ყველამ ნახეთ, როგორ იხოხიალა მიშამ გორში

ყველამ ნახეთ, როგორ იხოხიალა მიშამ გორში

ახლა აგვისტოა და, ბუნებრივია, სააკაშვილის მიერ მოწყობილი პროვოკაცია უნდა გავიხსენოთ - ეს იყო უმძიმესი დღეები, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო და 9-ში დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში ვიცოდით, რომ რაღაც უნდა დაწყებულიყო. რედაქციაში, სადაც იმხანად ვმუშაობდი, დიდი ბჭობა და გარჩევა მიდიოდა, თითქმის ყველა ამტკიცებდა, რომ ჩვენ ცხინვალსა და სოხუმში ერთდროულად შევიდოდით და რუსებს რეაქცია არ ექნებოდათ, რომ სააკაშვილს ამ ყველაფერში ფული ჰქონდა გადახდილი. მე ასე არ ვფიქრობდი, მე ყველას ვეუბნებოდი, რომ რუსები ამ ამბავს არ „გაატარებდნენ“ და ძალიან მწარედ გვაზღვევინებდნენ. მაშინ არაერთ დეპუტატსა თუ თანამდებობის პირს დავურეკე, ვეკითხებოდი, რა ხდებოდა, ყველა ამტკიცებდა, რომ მალე ტერიტორიებს დავიბრუნებდით. შოთა მოლაშხიამ ისიც კი მითხრა, ჩვენი ჯარი ისე გაწვრთნეს ამერიკელებმა, კრემლის თავზე საქართველოს დროშას ავაფრიალებთო. ბატონო შოთა, იმედია, ხუმრობთ-მეთქი. არაო, არ ვხუმრობ, ასე იქნებაო. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, პუტინი პეკინში ოლიმპიადაზე დასასწრებად იმიტომ წავიდა, რომ მერე აფხაზებისა და ოსების წინაშე თავი იმართლოს, სახლში არ ვიყავი, ვერ დაგიცავითო. ახლა ძირეულად ყველაფრის მოყოლას აზრი აღარ აქვს, ყველამ ნახეთ, როგორ იხოხიალა ჩვენმა მთავარსარდალმა გორში, როცა მოტოციკლეტის ხმა გაიგო და ბომბდამშენისა ეგონა. სამწუხაროდ, იმ 3-4 დღეში პროვოკაციას შეეწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი. საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ არის. 189 სოფელს მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა და დაგვაიმედა, რომ ბევრი არაფერი დაგვიკარგავს, პირიქით, ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან პუტინს და მთელ რუსეთს საბოლოოდ ჩამოვხსენით ნიღაბი. აშშ-ელებმა დაგვიფასეს - შავ ზღვაში მათი კრეისერი შემოვიდა, წყალი, პამპერსები და კონსერვები ჩამოგვიტანა. 12 აგვისტოს ევროპიდან რამდენიმე პრეზიდენტიც გვეწვია, იუშენკო და ვიღაცები. აქ იყო ნიკოლა სარკოზიც, მაგრამ ის სასტუმროდან არ გამოსულა. ავი ენები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი „სამ ასოზე“ გააგზავნაო. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მაინც გამოიყვანეს რუსთაველზე და აზეიმეს. ამ დროს ცხინვალის ქუჩებში ქართველი ბიჭების ცხედრებს ბუზი ეხვეოდა. მისი უწმიდესობა შევიდა და სათითაოდ გამოიყვანა. 
და ამაზე ამბობენ „ნაცები“, ეს იყო გმირული საქციელიო. გააჩნია, ვისთვის იყო გმირული, ვინც იქ წაასხეს, იმათთვის კი, მაგრამ ამათთვის იყო ლაჩრული. არ გახსოვთ? მთელი მთავრობა და პარლამენტი წითელ ხიდზე გაიხვეტა, ზოგი სომხეთში გარბოდა, ზოგი აზერბაიჯანში. საბედნიეროდ, მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება, ჩვენ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, მაგრამ ასე ლაჩრულად არა, ღირსეულად, მშვიდობიანად. მოდი, ახლა ვნახოთ, რას ამბობს, როგორ აფასებს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის იმჟამინდელი ანალიტიკური დეპარტამენტის „უმფროსის“ ცოლი ეკა კვესიტაძე აგვისტოს ომს და ეგრევე მიხვდებით, რა აზროვნება ჰქონდათ და აქვთ „ნაცებს“:
„აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის უჭკვიანესი სვლა, გნებავთ მსხვერპლშეწირვა, რომელმაც მოიტანა საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში და 2,5 მილიარდი წლიური შემოსავალი ტურიზმისგან, ასევე მსოფლიოს თვალში პუტინის და რუსეთის დისკრედიტაცია. რამაც გააიასნა, რომ პუტინი ყველას მტერია და დააჩქარა იმპერიის მომავალი დაშლა“.
და რა გასაკვირია, რომ ამნაირი აზროვნების წარმონაქმნებს კრემლის თავზე საქართველოს დროშის აფრიალების იდეა ჰქონოდათ ცხელ თავებში. ასეთი მდარე აზროვნების თანახმად, უკრაინა უკვე აყვავებული უნდა იყოს, იქით ტურიზმი, აქეთ რუსეთის დაშლის დასაწყისი, უამრავი დახმარება, გამოცდილების მიღება, 25 მილიონზე მეტი უკრაინელის „მოგზაურობა“ მსოფლიო მასშტაბით და ასე შემდეგ. ხედავთ, რა კარგი ყოფილა ომი და, მით უმეტეს, როცა ის მიმდინარეობს სააკაშვილის უჭკვიანესი სვლით? 
მე მიმაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოში მაინც კარგად გადავრჩით, იმის შემდეგ, რაც სააკაშვილს თავის ხროვასთან ერთად ჰქონდა ჩაფიქრებული, წესით, დღეს საქართველო აღარ უნდა არსებობდეს, მაგრამ ბედი ჩვენი, რომ დასავლეთმა ჩვენი ხელით რუსეთთან ძალა მოსინჯა, აინტერესებდათ, პუტინი რაზე იყო წამსვლელი, პუტინი კი რაზეცაა წამსვლელი, უკრაინაში ბოლომდე ნახეს.

გელა ზედელაშვილი