ორიოდე სიტყვა „გაუპატიურებულ“ „ვეფხისტყაოსანსა“ და რეჟისორ რობერტ სტურუაზე

ორიოდე სიტყვა „გაუპატიურებულ“ „ვეფხისტყაოსანსა“ და რეჟისორ რობერტ სტურუაზე

რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“ დადგა. აბა, რა უნდა ექნა? მეც რომ დამნიშნოთ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ეგრევე დავდგამ, მაგრამ ვიცი, არ დამნიშნავთ და ამიტომ არც მაქვს პრეტენზია, რომ დავდგა. ხუმრობა იქით იყოს და... როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენში ლამის ყველა რუსთველოლოგად გადაიქცა, ყველამ განსჯა-დასჯა გადაწყვიტა და ყველაზე მეტად ისეთებმა აუშვეს აფრები, რომლებმაც ამ წუთამდე არ იციან, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ბრჭყალებში იწერება. ერთმა ისიც დაწერა, მამაჩემს ტარიელი ერქვა, დედაჩემს თინათინი და ამიტომაც მაქვს სრული უფლება, სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლი შევაფასოო. შეაფასა, დაიწუნა, თან ისე დაიწუნა, არ უნახავს, მხოლოდ ერთ ფრაგმენტს მოჰკრა თვალი - აი, იმას, ავთანდილი და თინათინი რომ არიან სექსუალურ ექსტაზში. მეო, ისეთი შეგრძნება მქონდაო, გეგონება დედაჩემი იდგა სცენაზე ტატრაყუნა, ამის გამო გრცხვენოდეთ, ბატონო რობერტო. 
მამაჩემს არც ტარიელი ერქვა, არც ავთანდილი, არც ფრიდონი, არც როსტევანი... არც დედაჩემი იყო თინათინი, ნესტანი და დარეჯანი, რა ვქნა, არ მაქვს უფლება, სპექტაკლი შევაფასო? მოდი, რამდენიმე წინადადებით ჩემს აზრს გამოვთქვამ და შემდეგ გადავალ იმაზე, რა თქვეს სხვებმა და რა თქვა თვითონ რობერტ სტურუამ: მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ბრალდებას, თითქოს რეჟისორმა შოთას „ვეფხისტყაოსანი“ გააუპატიურა. ეს ისეთი შედევრი შეგვიქმნა პოეტმა, ვერავინ გააუპატიურებს და საერთოდაც, რომელიმე პოეტური ქმნილება, ან პროზაული ნაწარმოები როგორ უნდა გაუპატიურდეს, თუკი ვინმე დადგამს ან გადაიღებს? რა, არ გინახავთ ფილმი თუ სპექტაკლი რომანზე უკეთესი? არ გინახავთ ფილმი თუ სპექტაკლი რომანზე უარესი? კაცმა დადგა, გაბედა, სცადა, არ გამოუვიდა? რა პრობლემაა? შოთა რუსთაველის პოემას ამით არაფერი მოაკლდება. ჩვენთან ეს მოვლენა ისე აღიქვეს, თითქოს ქართველი ერის წარსული, დღევანდელობა და მომავალი განადგურდა, წერტილი დაესვა.
სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და შოთას კიდევ არავინ დარჩა ისეთი, საავტორო ჰონორარი მოითხოვოს ელენე და გოგია ხოშტარიებივით, თან „ჩერეზ“ რუსეთის ბიუჯეტი.
ამას წინებზე ერთი „გონიერი“ აკაცუკი ამტკიცებდა, „რუსთავი-2“ რომ რუსულია, ეს სახელწოდებიდანაც ჩანს, რუს...თავი, ანუ რუსეთის თავიო. ამ ლოგიკით ქალაქი რუსთავიც რუსული გამოდის, რუსთაველის გამზირიც და შოთა კიდევ ხომ საერთოდ პირწავარდნილი რუსია. იცით, აი, ასეთი ლოგიკით აფასებენ უწიგნურნი სპექტაკლსაც და ასეთი ლოგიკით აფასებდნენ ამერიკიდან გადმოთარგმნილ გამჭვირვალობის კანონს. ვერც ახლა შემოდიან შინაარსობრივ განხილვაში, უნახავად არ მოსწონთ და მორჩა, აგერ ვიღაც ბობოლა აკაცუკმა თქვა, არ ვარგაო, მეტი რა საჭიროა? ერთი-ორი წუთ-ნახევრიანი ვიდეო ხომ ნახეს? თინათინი რომ ეხვევა სექსუალურად ავთანდილს, განა ეს არ არის ქართველი ერის კრახი „ქართული ოცნების“ პირობებში? მაშინ, როცა რობერტ სტურუა ამდენს ბედავს, განა არ უნდა გადადგეს კალაძე? _ კალაძე იმიტომაც უნდა გადადგეს, რომ ამ სპექტაკლის განათებაზე 800 ათასი ლარი დახარჯულა. ეს კალაძეს არ ეხება, მაგრამ უნდა გადადგეს და სხვებიც ზედ მიჰყვნენ. 
რას ამბობს თვითონ რობერტ სტურუა? ჩემი აზრით, ამბობს იმას, რაც უნდა ეთქვა:  
„ასეც ვიცოდი, ნაცისტებს, ვითომ ქართველებს, „ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ! გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ ისევე, როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, როცა ავთანდილი თინათინმა იხმო: „გაძცვრილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”
აკაკიმ თქვა, რომ - 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული „ვეფხისტყაოსანიო”! დღეს როგორაა საქმე - სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ, ალბათ!)! ვხსნი: „თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”.
