მე ჩემი სამშობლო მეფიქრება...

მე ჩემი სამშობლო მეფიქრება...

ერთ მდიდარ კაცს დიდი საგვარეულო ალმასი ჰქონდა და იუველირთან მიიტანა შესამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ ალმასი ერთ ადგილზე შიგნიდან იყო გაბზარული. იუველირმა უთხრა: ალმასი ორად რომ გავყოთ, ორი ძვირფასი ბრილიანტი გამოვა, მაგრამ დიდი პრობლემა ის არის, რომ ერთი არასწორი დარტყმით, შეიძლება, ალმასი პატარა ნაწილაკებად დაიმსხვრეს და მათგან მიღებული ბრილიანტების ღირებულება თვით ამ ალმასის ღირებულებაზე ბევრად ნაკლები იქნება. მე პროფესიონალი იუველირი ვარ, მაგრამ ვერ გავრისკავ!
კაცმა მსოფლიო მოიარა, სხვა ქვეყნების ცნობილ იუველირებსაც მიმართა, მაგრამ ვერავინ გარისკა ალმასის გაყოფა. ბოლოს ერთმა მათგანმა ურჩია, რუსეთში თუ წაიღებ, ციმბირში, იქ არის ქალაქი მირნი და ალმასის მაღარო “მირ”. ის საბადო იმდენად დიდია, რომ მის ზემოთ დაბალი წნევის არეალი იქმნება და ვერტმფრენებს ფრენა ეკრძალებათ, რადგან ჰაერის ნაკადებმა, შესაძლოა, ჩამოაგდოს. შეიძლება, იქ ნახო, ადგილობრივი იუველირი, რომელიც შენს ალმასს შუაზე გაყოფსო.
ჩავიდა კაცი მირნიში და მირნელ იუველირს თავისი ალმასი აჩვენა. მირნელმა იგივე უთხრა, რაც დანარჩენმა იუველირებმა უთხრეს. კაცმა იფიქრა, საშველი არ ყოფილა და ჯანდაბას, გავრისკავო. შეთანხმდნენ ფასზე. იუველირმა შეგირდს დაუძახა, პატარა ბიჭს, მისცა ალმასი და უთხრა, ორ ნაწილად გაყავიო. მდიდარმა გაპროტესტება ვერ მოასწრო, ისე სწრაფად და ერთი დარტყმით გაჰყო ბიჭმა ალმასი ორ ნაწილად. განცვიფრებულმა მდიდარმა იუველირს ჰკითხა:
_ რამდენი ხანია, რაც ეს ბიჭი თქვენთან მუშაობს?
_ მესამე დღეა, რაც შეგირდად ავიყვანე, _ მიუგო იუველირმა.
_ მესამე? როგორ ანდეთ მას ჩემი ალმასი, როცა თქვენ თვითონ ვერ გაბედეთ მისი გაყოფა? _ გახარების ნაცვლად, აღშფოთებული იყო მდიდარი. 
_ უბირი ბიჭია, მან არ იცის ამ ალმასის ნამდვილი ფასი, ამიტომ არ აკანკალებულა მისი ხელი, შესაბამისად, დარტმაც მტკიცე და ზუსტი იყო, _ მიუგო იუველირმა.
მაშასადამე, თუ პრობლემას არაფრად ჩააგდებ, პრობლემას მარტივად გადაჭრი!
ალმასზე, მდიდარ კაცზე, იუველირებზე და მირნელ შეგირდზე რუსეთ-საქართველოს დღევანდელი პრობლემა გამახსენდა. “მდიდარი კაცი” ვართ, ალმასი-საქართველო გვაქვს, შინაური და გარე იუველირები ჩვენ “ალმასს” მხოლოდ დაამსხვრევენ. სად ვნახოთ “შეგირდი ბიჭი”, რომ ერთი დაკვრით გადაწყვიტოს პრობლემა, რომელსაც ხელს არავინ ჰკიდებს, ხოლო ჩვენი სიფრთხილე კი ხინჯიან ალმას-საქართველოს გვიტოვებს... 
