საფრთხობელა, ანუ უნგრული წყალი ჩუმლაყის გუბიდან

საფრთხობელა, ანუ უნგრული წყალი ჩუმლაყის გუბიდან

უნგრეთიდან წყალი ჩამოვიტანეთო, უნდა ვიპკუროთო, ჩვენც უნგრეთის წყალი უნდა გადმოგვესხასო - „ქართული ოცნება“ არჩევნებით უნდა გავუშვათო, ორბანივითო. აი, ნახავთ, თუ უნგრულ წყალს გადმოვისხამთ, ჩვენშიც გამოჩნდება პეტრე მადიარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გადააყენებსო. ოღონდ ქართველმა მადიარაშვილმა ბიძინა ივანიშვილი საიდან უნდა გადააყენოს, არ იციან, ვერ აკონკრეტებენ. 
რუსთაველზე ახალი ტიპის აკაცუკი გამოჩნდა - რაღაცნაირი, არაამქვეყნიური, თავზე ბალანი და პირზე წვერი რომ არ ჰქონდეს, ზუსტად ისეთი იქნებოდა, უცხოპლანეტელებს რომ გვიხატავენ ხოლმე. შეიძლება ერთ-ერთი მათგანიც არის, რატომ უნდა გამოვრიცხოთ? ხომ შეიძლება, დედამიწაზე მუტაცია განიცადეს და ბალანი ამოუვიდათ? უთუოდ ეგრე იქნებოდა, თორემ ეგეთი ფიზიონომიისა და გამომეტყველების არსებები საქართველოში არასდროს დაუფიქსირებიათ. აბა, თქვენ მსუქანი უცხოპლანეტელი გინახავთ? ყველანი სარებს ჰგვანან, დავით აღმაშენებელმა ურჩები რომ გასვა. ესეც ეგეთია, სარივით, ლობიოს რომ ამოუყუდებენ ხოლმე. შეიძლება ხან ისიც გეგონოთ, ბოსტანში რომ დგამენ ჩიტების დასაფრთხობად. მოდი, ამ ახალი ტიპის აკაცუკს ვუწოდოთ უბრალოდ, საფრთხობელა და აქვე იმასაც განვმარტავ, რატომ შევაჩერე მასზე ყურადღება. სწორედ მან მიიტანა რუსთაველზე ე. წ. აქციის მონაწილეებთან უნგრული წყალი. იმათაც მეტი რა უნდოდათ? დადგნენ და იწუწავეს, დაუბანელ თავებზე გადაიწუნწკლეს. ამათ 500 დღეზე მეტია, თავები არ დაუბანიათ, ამ ამბავს ეხუმრებით? არა, შეიძლება ეხუმრებით, მაგრამ მე სახუმარო სულაც არ მგონია, თქვენ რომ სამიოდე დღე გადაგიცდებათ და რაღაც მიზეზის გამო ვერ ბანაობთ, გიჟებად ხართ და 500 დღე ამ მხრივ თავის გადადება იოლი გგონიათ? თუმცა, მე თუ მკითხავთ, როცა მამული განსაცდელშია, თავები საერთოდ არ უნდა დავიბანოთ. აბა, სხვა რა არი მამული და თუნდაც დედული? ერთი ცვრიან ბალახზე სირბილია და მეორე - დაუბანლობა. წესით, ტანზე თაფლსაც უნდა ვისვამდეთ და თაკარა მზეზე ვსხდებოდეთ, მაგრამ ან თაფლი სად არი, ან კიდევ თაკარა მზე? 
გაატანეს საფრთხობელას ვითომ უნგრეთიდან ჩამოტანილი წყალი პლასტმასის ბოთლით, 20-ლიტრიანი „კანისტრით“ რომ გაგატანოთ, არადამაჯერებელი იქნებაო. ეგრე კი ყველამ დაიჯერა, როგორც უკვე გითხარით, გადაიწუნწკლეს და გადმოიწუნწკლეს დაუბანელ თავებზე. გაიხარეს, აღტყინდნენ, იმედი მიეცათ, როგორც გმირმა მადიარმა განგმირა გველეშაპი ორბანი, ჩვენც ეგრე უნდა განვგმიროთ გველეშაპი ბიძინა ივანიშვილიო. გახარებული წავიდა საფრთხობელა რუსთაველზე, ფაქტობრივად, გუბის წყალი მიიტანა თემურ ჭყონიას გამონაცვალი ბოთლით და „ალალად“ შეასაღა „თანამებრძოლებს“. იყო ერთი ამბავი - ჭყლოპინი და ხუნტრუცი. ერთი ეგ არი, მადიარაშვილი ვერ გამოძებნეს, ვერ დაასახელეს თავიანთ რჩეულად. 
დადიოდა საფრთხობელა პარლამენტის წინ, აცეცებდა თვალებს გულმხურვალედ და დარწმუნებული იყო, რომ უნგრეთიდან ჩამოტანილი „ნაკურთხი“ წყალი უახლოეს მომავალში აუცილებლად იზამს თავისას, ანუ გამარჯვება მათ დარჩებათ, ხელისუფლებაში მოვლენ და ქვეყანას ევროპიულ რელსებზე დააბრუნებენ. ეს კიდევ არაფერია, როცა ქვეყანას ევროპიულ რელსებზე დააბრუნებენ, ეგრევე გაიხსნება ცა, გაცისკროვნდება გარემო, გაიზრდება პენსიები, ხელფასები, ციდან წამოვა ევროებისა და დოლარების წვიმა, საწყობები აივსება დოვლათით, მაღაზიები გადაიტენება პროდუქტებით და ეს მოხდება უბრალოდ, ყოველგვარი შრომისა თუ წვალების გარეშე. ალბათ, გინახავთ იეღოველების მიერ გამოშვებული ფერადი ბროშურები, იქ არის ზუსტად ასეთი სურათები დაბეჭდილი. 
