სოსო მანჯავიძე: ყველაფერი ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სტუმრობიდან დაიწყო
გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე:
_ ბატონო სოსო, ტრამპმა ომში მყოფ ქვეყნებს 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ შესთავაზა, რომელიც ხუთშაბათამდე უნდა შეთანხმდეს. რა პერსპექტივა აქვს ამ გეგმის რეალურად განხორციელებას?
_ ევროპამ „სამშვიდობო გეგმას“ უკვე კაპიტულანტური უწოდა. როგორც საუბრობენ, ეს გეგმა აშშ-ს რუსულმა მხარემ მიაწოდა, რომელშიც ამ უკანასკნელის ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. ტრამპი ცდილობს, შეინარჩუნოს ის, რაც უკრაინაში ამ დრომდე დარჩა. სწორედ ამიტომ, მან უკრაინაში „სამშვიდობო გეგმაზე“ დასათანხმებლად, დიპლომატების ნაცვლად სამხედროები გააგზავნა, რომელთაც უკეთ უწყიან, რა ხდება ფრონტზე. ამერიკულ დაზვერვას ასევე, აქვს ინფორმაცია, რა ელოდება უახლოეს მომავალში უკრაინულ არმიას იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა არ დამყარდება. ტრამპს მიაჩნია, რომ თუ ომი გაგრძელდება, ეს, დიდი ალბათობთ, უკრაინის ფრონტს მთლიანად ჩამოშლის იმის გათვალისწინებით, რაც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით ხდება. კერძოდ, კორუფციული სკანდალი ხელისუფლების სრულ დისკრედიტაციას გამოიწვევს. პუტინმა ღიად განაცხადა, რომ ტრამპს გარკვეულ პირობებზე მოელაპარაკა, თუმცა უშედეგოდ, რადგან უკრაინა ამის წინააღმდეგ წავიდა.
აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ტრამპს აშშ-ის ისტებლიშმენტთან პრობლემები ჰქონდა. ანუ, იმ კოლეგებთან, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო. ახლა, თვით ჩვენი სახელოვანი სტრატეგებიც, რომლებიც უკრაინის სწრაფ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ, ჩუმად არიან. ჩვენს მედიაში ზელენსკის მაკედონელად წარმოჩენა და „სლავაუკრაინული“ განწყობები ალაგ-ალაგღა შემორჩა. სხვა ყველა ხედავს, თუ როგორ იპარავდნენ ფულს საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსნები. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია აიზბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია. ეს, ასევე, ინსტრუმენტია აშშ-ის ხელში, რათა ზელენსკი და მისი გუნდი მისთვის სასურველ პირობებზე დაითანხმოს. ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაცია „სამშვიდობო გეგმით“ ცდილობს, მშვიდობას მიაღწიოს და რუსეთისგან პირობების შესრულებას ელოდება.
_ კონკრეტულად, რას უქადის ომში მყოფ ქვეყნებს, იგივე ევროპას, ტრამპის გეგმა?
_ აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ თანახმად, დონეცკის, ლუგანსკის ოლქების და ყირიმის რესპუბლიკის, დე ფაქტო რუსეთის შემადგენლობაში აღიარება უნდა მოხდეს. ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრები არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ გაიყინოს.
ამ პირობების მიღების შემთხვევაში, უკრაინა, როგორც სახელმწიფო გადარჩება, ხოლო რუსეთი გეგმაზე დათანხმების შემთხვევაში, თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციას კარგად ესმის, რომ რუსებს დროის გაწელვა აწყობთ, რადგან ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააქტიურებულნი არიან და მეტი ტერიტორიების დაკავებისთვის იბრძვიან.
ზელენსკიმ ხუთშაბათს ტრამპს პასუხი უნდა შეატყობინოს. თუმცა, მან უკვე გამოხატა პოზიცია: ჩვენ ფოლადის ხალხი ვართ, ყველაფერს გავუძლებთ და ჩვენი მიწების გასხვისებას არ დავუშვებთო. მიწების გასხვისება და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის აღიარება, უკრაინის კონსტიტუციით, აკრძალულია. ზელენსკი კონსტიტუციას ვერ შეცვლის, რადგან წლეულს ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის. ეს საკითხი რადამ უნდა გადაწყვიტოს, რასაც უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება. ანუ, დიდი ალბათობით, „სამშვიდობო გეგმაზე“ ხელმოწერა არ მოხდება. გეგმას ევროპელი ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან.
