618 გვერდში ჩატეული გრიგორ სუნის აბრაკადაბრა საქართველოზე
(დასასრული, დასაწყისი იხ. „სგ“ N16.)
მას შემდეგ, რაც მისტერ სუნმა მოგვაყენა შეურაცხყოფა თხარა ჩვენი ეროვნული მოძრაობა. დადგა სტალინის დროც. თუმცა კონკრეტულად სტალინის არა, ეს არის სტალინის პერიოდი, დაახლოებით 60 გვერდი მთლიანად ეთმობა კოლექტივიზაციის პერიოდს, მხოლოდ 1 გვერდი ეთმობა მეორე მსოფლიო ომს, რომელშიც ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. მისტერ სუნი ისე მოგვითხრობს ამ ამბავს, გეგონება, ფაშისტებმა ერთი კვირით შემოირბინეს და ისევ წავიდნენ. აქაც კიდევ რაღაცას ამახინჯებს, მისი მტკიცებით, 1939 წლიდან 1944 წლის დეკემბრამდე საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში 562 756 ქართველი მსახურობდა. არადა, ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომში ჩვენგან 700 ათასი კაცი მონაწილეობდა. კიდევ კარგი, იმას მაინც არ მალავს, რომ 307 ათასი სახლში ვეღარ დაბრუნდა. ისე, სამართლიანობა ითხოვს, ამერიკაში მცხოვრებ სომეხ პროფესორს ერთი-ორგან ტაშიც დავუკრათ - იგი არ მალავს იმ ფაქტს, რომ სტალინსა და ბერიას თურქეთის მიერ მიტაცებული ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებაც უნდოდათ. იქით ცალკე სომხეთი ითხოვდა ყარსსა და არდაღანს. სწორედ ამ მოთხოვნებმა შეაშფოთა არა მხოლოდ თურქები, ასევე ბრიტანელები და ამერიკელები, სწორედ ამიტომაც მიიღეს თურქეთი დასავლურ ალიანსში:
„ერთადერთი ადამიანი, ვისაც სტალინისთვის საგარეო პოლიტიკაში რჩევის მიცემა შეეძლო, ბერია იყო, რომელიც თავის გავლენას სრულად იყენებდა. სტალინის ერთ-ერთ მორიგ „ვახშამზე“ ბერიამ დაიწყო დაუსრულებელი საუბარი იმაზე, რომ გარკვეული ტერიტორიები, ახლა თურქეთის ნაწილი, ადრე საქართველოს ეკუთვნოდაო და რომ საბჭოთა კავშირს ახლა მათი დაბრუნება უნდა მოეთხოვა... ბერია ამ საკითხს არ ეშვებოდა და სტალინს უჩიჩხინებდა, რომ რამე ეღონა. არწმუნებდა, სწორედ ახლაა ამ ტერიტორიების დაბრუნების დროო. უმტკიცებდა, რომ თურქეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასუსტებული იყო და წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. სტალინის გარდაცვალებიდან მალევე ეს პროცესი შეწყდა და მოლოტოვმა 1953 წლის ივლისში განაცხადა, რომ სომხეთსა და საქართველოს მთავრობებს შესაძლებლად მიაჩნიათ, უარი თქვან თურქეთის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. შესაბამისად საბჭოთა მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს ტერიტორიული პრეტენზია თურქეთის მიმართ არ აქვს“.
ალბათ, ბერიას და სტალინს ერთი წელიწადიც რომ დასცლოდათ, დღევანდელი საქართველო სულ სხვანაირი იქნებოდა. თუმცა მისტერ სუნს ბერია აშკარად არ მოსწონს, იგი უწოდებს პროვინციელ პროტეჟეს, რომელმაც ცენტრში გადაინაცვლა და სტალინზე დიდი გავლენა მოიპოვა. თურმე ისეთი, რომ სტალინს ქართველი მსახურები და მცველებიც კი დაახვია. ჯერ ერთი, სტალინი ნამდვილად არ იყო ის კაცი, ვინმეს მასზე დიდი გავლენა მოეპოვებინა და მეორეც - იოსებ სტალინის დაცვას უზრუნველყოფდა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების ელიტური ქვედანაყოფი, ე. წ. „პირველი განყოფილება“, რომელსაც წლების განმავლობაში უშუალოდ გენერალი ნიკოლაი ვლასიკი ხელმძღვანელობდა. ასევე ცნობილი იყო მისი მეორე მცველი ივან იუსისი. ელიტურ ქვედანაყოფში თუ იყვნენ ქართველები რიგით წევრებად, ეგ სხვა საკითხია და, ალბათ, იქნებოდნენ კიდევაც, მაგრამ ლავრენტი ბერიამ სტალინს ქართველი მსახურები და მცველები დაახვიაო, ეს გადაჭარბებულია.
