ფრიდრიხ მერცმა ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

ფრიდრიხ მერცმა ვლადიმირ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა

საოცარი რაღაცები ხდება დედამიწის ზურგზე, ძალიან საოცარი და ფაქტობრივად გასაშტერებელი. აგერ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ კრემლის ლიდერის ამბიციები უკრაინაზე არ შეჩერდება. მე, რა თქმა უნდა, პუტინის ადვოკატად არ გამოვდგები, მასთან ქართველებს სხვა ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი, მაგრამ მესამე რაიხის წევრების შთამომავალი რომ მას ჰიტლერს ადარებს, ცოტა არ იყოს, უხერხულიც გახლავთ, საოცარიც, უცნაურიც და სასაცილოც. თუმცა, არა, ამაზე უცნაური და სასაცილო სხვა რამე უფრო გახლავთ: ჩვენ, ქართველებს ერთი უცნაური თვისება გვჭირს, როგორც კი უცხოეთში, სადმე, რომელიმე ქვეყანაში ვინმეს მაღალ თანამდებობაზე ან დანიშნავენ, ან აირჩევენ, ეგრევე ვმსჯელობთ და ვამტკიცებთ, რომ ის წარმომავლობით ქართველია. შორს რომ არ წავიდეთ, უახლოეს ამბებზე მოგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ხომ დანიშნეს ბრიტანეთის დაზვერვის შეფად ვიღაც ქალი, რომელიც გვარად მეტრეველი გახლავთ? ამაზე არაერთმა „ჭკვიანმა“ დაწერა, აწი გვეშველა, ბრიტანეთი მოწყალების თვალით გადმოგვხედავსო. კი, კაცო, გადმოგვხედა ბრიტანეთმა მოწყალების თვალით, ხან ვის გვისანქცირებენ, ხან რა შარს გვდებენ, ხან კიდევ რა დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ. მოკლედ, ფრიდრიხ მერცის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ზოგიერთთა მტკიცებით, თურმე მისი ნამდვილი სახელი და გვარია ფრიდონ მარტიაშვილი და წარმოშობით რაჭიდან ყოფილა. 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ მრავალი რაჭული ოჯახი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. მათ შორის იყო ელიზბარ მარტიაშვილი, ცნობილი ქართველი გეოგრაფი და მწიგნობარი, რომელმაც ოჯახთან ერთად თავშესაფარი გერმანიაში, ბრილონის მახლობლად იპოვა. გერმანიაში ჩასვლისას, მიგრანტების დოკუმენტები გერმანულად გადაკეთდა - მარტიაშვილი გახდა Mერზ, ხოლო ელიზბარის შვილიშვილი ფრიდონი კი ადგილობრივად უკვე ფრიდრიხად მოიხსენიებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდონმა ქართული ენა ბავშვობაშივე დაივიწყა, ოჯახში მუდამ საუბრობდნენ ქართული კულტურის მნიშვნელობაზე. ფრიდონმა ახალგაზრდობაშივე გამოავლინა ლიდერის უნარი და 1970-იან წლებში ჩაერთო პოლიტიკაში. მისმა სიჯიუტემ, პრინციპულობამ და ძლიერმა მორალმა ბევრი გააოცა – თვისებებმა, რომელიც ხშირად ქართულ ხასიათს მიეწერება. ფრიდონ მარტიაშვილი, იგივე ფრიდრიხ მერცი, არაოფიციალურად აღიარებულია როგორც პირველი ქართველი, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გახდა. 
ხედავთ, სად არის დამარხული თურმე ძაღლის თავი? თუ ჩვენ ახლა პუტინს მარტიაშვილის თვალით შევხედავთ, მაშინ მერც სწორია, ის მართლაც წააგავს ჰიტლერს, მაგრამ თუ გერმანელი მერცის თვალით შევხედავთ, მაშინ საერთოდ უცნაურია ჰიტლერის ხსენებაც კი. მე მგონი, ეს კაცი მსოფლიოში პირველი გერმანელია, რომელმაც ჰიტლერი უარყოფით კონტექსტში ახსენა. 
