ჩვენი დროის ყვარყვარეები
და აპრაკუნე ჭიმჭიმელები
პოლიკარპე კაკაბაძე ცოცხალი რომ იყოს, „ყვარყვარე თუთაბერს“ ან ხელახლა დაწერდა, ან კიდევ იმას გააგრძელებდა, რაც დაწერა. გეუბნებით, რაც ახლა ე. წ. ოპოზიციონრების თავს ხდება, ერთი-ერთზე ჯდება კაკაბაძის აღწერილობაში. უკვე იცით, 4 ოქტომბრის არშემდგარი რევოლუციის შემდეგ, მეორე დღესვე დააკავეს ხელისუფლების დამხობის კომიტეტის მეთაურები - პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე. პირველი გახლავთ ყოფილი ბანი, მეორე - გიორგი ვაშაძის „პადელნიკი“, მესამე - სააკაშვილის ყოფილი გენპროკურორი, მეოთხე - ყოფილი სამხედრო, მგონი, გენერალი, ამისი გენერლობისა რა ვთქვი, მაგრამ მაინც, მეხუთე - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, თითქოს ლევან ხაბეიშვილის ორეული.
დაკავებულთაგან ყველამ სათითაოდ აღიარა, რომ ნამდვილად არ არის ის კაცი, ჩვენ რომ გვგონია. გაიხსენეთ, როგორ ამტკიცებდა ყვარყვარე თუთაბერი, არ ვარ მე ის კაციო, როცა წაიჭირეს, მაგრამ შეტრიალდა თუ არა დროება, უცებ გასწორდა წელში და ბრძანებების გაცემაც დაიწყო. ესენი ყვარყვარეს შთამომავლები არიან, თუ ამ ხელისუფლებას დაამხობდნენ, ისეთი გაჯგიმულები ივლიდნენ, ბუზს აღარ დაისვამდნენ თავზე, მაგრამ წაიჭირეს თუ არა, ეგრევე დაიწყეს ტირილი. მოდით, ვნახოთ, როგორ შეაფასა პაატა ბურჭულაძემ თავისი მდგომარეობა და როგორ შეეცადა მოსამართლის გულის აჩუყებას (სტილი დაცულია):
„… რომ არ მცოდნოდა მე ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ. „ქართულ ოცნებას“ უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან - მთელი ცხოვრება ბავშვებს, ახალგაზრდებს ვეხმარებოდი. მე რომ მოვუწოდებდი ვინმეს დანა დაარტყი, მოკალიო, დაიჯერებთ? დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, იქეთ მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ? ერთხელ მომასხეს „სპრეი“, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი (თორნიკე მარსაგიშვილი) 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბენ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს... ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა - რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ, დავისაჯო“.
ხედავთ, როგორი თავგანწირულია მსოფლიო ბანი? თუ ჩემში ტერორისტს ხედავთ, მზად ვარ, დავისაჯო, თუ ვერ ხედავთ, მაინც მზად ვარ, დავისაჯოო. თან პოლიციელებს ამუნათებს, ადრე კანონს ემსახურებოდითო, ახლა აღარო. ნეტავ, როდის ემსახურებოდნენ კანონს? ყველა მიხას ხუშტურებზე რომ დადიოდა და თვითონ კიდე უპატრონო თუ უსახლკარო ბავშვების მომიზეზებით კაი მაყუთს აკეთებდა? უკაცრავად და, მართლა უზნეო ყოფილა ეს კაცი, თურმე დიდი მუსიკოსობა დიდ კაცობას სულაც არ ნიშნავს. მე პრეზიდენტის სასახლესთან მივედი და ვაშველებდი, სისხლი რომ არ დაღვრილყოო. კი, მაგრამ თვითონ არ მოუწოდა, წავედით ორბელიანების სასახლისკენო? ეგ და მურთაზა არ იძახდნენ, სასახლის გასაღები უნდა ჩავიბაროთო?
