ქართულ ენას პატრონობა სჭირდება
ვისაც „ვეფხისტყაოსანი“ არ წაუკითხავთ, შეიძლება არც იცოდნენ „სირი“-ს მნიშვნელობა. აქედან არის ნაწარმოები გვარი სირაძე, რომლის მატარებელი იყო და არის არაერთი სახელოვანი და ფრიად გამოჩენილი ადამიანი, სასირეთი ქართლის (კასპის რაიონის) ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ასე რომ, გამოსირებული ის ადამიანია, რომელსაც ჩიტის ჭკუა და აზროვნება აქვს. ამრიგად, „გამოსირებული“ არა სალანძღავი, არამედ შემფასებლური ტერმინია!
ამ ჩვენი „განათლებული“ გვამებისთვის შემეძლო „ბატისტვინა“ ან „ქათმისჭკუისა“ მეწოდებინა, მაგრამ ამას დღეს აქტიურად გამოყენებადი ტერმინი „გამოსირება“ ვამჯობინე, იქნებ, ამით მასაში მისი უკუღმართი შინაარსის აღმოფხვრასა და ქართულ სინამდვილეში მისი ჭეშმარიტი აზრით დაბრუნებას შევუწყო ხელი.
უპირველესად, იმ გამოსირებულებზე მინდა გესაუბროთ, რომლებმაც ქართული ცნობიერებისათვის სრულიად უაზრო წელთაღრიცხვის ფორმა შემოიტანეს და, სამწუხაროდ, გაავრცელეს კიდეც უწიგნურ და ბრიყვების საზოგადოებაში. ეს ბრიყვები მაღალი, ან ცნობადი თანამდებობის პირები, ტელეკომენტატორები და, საერთოდ, ტელეეკრანებზე მუდმივად გამოჭენებული ადამიანები არიან. ნორმალური ჭკუისა და განათლებული კაცები, ალბათ, ვერც გაიგებდნენ, ერთმა შოუს მსახიობმა როგორ მოგვილოცა ახალი წელი _ მოგილოცავთ ოცი ოცდაექვსი წლის დადგომასო. არადა, ბევრი „პოლიტოლოგი“, მთავრობის წევრი და ა. შ. ხშირად ასე ამბობენ: „ოცი ოცდახუთ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა“-ო.
პირველად რომ გავიგონე ეს, ვიფიქრე, „ოცი-ოცდახუთ წლებში“ უნდა ეთქვა და მექანიკურ შეცდომად ჩავუთვალე. მერე და მერე მივხვდი, რომ ისინი უფრო სხვა მიზნით ამბობდნენ ამას _ ინგლისურენოვან ქვეყნებს ბაძავენ და იმიტომ!
წაბაძვა მაიმუნების თვისებაა, ხოლო ჭკვიანური რამ შეიძლება უცხოელებისგანაც ისწავლო. ჩვენ წელთაღრიცხვის არასრულყოფილი სისტემა გვაქვს და ინგლისურენოვან ხალხებს სრულყოფილი?
ინგლისელებსა და სხვა ევროპულ ერებს ცნებით აზროვნებაში ისტორიული დეფიციტი აქვთ, რისი გამოსწორება უკვე შეუძლებელია, ისევე, როგორც, თუ ადამიანს ოთხი წლის ასაკამდე ლაპარაკი არ უსწავლია (ცხოველებთან გაზრდის გამო!), ვეღარასოდეს ისწავლის, რადგან მისი დაუფლების სენსიტიური პერიოდი გავლილია.
ადამიანს თვლა ერთბაშად არ უსწავლია, საუკუნეთა განმავლობაში ეუფლებოდა მას. ადრეულ შუასაუკუნეებში, ჩვენშიც და სხვაგანაც, ათასზე უფრო ტევადი ცნება არ ჰქონდათ და თუ მეტი სიმრავლის აღნიშვნა იყო საჭირო, იტყოდნენ _ ბევრი ათასიო და თუ ბევრი ათასიც ვერ მოიცავდა არსებულ სიმრავლეს, მაშინ იტყოდნენ უთვალავიო. ევროპელები ისე დაეუფლნენ სხვათა მიერ შექმნილ ცივილიზაციურ მიღწევებს, რომ საკუთარი ცნებითი აზროვნების განვითარება ვერ მოასწრეს.