მე სტატიის წერას უკრაინის დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ვაპირებდი, თავიდანვე იმის თქმა მინდოდა, რომ მასხარა ზელენსკის ნატოზე უარი ოფიციალურად ათქმევინეს, მაგრამ მერცის განცხადებით დავიწყე. ამაში არაფერია უჩვეულო, გრემანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი დღეს რუსეთის წინააღმდეგ ომის მომხრეა, ამ ქვეყნების ლიდერები ყოველდღე აგულიანებენ უკრაინელებს, ბრძოლა უნდათ ბოლო უკრაინელამდე, ტრამპის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებიან. აქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვოკატორი გახლავთ სწორედ ფრიდრიხ მერცი, ან ფრიდონ მარტიაშვილი, ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? და მაინც, რა უნდა გერმანიის კანცლერს, რატომ იტკიებს აუტკივარ თავს? ის უნდა, მეგობრებო, რომ მას ეშინია, თუ უკრაინა დაეცემა, პუტინი იქ არ შეჩერდება, ეს არის რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის და ევროპის წინააღმდეგო. მისი თქმით, პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა. ხედავთ? თუ რუსეთის პრეზიდენტს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, მაშინ ჰიტლერი კი არა, სტალინი გამოდის და მერცმა თუ მარტიაშვილმა უნდა ილოცოს, რომ ჰიტლერი საფლავიდან წამოდგეს. ჰიტლერი იქით იყოს, წეღან ბრიტანეთის დაზვერვის „უმფროსი“ ბლეიზ მეტრეველი ვახსენე, ესეც გამოვარდა და ხმაურიანად განაცხადა, ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთო. მართალია, მეტრეველი ამ ქალის ნამდვილი გვარი არ გახლავთ, ეგ პაპინაცვლის გვარია, მაგრამ როგორც ჩანს, ქართულ სიჯიუტეს აურა მაინც აქვს და სივრცობრივადაც გადადის. არ დავთბობთ უკრაინასო, არაო. არც სხვებს უნდოდათ უკრაინის დათმობა და მიტოვება, მაგრამ დაათმობინეს და მიატოვებინეს. ამ ე.წ. მეტრეველს გადასცეს ვინმემ, რომ არც მის „ზემლიაკებს“ უნდოდათ 1921-ში ბათუმის მიტოვება, მაგრამ როგორც კი ბოლშევიკები შემოვიდნენ, ეგრევე მოკურცხლეს და რაც კი ოქროულობა გვებადა, თან გაიყოლეს. 
იცით, ახლა რა ხდება უკრაინის თავზე? წისქვილის ვეებერთელა ქვა ტრიალებს და ყველაფერს დოლაბში ფქვილად ატარებს. ყველამ მიატოვა, ყველამ უგანა, ერთი ეს დასავლეთ ევროპიელები ჩირთიფირთობენ რაღაცას და ესენიც განწირულები არიან, ამათ რუსეთთან ომი ლობიოს ჭამა და კოკაინის ყნოსვა ეგონათ, აშკარაა, ვერც ნაპოლეონის ბიოგრაფია გააცნობიერეს, ვერც ადოლფ ჰიტლერისა, საერთოდ ვერ მიხვდნენ, რატომ დაასრულა ორივე „სარდალმა“ სიცოცხლე ტრაგიკულად. ისე, რაღა დაგიმალოთ და ნაპოლეონი ძალიან ჰგავდა ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ისიც აეგრე იყო გაჯიუტებული წმინდა ელენეს კუნძულზე, თუ ისევ იმპერატორს არ დამიძახებთ, საერთოდ არ დაგელაპარაკებითო. ერთხელ კუნძულის გუბერნატორმა მიაკითხა, სახლში არ შეუშვა, ლამის ხანჯლით აკუწა, იმპერატორი დამიძახე და მიგიღებო. იმანაც დაუძახა, რა უნდა ექნა, მაგრამ ნაპოლეონი, როგორც სალომე ბაბო, იმპერატორი აღარ იყო, უბრალოდ თავს იტყუებდა. 