ამასწინათ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე მიხეილ მედინსკის ვუსმენდი, რომელიც თვითონ უკრაინელია. უკრაინის დელეგაციაზე ამბობდა, მათ გვითხრეს, თქვენთვის ადვილია მოლაპარაკება, რადგან თქვენ ერთი უფროსი გყავთ, ჩვენ კი სამი გვყავს, ამიტომ, სანამ რაიმე შეთანხმებაზე ხელს მოვაწერთ, მანამდე იმ უფროსებს უნდა შევუთახმდეთ, ისე ხელს ვერ მოვაწერთო. ეს ტრაგედიაა, როცა რაღაც გინდა და უფროსებთან შეთანხმების გარეშე ვერაფერს გააწყობო; ასეთი მდგომარეობა იმ ქვეყნის ხვედრია, რომელიც სუვერენული არ არისო; რანაირად ვაწარმოოთ მოლაპარაკება მასთან, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უნდა, მაგრამ არ შეუძლიაო?
უკრაინის დელეგაციას და, ზოგადად, უკრაინას, პატრონების ნაცვლად, მტრები რომ ჰყავს, ის ვერ გაუგია აქამდე, ახლაღა იფშვნეტენ თვალებს, მაგრამ ჩვენ ხომ ერად და სახელმწიფოდ დაბადებიდან გამოღვიძებულები ვართ და კარგად ვიცით, რომ მარადიული უპატრონოები ვართ, ყოველთვის რატომღა ვიბითურებთ თავს, ვერაფერი გამიგია. საქართველოს ზეობის ხანებში იქით ვიყავით სხვების პატრონები, მაგრამ ახლა სხვისი კი არა, საკუთარი თავის პატრონობის შნოც აღარ გვაქვს... 
ვიცოდით, მაგრამ ოფიციალური პირისგან გავიგეთ, რომ აშშის ახალი ადმინისტრაციის მიერ “რუსული ჩარევის” საუკუნის კონსპირაციის მხილებით, უტყუარად დადასტურდა, რომ “რუსული იარლიყის” მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში მოსყიდული პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები ნერგავდნენ, მაგრამ ამით რა? _ თუ ისევ შეშინებული იქნება რომელიმე ქვეყნის რომელიმე მთავრობა, რომ რუსეთთან დალაპარაკებითა და მასთან მისი ქვეყნისთვის სასიკეთო კავშირ-ურთიერთობების აღდგენის ან გაღრმავების გამო “რუსეთუმე”, “პრორუსული”, “პუტინის მონა” და ა. შ. არ უწოდონ, მუდმივად შეშინებული იქნება და ხელში გაბზარული ალმასი ეკავება.
მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი რაღაცის მცოდნეებად მოაქვთ, მაგრამ მეფის რუსეთიდან მოყოლებული, რომელიმე ეპოქის რუსეთში ჩარჩნენ და, ამავდროულად, არ იციან, ვინ იყვნენ თერგდალეულები და რატომ მიდიოდნენ პეტერბურგში.
პირადად მე რასაც მოვესწარი, საბჭოთა კავშირი იყო და არა რუსეთი; დაიშალა მეწველი საბჭოთა კავშირი და ახლა რუსეთის ფედერაციაა. რუსეთი აღარ არის აღარც ეკატერინე II-ის, ლოთაბაზარა ბრეჟნევ-ელცინის, ან რაისა ტიტარენკოს მეუღლის რუსეთი, რომ ტყუილად ვინმეს თავი გამოაყენებინოს. საბჭოთა ქართველები “ნახლებნიკები” იყვნენო. ჰოდა, დაამთავრა რუსეთმა “ნახლებნიკებისა” და რუსოფობიური სახელმწიფოების კვება და არც რელიგიური ფანატიზმი სჭირს, რომ ერთმორწმუნეობის გამო ვინმესთვის თავი გადადოს. დაიკავა გარკვეული პოზა, რომელიც ასე იკითხება: ჩვენი მოკავშირე არის ჩვენვე ჯარი და სამხედრო-საზღვაო ფლოტი ჩვენივე შეიარაღებით, თუმცა, მზად ვართ სტრატეგიული პარტნიორობისთვის ყველასთან, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო მიმართულებითო. სხვა მხრივ კი, ყველას, ვისაც რაღაც წესების წერა არ ეზარება, ვურჩევ, თვითონვე დაიხიოს თავზე, სანამ მე დავახევო, _ სულ ეს არის! 
იცით თუ არა, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ, რუსეთი ევროპის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავდა? 