127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძის კომენტარი: „გაძრცვილსა - შიშველ ტანზე“!
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა“!
უკვე აღვნიშნე, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობაზე ყველაზე მეტად ისინი ყვირიან, ვინც ქართულ ენაში სასვენი ნიშნების შესახებ არაფერი იცის.
იცით, ერთი მხრივ რაზე აუგორეს სტურუას სკანდალი? იმაზე, რომ სტურუა ამ ხელისუფლების მომხრეა, თავის დროზე „ნაცებმა“ ის თეატრიდან გააგდეს და იმ ე. წ. მსახიობებს, დღეს ადამიანის უფლებებზე ენებს რომ ასარსალებენ, მაშინ ხმა არ ამოუღიათ. ახლა ჩაიხვიეს, თურმე სტურუამ „ვეფხისტყაოსანი“ გააეროტიკულა, წაბილწა, ჩვენი კულტურა და პოეზია შეურაცხყო. ეს რომ ჩინეთში გადაკარგულ დოიაშვილს გაეკეთებინა, „ნაცები“ და მათი გამოთაყვანებული მიმდევრები ტაშს დაუკრავდნენ და გენიოსად შერაცხავდნენ.  
იცოდა თუ არა რეჟისორმა, რომ მას ჩასაქოლად გაიმეტებდნენ? რა თქმა უნდა, იცოდა, ამ „რისკზე“ განგებ წავიდა და ცხრიანში გაარტყა კიდევაც. სპექტაკლები წავიდა ანშლაგით? კი, ბატონო, წავიდა. ვინც თეატრის გზა არ იცოდა, ისწავლა? კი, ბატონო, ისწავლა. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ამ ამბავმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაცების“ უვიცობა? აჩვენა. მეტი რა უნდა თანამედროვე რეჟისორს? ასეთ სკანდალურ დიდებაზე, ალბათ, ბერძენი დრამატურგი ესქილე ვერც კი იოცნებებდა.
როგორ ხასიათზეა ავთანდილის როლის შემსრულებელი მსახიობი ლევან ხურცია? ვინაიდან იგი ეროტიკულ სცენაში მონაწილეობდა, ერთი-ორი გუნდა ტალახი მასაც ესროლეს: „სამი დღეა ვცდილობ, არაფერი ვთქვა, რადგან ვმონაწილეობ ამ სპექტაკლში. აბსოლუტური უფლება აქვს ყველას, მოეწონოს, არ მოეწონოს, მიუღებელი იყოს, პოემის განადგურებად ჩათვალოს და ა.შ. ამაზე არც ვამბობ არაფერს, მაგრამ ამ გოგოს (თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს ვგულისხმობ) ფოტოების ფრიალი ასე უსირცხვილოდ, დამახინჯებული რაკურსით, თქვენ არ გიქმნით უხერხულობას მაინც... 
კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ შეგნებულად არაფერს ვიტყვი! და თუნდაც ერთი მაყურებელი მოვიდეს თეატრში, ვისაც უყვარს მსახიობი, რეჟისურა და კულტურა, მისთვის აუცილებლად ვითამაშებთ ამ სპექტაკლს. რადგან ვიცი, როგორ ეფერებოდა თითოეულ სიტყვას და ბგერას ბატონი რობერტი რეპეტიციებზე, და როგორ ცდილობდა ამ გენიალური პოემის ღვთაებრიობა, ადამიანის ნაკლოვანებები და ყველაზე მთავარი, ადამიანური სიყვარული გადმოეცა სცენიდან. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა... თუ გინდათ გაგახარებთ, ამასაც გეტყვით, ოღონდ, მხოლოდ ჩემზე! ჩამითვალეთ დამარცხებად, ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდი“!
ლევან ხურციას წერილის ბოლო ფრაზამ მომჭრა თვალი _ ამაყი ვარ, რადგან უდიდეს რუსთაველთან დავმარცხდიო. მე არ მგონია, რომ ვინმე დიდ რუსთაველთან დამარცხდა. შეიძლება სპექტაკლი ვერ გამოვიდეს იმ დონის, როგორც რუსთაველმა დაწერა, მაგრამ ეს არ არის მარცხი, ეს არის მცდელობა, გადაიტანო სცენაზე რაღაც გენიალური, ან გამოგივა, ან არ გამოგივა. ჩვენში არიან მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ რობერტ სტურუამ ასეთი ხერხით სარკეში ჩაგვახედა და გვაჩვენა, რას დავემსგავსეთ. მას შეეძლო, სპექტაკლი მე-12 საუკუნის ილუსტრაციებით გაეფორმებინა, არქაული ჟესტები გამოეყენებინა და ამას არც არაფერი მოჰყვებოდა, მაგრამ ეს არ იქნებოდა სარკე.  
იცით, მე ცოტა მერიდებოდა კიდეც, „ვეფხისტყაოსანზე“ და მით უფრო სპექტაკლზე რამე მეთქვა, რადგან არც თეატრმცოდნე ვარ და არც რეჟისორი, მაგრამ რაკი ისეთებმა გაბედეს, მხოლოდ მათ მშობლებს რომ ერქვათ ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი თუ დარეჯანი, მეც გავრისკე. რა გამომივიდა, თქვენ თვითონ განსაჯეთ. მე ამით მხარი რობერტ სტურუას კი არ დავუჭირე, როგორც რუსები იტყვიან, კი არ „დავაპადერჟკე“, უბრალოდ, რეალობა აღვწერე. მადლობა ყურადღებისთვის.
P.S. ვინც ბოლო დროს სპექტაკლი ნახა, ყველა გაოცებულია, ამისთანა არაფერი გვინახავს, ეს არის ნამდვილი შედევრიო. იმასაც ამბობენ, აპრილისა და მაისის ბილეთები გაყიდულია, აღარ იშოვებაო. 

გელა ზედელაშვილი