ახლა, ირაკლი ნადირაძესაც ჰგონია, რომ მისი სიტყვები ისტორიაში შევა, რა ვიცი, შეიძლება შევიდეს კიდევაც, შევა, როგორც მოღალატის სიტყვები:
„წარმოდგენილ ბრალს არც ერთ ნაწილში არ ვაღიარებ. პირველი, რასაც მედავებიან, ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუციური დამხობა. ის, ვინც ეს სახელმწიფო კონსტიტუციურად დაამხო, არის ბიძინა ივანიშვილი. მან გააყალბა არჩევნები, მიიტაცა ხელისუფლება. არავინ აღიარებს მის ლეგიტიმაციას. უფრო მეტიც, შარშან, ნოემბერში გამოგვიცხადეს, რომ ქვეყანა აღარ მიდიოდა ევროპისკენ. ეს იყო კონსტიტუციური დამხობა. ბრალი უნდა წაუყენოთ ბიძინა ივანიშვილს. რაც შეეხება მეორე ბრალს, ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები თუ ვინმეს ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბატონო პროკურორები, ამ მუხლზე, ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებზეც ბრალი წარუდგინეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს“.
ნადირაძემ, რომელიც ძალიან ჰგავს ჰაბიტუსით, ფიზიონომიით და ყბედობის მანერით კურკუმალ ხაბეიშვილს, ცოტაოდენ კი გამოიჩინა ფხა, იქით მიაწვა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ლომებს სჩვევიათ. ამან, არაო, მე კი არა, იმანო, მე არაფერ შუაში არ ვარო.
მე არ მივიჩნევ თავს რეჟიმის მსხვერპლად, მე მეომარი ვარ - კი ბატონო, ტყვე ვარ, - ასე გამოიდო თავი ლაშა ბერიძემ:
ესე იგი, დათვს თავში სცემდნენ და კითხულობდა, ბანგი-ბუნგის ხმა საიდან მოდისო? თითოეულს 9 წლამდე პატიმრობა ელოდება და ეს მაინც იძახიან, ჩვენ გავიმარჯვებთო. ნახეთ, როგორ მოაქვს თავი ძაან მცოდნედ, მშვიდობიანი ბრძოლა სპეციფიურიაო. იცის, სამხედროა, სპეციფიკურობებში ერკვევა. დავუშვათ, მიხვედი პრეზიდენტის სასახლესთან და ღობე გადაჭყლიტე თუ გადაანგრიე, ეს არის „ჭყლეტვაი მშვიდობიანი“. თუ პოლიციელს ყელში დანა გაუყარე, ესეც არის „დაჭრაი მშვიდობიანი“. თუ ხელი მოგკიდეს და „კაპეზეში“ წაგათრიეს, ეს უკვე ადამიანის უფლებების დარღვევაა, შელახვაა, ანტიდემოკრატიულია. ხედავთ? თან 1924 წლის აჯანყებასაც ახსენებენ, ბოლშევიკებმა რომ ჩაახშეს და ყველა საიქიოში გაისტუმრეს. ესენი ისე არიან დაბრმავებულები, 1924-სა და 2025-ს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ. ან არჩევენ და დავალება აქვთ, რომ ვერ/არ უნდა გაარჩიონ.
ისე, ყველაზე დონდლო უარმყოფელი მაინც პაატა მანჯგალაძე გამოდგა - ჯერ თქვა, მეგონა, გიორგი ვაშაძემ ციხიდან აქციაზე გასვლა შემომითვალაო და ამიტომ გავედიო, რა ორგანიზატორი, რი ორგანიზატორი, მაგათთან უბრალოდ სურათი გადავიღეო:
„არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, რასაც გვედავებიან, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე ვარ კონსტიტუციონალისტი და ძალიან კარგად ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდი. ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“.
