ტრაგედია თბილისში, ანუ კახა კალაძე და ბრიყვები

14 ივლისს სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ზედა მხარე
ჩამოინგრა. თუ კორპუსს დავაკვირდებით, შუაზეა გადახლეჩილი და
რასაკვირველია, სასწრაფოდ საჭიროებდა გამაგრებას, ან დაშლას და
ხელახლა აშენებას. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,
ამ კორპუსის რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო, მიმდინარეობდა
მოლაპარაკებები მობინადრეებთან, რათა ახალი აშენებულიყო, მაგრამ
რამდენიმე მობინადრემ უარი განაცხადა და საკითხი ღიად დარჩა.
სამწუხაროდ, არის მსხვერპლი - გარდაიცვალა ორი ადამიანი.
როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყეს!
მიესივნენ ჭილყვავები კახა კალაძეს, სადგურის მოედნის მიდამოებში კორპუსი რათ ჩამოინგრაო?
თბილისში ბინების უმეტესობა რომ 1950-იან წლებშია აშენებული, კალაძის ბრალიაო!
2012 წლის შემდეგ ავარიული სახლები უცებ რომ არ გარემონტდა და ხელახლა არ აშენდა, კალაძის ბრალიაო!
2012 წლამდე რომ ერთი ბინაც არ გარემონტებულა და არ აშენებულა, მარტო ფასადები რომ შეიღება და ფასადებს მიღმა ყველაფერი დამპალი იყო, ეგ არაფერიო!
მოსახლეობას ახალი ბინების აშენებას რომ სთავაზობენ და ზოგიერთი ღორი უარს აცხადებს, ორმაგ და სამმაგ ფართს თუ არ მომცემთ, არ მაწყობსო, ეგეც კალაძის ბრალიაო!
ალბათ გახსოვთ, შოვში რომ მეწყერი ჩამოწვა და დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეგეც კალაძეს დააბრალეს - თავისი შვილები ორი დღით ადრე რატომ წაიყვანა შოვიდან, მან იცოდა, მეწყერი რომ ჩამოწვებოდაო.
რაც ამ წუთას ჩვენს საზოგადოებაში ხდება (ვგულისხმობ საზოგადოების ნაწილს), ეს არის უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე შენობის ჩამონგრევა ან მეწყერის ჩამოწოლა. კალაძეს ამუნათებენ, წყევლიან, ლანძღავენ, ღამე როგორ გძინავსო? ვითომ რატომ არ უნდა ეძინოს ღამე კალაძეს? არ ეცადა? არ მივიდა? არ გააფრთხილა? არ მოელაპარაკა? ვინც თანახმა იყო, არ აუშენა? რა, ასეთი რაღაცები სხვაგან არ ხდება? ხალხო, საქართველო კი არის სამოთხესავით ქვეყანა, მაგრამ მთლად სამოთხეც არ არის და აქაც შეიძლება, მოხდეს სხვადასხვა სახის ტრაგედიები.
იცით, რა არიო? კალაძეს ჯადოსნური ჯოხი რომ აქვს, ხშირად რატომ არ იქნევსო? კალაძე ყველას სურვილებს რატომ არ ასრულებსო? და კიდევო, თუ ვიღაცები უარს ამბობენ, კალაძე რატომ არ ძალადობს, ავარიული კორპუსებიდან ხალხს რატომ არ გამოყრის და თვითნებურად რატომ არ ააშენებსო? ახლა ასე აწყობთ და ასე ლაპარაკობენ, თორემ კალაძემ კორპუსები ძალადობრივად რომ ააშენოს, გამოცვივდებიან და დიქტატურის შემდგომ ეტაპად მონათლავენ. ახლა კი... ახლა „ლეგიტიმური’’ სალომე ზურაბიშვილი ბოდავს - ეს გულგრილობა გახლავთო. ხატია დეკანოიძემ - ნანგრევები ჩემი შვილის მანქანას დაეცა, ეს კატასტროფაა, კალაძემ არაფერი გააკეთა, ეს რომ თავიდან აეცილებინაო. ხოხ, სხვის მანქანას რომ დასცემოდა, კატასტროფა არ იქნებოდა?
ყველამ გააკეთა კომენტარი, ვისაც არ ეზარებოდა! ყველამ გამოლანძღა კალაძე, ვისაც არ ეზარებოდა! ყველა გახდა უცებ მშენებელი, ვისაც არ ეზარებოდა!
