ელიზბარ ჯაველიძე: დღეს დასავლეთი დემოკრატიის აკვანი კი არა, ამორალურობის ჭაობია

ელიზბარ ჯაველიძე: დღეს დასავლეთი დემოკრატიის აკვანი კი არა, ამორალურობის ჭაობია

გვესაუბრება მწერალი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე:

_ დღეს საქართველო, გარე თუ შიდა მტრების გადამკიდე, მძიმე მდგომარეობაშია _ მუდმივად ბეწვის ხიდზე გავლა გვიწევს. საკმარისია, ოდნავ ფეხი აგვიცდეს და ქვეყანა აღარ იარსებებს. სამშობლოს მოყვარულები უნდა გავერთიანდეთ და გადარჩენისთვის ვიბრძოლოთ. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ქართველები უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ. ასე რომ, ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის ევროპის კულტურის ათვისება. კულტურა იქ ჩვენ ჩავიტანეთ და მთელ მსოფლიოში გავავრცელეთ. არაერთხელ მითქვამს, როცა ჩვენ აქ ხუროთმოძღვრების ისტორიული ძეგლები, მწერლობა გვქონდა, ევროპელები _ გერმანელები, ინგლისელები და სხვები, ტყიდან მაშინ გამოდიოდნენ. კი ბატონო, არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ შუა საუკუნეებში ევროპამ დიდი ლიტერატურა შექმნა და ფილოსოფიურ აზროვნებას სათავე დაუდო. პლატონმა, პლოტინემ თუ სხვა ფილოსოფოსებმა, გარდასულ ეპოქაში კაცობრობის აზროვნების მოდელი შექმნეს. მთავარი ის არის, რომ ქართველ განათლებულ კაცს შუა საუკუნეების ევროპა ხიბლავდა და მისკენ მიილტვოდა.
_ დღევანდელი ევროპა რამდენად გხიბლავთ?
_ დღეს რამ უნდა მოგხიბლოს ევროპაში _ უზნეობამ?! შუა საუკუნეების ევროპიდან აღარაფერი დარჩა. როცა ნიცშემ თქვა, რომ „ღმერთი მოკვდა“ ეს ნიშნავდა, რომ ევროპულმა კულტურამ რელიგიური და მორალური საყრდენი დაკარგა. ნიცშეს გაგებით, ადამიანის მიზანი არა ღმერთთან გატოლება, არამედ „ზეკაცად“ გარდაქმნაა, რომელიც არამხოლოდ მას ანაცვლებს, არამედ ჩვეულებრივ ადამიანს არსებითად აღემატება. რადგან ღმერთი აღარ არსებობს, ნიცშე ზეკაცის იდეალს გვთავაზობს. ეს ახალი ადამიანია, რომელიც ტრადიციულ რელიგიურ მორალზე დამოკიდებული არ არის. თუმცა, მან ზეადამიანი ვერ შექმნა. მხოლოდ ჰიტლერმა თქვა: მე ზეადამიანი ვარო, დანარჩენმა მსოფლიომ ეს არ მიიღო. ნიცშე დიდი მოაზროვნე გახლდათ და იმასაც ამბობდა, რაც უფრო ნაკლები უცხო ენა გეცოდინება, მით მეტად იაზროვნებო. 
ზოგადად, შუა საუკუნეების პერიოდს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ ღმერთმა სამყარო გამოკვეთილად ადამიანის გამო შექმნა, რადგან მერე მორალურად, სულიერად სრულყოფილი გამხდარიყო, ღმერთამდე ამაღლებულიყო და არა მისი ადგილი დაეკავებინა. ადამიანი სხეულისა და სულის ერთობაა და სრულყოფილი მაშინ არის, როცა სული და სხეული ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. მაგრამ საკმარისია, სულმა სხეული მიატოვოს, რომ ის ლპობას იწყებს. დღეს სწორედ ლპობას ვადევნებთ თვალს.
ნიცშეს „ზეკაცი“ რომ ვერ შეიქმნა, სათავეში ფული გაჩნდა. დღეს მსოფლიოს ფული მართავს. მასონები არსად გამქრალან, უბრალოდ, სახელი შეიცვალეს და ახლა მათ „დიფ სთეითის“ სახით ვიცნობთ. ადრე მასონთა რვა-ცხრა ოჯახი არსებობდა, რომლებიც მსოფლიოს მართავდნენ. მერე სოკოებივით გამრავლდნენ, ტრილიონობით თანხა დააგროვეს და მსოფლიოზე ბატონობენ. ასე რომ, ნამდვილად ვერ მომხიბლავს ის დღევანდელი ევროპა, რომელიც ამორალურობის ჭაობად იქცა. ამ დროს იქით გვამუნათებენ, დემოკრატიული უკუსვლა გაქვთო. მათ მართლა ჰგონიათ, რომ თავად დემოკრატიული წინსვლა აქვთ?! დღეს ევროპა დემოკრატიის აკვანი კი არა, უზნეობის ჭაობია. 
