ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული სახელმწიფო არავის ვასალი არ არის

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართული სახელმწიფო არავის ვასალი არ არის

გვესაუბრება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი:

_ ქალბატონო თამთა, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი შევიდა. ეს პოლიტიკურ პროცესს რამდენად გააჯანსაღებს?
_ საზოგადოება ნიურნბერგის პროცესის ქართული ვერსიის თვითმხილველი ხდება.
2012 წლიდან ქართულ სახელმწიფოში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო, ამ ცვლილებებისა და წინსვლის ფონზე “ნაციონალური მოძრაობა” დარჩა პარტიად რევანშისტული დღის წესრიგით, პარტიკურალური ინტერესებით, პარტიად, რომელიც მშვიდობის სახელით ღია პოლიტიკურ ომშია ქართველ ხალხთან.
“ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებასთან” დღემდე ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებული ძალაა, რომელსაც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ელექტორალური რესურსი არ აქვს და ერთადერთ გამოსავლად ქუჩის აქციები რჩება.
“ნაციონალური მოძრაობა” არის გაცხადებული ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც მისი მმართველობის დროს ადამიანების წამებისა და დახოცვის პრაქტიკიდან, ოპოზიციაში ყოფნისას დამხობის მცდელობის პრაქტიკაზე გადავიდა.
საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მოთხოვნით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კოსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივად შეცვლა. ამის მუდმივი უგულებელყოფით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა.
ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია უნდა მოხდეს. ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და გვარამია-მელიას პოლიტიკური ჯგუფის არაკონსტიტუციურად ცნობაზე უნდა იმსჯელონ, გამონაკლისი მხოლოდ „ლელო“ ის 59 წევრია, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მოხვდნენ. აკრძალვა იმ პოლიტიკურ პარტიებს შეეხება, რომლებიც ბოლო 13 წელია, თავად იმის ქმნიან მტკიცებულებებს, რომ მათი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა, კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, არაკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებულები ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობას, აეკრძალებათ ნებისმიერი პარტიის წევრობა და ალტერნატიული მემკვიდრე პარტიის შექმნის შესაძლებლობა.
სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან და ჩნდება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა არაკონსტიტუციური პარტიების წინააღმდეგ ზომები მიიღო.
პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ პარტიების აკრძალვა შესაძლებელია. მაგალითად, მოლდოვაში, უკრაინაში პარტიები აიკრძალა და ამას არანაირი მწვავე რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ ჩვენთან ამ საკითხით სპეკულირებას ახერხებენ. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სახეს.
ევროპაში 1945 წლიდან 2015 წლამდე 20 ქვეყანაში 50-ზე მეტი პარტია აკრძალეს: გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, მოლდოვაში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.
ევროგაერთიანების წევრებს კონსტიტუციაში პირდაპირ აქვთ განსაზღვრული პარტიების აკრძალვის საფუძვლები და, საჭიროების შემთხვევაში, არავის ჰკითხავენ, დაიცავენ თუ არა საკუთარ ქვეყნებს საფრთხისგან.
იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იყოს და პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს, საქართველოს ხელისუფლება იყენებს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს მილიონ ასოცი ათასი ამომრჩევლის დაკვეთით, რათა პოლიტიკური სივრცე რადიკალი და ექსტრემისტი ძალებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეს. ეს არის ხალხის დაკვეთა და არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ამ პროცესზე სახალხო მანდატი აქვს.
_ რას გვეტყვით ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ?
_ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, სხვა ქვეყანაში მიღებული ერთსქესიანთა პირების ქორწინების რეგისტრაციის აქტი მიიღონ როგორც სავალდებულო. ასევე, აღიარონ და დაარეგისტრირონ _ ეს არის კიდევ ერთი წინაპირობა, გახდე წევრი და შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაგვეწერება პოლიტიკური მინუსი და შეფასდება როგორც გაწევრიანების პროცესში ქართული სახელმწიფოს მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი.