XVII საუკუნემდე ინგლისურ ენაზე სამეცნიერო გამოკვლევა არ დაწერილა, ნიუტონმა, მაგალითად, თავისი ნაშრომები ლათინურ ენაზე დაწერა. ინგლისელებს არ აქვთ „ორიათას ოცდახუთის“ ცნება და ამიტომ წერენ „ოცი ოცდახუთი“-ო, ანუ „თვენთი თვენთი ფაივ“-ო (20-25), ანუ ორცნებიანი სიტყვით გამოხატავენ ერთცნებიან მოვლენას. აი, ამათ რომ მიბაძავს სამიათასწლიანი სახელმწიფოს შვილი, გამოსირებულია, აბა, რა არის?
ახლა „შოპი“ და „შოპინგი“ ვნახოთ, როგორ მოედო ჭანგა ბალახივით გამოსირებულების მეტყველებას.
„შოპი“ ინგლისურად სავაჭრო ობიექტს, სივრცეს, ადგილს, სადაც რაღაცა იყიდება, ანუ, ჩვენებურად მაღაზიას, ან ბაზრობას ნიშნავს, „შოპინგი“ კი „შოპში“ განხორციელებულ მოქმედებას. „საშოპინგოდ“ მივდივარო, _ რა დაუწუნე ქართულს, შე მართლა გამოსირებულო, საყიდლებზე მივდივარო, ვერ იტყვი?
ქართული ენის მცირემცოდნეებო, რა არის ისეთი აზრი, თუ ცნება, რომელიც ქართულ ენაზე არ გამოითქმის?
თუ ისეთი სიტყვა არ არსებობს, განსაკუთრებით ტექნიკური, რომლის შესატყვისი ქართულში არ არის, მაშინ ის ქართულ სამეტყველო სივრცეში უნდა შემოვიტანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება სხვა ქვეყნებში გამოგონილ მანქანა-მოწყობილობებსა და მექანიზმებს. მათი დასახელება ამ ტექნიკასთან ერთად შემოდის და საჭირო არ არის მისი დასახელებების „ქართულად“ გამოგონება, მაგრამ, როდესაც „თურაშაულს“ „პანტით“ ჩაანაცვლებ, ნამდვილად ქათმის ჭკუა უნდა გქონდეს, ანუ გამოსირებული უნდა იყო.
მობილური ტელეფონის გამოჩენას მოჰყვა ახალი ტერმინი _ „მესიჯი“. ამას მოჰყვა „დაუმესიჯე“, „ვიმესიჯოთ“ და ა. შ. მესიჯი ქართულად „შეტყობინებაა“. შეტყობინება მივიღეო, _ ვერ იტყვი, შე გამოსირებულო, ან „დამიმესიჯეო“, რომ ეუბნები შენნაირ გამოსირებულს, ვერ ეტყვი, შეტყობინებები გავცვალოთო? ეტყვი, მაგრამ რახან არაქართულად იტყვი იმას, რაც ქართულად უფრო შინაარსიანი ფორმით იციან ქართველებმა, ეს შენს „პროდვინუტობაზე“ მიანიშნებს, ვითომ?
ერთი ოპოზიციონერი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ამასწინანდელ პარლამენტში, ყველა რომ „ელგებეტე“-ს ამბობდა, ის „ელჯიბითი“-ო, ხაზგასმით აღნიშნავდა. რატომ, იცით, თუ ინგლისურ ენაზე წაიკითხავ ამ აბრევიატურას, მაშინ მართლაც „ელჯიბითი“ შეიძლება თქვას გამოსირებულმა „ინტელექტუალმა“, მაგრამ „ელ“ ასობგერა „ლ“-ს ქართული საალფაბეტო დასახელება რომ არის და ინგლისურად სხვაგვარია მისი საანბანო სახელი, აი, ეს რომ არ იცის, ამ „პროდვინუტმა“, ამიტომ არის გამოსირებული.
მაღალჩინოსანი ორატორების ლექსიკაში უკვე გახშირდა ფილოსოფიური ცნების „ეგზისტენციალიზმის“ სრულიად „უპრაგონო“ ხმარება. ეს ლათინური ტერმინი ერთ-ერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობას აღნიშნავს, მაგრამ არც ფართო საზოგადოებამ და არც იმ მაღალჩინოსან ორატორთა დიდმა ნაწილმა არ იცის ამ ტერმინის მნიშვნელობა. არც მოეთხოვებათ, მაგრამ რახან მოდაშია, ხომ უნდა თქვან.
