არასაბედისწერო გასროლა ვაშინგტონში
23 აპრილი. დონალდ ტრამპს კიდევ ესროლესო, გადმოსცა „სიენენმა“ და კადრებიც მოაყოლა. ცოტა შემაღლებულზე სხედან თავად ტრამპი, მისი მეუღლე მელანია, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სხვები. მელანიას და ტრამპს ვიღაც დასდგომია თავზე და რაღაცას უხსნის, თან ფურცელს უჩვენებს. ქვემოთ, დარბაზში სხედან თეთრი სახლის „კორესპონდენტების ასოციაციის“ წევრები. დონალდი და მელანია მათ მასპინძლობს, ვახშამია.
მოკლედ, დონალდი კარგ ხასიათზეა, მელანიაც, სხვებიც. ფაქტობრივად, ვახშამი ხეირიანად არც დაწყებულა, დაახლოებით 10-15 წუთია გასული. ამ დროს ისმის რამდენიმრ გასროლის ხმა. ეს იყო სასტუმრო „ვაშინგტონ ჰილტონში“. უცებ ადგილზე გაჩნდა სპეცრაზმი - ნიღბებით, ავტომატებით, სპეციალური აღჭურვილობით. დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს პრეზიდენტი, პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი და სხვები. ზოგი ისე შეშინდა, იატაკზე, იატაკზე. ტრამპს დაცვის წევრები გადაეფარნენ. ამ მომენტში ბევრს ის კადრები გაახსენდა, სააკაშვილმა რომ იხოხიალა გორში მოტოციკლეტის ხმის გაგონებაზე, ბომბდამშენი რომ ეგონა. რამდენიმე აკაცუკმა დაწერა კიდევაც - ეგე, „ქოცებო“, აწი ვეღარ იღლიცინებთ, როგორც მიშა დააგდეს დაწვის წევრებმა მიწაზე, ტრამპსაც იგივენაირად მოექცნენ, თურმე ეგეთი წესი ყოფილაო. თავებს იტყუებენ აკაცუკები, მთელმა მსოფლიო ნახა, როგორ ღეჭავდა სააკაშვილი საკუთარ ჰალსტუხს და შემდეგ როგორ გადათხარა მინდვრები ცხვირით. სააკაშვილმა სამასი მეტრით გაასწრო საკუთარ დაცვას...
დაკავებული პირი იდენტიფიცირებულია, ეს არის 31 წლის კოულ ტომას ალენი კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსიდან, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, პროფესიით ინჟინერი.
სამართალდამცავების ცნობით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით. პირველადი მონაცემებით, მარტო მოქმედებდა. თვითმხილველების თქმით, გაისმა 5-დან 8-მდე გასროლის ხმა. სროლა მოხდა სასტუმროს ფოიეში. დაიჭრა ერთი პოლიციელი, ის ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა. სტუმრები (ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები) მაგიდების ქვეშ დაიმალნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს ოპერატიული მოქმედებისთვის.
ჩBშ-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დაკავების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს განუცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ. ეს რაღაც ახალია, თქვენი არ ვიცი და... მე აქ ალეკო ელისაშვილის ხელწერას ვხედავ. თუმცა თავად დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ეს ინციდენტი ირანში მიმდინარე ომს უკავშირდება და სამიზნე თვითონ იყო: „როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებ, სამიზნე ხდები. მე რომ არ გამეკეთებინა ეს, ვფიქრობ, ბევრად ნაკლებად ვიქნებოდი სამიზნე, მაგრამ ეს ჩემთვის პატივია. ეს ომის მოგებაში ხელს ვერ შემიშლის. ის აიყვანეს, ის ავადმყოფია, ძალიან ავადმყოფი ადამიანია. ღონისძიებას გადავავადებთ. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს საზოგადოებაზე კონტროლი დააწესოს. არ ვაპირებთ რაღაცების გაუქმებას“.
