გორის ციხე!
გახჩოელები პარლამენტში შედიანო. ვიცოდი, რომ შევიდოდნენ, არც სიები ჩახსნეს, არც მანდატები გააუქმეს, მაინც ეშმაკურად მოიქცნენ, რა იცი, რა ხდება, ეგებ ფულები შემოგვაკლდესო? თავად გიორგი გახარიამ, მას შემდეგ, რაც წულუკიანის კომისიამ მარყუჟი მოუჭირა, გერმანიაში გაქსუვდა და თავისიანების დაბოლება დაიწყო, აქ მე ევროპიულ საქმეებს ვაგვარებ, რათა საქართველომ წინსვლა მაინც განიცადოსო. ახლა დაავალეს გახარიას, შედით პარლამენტში და იქიდან გააჩმახეთ, ვინც რუსთაველზე გასაჩმახებლად მივუშვით, ყველა მიჩმორდაო. ქუჩიდან არაფერი გამოდის, დროა, საკანონმდებლო ორგანოდან შევუტიოთო. რაღა დაგიმალოთ და ახლა სადეპუტატო იმუნიტეტი თუ ვინმეს სჭირდება, ეს გიორგი გახარიაა, ტიპი დაპატიმრების შიშით საქართველოში ვერ ჩამოდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პარლამენტში 12 ადგილი არც ისე ცოტაა. თუმცა, აქ ერთი უხერხული მომენტი აქვთ გახჩოელებს, ამ შემთხვევაში ის 12-ეული კი არ გადეპუტატდება, ვინც სიაში პირველი ეწერა, არამედ ადგილმონაცვლეები: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი, სოფიო ხორგუანი. აი, ვინც ყველაზე მეტი იბრძოლა ანა ბუჩუკურის თამადობით, ყველა გარეთ დარჩება. ეს ამბავი გახჩოელებმა ასე ახსნეს:
„ერთი წლის წინ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთხმად მიიღო პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება, ავტოკრატიული რეჟიმის დამძიმება, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოპარვა და სხვა ბევრი დანაშაულებრივი, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება“.
განცხადების კითხვით თავს აღარ შეგაწყენთ - ესაო, ისაო და რაკი შედეგი ვერ მივიღეთ, რაკი „ოცნება“ ვერ დავამარცხეთ, შემოვდივართ და დაგვხვდითო. მათ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსწრებულად უპასუხა, საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, პირდაპირ დავინახავთ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგო. აი, ამაზე იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მართლაც თვალნათლივ დავინახავთ და უფრო უკეთესად გავიაზრებთ, რა უნდათ, რა დავალებებს იძლევიან გაქსუებულთა პატრონები საქართველოს წინააღმდეგ. 

გელა ზედელაშვილი