ოპააა, დონალდ ტრამპს ნობელის პრემია არ მისცეს!

ოპააა, დონალდ ტრამპს ნობელის პრემია არ მისცეს!

ამჯერად ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელელ ოპოზიციონერ მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა. არადა, მეგონა, იმ კაცს მიანიჭებდნენ, ვინც 8 ომი დაასრულა და ახლა მეცხრეზე მუშაობს. ლაურეატს ჯილდოს სახით 11 მილიონი შვედური კრონა, დაახლოებით, 1,2 მილიონი დოლარი გადაეცემა. 
რა ვიცით მარია მაჩადოს შესახებ? ნობელის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავად მუშაობდა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე გადასასვლელად იბრძოდა. პრინციპში, იბრძოდა რა, ახლაც იბრძვის პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ. 2025 წელს მარია მაჩადო მსოფლიოს 100 გავლენიან ქალს შორის დასახელდა. 
ეწყინა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტს ეს ამბავი? რა თქმა უნდა, ეწყინა და თავისებურად აღნიშნა კიდეც: 
„ადამიანმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, დამირეკა და მითხრა, რომ ამას ჩემს პატივსაცემად იღებს. მითხრა, რომ მე ამას ვიმსახურებდი. ძალიან კარგი ჟესტია. არ მითქვამს, მაშინ მე მომეცით-მეთქი. ის ძალიან კეთილი იყო. მე მას ვეხმარები, მათ ვენესუელაში დახმარება სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, ეს პრიზი 2024 წლისთვის გაიცა, მე 2024 წელს კენჭს ვიყრიდი. მიხარია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე“.
მარია მაჩადოც კაი მაზალო ვიღაცა ჩანს, ტრამპს დაურეკა და უთხრა, ამ პრემიას შენთვის ვიღებ, შენ ამას იმსახურებო. მართლაც კარგი ჟესტია, მაგრამ ჩვენში რომ იტყვიან ხოლმე, ზუსტად ეგ არი - ჩემ ჯიბეში ჩურჩხელაა, ეგრე ტკბილად დაბერდიო. ისე, ეთქვა მისტერ დონალდს, დამითმეო, საინტერესოა, ლაურეატი რას იზამდა, დაუთმობდა? - არა მგონია. 
არა უშავს, დონალდ ტრამპი ცივ წყალს დალევს და დამშვიდდება, მას 3 წელიწადზე მეტი ჯერ კიდევ წინ აქვს, ახლა ვერ მიიღო, მომავალ წელს მიიღებს, მომავალ წელს თუ ვერ მიიღებს, იმის იქით მიიღებს, დარწმუნებული ვარ, სანამ საპრეზიდენტო ვადას ჩაამთავრებს, 50-მდე ომსაც დაასრულებს და სახლში ნობელის პრემიითაც წავა.

გელა ზედელაშვილი