„ეგზისტენციალური საფრთხე“ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს (სახელმწიფოს, ერს, კულტურას) არსებობას ექმნება საფრთხე და არა ყოველგვარ საფრთხეს. მაგალითად, მგელი საფრთხეს უქმნის ცხვარს, ძროხას და ა. შ., მაგრამ არა ცხვრისა თუ ძროხის ჯიშს საერთოდ.
ხშირად გაიგონებთ ადამიანებს „ცივილური“ დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთო. ამის მთქმელს უნდა ეთქვა „ცივილიზებული“ დამოკიდებულებაო, მაგრამ არ იცის „ცივილიზებულისა“ და „ცივილურის“ მნიშვნელობა; ასევე ითქმის „ფსიქიურ მდგომარეობაზე“, რადგან „ფსიქიური“ კი არა „ფსიქიკურია“ სწორი, რადგან ადამიანს აქვს „ფსიქიკა“ და არა „ფსიქია“. ასევე სრული უაზრობაა „ფსიქოლოგიური მდგომარეობა“ პიროვნებისა, რადგან ფსიქოლოგია არა პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობაა, არამედ მეცნიერება ფსიქიკის შესახებ.
ენას ყველაფერზე მეტი და ერთგული პატრონობა უნდა, რადგან, თუ ენა დავკარგეთ, სწორედ ეს იქნება იმ ეგზისტენციალური საფრთხის რეალიზაცია, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.
ვიღაცას ჩემი შიში, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოეჩვენოს, მაგრამ მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებამ უდავოდ დაადასტურა, რომ ენისადმი თავისუფალმა დამოკიდებულებამ შეიძლება სულ მალე მთელი ერის ერთიანი ენობრივი კომუნიკაცია შეუძლებელი გახადოს. ასე იქნება, როცა ერთი ჯგუფის სამეტყველო ენის შინაარსი მეორე ჯგუფისათვის გაუგებარი გახდება და ქვეყანა იძულებული იქნება, სახელმწიფო ენად მყარ გრამატიკულ და ლექსიკურ წესებზე დაფუძნებული უცხოური ენა გამოაცხადოს.
მე რამდენიმე დამახასიათებელი ენობრივი დანაშაულის მაგალითი მოვიყვანე, თორემ, მათი ჩამოთვლა რომ დამეწყო, ერთი ტომი არ ეყოფოდა ამას. ის, ვინც ენის ზედამხედველობის სამსახური გააუქმა თუ უმოქმედო გახადა, საქართველოს მოყვარე არ არის! სააკაშვილის ხელისუფლების ერთი მაღალჩინოსანი ამას წინათ სიამაყით ამბობდა ტელეწამყვანთან საუბარში: ჩვენი ხელისუფლება იყო ნამდვილად ეროვნული და მე მეამაყება რომ „ნაცი“ ვარ და არა „ქოცი“-ო.
კაცი (ყოფილი მინისტრი) რომ იტყვის „ნაცი“ ვარ და მეამაყებაო, ამ დროს არ იცის, რომ წარსულში კი არა, „ნაცი“ დღესაც „ტრაკის“ სინონიმია...
რამდენი პარლამენტარი გამოსულა დეპუტატების წინაშე სიტყვით და იმის დემონსტრირება მოუხდენია, რომ ათწილადის წაკითხვა არ იცის, ამ დროს კი იგი, ვითომ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე ელაპარაკება პარლამენტარებს ასეთი უტყუარი საბუთით: ეკონომიკა „ოცი ოცდახუთ წელს გაიზარდა ცხრა მთელი რვა პროცენტით“. გაიგეთ რამე? არა და გონიერი კაცი მიხვდება, რომ მას უნდოდა ეთქვა „ცხრა მთელი რვა მეათედი პროცენტით“-ო.
გამოსირებაა ისიც, როდესაც ხელმძღვანელი მზარეულს შემდუღებლის საქმეს დაავალებს, ხოლო მჭედელს _ მარწყვის ტორტის გამოცხობას!
ღვთის რისხვაა, ასე რომ გახშირდა ჩვენში გამოსირებულები, უპირატესად, მაღალჩინოსანთა შორის. ასე იქნება მანამ, სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ!
ზურაბ ცუცქირიძე,
განათლების მეცნიერებათა
დოქტორი,