ეგე, არ ვარ მე ის კაციო... არადა, პაატა მანჯგალაძემ ესენი ორგანიზატორებად და კომიტეტის წევრებად წარმოგვიდგინა. მაშინ არც ერთს არ უთქვამს - როგორ გეკადრებათ, არ ვარ მე ის კაციო, ამას ახლა ამბობენ, როცა წაიჭირეს. მე კონსტიტუციონალისტი ვარ და ვიცი, როდის როგორ ვმოქმედებდიო. თუ კონსტიტუციონალისტმა არ იცის, რომ ხელისუფლება არ უნდა დაამხოს, მაშინ ის „ფინაჩია“, უნდა წავიდეს სოფელში და დედას მიეხმაროს ბოსტანში. ერთმა მაგისმა ნაცნობმა დაწერა სოციალურ ქსელში, ამოარტყით პანჩური, გააგდეთ სოფელში, დედამისი მარტო მუშაობს ბოსტანშიო. მშვენიერი წინადადებაა, ის ქალიც დაისვენებს და ქვეყანაც.
ახლა მურთაზ ზოდელავაზე უნდა მოგახსენოთ, თვალები რომ გადმოუკარკლავს გრიქულასავით. ისე, რაღა დაგიმალოთ და მურთაზა ძაან რომანტიკული პიროვნება ყოფილა, ნახეთ, როგორ აფასებს მოვლენებს:
„უნდა გესმოდეთ, ჩემი შინაგანი განწყობა და მდგომარეობა და შფოთვა, სხვაგვარად შეუძლებელია, როცა არჩევნები უქმდება... უმრავლეს ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 100% დაიწერა, ასე იყო „ვარდების რევოლუციის“ წინაც, როცა შევარდნაძე პროცენტებს იწერდა... ბიძინა ივანიშვილი დღეს ყველა შტოს აკონტროლებს, ის მეტასტაზირებულია... არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ ქართველმა ერმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. ივანიშვილი ცდილობს განსაკუთრებულად, ძალოვან უწყებაში პროდასავლური ზიზღი შეუშხაპუნოს... საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გამოგყავთ მტრად, უცხოდ, არა ქალად, არა კაცად, ჩვენ ვართ ხალხი, ვინც ვთვლით, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ბიძინა არ უნდა იყოს ჩვენი მმართველი... თუ ჩვენ ვრჩებით ივანიშვილის ბოსტნად და ჩვენ ვართ ყვავილები, ან უნდა ვიქცეთ ბუტკოდ და გავასწროთ აქედან, ან უნდა ვიქცეთ თესლად და აქ უნდა ვიცხოვროთ“.
ხედავთ? ან ჩვენ ვართ ყვავილები, ან კიდევ უნდა ვიქცეთ თესლადო. გეგონება, უკვე არ იყოს თესლი. სხვათა შორის, ეგეთი ლიტერატურული მიგნება არც ერთ „ტყვეს“ არ ჰქონია. თუმცა არა, რომელიღაცა დაპატიმრებულმა თქვა, მე ბუშტები მეჭირა და ისე მივედი პრეზიდენტის სასახლესთანო. ასეა, ზოგი ბუშტებით მივიდა, ზოგი ყვავილებით, ზოგი შოკოლადებით, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ყვებიან, მაგათ კი არ გადაანგრიეს ღობე, თვითონ ღობე გამოეკიდა მაგათ და დაუწყო პანჩურის რტყმა. ასეთი რამე მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ჯერ ღობე არავის გამოჰკიდებია, მაგრამ ეს ხომ საქართველოა?
და კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი: დაპატიმრებულთა უმეტესობის ადვოკატები ითხოვენ მათ ფსიქიატრიულ შემოწმებას, ისინი აღიარებენ, რომ მათ კლიენტებს აქვთ მენტალური პრობლემები, ანუ არიან გიჟები. კი, ბატონო, რა პრობლემაა? თუ შეამოწმებენ, ეგ ამბავი დადასტურდება და არც არაფერი იქნება ახალი.
გელა ზედელაშვილი