Financial Times-ის ინფორმაციით, მზად იყვნენ გამოეყენებინათ ბირთვული იარაღი დიდი კონფლიქტის ადრეულ ეტაპზევე. გაჟონილი სამხედრო დოკუმენტები ასახავს რუსეთის დოქტრინას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მათ შორის ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მინიმალური კრიტერიუმების ჩათვლით. რა არის ტაქტიკური იარაღი, ამის განხილვას აღარ დავიწყებ, მხოლოდ მოკლე განმარტებას გავიმეორებ: “არავითარ შემთხვევაში არ არის “მცირე იარაღი”. ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებს როდესმე ჩამოუგდიათ, დაახლოებით 11 ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრის იყო, მაგრამ ე. წ. მცირე ბირთვულ იარაღს შეუძლია მიაწოდოს 1 კილოტონა ტროტილი და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე დიდი ბომბი”. 
უკვე გაცხადებული ფაილები მოიცავდა რაკეტების სამიზნე ქვეყნების სიას. სამიზნები იყო, მაგალითად, სამეფო საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა გემთმშენებელი ქარხანა ბაროუ-ინ-ფურნესში, დიდ ბრიტანეთში და, სხვათა შორის, რუმინეთსა და ბულგარეთშიც. პუტინის სიტყვებია: “მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი პატარა, მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოები არიან” და რომ ევროპა, “მეტ-ნაკლებად დაუცველი” იქნება.
ევროპას თავში ქვა უხლია, ჩვენ რას გავსუსულვართ ბუტია პინგვინივით?
შესაძლოა, რიგით ადამიანებს მიზეზთა გამო არ შეეძლოთ რაიმე მოცუმულობის გაანალიზება და არც რუკისა გაეგებოდეთ რამე, მაგრამ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც სახელმწიფო აბარიათ, გამძაფრებულად სამი ძირითადი რამ სჭირდებათ _ უპირველესად, ყველანაირი რუკის წაკითხვა უნდა იცოდნენ, რადგან რუკა წყვეტს ყველაფერს _ სად მდებარეობს შენი ქვეყანა, როგორი რელიეფი აქვს, რა მოიპოვება და ა. შ; 
ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეთ _ რუკიდან გამომდინარე, რომელ ინტერესთა სფეროში ხვდება და ქვეყნებთაგან ვის რა დამოკიდებულება ექნება.  
დიპლომატიური ენა უნდა იცოდნენ _ როცა გაანალიზებ, რა მოცემულობაში ხარ და რატომ, შესაძლო საფრთხეების აცილება, ან სარგებელის მიღება ენით უნდა შეგეძლოს. 
როგორ დავიჯერო, რომ ჩვენს ხელისუფლებაში ამ სამი “საქმის” სრული უცოდინრები არიან? სიფრთხილე უძვირფასესი თვისებაა და შიშს დიდი თვალები აქვს, მაგრამ, როდესაც სიფრთხილე აკვიატებულ შიშში გადადის, ეს უკვე ავადმყოფობაა... 
იმაზე მეტი რისიღა გვეშინია, როცა მოცემულობაში მეზობლად ოკუპანტი რუსეთი და გენეტიკური მტერი თურქეთი გვყავს, ჩაროზად კი მიწაბაცაცა არმენია და აზერბაიჯანი, რომელთაც სახელმწიფოებრიობა რუსეთმა შეუქმნა, გარედან კი “იომე რუსეთთან!” ნაკრები.
ვცდილობ, მივხვდე, შიში აქვთ ჩვენებს თუ ფრთხილობენ, პუტინისა და სი ძინპინის ოთხდღიანი შეხვედრის დასრულებას ელოდებიან და მერე “იყიდიან ახალ გეოგრაფიულ ატლასს”?
ნებისმიერ “ახალ ატლასში” რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, პირიქით, კიდევ ერთ რეგიონში მოითხოვს თავისი ბაზის განთავსებას და მოკავშირეობასაც შემოგვთავაზებს, მხოლოდ ამ პირობით დააბრუნებს ჩვენგან მირთმეულ ტერიტორიებს და დევნილები შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. დიახ, მირთმეულს! _ დაარქვით ყველაფერს კუთვნილი სახელი და აღიარონ, ვისაც ეკუთვნის, რომ ჩვენი საჯიშე ბიჭები სხვის თამაშს შესწირეს...
არ ავყვებით მოლაპარაკებაში და არ გვენდომება რუსეთის მოკავშირეობა? _ რუსეთს ეცოდინება, რომ საკუთარი მიწის დაბრუნება არაფრად გვიღირს და რაც დროებით გვაქვს დაკარგული, იმასაც სამუდამოდ დავკარგავთ და ის ერთიც მიემატება, სადაც მას რუსული ბაზის არსებობა აქვს განსაზღვრული.
