რეისის რუკა
თოფქაფის სასახლის მთვარ ეზოში, გიდმა, გამოცდილებიდან გამომდინარე, გვითხრა, ვისაც გაინტერესებთ, აქ არის ბიბლიოთეკაო. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებდა კონკრეტულად ბიბლიოთეკა, ჩვენი ჯგუფის წევრთა თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა კი „ისე“ შემოგვყვა.
ვფიქრობ, უძვირფასესი ნივთების მიუხედავად, რაც მხოლოდ მატერიალურია და ადამიანის შექმნილია არცთუ დიდი ხნის წინათ, თოფქაფის სასახლეში, მსოფლიოსთვის ამოუცნობი რეისის რუკაზე ფასეული არაფერია, რომელიც არავინ იცის, ვინ თუ რამ შექმნა _ არსებამ თუ ტექნიკამ...
ვისაც თურქული სერიალი „დიდებული საუკუნე“ აქვს ნანახი, აუცილებლად ემახსოვრება ფაშა, ადმირალი ფირის რეისი (ჰაჯი მუჰიდინ ფირი იბნ ჰაჯი მეჰმედ, „რეისი“ _ ადმირალის წოდებაა), მისი სახელი ითარგმნება როგორც „კაპიტანი ფირი“, რომელიც თავდაპირველად მეკობრე იყო, მერე კი სულთან სულეიმანის სამსახურში ჩადგა. ფილმში მას რუსტემ ფაშა წამლავს თაფლით, მაგრამ რეალურად 90 წელი იცოცხლა და სრულიად ჯანმრთელი კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებდა, სულთანს რომ თავი არ მოეკვეთა მისთვის 1553 წელს, არავინ იცის. სხვათა შორის, ასეთ ასაკამდე მიღწევა იშვიათობა იყო იმ ეპოქისთვის. ის იყო ოსმალო ადმირალი, გეოგრაფი და კარტოგრაფი.
ფირის რეისის ქანდაკება თოფქაფის სასახლის იმ აივნიდან მოჩანს ბოსფორის სანაპიროზე, საიდანაც ქალები თავის მოკვეთას ადევნებდნენ თვალს. ჩვენ ქანდაკებასთან გავლამ არ მოგვიწია.
1929 წელს, მას შემდეგ, რაც თოფქაფის სასახლე მუზეუმად გადაკეთდა და სამუზეუმო ექსპონატები გადაიხედა, ვიღაცის მახვილმა თვალმა შენიშნა, რომ ადმირალის მიერ 1513 წელს შედგენილ ერთ-ერთ რუკაზე გამოსახული იყო ამერიკის ორივე კონტინენტი და ანტარქტიდა, მატერიკის დღეისთვის ყინულით დაფარული ნაწილი.
„ვიღაც“ არ ეთქმის, ვიგულისხმე „რუკებში ჩაუხედავი ერთი ვინმე“ _ ფირის რეისის რუკა 1929 წელს აღმოაჩინა ბეი ჰალილ ეთემმა, თოფქაფის გენერალურმა დირექტორმა, როდესაც თოფქაფის ქარვასლის შენობის ანტიკვარიატის მუზეუმად გადაკეთება ხდებოდა. მან უცნაური რუკა პროფესორ ადოლფ დეისმანს აჩვენა, რომელიც ბერძნულ და ლათინურ მანუსკრიპტებს იკვლევდა სერაის ბიბლიოთეკაში. დეისმანმა რუკა პოლ კალეს აჩვენა, რომელმაც რუკა გამოიკვლია, ხოლო აღმოჩენები აღმოსავლეთმცოდნეების მე-18 საერთაშორისო კონგრესზე წარადგინა 1931 წლის 9 სექტემბერს.
მეცნიერები დღემდე ვერაფრით ხსნიან, საიდან უნდა სცოდნოდა მეკობრე ადმირალს (ან ვინმე სხვას) განვლილ ეპოქებში და უკვე მისი სახით მე-16 საუკუნეში ის, რაც არავის და არანაირად არ შეიძლებოდა სცოდნოდა. კოლუმბის ამერიკის კონტინენტზე გამგზავრებიდან მხოლოდ 21 წელი იყო გასული, ანტარქტიდა კი, სულაც 1820 წელს აღმოაჩინეს.
რუკაზე ასახულია მდინარე ამაზონი, ანდები, ფოლკლენდის კუნძულები, ვენესუელის ყურე და ანტარქტიდა. საქმე ის არის, რომ, როგორც დღეს, ისე 10 000 წლის განმავლობაში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტსა და ანტარქტიდას შორის 1000 კმ-იანი წყლის გამყოფი ზოლია, ადმირალის რუკაზე კი მატერიკებს შორის ხმელეთია გამოსახული.
მართლაც, 10 000 წლის წინათ ანტარქტიდა არ იყო ყინულოვანი საფარველით მოცული და სამხრეთ ამერიკას მართლაც ხმელეთით უკავშირდებოდა!