„ნაცებო’’, თქვენი დედები ვატირე, ბრექია უგულავას მერობის დროს ერთი კორპუსი მაინც აშენებულა ან გარემონტებულა? ერთი ფაქტი მაინც დადეთ, თქვე სულით ავადმყოფებო!
კალაძე თითქმის ყველა სხდომაზე მოუწოდებდა მოსახლეობას, დაგვთანხმდით, ახალ კორპუსებს აგიშენებთ, რა ფართებიც გაქვთ, იგივეს მოგცემთ, სანამ აშენდება, დაგაბინავებთ, ქირის ფულს გადაგიხდითო. უმეტესობა ყაბულს იყო, რამდენიმე ხარბი ქეციანის გამო საქმეები იშლებოდა - თქვენ რომ 5-სართულიანის ნაცვლად 8-სართულიანს აშენებთ, რათაო? ეგ ფართები სად მიგაქვთო? ამ ხალხმა ვეღარ გაიგო, რომ ვინც კორპუსს უფასოდ აშენებს, იმასაც უნდა ჰქონდეს რაღაც მოტივაცია, იმასაც უნდა დარჩეს რაღაცა, ყოველ შემთხვევაში, რასაც ხარჯავს, იმის ნახევარი მაინც ხომ უნდა ამოიღოს?!
იცით, რამდენს ითხოვდნენ თურმე ამ ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლები ინვესტორისგან 1 კვადრატულში? 3 000 (სამი ათას) დოლარს. მოინდომეს უცებ გამდიდრება. მერიის შეთავაზებაზე, რომ დაეტოვებინათ ბინები და ახალს აუშენებდნენ უფასოდ, ამაზე უარი თქვეს.
ახლა გადავამოწმე, ამ თემაზე ბარე ხუთჯერ მაქვს დაწერილი სტატია-მოწოდება, ვიხვეწებოდი, ნუ ხარბობთ, დათანხმდით, ახალ ბინას რა სჯობს-მეთქი? ისიც კი მახსოვს, ერთგან ყველა თანახმა იყო და ივერი მელაშვილმა მიაჭირა ფეხები... აი, ისა, გარეჯის საქმეზე რომ იყო ცოტა ხანს დაპატიმრებული და ინგა გრიგოლიამ გმირად გამოაცხადა. აქ წესით უნდა გავიცინო, მაგრამ ახლა არ მეცინება - გამოაცხადეს, შენობა რომ ჩამოინგრა, კიდე ერთი ცხედარი იპოვესო.
მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ეხვეწებიან დიდუბის გამგეობის მესვეურები ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს, გაგიყვანთ აქედან, ქირასაც გადაგიხდით, დროებით სხვაგან გაცხოვრებთ, სანამ ახალს აგიშენებთო. მაცხოვრებლები უარს აცხადებენ - რა, კიდევ ჩამოინგრევაო? გესმით, რა დონის აზროვნებასთან გვაქვს საქმე? გესმით, რა დონის სიხარბემ შეიპყრო ადამიანები? ახლა ამათ ეშინიათ, თუ იქაურობას დატოვებენ, ვიღაცები მიცვივდებიან, დაუკითხავად დაიწყებენ მშენებლობას და კვადრატულში 3 000 დოლარს აღარ მისცემენ.
კახა კალაძე არაფერ შუაშია!
ის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია და საშუალება არსებობს. ახლაც თქვა, ეს კორპუსი ავარიული იყო, მილიონჯერ შევთავაზეთ, რომ გასულიყვნენ და უარი თქვესო. ვიმეორებ, მე პირადად 5 სტატია მაქვს მომზადებული ამ თემაზე, რადგან თბილისის მერი მთავრობის ყოველ სხდომაზე იმეორებდა, რომ მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა და დღესაც ითხოვს იმაზე მეტ ფართებს, ვიდრე გააჩნიათ. როგორ ფიქრობთ, როგორი მადა აქვთ ე.წ. თბილისელებს? 60 კვადრატულში ითხოვენ 120 კვადრატულს, 80 კვადრატულში ითხოვენ 200 კვადრატულს. არადა, თბილისში ძირითადად ავარიული შენობები ე.წ. „ხრუშჩოვკებია“, სადაც ყველაზე დიდი ბინა 50-60 კვადრატულია.