დარწმუნებული ვარ, მისტერ სუნმა არც ის იცის, რომ ერთმა პატარა საქართველომ მეორე მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთზე მეტი ადამიანი დაკარგა - ჩვენს ანგარიშზე 307 ათასი მოდის, ხოლო დიდი ბრიტანეთის ანგარიშზე 286 ათასი.
იცით, თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და, რასაკვირველია, არავისი დამუნათება არ შეიძლება, შენ ცოტა რატომ დაკარგეო, მაგრამ როცა აქეთ პრეტენზიებს გვიყენებენ და ჭკუაზეც გვარიგებენ, ნება იბოძონ, მონაცემებს გადახედონ, ვის მოგებულზე „ბაირამობენ“, გააცნობიერონ და აზრზე მოვიდნენ. შარშან ამ დროს პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა ჩვენს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, გორში სტალინის სახლ-მუზეუმი გააუქმეთო. იმჟამინდელი მდგომარეობით, მისმა 35-მილიონიანმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა 587 ათასი ჯარისკაცი, ჩვენმა 3-მილიონიანმა ქვეყანამ - 307 ათასი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ კაცის „დაწუნებულმა“ სტალინმა ხომ მისი სამშობლოც იხსნა? დიახ, იხსნა, მაგრამ პრეტენზიები მაინც აქვთ, ამაზე აღარ გავაგრძელებ, ეს ამბავი შორს წაგვიყვანს და თან ცუდი სუნი აუვა. უკაცრავად, ამერიკელი პროფესორის თემას გადავუხვიესავით, მაგრამ მთლად ასეც არ გახლავთ, ამ კაცს რაც უნდა დაეწერა, ის არ დაწერა, ჩვენი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორია კაი გვარიანად მიაფუჩეჩა, ფრონტზე წასულთა რაოდენობა შეგვიმცირა და ისიც არ გვაუწყა, რომ ის ომი ქართველმა კაცმა მოიგო. სხვათა შორის, მისი პირველი სამშობლო, სომხეთიც ძალიან დაზარალდა, 500 ათასი კაცი წავიდა ფრონტზე და 200 ათასი დაიღუპა. გრიგორი სუნი ე. წ. საქართველოს ისტორიის „სახელმძღვანელოში“ დეტალურად ქართველების დამსახურებაზე კი არა, იმაზე წერს, როგორ აჯობა ომის შემდგომ წლებში ჟდანოვმა მალენკოვს და როგორ დაერქვა მის აღმავლობას „ჟდანოვშჩინა“.