1953 წელს რუკის ასლი გადააგზავნეს აშშ-ის საზღვაო ფლოტის ჰიდროგრაფიულ ბიუროში, სადაც შეამოწმეს რუკის სიზუსტე. ამის შემდეგ უარესი თავსატეხი გაჩნდა, რუკა ზედმიწევნით ემთხვევა თანამედროვე რუკას. კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ ასეთი სიზუსტისთვის აეროგადაღებაა საჭირო. სხვაგვარად, უბრალოდ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლებოდა რუკის შექმნა. პირველი აეროგადაღება კი, მოგეხსენებათ, როდის, რამდენი საუკუნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ამერიკელი სამხედროების დასკვნა: „რუკის ქვედა ნაწილში გამოსახული გეოგრაფიული ელემენტები საგრძნობ მსგავსებას ამჟღავნებენ 1959 წლის შვედურ-ბრიტანული ექსპედიციის მიერ გაკეთებულ, ყინულოვანი საფარველის ქვეშ მყოფ გეოლოგიური რელიეფის სეისმოლოგიური სკანერების მონაცემებთან. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სანაპიროს კარტოგრაფირება მოხდა მანამ, სანამ ის ყინულით დაიფარებოდა. ყინულის სისქე ამ რეგიონში ამჟამად ერთ მილს შეადგენს.
ჩვენ არ გვაქვს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რუკაზე ასახული მონაცემების კორელაცია 1513 წლის გეოგრაფიული ცოდნის სავარაუდო დონესთან. ჰაროლდ ზ. ოლმეერი აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების სარდალი.“
კიდევ „უარესი“, ადმირალი წერს, რომ ამ რუკის შესადგენად მან რამდენიმე რუკა გამოიყენა, მათ შორის, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის რუკები (რომლებიც, სავარაუდოდ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. იმ დროს ეგვიპტე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო). ადმირალი ახსენებს „კოლუმბის რუკასაც“, მაგრამ არა კოლუმბის მიერ შედგენილს, არამედ რუკას, რომელსაც კოლუმბი იყენებდა, როდესაც ამერიკის აღმოსაჩენად გაემგზავრა. ადმირალის ჩანაწერების გარდა, „კოლუმბის რუკის“ არსებობა არანაირად არ დასტურდება.
განსაკუთრებული გაუგებრობისა და, აქედან გამომდინარე, კამათის მიზეზი რეისის რუკაზე გამოსახული ანტარქტიდაა, რადგან მისი გამოსახულება გასაოცრად ემთხვევა თანამედროვე ტექნოლოგიებით კოსმოსიდან გადაღებულ სურათს.
ბუნებრივად დაისმის შეკითხვა: ვის შეეძლო ასეთი რუკის შექმნა?
პასუხი მხოლოდ ვერსიის დონეზე გაიცემა _ თურქი ადმირალის რუკას საფუძვლად უდევს წინარეისტორიული ეპოქის ცივილიზაციების რუკები, თუმცა სადამდეც ისტორია წვდება, ვერაფერს იძლევა ათასწლეულების გადასახედი.
ვთქვათ, თვით ალექსანდრე მაკედონელს (ან სხვას) საიდანღა შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე ისეთი რუკა, რომელიც ციდან იქნებოდა გადაღებული და მასზე ისეთი კონტინენტები იქნებოდა დატანილი, რომელთა წარმოდგენა ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი შეუძლებელი იყო იმ დროს?
ყველაზე თამამი ვერსიით, ეს „აღმოჩენა“ იმ გამქრალი ცივილიზაციის საკუთრებაა, რომელიც ფლობდა მაღალ ტექნოლოგიებს, ცაშიც დაფრინავდა და კიდევ ვინ იცის, რა საშუალებით, მაგრამ უსწრაფესად გადაადგილდებოდა სამყაროში. ამ უცნობი ცივილიზაციის კვალი სამყაროს სხვადასხვა ნაწილში მრავლად გვხვდება, მაგრამ ჯერ მაინც რომ ვერ წვდება ადამიანის გონი, რა და როგორ იყო?
იქნებ, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ „ეფუთის“ დაკარგვიდან (ქურდობიდან) დაწყებული, დღემდე ჩვენი (კოლხეთის) ისტორიის გაყალბებამ, შესაბამისად, მსოფლიო ისტორია გააყალბა და სრულიად არივ-დარია „გორგალი“, რომლიდანაც წვერი უნდა გამოიღოს მის გასახსნელად?
ჩვენ მიერ თოფქაფის სასახლის ბიბლიოთეკაში გადაღებულ რეისის რუკას ვურთავთ დედამიწის პირველ გეოგრაფიულ რუკას, რომელიც მეცნიერების ფუძემდებლად აღირებული, ანაქსიმანდრე მილეთელის (611-546 წწ. ძვ. წ. აღ.) რუკის მიხედვით არის აღდგენილი.
ანაქსიმანდრეს მიერ გამოსახულ მსოფლიო რუკაზე მოჩანს მხოლოდ ევროპის, აზიის, ლიბიის საზღვრები და ორი მდინარე _ ნილოსი ეგვიპტეში და ფაზისი საქართველოში, ხმელთაშუა ზღვა და შავი ზღვა, დანარჩენი სამყარო კი უკიდეგანო ოკეანით არის გარშემორტყმული.
ეს ორი რუკა გვერდიგვერდ რომ დაიდო, დააცქერდე და გაიაზრო, რას დაჰყურებ, თუ ჩვენზე ბევრად განვითარებული ცივილიზაციებისკენ არ გაგექცევა ადამიანს ფიქრი და არ დაიჯერებ, რომ „ზეციდან მოსულები“ არსებობენ, სხვა რა ვერსია დაგებადებათ, ძალიან საინტერესოა.
„ზეციდან მოსულებზე“ შემდეგში ვთქვათ.
„საერთო გაზეთი“