_ ბატონო სოსო, გაისმის მოსაზრებები, რომ ომი ამ წლის ბოლოს დასრულდება.
_ ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთრის პირი უკრაინისთვის კრიტიკული იქნება _ ინფრასტრუქტურა განუწყვეტლივ ნადგურდება, ფრონტზე საშინელი ვითარებაა, რასაც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესიც ხელს უწყობს.
_ რას გულისხმობთ?
_ გახსოვთ, ექვსი თვის წინ ნაბუ-სთან დაკავშირებული სკანდალი? მაშინ ზელენსკი შეეცადა, ნაბუ _ ამერიკული დაზვერვის კონტროლქვეშ მყოფი ანტიკორუფციული ორგანიზაცია, თავისი კონტროლირებადი სტრუქტურებისთვის დაექვემდებარებინა, რამაც აშშ განარისხა. ამერიკა მსგავს რაღაცებს არავის პატიობს. გავიხსენოთ სკანდალი ტრამპის ოვალურ კაბინეტში. იმ დროს ტრამპს უკრაინის კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული ყველა მასალა, რაც დღეს გამომჟღავნდა, ხელთ ჰქონდა და ხელსაყრელ მომენტს _ შიდა პოლიტიკური პოზიციების მოგვარებას _ ელოდა. დადგა დრო და ეს საშინელი ჩანაწერები გამოქვეყნდა, რაზეც მძიმედ რეაგირებს.
_ როგორ გესახებათ მოვლენების განვითარება, შეთანხმებაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი ტრამპის გეგმას არ დათანხმდება?
_ თუ ზელენსკი შეეცდება, დრო გაწელოს, ეს მისთვის არაფრისმომცემია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ პირობებზე დათანხმება ზელენსკისა და მისი გუნდისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია, რაც უმართავ პროცესებს გამოიწვევს. ჩემი პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში, არმიის, ძალოვანი სტრუქტურების კონტროლი და დაფინანსება შეუძლებელი გახდება. ვეღარც ევროპელები დააფინანსებენ _ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, გაჭირდება ვინმეს დარწმუნება იმაში, რომ წაგებულ ქვეყანას მომარაგება ისევ შეუნარჩუნდეს. შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი დაიწყება, რაც, დიდი ალბათობით, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდება. იქ უამრავი იარაღი და ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფებია, რომელთაც მხოლოდ ის აკავებთ, რომ საერთო მტერი ჰყავთ, რომელსაც ეომებიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ გააქტიურდნენ პოლონელები და რუმინელები, რომელთაც უკრაინასთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ. ეს უკრაინელებისთვის დამატებითი პრობლემაა. ზელენსკი დილემის წინაშე დგას _ თუ შეთანხმებას ხელს მოაწერს, არამარტო პოლიტიკურად, არამედ სიცოცხლის მხრივაც საფრთხე შეექმნება. ვაშინგტონში ვიზიტისას ამიტომაც მოითხოვა, შეთანხმებაში ჩაწერილიყო პუნქტი, რომ ომის ამბებს არ გამოიძიებენ და ყველა ამინისტირებული იქნება. საუბარია ომის დანაშაულებზე, წარმოუდგენელ კორუფციაზე, რის შესახებაც ამერიკულ სპეცსამსახურებს სათანადო დოკუმენტაცია გააჩნიათ. ამიტომ შეთანხმებაში ამნისტიის გამოცხადების შესახებ პუნქტის შეტანა ლოგიკური ნაბიჯია. თუმცა, რაც უნდა ამნისტია გამოცხადდეს, როცა მშვიდობა დამყარდება, ინფორმაცია ვეღარ დაიმალება იმის მომიზეზებით, რომ ქვეყანა ომშია. შედეგად, ბევრი ისეთი რამ გამომჟღავნდება, რაც უკრაინის მაღალჩინოსნებს ციხეს უქადის. დიახ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მაგრამ უკრაინის ომი გაფორმდება, როგორც მისი დამარცხება _ მილიონობით ადამიანის დაღუპვას, მრეწველობის განადგურებას და ა.შ., გამარჯვებად ვერ გაასაღებენ.