ეს კიდევ არაფერი... წიგნში, რომლის სათაურიც არის „ქართველი ერის ჩამოყალიბება“, მისტერ სუნი ცდილობს, ზოგი გამოგინილი, ზოგიც ნამდვილი ინტრიგნული ამბავი შემოგვთავაზოს სტალინის შესახებ და ნელ-ნელა დახატოს სურათი, თითქოს სტალინი ქართველებს ვერ იტანდა. აი, მაგალითად, თავის რეზიდენციაში გამართულ ერთ-ერთ სადილზე ბერიას გადამეტებულ ძალაუფლებას გაუღიზიანებია და გაბრაზებულს უკითხავს: „სულ ქართველებით რატომ ვარ გარემოცული“?! ბერია აწრიალებულა და სტალინის დამშვიდება უცდია, არწმუნებდა, მის მიერ დაქირავებული მსახურები ბელადისადმი თავდადებით იყვნენ გამორჩეულები. „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები მოღალატეები არიან“? უკითხავს სტალინს. „არ მჭირდება მათი ერთგულება! მოაშორეთ ეს ხალხი აქედან“! ქართველები, მათ შორის - მზარეული, რომელსაც მწვადის შეწვა ევალებოდა, და მომარაგების უფროსი მაშინვე გააგდეს, ბერია კი ნაცემივით გალასლასდა ოთახიდან. ამას წერს ამერიკაში გადახვეწილი სომეხი პროფესორი და იცით, ვის ეყრდნობა? ნიკიტა ხრუშჩოვს. მეცნიერს, რომელიც საქართველოს ისტორიას წერს და ქართველების დასამცირებლად ხრუშჩოვის ტყუილ მოგონებებს ეყრდნობა, უკაცრავად და... სერიოზულ მეცნიერად ვერ მივიღებთ. ნახეთ, როგორი უნიჭო მარაზმია: „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები მოღალატეები არიან“? - უთქვამს სტალინს, და თან დაუმატებია, ქართველები მომაშორეთო. ადგა ეს ბერიაც და ვისაც მწვადის შეწვა ევალებოდა, პირველი ის გააგდო. მოდი, ცოტა წავიფანტაზიოროთ... დავუშვათ, სტალინმა დაიბარა ბერია და სთხოვა, ერთი კაი მწვადის შემწველი მომიყვანეო. მემწვადეობის დარგში ვის მიიყვანდა ბერია, რუსს, სომეხს, ყაზახს თუ ტაჯიკს? რა თქმა უნდა, არც ერთს, მიიყვანდა მხოლოდ ქართველს, რადგან ეს საქმე მხოლოდ ქართველებს გვეხერხება. ამ კუთხით ბერიას სამდურავი არ ეთქმის და ვერც სტალინი უსაყვედურებდა. ეს ერთი და მეორეც - როგორც ამბობენ, სტალინს ძალიან უყვარდა ქართული საჭმელები და ქართული სასმელები, ისიც კი არის ცნობილი, რომ ღვინო საქართველოდან ჩაჰქონდათ კრემლში. ჰოდა, სამზარეულოში ბერია ვის დაასაქმებდა, რუსებს თუ ქართველებს? ხრუშჩოვის მონაყოლი არის მოგონილი ქართველების დასამცირებლად, მეტი არაფერი. სამწუხაროა, რომ პროფესორი სუნი ხრუშჩოვს აჰყვა და ქართველებს ამცირებს.
აქ დავამთავრე 618-გვერდიანი წიგნის მიმოხილვა, რომელიც გამოიცა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დაფინანსებით. ჯერ ერთი, ჰაინრიხ ბიოლია ფონდს რა უნდა თბილისში და მეორეც - რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ამ ფონდს, დამახინჯებული ისტორიის სახელმძღვანელოს საშუალებით ტვინი გაულაუყოს ახალგაზრდებს? მოდი, შევიხედოთ ფონდის საიტზე და ვნახოთ, რას წერენ საკუთარ ვინაობაზე: „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მწვანე პოლიტიკური ფონდია და იზიარებს გერმანიის ბუნდესტაგში წარმოდგენილი პარტიის „კავშირი 90/მწვანეები“ პოლიტიკურ ღირებულებებს. მსოფლიოს მასშტაბით იგი ეწევა და მხარს უჭერს აქტივობებს პოლიტიკური და სამოქალაქო განათლების სფეროში. საქართველოში ფონდი უკვე 15 წელზე მეტია მოღვაწეობს და აქტიურად მუშაობს დემოკრატიის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე“.
როგორც ხედავთ, ეს გახლავთ ერთ-ერთი გერმანული პარტიის ფონდი, რომელიც საქართველოში ავრცელებს პოლიტიკურ განათლებას. გჯერათ? მე არ მჯერა და სწორედ ამიტომაც დააფინანსა ამ ე. წ. ისტორიის სახელმძღვანელოს გამოცემა. ვის, ვის და სწორედ გერმანელებს აწყობთ სტალინის ამგვარად გაშარჟება და ქართველი ხალხის დამცირება. შეხედეთ, რას აკეთებს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და მიხვდებით, რომ სრულ სიმართლეს ვწერ.
გელა ზედელაშვილი

