ვინ შეჭამა ბოძი

ვინ შეჭამა ბოძი

ამბავს, რომელიც აბსოლუტური სიმართლეა დიალოგებიანად, უბრალოდ, მოსაწყენი და მშრალი რომ არ ყოფილიყო, მხატვრული ფორმა მივეცი.
თხამ რომ ვენახი შეჭამოს და ჟანგმა თოფი, რა საამბობია, როცა „მაგთის“ ბოძი შემიჭამეს!
ამბავი ასე იყო: საკუთარეზოიან კერძო სახლში ვცხოვრობ ე. წ. პრესტიჟულ უბანში. მარტს რომ წამოუარა თავისებურმა სიგიჟემ და თბილისში თოვლი მოვიდა, დილას ინტერნეტი აღარ მქონდა. დავრეკე „მაგთის“ ოფისში, შევჩივლე და მეორე დღეს ოპერტიულად მოვიდა ორი ყმაწვილი. დაიწყეს ჩემი კომპიუტერიდან და ფრიად განსწავლული სახეებით მოგვებივით გაუყვნენ კაბელს. მობრუნდნენ და მომახსენეს, რა აღმოაჩინეს: თურმე ჩემს სახლში მათი მოწყობილობა იმიტომ აჩვენებდა 42 თუ 44%-ს, რომ კაბელი გაწყვეტილი კი არ არის, გაჭიმულია და ამ ხარვეზის გადასაჭრელად საჭიროა კალათიანი მანქანა, გადასცემენ ამ ინფორმაციას და არ იციან როდის, მაგრამ აღმიდგება ინტერნეტკავშირი, კვლავ შევუერთდები გარე სამყაროს. კეთილი და პატიოსანი! 
დავინტერესდი, რამ გაჭიმა-მეთქი და მიპასუხეს, თოვლმაო, სველი თოვლი რომ იყო, მძიმეა და დააწვაო. მთელ თბილისში რთული მდგომარეობაა, ხეებს ტოტები დაემტვრათო.
ამ ამბიდან მეორე დღეს ქალაქის მერი გამოვიდა ტელევიზიით და გვითხრა, რომ ორ დღეში გაიხსნებოდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ძირითადი საფეხმავლო ბილიკი, რადგან თოვლმა პრობლემები შეუქმნა ბაღის ნარგაობებს. რატომ არ დავიჯერებდი „მაგთის მოგვების“ ნათქვამს – დავიჯერე!
გამოხდა ხანი. იობის მოთმინებით ველოდები კალათიანი მანქანის გამოჩენას, ის კი არ ჩანს. მივადექი „მაგთის“ ოფისს და ოპერატორ გოგონას შევცინე, ხომ არ დაგავიწყდით-მეთქი? გოგონამ კომპიუტერს ჩახედა და, არა, ქალბატონო, გადაცემულიაო. ის მაინც მითხარით, დაახლოებით რამდენ დღეში მომხედავთ, რიგია თუ რანაირად ხდება ეგ ამბავი, ინტერნეტი სამუშაოდ მჭირდება, პორნოფილმების საყურებლად კი არა-მეთქი, – საკუთარ თავს შევატყვე, რომ მთავარი ნერვი საეჭვოდ ამიცახცახდა. ვერაფერს გეტყვით, ტექნიკურ ჯგუფზეა გადაცემულიო.
კვლავ იმედიანად ველი კალათიან მანქანას. აყვავილდა ტყემალი, მაგრამ მაინც არ ჩანს ჯემალი! დავრეკე „მაგთის“ ოფისში უკვე პრეტენზიული ტონით, ერთხელ მოვიდა თოვლი, იმის შემდეგ ცხრათვალაა მზეა, არც წვიმა მოსულა, არც სეტყვა და რაღა მე დამეცა მეხი-მეთქი?
გამოცხადდა „მაგთის“ წარმომდგენელი ყმაწვილი პლანშეტით ხელში, ჩართო, თითი დაადო და დაიწყო კულტურულად, აი, ქალბატონო თქვენი სახლიო. კინაღამ ის პლანშეტი გადავაყლაპე. რა პლანშეტი, შვილო! მსოფლიო რუკას დაგიხატავ თვალდახუჭული, მე მიხსნი, სად ვხოვრობ-მეთქი? მე მინდა ინტერნეტი!
მიხვდა, ეტყობა, რომ დროზე თუ არ გამეცლებოდა, ამერიკას დავანახებდი და სხაპასხუპით მითხრა, ბოძი არ არისო. 
რაო? რა ბოძი არ არის? – ვიფიქრე, რომ მომესმა.
– საიდანაც თქვენი კაბელი მოდიოდა, – მიპასუხა ლამის ჩურჩულით.
– სად წავიდა? – მოულოდნელობისგან სხვა შეკითხვა არ დამებადა.
– მშენებლობა რომ მიმდინარეობს, ეტყობა, ამასთან არის დაკავშირებული, – ამოილუღლუღა ბიჭმა.
– შენ რას გერჩი, მაგრამ მე ინტერნეტი მქონდა და მომეცით! – აბსოლუტურად სამართლიანად მიმაჩნდა და მიმაჩნია ჩემი მოთხოვნა.
– პლანშეტზე ხომ... – წამოწყო, მაგრამ აღარ გაუხსნია.
– პლანშეტი კი არა, საიდანაც გინდათ, ინტერნეტი მომაწოდეთ! – მოვითხოვე კატეგორიულად.
– შესწავლა მიმდინარეობს... – წამოიწყო მან.