მშვიდობის დამყარებისა და უკრაინის მარცხის შემთხვევაში, როცა ასი ათასობით ჯარისკაცი, მათ შორის, დაჭრილები, ქონებადაკარგული მოსახლეობა თავიანთ სახლებს მოაწყდებიან, ეს დიდ პრობლემებს გამოიწვევს არამარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოში.
_ კოშტამ განაცხადა: ვერ შევაფასებთ იმ გეგმას, რაც ჩვენთან განხილული არ ყოფილაო. იმის მიხედვით, თუ რა რჩევას მისცემს ევროპა ზელენსკის, გამოჩნდება, რამდენად შეუძლია მას, უკრაინას ზურგი გაუმაგროს.
_ ევროპელები შეეცდებიან, ტრამპი-პუტინის შეთანხმება ჩაშალონ. მათთვის ომის შეჩერება უმძიმესი საკითხია _ პოლიტიკური კრიზისი არამარტო უკრაინაში დაიწყება, არამედ ევროპაშიც. ამიტომ ევროპა ომის გაგრძელებას შეეცდება. მისი აზრით, უკრაინამ ბოლო უკრაინელამდე უნდა იომოს, რათა ევროპას გადაიარაღების საშუალება მიეცეს. მათი სურვილი უკრაინის მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ არის. ევრობიუროკრატები რუსეთისთვის სრულიად მიუღებელ პირობებს წამოაყენებენ. ისინი შეეცდებიან, სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში რუსეთი დაადანაშაულონ. ახლა პიარბრძოლა მიდის, თუ ვინ იტყვის უარს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე. პუტინმა თქვა: თანახმა ვარ, შეთანხმების დეტალები ფუნდამენტურად განვიხილოთო. ზელენსკის პოზიცია უარია. ევროპელები კი იტყვიან, რომ უკრაინამ ტერიტორიები არ უნდა დათმოს. პუტინსაც გზა გაეხსნება და შეტევას განაგრძობს. ტრამპი ხელებს დაიბანს. მას თავისი გათვლები აქვს, ამერიკელებისთვის ამ ეტაპზე დაპირისპირების გაგრძელება წამგებიანია.
„სამშვიდობო გეგმის“ ჩაშლის შემთხვევაში, ტრამპს მიზეზი ექნება, კვლავ თქვას: მე ომის შეჩერების ინიციატივით გამოვედი, პუტინი დათანხმდა, ევროპამ კი შეთანხმება ჩაშალაო. ეს ტრამპისთვის ერთგვარი კარტბლანში იქნება, რათა განაცხადოს, რომ თამაშიდან გადის და უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას უწყვეტს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, ასეთ შემთხვევაში _ სადაზვერვო ინფორმაციის გარეშე, რეალური ომის წარმოება შეუძლებელია. დაველოდოთ ხუთშაბათს ზელენსკის საბოლოო პასუხს. უკვე გაკეთებული განცხადების მერე, როგორ უნდა თქვას: ვთმობ ყირიმს, ლუგანსკს, დონბასს, აღვადგენ რუსული ენის სტატუსსო და ა. შ. ფაქტობრივად, საპირისპირო განცხადების გაკეთებით.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესია თავიანთ უფლებებში როგორ უნდა აღადგინოს?! ეს შეუძლებელია. უკრაინის ხელისუფლება იგივე ტროცკისტული რეჟიმია, რომელიც ხალხის ინტერესებს აბსოლუტურად მოწყვეტილია, რაც მის რიტორიკაში ნათლად ჩანს. ამერიკელები დოზირებულად აქვეყნებენ იმას, თუ რა ხდებოდა და ხდება უკრაინაში ომის პერიოდში. მეტიც, თუ უკრაინა „სამშვიდობო გეგმას“ არ დათანხმდება, უარესის გამოქვეყნებას ჰპირდებიან. როგორც ცნობილია, ფარული მოლაპარაკებები სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ამერიკელებს ზელენსკის რეჟიმის სრული დისკრედიტაცია გადააფიქრებინონ. არსებობს ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნების შემთხვევაში, ზელენსკიმ შეიძლება უკრაინიდან ვეღარც გაასწროს. ლაპარაკია სამხედრო თანხების პირდაპირ პირად ანგარიშებზე გადაქაჩვაზე, უკრაინელი ხალხის მიმართ დამამცირებელი ტერმინოლოგიის გამოყენებაზე და ა. შ. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინ საინტერესო პროცესები გველის.
თამარ შველიძე