აი, ეს იდიოტური მდგომარეობა გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე ხელისუფლება არ მიხვდება, რომ რუსეთთან მტრობა საქართველოსთვის მხოლოდ ზიანის მომტანია, მაგრამ იმ დროისთვის დაკარგული ტერიტორიები აღარ დაბრუნდება _ ძნელი გასაგებია? 
ახლა რომ ვერ ვგრძნობთ, რა გვაქვს იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსა და ომში არ ჩავერთეთ და კიდევ პატარ-პატარა წვრილმანები, რაც მთლიანობაში არცთუ ურიგოდ გვამყოფებს, ესენიც გაქრება და არანაირი დანდობაც აღარ იქნება.
ვინ თქვა, არ მახსოვს, მაგრამ მომეწონა _ ლიბერალური სენია. ლიბერალურ ტვინს ჰგონია, რომ, როცა მას არგუმენტები აქვს და ისე უმტრობს, მტერი გაითვალისწინებს მის არგუმენტებს და იფიქრებს, ეს მართალია, რატომ ვმტრობ, მოდი, დავინდობ ამ განწირულ უბედურსო. 
ყველაფრის არჩევა გამიგია, მაგრამ მტრის არჩევა, თანაც რუსეთის? კი მაგრამ “დიდი თურქობის” გადამტანი ერი თურქეთს რატომ არ ვირჩევთ მტრად, რუსეთზე ნაკლები საქართველოს ტერიტორია აქვს სამუდამოდ მითვისებული ქართველებიანად?
ჰოდა, სიას რომ წარუდგენენ აი, რამდენი რამე დაგვიშავე, მტერი ხარ, აბა, რა ხარო, რუსეთი წაიკითხავს და მოკლედ გადაწვეტს _ რადგან მტრობა გსურს, გავზარდოთ სიაო.
ვინმე გამოგვექომაგება? კი, როგორ არა!
ეჭვი მაქვს, დიდ გათვლასთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ვცდები და ასე არ არის, უცნაური ამბავია, რუსეთის არ გვეშინია, ჩვენ მხოლოდ რუსეთისგან დაფეთებული გამომპალი ევროკავშირისა და რუსეთთან ჩასვრილი ნატო-სი გვეშინია?
ჭკვიანი კაცები მეგულება დღევანდელი ხელისუფლების სათავეში და მის მიღმა და... 
მგონი, ჩემსავით ფიქრობს რუსეთიც _ ამიტომ თქვეს, როცა მარია ზახაროვა გაქებს, ეს ცუდიაო. რა თქვა მარია ზახაროვამ ან ცუდი, ან კარგი, მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ უნდა ერეოდნენ სუვერენული საქართველოს გადაწყვეტილებების მიღებაში. ამას ჩვენ თვითონ ვამბობთ და რადგან “კრემლის რუპორმა” გაიმეორა, ცუდია?
ცუდია, მაგრამ არა საქართველოსთვის. ცუდია მათთვის, ვინც საქართველოს საქმეებში ერევა. ზახაროვამ, ფაქტობრივად, კრემლის სათქმელი თქვა ღიად: “საქართველოს თითი აღარ დაედება!”
როცა ადამიანი რაღაცას გეუბნება, უნდა მოუსმინო და ნაამბობი დაინახო მესამე თვალით, ხოლო როდესაც რაღაცას გიხსნის, ტვინამდე უნდა მიიტანო... თუმცა, როცა მსმენელი თუ მკითხველი კოგნიტური ტყვეა და აზროვნების ჯაჭვში წყვეტა აქვს, პრობლემად ექცევა გააზრება და მარტივად წყვეტს, იმეორებს რაიმე ფრაზას, მაგალითად, ამ შემთხვევაში მე დამარქმევს რუსეთუმეს, პუტინის მონას ან სულაც ჩელიაბინსკელ სტავროპოლის საზამთროს... 
ვისაც რა სურს, ის დამარქვას, მაინც იმას ვიტყვი, რის თქმასაც ბევრი ვერ ბედავს, რადგან მე ჩემი “გაბზარული ალმასი”, მე ჩემი სამშობლო მეფიქრება... 
 
მაია ჭელიძე