ევროპისგან რა გვიკვირს, როცა მთავარი მტრები შინ გვყავს ამ ე. წ. ვაიოპოზიციის სახით. თურმე, დემოკრატია რომ შევინარჩუნოთ, ამ უსახურებს უნდა ვედებატოთ. ვისთან უნდა ვარჩიოთ ტყუილ-მართალი, ხალხთან, რომელმაც ქვეყანა დააქცია?! სატელევიზიო დებატებს რომ ვუყურებთ, ვრწმუნდები, რომ მათი აზრების ერთმანეთთან შეჯერება შეუძლებელია, რადგან ერთს უყვარს საქართველო, მეორეს _ ეზიზღება. ამიტომ მათი მორჯულება შეუძლებელია. ახლა სიძულვილის ენას ვინც გამოიყენებს, დაჯარიმდებაო, რომ ამბობენ, ეს რას შეცვლის?! თუ არ შეიგინება, მორჯულებულია?! გინებას თუ აუკრძალავ, მოარჯულებ?! დაჯარიმებით ნაცებს ვერ გამოვასწორებთ. დღეს ოპოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. პირადად ჩემთვის არსებობს ხალხი, ვისაც საქართველო უყვარს, ხოლო მეორე მხარეს არიან ქვეყნის მოძულენი, მტრები, ვისაც სამშობლო არ უყვარს და მათთვის ეს ის ადგილია, სადაც უკეთ იგრძნობენ თავს. მათთან დიალოგი შეუძლებელია. სხვათა შორის, სოროსი თავის „მოსწავლეებს“ ასე მოძღვრავდა: მოწინააღმდეგეს ტყუილი დააბრალეთ, ისინი თავის მართლებას დაიწყებენ და დაე, იმართლონო. ჩემი პრინციპი ასეთია: ახლა დემოკრატიის თამაშის დრო არაა. ხელისუფლება რადიკალების მიმართ ზედმეტ დემოკრატიულობას იჩენს. ერთ ევროპულ ქვეყანასაც კი ვერ დამისახელებთ, სადაც დღეს დემოკრატიას, ზნეობრიობას ქადაგებენ.  
მადლობა ღმერთს, ჩვენი ხელისუფლება სწორ კურსს მიჰყვება. კარგი იქნება თუ იმ მიმართულებითაც იმუშავებს, რომ ახალგაზრდებში, ზოგადად, ადამიანებში სულიერება გააღვიძოს. სრულიად მსოფლიო შეაცბუნა იმისმა ხილვამ, თუ როგორ გაერთიანდა ქრისტიანული საქართველო უწმინდესის და უნეტარესისთვის პატივის მისაგებად. მიუხედავად ამისა, გათავხედებული ევროპა ბედავს და ჩვენს ეკლესიას ეუბნება: ლგბტ პროპაგანდის წარმართვაში დაგვეხმარეო! მეტიც, უკვე ღიად უტევენ ქრისტიანობას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ჩვენი „რეპრესიული კანონების“, რომელიც სინამდვილეში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისკენაა მიმართული, გაუქმებას გვთხოვენ. ჩემი შვილიშვილი _ გოგონა შვიდი წლისაა. ვინმემ რომ უთხრას: ქალად ყოფნა გსურს თუ კაცადო, ჩემი სახლიდან ცოცხალი ვერ გავა, იქვე ჩავკლავ. საბერძნეთში, რომელიც სარწმუნოების კერა იყო, იმდენი მოახერხეს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონებინეს. რას ჰგავს მსოფლიო _ კაცებს კაბები აცვიათ, გაიძახიან, ტრანსგენდრები ვართო და თავმომწონედ დასეირნობენ ქუჩებში. ამის დაკანონებას ქართველი კაცი არასდროს დაუშვებს. 
სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი და დროულად გადასაჭრელი. ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას რომ ვხედავ, თავს ვერ ვიკავებ, სიხარულის ცრემლი მომდის. მაგრამ ფრიად მაწუხებს ის, რომ ჩვენი ქართველი ბავშვების უმეტესობა ქართულის ნაცვლად ინგლისურად საუბრობს. დიახ, არსებობს ქართული ოჯახები, სადაც ერთმანეთში უცხო ენაზე _ ინგლისურად საუბრობენ. ადრე, ძველი თავადების ოჯახებში რუსულად ლაპარაკობენ, ახლა კი ინგლისურად საუბარია მოდაში. მეტიც, პირდაპირ ინგლისურენოვან საბავშვო ბაღებს ხსნიან, რათა ბავშვმა მშობლიური კი არა, ინგლისური ენა უკეთ იცოდეს. არა, ბატონებო, ბავშვებს ჯერ მშობლიური ენა, სამშობლოს სიყვარული უნდა ვასწავლოთ. სიყვარული სწორედ ბაღიდანვე უნდა ჩავუნერგოთ.
_ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომ ინგლისური სახელმწიფო ენა ყოფილიყო. 
_ დიახ, პირველად მან გამოაცხადა, ინგლისური სახელმწიფო ენა უნდა იყოსო. ზოგ პროვინციელს ჰგონია, ინგლისური თუ იცის, განათლებულია. კი ბატონო, ინგლისურის და არც სხვა უცხო ენის ცოდნა ცუდი არაა, მაგრამ ჯერ მშობლიური _ ქართული ენა უნდა ისწავლო. ქართული საოცრად დახვეწილი ენაა. მისი სიმდიდრე მის სიმარტივეშია, ჩვენ კი უაზროდ ვართულებთ. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენ ილიასეულ მთავარ ტრიადას: მამულს, ენას და სარწმუნოებას არ ვუფრთხილდებით. ამ სამ ძირითად ბურჯს თუ დავიცავთ, ქართველები გადავრჩებით. დღეს რა ხდება? _ მამულს ასხვისებენ, ენას ამახინჯებენ, სარწმუნოებას სპობენ. ამას შინაური მტრები გარე მტრების დახმარებით ახერხებენ. 
ამიტომ მთავრობას მუხლმოდრეკით ვეხვეწები: ნაცებთან საერთო ენის გამონახვას თავი დავანებოთ, ეს შეუძლებელია. ისინი ჯაშუშებზე უარესნი არიან და საქართველოდან სასწრაფოდ უნდა განიდევნონ. დიახ, ეს უსამშობლოები ქართულ ფესვებს დროულად უნდა მოვაშოროთ. 
„შინ ევროპისკენ“ ძახილით, ძალიანაც ნუ მოვიკლავთ თავს. ახლანდელ ევროპაში საამაყო ბევრი არაფერია. გავიძახით, ევროპა დაგვიცავსო. ვისგან ან როგორ დაგვიცავს?! ან რომელი ევროპა დაგვიცავს, რომელიც საკუთარ თავს ვერ იცავს?! გადახედეთ, როგორ ირყვნება ევროპის მთავარი ქვეყნები ინგლისი, საფრანგეთი... რომის პაპი ქალბატონებს დღესაც მოუწოდებს: ძაღლებით ნუ დადიხართ, ბავშვებით იარეთო.
დღეს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ქართველი გლეხია. ჯერ კიდევ როდის ამბობდა ილია, სოფელი არ უნდა დავკარგოთო. 560 სოფელი დაცარიელებულია, რომლებსაც დროულად მოვლა-პატრონობა სჭირდება. დემოგრაფიასაც უნდა მივხედოთ. მხოლოდ ასე თუ გადავრჩებით.
_ ბატონო ელიზბარ, თქვენ ახსენეთ, ნაცები ქვეყნიდან უნდა გავნდევნოთო?
_ მხოლოდ პოლიტიკიდან მათი გაშვება საკმარისი არ არის, ისინი საქართველოდან უნდა განვდევნოთ. აქ თუ დარჩებიან, ბოროტეების კეთებას, ქვეყნის დაზიანებას, დაქცევას მაინც არ შეეშვებიან. ესენი ხომ ადამიანები არ არიან. მთელი ცხოვრება ოპოზიციასთან მქონდა ურთიერთობა. ეროვნული მოძრაობის დროს არსებულ ოპოზიციას სამშობლო უყვარდა. მახსოვს, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა როგორ გულანთებული საუბრობდნენ სამშობლოზე. მათთვის წინა პლანზე ყოველთვის ქვეყნის სიყვარული იყო. ამ ვაიოპოზიციას სამშობლოს სიყვარული როგორ უნდა მოსთხოვო, როცა მის დაქცევაში უცხოურ გრანტებს იღებენ.
თეა წულუკიანის საპარლამენტო კომისიის დასკვნის გამოტანამდეც, პარლამენტს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ ნაცებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნა აკრძალვოდათ, მაგრამ მერე ეს მიივიწყეს. ახლა, თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაზე საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის დადგენილებას თუ არ გამოიტანს, მაშინ საქართველო დაღუპულა და ეგაა. 

თამარ შველიძე