ელისაშვილის დოქტრინა და მერად წარდგენილი ვინმე კუპრავა

ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე საარჩევნო სეზონი ალეკო ელისაშვილმა ასე გახსნა: „ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ძალიან კარგი რამ ხდება, ორი ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი - „ლელო-ძლიერი საქართველო“ და გახარიას პარტია ძალიან კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რაც უპრეცედენტო ამბავია. მე არ მახსენდება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთმანეთის კონკურენტი ორი პოლიტიკური ჯგუფი ასე სინქრონში მუშაობდეს“.
ხედავთ? თურმე ეს ყოფილა უპრეცედენტო შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში. თან ნახეთ, როგორ ხატავს ელისაშვილი სიტუაციას - ორი ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი კოორდინირებულად ვმოქმედებთო. ხომ იცით, სიტყვას, თუნდაც ყალბი იყოს იგი, მაინც აქვს რაღაც ძალა და მეც ვიფიქრე, ახლა ესენი რაღაც ისეთს მოიფიქრებენ, სახტად დაგვტოვებენ-მეთქი. მოიფიქრეს, მართლაც დაგვტოვეს სახტად, თბილისის მერობის კანდიდატად ვინმე ირაკლი კუპრაძე დაასახელეს, რომელიც ცოტა ხნის წინ ამბობდა, მე თბილისელი ვერასდროს გავხდებიო. ამაზე ატყდა ამბავი, თუ თბილისელი ვერ გახდები, თბილისი რანაირად უნდა მართოო?
ამ ხალხმა ვეღარ გაიგო, რომ თბილისის მერობას თბილისელობა სულაც არ სჭირდება, ბოლო-ბოლო, დღევანდელი ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ თბილისი კობახჩოდანაც მართო. ეს ხუმრობით, ახლა კი მოდით, ვთქვათ სიმართლე: არც კახა კალაძეა ძირძველი თბილისელი, მაგრამ მშვენივრად მოერგო დედაქალაქს, კარგი საქმეებიც აკეთა და კიდევაც გააკეთებს, მთავარია, საქართველო გიყვარდეს. რა სიყვარული გააჩნია კუპრაძეს საკუთარი ქვეყნისა?
ჩემი აზრით, მისი სიყვარულიც ისეთივეა, როგორიც მისი ე.წ. ბოსებისა და როცა ბოსებად ხაზარაძე-გახარიას დაიყენებ, აქ უკვე დიდი წერტილია დასმული - რა მერობა, რომელი ატმი კურკა? აქ ერთი ფაქტორიც გახლავთ გასათვალისწინებელი, კუპრაძეს აქვს ძალზედ ღარიბი ლექსიკა, აზროვნება და მიმართულება, ის დაპროგრამებულია ასევე ღარიბი აზროვნების მქონე ხაზარაძის მიერ - მხოლოდ რუსეთი, მხოლოდ რუსი, მხოლოდ რუსო, მხოლოდ რუსებმა, მეტი არაფერი. ეს ე.წ. ნარატივი აღარ მუშაობს, რუსების ლანძღვა და „ქართული ოცნების“ რუსულ ძალად მონათლვა, უკვე სასაცილოა. ჰოდა, ეგეთი სასაცილო „პროგრამით“ აპირებს კუპრაძე ფონს გასვლას. არ გამოვა მაი ამბავი, ამხანაგო კუპრაძევ, არა!
გელა ზედელაშვილი