მინდა კონკრეტულად ამ მოთხოვნის შინაარსით არ შემოვიფარგლო და ფართოდ შევაფასო ეს მოთხოვნა, როგორც ლიბერალიზმის გამოძახილი და პრობლემა. ჩემი პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე საუბარს ორი მხარე აქვს _ სამართლებრივი და მორალური. სამართლებრივ ნაწილს მოკლედ შევეხები. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობა, მათ შორის, სქესის ნიშნით და აკრძალულია დისკრიმინაცია; საქართველოს შრომის კოდექსით აკრძალულია დისკრიმინაცია სამუშაო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს დაემატა სექსუალური ორიენტაციის საფუძველი;
მოქმედებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სადაც დისკრიმინაციისგან დაცვის ნიშნებში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა პირდაპირ არის მითითებული. ასევე, ამ საკითხის ირგვლივ მიერთებული ვართ არაერთ დეკლარაციას. როცა საკითხს ასე განვიხილავ, ამორალურობის დამცველად მივაჩნივარ. ეს არ არის ჩემი ნათქვამის სწორი გაგება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მე სამართალმცოდნე ვარ და პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარე, ამ საკითხის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა მმართებს, სამართლებრივზე მეტად მაინც მორალური ასპექტებით ვმოქმედებ და ამას არ ვმალავ. მართალია, ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები, არ მივესალმები მცდელობებს, ჩატარდეს პრაიდები, მაგრამ თუ ასეთის მცდელობა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე იქნება, დაცული უნდა იყოს უფლებები, მათ შორის, მათი, ვინც ამის წინააღმდეგნი ვართ. მიმაჩნია, რომ ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილიზებულმა საზოგადოებამ აღიარა, მიიღო და შეითვისა. ეს არის ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღი, რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა. და მაინც, ამ ბრძოლაში პირველადი დარტყმის ობიექტი არის ეკლესია და ახალი თაობა, ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით.
_ ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა. ამ დროს ჩვენგან ამ კანონის გაუქმებას მოითხოვენ და როგორც ამბობენ: ამ კანონებით ევროკავშირში ვერ მიგვიღებენ. რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ?
_ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონით აიკრძალა მხოლოდ ლგბტ პროპაგანდა, სქესის ცვლილება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება.
ხელისუფლების მიმართ ბრალდებები მრავლად არის, რაც ცხადყოფს, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში არის მოვლენების ობიექტურად შეფასებას მოკლებული საკითხი, პოლიტიკურად მიკერძოებული გზავნილი, რომლის მცდარი ნარატივი საერთო უხერხულობას ქმნის.
გამჭვირვალობის კანონი არის ეროვნული სამართლებრივი აქტი მთავარი მიზნით _ სხვათა ჩარევისაგან დაიცვას ქართული სახელმწიფო და მისი სტაბილურობა.
მისი პირობა მარტივია: კონკრეტულმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ და დოკუმენტურად დაასაბუთონ თუ საიდან იღებენ თანხებს და რა მიზნით ხარჯავენ მათ. 
ამ პრაქტიკას მიჰყვებიან სამართლებრივად ბევრად უფრო განვითარებული ქვეყნებიც, მათ შორის, თვითონ აშშ-ც, ისრაელი, ავსტრალია და სხვა წამყვანი ქვეყნები. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტმა გამჭვირვალობის კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა, ანუ პოლიტიკა, სახელმწიფოები გარე ჩარევებისგან იყოს დაცული, არის აუცილებლობა პოლიტიკურ რელობაში. შესაბამისად, არასამართლიანი და უხერხულია თითის ქნევა ქართული სახელმწიფოს მიმართ თუ როგორ გაბედა და მიიღო ეს კანონი. 
გავიხსენოთ საფრანგეთის ელჩი, რომელიც სალომესთან ბრძანდებოდა, საკუთარ ქვეყანაში მხარს უჭერდა გამჭვირვალობის კანონს, ხოლო ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ჩვენი რეალობისთვის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი და დიდი შეცდომა იყო.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიც არ ჩამორჩებოდა ამ შავ მარათონს და აკრიტიკებდა ქართული კანონის პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში დიდი ხანია მოქმედებს უმკაცრესი კანონი „ფარა“. 
გარე ძალებისა და შიდა აგენტურის ზეწოლის მიუხედავად, ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი ინტერესების დასაცავად და მეტი უსაფრთხოებისათვის მიიღო ეს კანონი და დაამტკიცა, რომ ქართული სახელმწიფო არავის ვასალი არ არის. 
ქართული სახელმწიფო სერვილიზმის სენიდან გამოვიდა და პოლიტიკაში ეროვნული ინტერესებით მოქმედებს.