მე თუ მკითხავთ, ალბათ დადგა დრო, როცა ამ მხრივ კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. აქამდე აყაყანდებოდნენ, ახლა ვეღარ აყაყანდებიან - თუ კორპუსი ავარიულია, რამდენიმე ღორის უარს ძალა არ უნდა ჰქონდეს, საკითხი გადაწყდეს უმრავლესობის თანხმობით.
დიახ, ახალი შენობის აშენების საკითხი გადაწყვიტოს უმრავლესობამ!
უკვე ცხადია, ადგილობრივი არჩევნებისთვის ე.წ. ოპოზიცია ამას სიბინძურისთვის გამოიყენებს, მაგრამ არაფერი გამოუვა, ჯანმრთელმა საზოგადოებამ იცის, რა ხდება და რა მოხდება.
წარმატებებს ვუსურვებთ კახა კალაძეს თავის საქმიანობაში, მადლობა, რაც გააკეთა და რასაც კიდევ გააკეთებს.
გელა ზედელაშვილი
P.S. მე 2001-2003 წლებში ვიყავი თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსპექციის პრესსამსახურის უფროსი, ბუნებრივია, კარგად ვიცი, სად რა პრობლემებია და სად უფრო ჩამყაყებული მდგომარეობაა. რა კალაძე და რომელი ივანიშვილი? რაც მაშინ თბილისში ხდებოდა, რა ნებართვებიც მაშინ გაიცემოდა, ეს იყო კიდევ ერთი ტრაგედია. არქიტექტურის სამსახური ნებართვებს გასცემდა, ჩვენ ვამოწმებდით და ხშირად ვილანძღებოდით კიდეც. მახსოვს, ლოკომოტივის სტადიონი რომ შენდებოდა (მესხის სახელი შემდეგ ეწოდა), თურქები ჰყავდა რკინიგზის შეფს, კაკო ჩხაიძეს ჩამოყვანილი, შევამოწმეთ, უამრავი დარღვევა აღმოვაჩინეთ, ტრიბუნებიც კი ერთმანეთზე არ იყო გადაბმული, ანუ შედუღებული. მშენლობა შევაჩერეთ, თვით კაკო მოვარდა, შევარდნაძის ხელმოწერილი ფურცელი აგვიფრიალა და მშენებარე სტადიონიდან გამოგვყარა - ერთი თქვენიც, 26 მაისს უნდა გავხსნათ, ედუარდიც უნდა მოვიდესო. 26 მაისამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, გახსნეს, იზეიმეს, ერთმანეთს მიულოცეს, მაგრამ მე პირადად ამ სტადიონის შიში მაქვს, ემანდ შეუდუღებელი ტრიბუნები უცებ არ ჩამოიქცეს და ეგეც კალაძეს არ დააბრალონ. გამოდის, მე უნდა დავჯდე და ახლა ისიც უნდა მოვყვე, როგორ დავაშლევინეთ „მეკონიაკე“ გუჯა ბუბუტეიშვილს უსახური რესტორანი რიყეზე და როგორ ვაგინეთ ერთმანეთს სუფრაზე. გუჯამ - მე ფული მაქვს, შენ კალამი, ვიმეგობროთო. წადი, შენი, რიყეს მაინც არ დაგამახინჯებინებ-მეთქი. მერაბ გეგეჭკორმა გაგვაშველა შევარდნაძის ხმით, თორემ ერთმანეთს ფიზიკურადაც შევეხებოდით. ჰოდა, იმას ვამბობდი, ამის შემდეგ უნდა დავჯდე და მოვყვე, თბილისში რომელი შენობებია ჩამონგრევაზე, რომელი შენობებიდან არის გამოსარეკი ხალხი ძალის გამოყენებით და სად რა საქმეა გასაკეთებელი. დაძველდა თბილისი, ხრუშჩოვის დროს უხარისხოდ აშენებული სახლები უკვე ამორტიზებულია, ახლებით უნდა ჩანაცვლდეს და რასაკვირველია, მელაშვილებმა ვერ უნდა გადაწყვიტონ ასეულობით ადამიანის ბედი.
და ბოლოს... კიდევ ერთხელ გეკითხებით: რა შუაშია აქ კახა კალაძე?!