– რა შეწავლა, რის შესწავლა! ჯერ, ერთი – რას ჰქვია, მშენებლობა მიმდინარეობს და იმ მშენებლობას ეწირება ბოძი, რომელიც ქალაქს ეკუთვნის; მეორე – აგერ, გახედე, ჩემს ეზოს ებჯინება ბოძი, საიდანაც ჩემს გვერდზე, ჩემს ბიძაშვილებს, იდეალურად მიეწოდებათ თქვენგან ინტერნეტი, მეც იქ მიმაბით, რა შესწავლა უნდა! – ავყვირდი შიშველი უცხოელივით.
– ადგილი არ არის და შესაძლო ვარიანტებს... – წამოიწყო ყმაწვილმა.
– რა ადგილი არ არის, ლიფტში მინდა შესვლა და ვერ ვეტევი? – გავგიჟდი! მოდი და ნუ გაგიჟდები! ციფრულ სამყაროში ჩემი ადგილი არ არის!
მოკლედ, ამ ყმაწვილს დაუმშვიდობებლად მოვწყდი და ვეცი ტელეფონს. „მაგთის“ ოფისიდან დატრენინგებული ხმითა და ინტონაციით დაზეპირებული ფრაზებით მაუწყა ოპერატორმა იგივე, თან ისე უიმედოდ, არაფერი რომ არ იცის და ვერც ვერაფერს გპირდება.
თითო ბოძი 3500 ლარად არის აღრიცხული, სად წავიდა ჩემი ბოძი, ვინ შეჭამა ის 3500 ლარი და რის სანაცვლოდ-მეთქი? ჩვენ არაფერ შუაში ვართ, შეგიძლიათ, „თბილსერვისში“ შეიტანოთ განცხადებაო. სულ აღარ მინდა ეგ თქვენი „მაგთის“ ბოძი და თქვენი „მაგთი“-მეთქი! თქვენი ნებაა, მაგრამ აპარატურა ჩაგვაბარეთო. მე უნდა მოგართვათ-მეთქი? დიახო. მეტი საქმე არ მაქვს! მე არ წამომიღია, თქვენი მოტანილია, გინდა წაიღეთ, გინდა უმღერეთ ხოლმე მანდედან-მეთქი!
მოკლედ, ამირან დევი შეიბნენ გვქონდა და ვინაიდან, ფაქტობრივად, მე დამცეს და დამაწყებინეს ღრიალი, შევუკურთხე და გავუთიშე – ქალის შეკურთხება, ისევე, როგორც კაცის წყევლა, ადრესატამდე მიმსვლელიაო, ამბობენ...
ესენი ვინ ყოფილან!
სამი კვირის მერე მეუბნებიან, რომ ბოძი არ არის!
კი, მაგრამ აბა, რა იყო დაჭიმული? და იმ თოვლიან ღამეს შეჭამა ბოძი ვიღაცამ, ანუ ციმციმ გაარბენინა? უამრავი ბოძია – წარმოდგენა არ მაქვს, სად იდგა ბოძი, საიდანაც ინტერნეტი მომეწოდებოდა, თან ორი მშენებარე ობიექტია და ორივეს საპარკინგე ადგილის პრობლემა აქვს, რომელზეა საუბარი, არ ვიცი, ან რომც ვიცოდე, რა აზრი აქვს, მაგრამ ასეთი უპასუხისმგებლობა და განუკითხაობა გაგონილა? არავინ იკითხოს, ბნელაო? აგერ, ბატონო, ბნელა!
ფინალი იყო შედევრი! – „მაგთიმ“ მომწერა, რომ ბოძი იქნება 2027 წლის 19 იანვარს, ანუ 9 თვის შემდეგ ის მოტაცებული ბოძი შვილს გააჩენს და მე მეყოლება ახალშობილი ბოძი. მანამდე ჩემი და „მაგთის“ სიყვარული შეჩერებულია. კი მაგრამ, გროშ-კაპიკი ის სამზითვო ფული, რომელსაც წინსწრებით იხდის მომხმარებელი, შეჭმულ ბოძს ჩაროზად მიაყოლეს? არ მინდა, კაცო, გინებაში ვუქვითავ...
უპასუხისმგებლო „მაგთი“ ერთია და, ძალიან მაინტერესებს, თუ თვით „მაგთიმ“ არა, აბა, ვინ შეჭამა ის 3500-ლარიანი ბოძი, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა, „თბილსერვისმა“ თუ მონა სავმაკმა...
ისე, მე რომ მშენებელი ვიყო და ათასებს მაკარგვინებდეს ერთი ტილიანი 3500-ლარიანი ბოძი, ეგებ, მეც კი გადამეხადა სამი მაგდენი და ის ფეხებში გამოდებული ბოძი მეც მომეშორებინა, რა ვიცი, რა ვიცი...
ნეტავ, არ გავგიჟდებოდე! 
ახლა „სილქნეტს“ ველოდები ომში წასული შეყვარებულივით და ამათაც თუ მითხრეს, შენი ადგილი არ გვაქვსო, გავყიდი სახლს და სანამ სხვაგან ვიყიდი, ჯერ დავაზუსტებ, რამდენი ოპერატორის ბოძია გარშემო, ხოლო შემდეგ, სათადარიგოდ, ყველა ოპერატორისგან გამოვიყვან ხაზს. შემდეგ ვიყიდი ბოძების რაოდენობის შესაბამის ავ ქოფაკებს და მივაბამ იმ ბოძების საყარაულოდ. აბა, რა ვქნა? 
არა, მაინც, ვინც შეჭამა ბოძი? 

მაია ჭელიძე