მოკლედ, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სურვილი თავიდანვე ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაგრამ ზოგიერთმა პარტნიორმა, როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროპამ, მხარი არ დაუჭირა და უკრაინის მხრიდან ეს უკვე კომპრომისია. აი, ეს იმას ნიშნავს, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ფაქტობრივად ნატოზე უარი ათქმევინეს. როდესაც 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს უთხრა, ეს ომი ნატოს გამო დაიწყოო, მაშინ აკაცუკებმა და მათმა საზღვარგარეთელელმა ე.წ. მეგობრებმა ქვეყნიერება შეძრეს, ღარიბაშვილი ცრუობს, ეს არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა ეკადრებინაო. გაიგონეთ? მაშინ იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, ნატო არაფერ შუაშიაო. არადა, ყველამ ვიცით, რომ შუაში კი არა, თავშია. ახლა კი უარია, თანაც მტკიცე... ნება მიბოძეთ, აქ სალომე ბაბოს ტერმინოლოგია გამოვიყენო - არა და არასოდეს! 
გამოცემა BILD-ის ცნობით, ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების „რთული რაუნდი“ გაიმართა. მაგიდაზე დევს ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კიევი მოსკოვის სასარგებლოდ მკვეთრად მიკერძოებულ დოკუმენტად მიიჩნევს. გამოცემა წერს, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს მტკივნეული კომპრომისები, ნატოში წევრობაზე უარის თქმიდან დაწყებული, ქვეყანაში არჩევნების, რაც შეიძლება, მალე ჩატარებით დამთავრებული, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის მიღმაც ზელენსკი წასვლას არ აპირებს:
„ძირითადი დავა ტერიტორიულ საკითხს ეხება. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკის და დონეცკის რეგიონები აღიარებულია რუსეთის ტერიტორიებად, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფრონტის ხაზები გაყინულია“.
BILD-ის ცნობით, უკრაინა მზადაა, დროებით „გაყინოს“ ფრონტი და დაკარგოს კონტროლი რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწებზე, თუმცა კატეგორიულად უარყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთელი დონბასიდან გაყვანის შესახებ მოთხოვნას. აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადების თანახმად, უკრაინა დონეცკის ოლქში დაახლოებით 5 600 კვადრატული კილომეტრიდან უნდა გავიდეს და ეს ტერიტორია „დემილიტარიზებულ ეკონომიკურ ზონად“ გადაიქცეს. მოსკოვმა დაუჭირა მხარი ამ იდეას იმ პირობით, რომ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ რუსეთის ეროვნული გვარდია შევა. ამაზე ზელენსკი არ თანხმდება, თუ ჩვენი ჯარი უკან დაიხევს, მაშინ რუსებმაც დაიხიონო. როგორც ჩანს, მასხარა ზელენსკი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ დამარცხებულია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, მას ყველაფერს დაათმობინებენ და არჩევნების გზით გაუშვებენ, მაგრამ მერე რა იქნება, სად იქნება და როგორ იქნება, ეს ძალიან რთული სათქმელია. ღირდა კი მილიონობით ადამიანის სიკვდილად და დევნილად ქცევად ნატო-ნატოს ძახილი და ფუჭი დაპირება? ნამდვილად არ ღირდა, უბრალოდ, უმდიდრესი ქვეყანა გაპარტახდა, მილიონობით ადამიანი გაუბედურდა და ერთი ხროვა გამდიდრდა, ვიღაცებმა მილიარდები იშოვეს. თუმცა, არა მგონია, ეს მილიარდები მათ შერჩეთ. 
ზელენსკი უარს ამბობს ასევე დონბასის დათმობაზე. მას ევროკავშირიდან კარნახობენ, რომ არაფრის ფასად არ დათმოს. როგორც ჩანს, ამ მხრივ ზელენსკის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი კურირებს. მისი თქმით, თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დონბასზე კონტროლს მოიპოვებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას. რა გულუბრყვილოები არიან, თუ რუსეთი გადაწყვეტს მთელი უკრაინის დაპყრობას, წინე ვერავინ დაუდგება, ვერც ამერიკა, ვერც ევროპა. ისე, უკვე ისიც აშკარად ჩანს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები ბოლო დროს რუსეთის მხარეს იჭერენ და ეს ასეც უნდა იყოს, თუ რამე, რუსეთის მხრიდან პირველი სილა მათ მოხვდებათ. 
და ბოლოს... არა, რააა, ის მაინც მაგარი იყო, ფრიდრიხ მერცმა პუტინს ადოლფ ჰიტლერი რომ უწოდა. ანუ, ამით რა უთხრა, პაპაჩემი ხარო? რა ვიცი, რა ვიცი.

გელა ზედელაშვილი