ორი დღე ატარეს პატრონებმა საფრთხობელა რუსთაველზე, ორი დღე იწუწავეს აკაცუკებმა, ორი დღე იყვნენ ბედნიერები, ჩვენთანაც მოვა უნგრული გაზაფხულიო. მანამდე „ვენეცუელური“ გაზაფხული უნდა მოსულიყო, იმედი ჰქონდათ, რომ დონალდ ტრამპი დესანტს გადმოსხამდა და ბიძინა ივანიშვილს გაიტაცებდა. არ გამოვიდა მაი ამბავი, ტრამპს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამოუჩნდა, თორემ, ამათ რომ ჰკითხოთ, აპირებდა. მერე ირანული გაზაფხული უნდა დამდგარიყო, აკაცუკი ექსპერტები ამბობდნენ, ჩვენ თუ გვკითხავთ, ირანმა საქართველო უნდა დაბომბოს, ყველაზე სუსტი ადგილი ეს არის კავკასიაშიო. აკია ბარბაქაძეს ეკითხება აკაცუკი ჟურნალისტი, ირანმა ბომბი რომ გვესროლოს, რას ვიზამთო? ვერაფერსო, ჩვენ არაფერი გაგვაჩნიაო, საერთოდ არაფერიო, წესით, უნდა დაგვბომბონო. სადაც კი თოფი გაჩხაკუნდება და სადაც კი ბომბი დაიბუხუნებს, ყველა მიმართულებიდან გაზაფხული მოდის, მაგრამ რატომღაც ვეღარ მოაღწია აქამომდე. აი, უნგრული გაზაფხული სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო, თოფისა და ბომბის გარეშე, არჩევნებით, როგორც მადიარმა ჰქმნა. თუმცა რათ გინდათ? ამ კაცმა ისეთები წამააწვინა, საფრთხობელას უნგრეთიდან... უკაცრავად, ჩუმლაყიდან თემურ ჭყონიას გამონაცვალი ბოთლით ჩამოტანილი წყალი სახეზე შეაშრა და ქვემოდან იჭვნეულად დაიწყო ყურება - არ ყოფილაო ჩვენთან მადიარი გაზაფხულის მომყვანი, თურმე ორბანის დეიდაშვილი ყოფილაო მამის მხრიდან. სხვა აკაცუკებმაც იკბინეს ნეკა თითზე, ვეღარ გაიგეს, რატომ ვერ გადმოესხათ უნგრული წყალი ეფექტურად. წავიდა სახლში ფეხათრევით საფრთხობელა, მიდიოდა და თავისთვის მიბუზღუნობდა - არა უშავსო, უნგრული თუ არ იქნება, ბულგარული იქნებაო, ბულგარული თუ არ იქნება, ჩუმლაყური იქნებაო, მთავარია, იყოსო, რა მნიშვნელობა აქვს, სადაური იქნებაო? მთავარია, გამარჯვება ვინმემ „მოიტყვანოსო“. სხვათა შორის, ბულგარეთშიც იმნაირმა კაცმა გაიმარჯვაო, პუტინის მონამო. გვარი და სახელი არ ახსოვს, გვარსა და სახელებს საერთოდ ვერ იმახსოვრებს, არც სჭირდება. მივიდა სახლში, კარი დედამ გაუღო. თვალებით ჰკითხა - დღეს რამდენი მოგცესო? 50-ლარიანი ამოიღო ჯიბიდან, ხელუკუღმა გაუწოდა. ცოტააო, ჩაილაპარაკა ქალმა. მეტი აღარ გამოდისო, მიუგო საფრთხობელამ. ქალმა ხელი ჩაიქნია, მაგიდაზე ტაფით შემწვარი კარტოფილი დაუდო და სადღაც გაუჩინარდა. ამან ჭამა, ბოთლით წყალი დააყოლა, სხვებს უნგრულად რომ შეასაღა, მერე ერთი დააბოყინა და „კუშეტკაზე“ წამოგორდა. დღევანდელი დავალება შესრულებულია, ორი ათეული ადამიანი აღტყინებულია, უნგრულმა წყალმა აიაზმასავით იმოქმედა, დიდი სიხარული მოჰგვარა. ისინი ხვალ უფრო აღტყინებულები გამოვლენ, ყიჟინას დასცემენ და გამარჯვებაც მოვა. რა იქნება შემდეგ? 
საფრთხობელას ჩაეძინა. სიზმარში კაცი ნახა, იღიმოდა, ერთი-ორჯერ თვალიც ჩაუკრა. ის ხმას არ იღებდა, მხოლოდ წარბებს ათამაშებდა. სანამ წავიდოდა, 5-ლარიანი გაუწოდა, ჯილდო გეკუთვნისო. გამოართვა, ესიამოვნა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, გეგონება, პატრონმა გაუღიმა. არა, მართლა პატრონი იყო, სწორედ ასეთი წარმოედგინა. გამოეღვიძა, თავი არ უწევია, მხოლოდ თვალები გაახილა, ჭერს მიაჩერდა, სადაც სიზმარში ნანახი კაცი გამოისახა. თვალები ისევ დახუჭა, დაიღალა, უნდა დაისვენოს, ხვალ კიდევ უნდა შეასრულოს დავალება. ჯერ არ იცის, რა დავალება იქნება, მაგრამ მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, გამარჯვება ახლოსაა.

გელა ზედელაშვილი