ესე იგი, კი ამბობს ტრამპი, ეს ყველაფერი შეიძლება ირანის ამბებს უკავშირდებოდესო, მაგრამ მთლად დარწმუნებულიც არ გახლავთ. არადა, ისიც გაურკვეველია, ალეკო ელისაშვილისა არ იყოს, ადმინისტრაციის თანამშრომლების დახოცვა ან ერთს რაში სჭირდებოდა, ან კიდევ მეორეს? სხვათა შორის, „დაკვირვებული“ ადამიანები თამამად აცხადებენ, რომ ეს დონალდ ტრამპისა და მისი გარემოცვის მიერ დადგმული სპექტაკლია.
ვიდეოების გადახვევა-გადმოხვევისას აღმოჩნდა, რომ, როდესაც დარბაზში სროლა და ჩოჩქოლი ატყდა, ტრამპი იღიმებოდა. ჩვენმა დაკვირვებულებმა ისიც შენიშნეს, რომ ამ სპექტაკლის შესახებ დონალდს მელანია არ გაუფრთხილებია. ერთმა „ექსპერტმა“ ისიც დაასკვნა, ეჭვმიტანილმა თურმე კრიპტოვალუტა იყიდა, დროთა განმავლობაში გაძვირდება, მოგებას ვნახავო, მაგრამ რაც ტრამპმა ირანში ომი წამოიწყო, პირიქით, გაიაფდა და ესეც გაბრაზდა. როდესაც მაგრად ზარალობ, რა უნდა გააკეთო? უნდა ადგე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები უნდა დახოცო. პრინციპში, მაგ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ადმინისტრაცია პრეზიდენტისა იქნება, პრემიერ-მინისტრისა თუ საქალაქო სასამართლოსი.
დავიჯერო, ასეთი „წინასწარმეტყველება“ შემთხვევითია? არა მგონია, კეროლინმა იცოდა და თავი ვერ შეიკავა, ვახშმის დაწყებამდე გასცა საიდუმლო. ისე, საინტერესოა, რანაირად აღმოჩნდა ასეთი შეიარაღებული ადამიანი იმ დარბაზში, სადაც პრეზიდენტი, პირველი ლედი და ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდნენ? ეს რანაირი დაცვაა? აშშ-ის სპეცსამსახურებს აქვთ უნარი, დაიცვან პირველი პირები? თუ ეს ყველაფერი დადგმული არ არის, ფაქტია, არ აქვთ. ზოგიერთი ანალიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურებს პრეზიდენტის დაცვა შეუძლიათ, ამაში ეჭვის შეტანა გამორიცხულია. თუმცა, ჩვენ გვახსოვს 11 სექტემბერი, როცა ტერორისტებმა 6 თვითმფრინავი ჩამოაგდეს და აქედან ორი მაღლივ შენობებს შეაჯახეს. ხომ არ გვაქვს საქმე ზედმეტ თავდაჯერებულობასთან?
კოულ თომას ალენი არ არის ვიღაც ქუჩის ბიჭი, იგი განსწავლული პიროვნებაა და ამ ინციდენტამდე მანიფესტიც დაწერა, სადაც მიუთითა, რომ სურდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა. აი, ალეკო ელისაშვილსაც რომ დაეწერა მანიფესტი, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სასჯელი შეუმსუბუქდებოდა. გამომძიებლებმა სასტუმროში ეს მანიფესტი აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ალენმა ტექსტების ნაწილი წინასწარ გაუგზავნა ოჯახის წევრებს. ასევე ცნობილია, რომ კოულ თომას ალენის ძმამ პოლიციას შესაძლო მანიფესტის შესახებ აცნობა. რა წერია ე. წ. წერილში?
„მეორე ლოყა მაშინ უნდა მიუშვირო, როცა პირადად შენ გჩაგრავენ. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დაკავებულთა ბანაკში გააუპატიურეს. მე არ ვარ მეთევზე, რომელიც სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. მე არ ვარ აფეთქებისას დაღუპული მოსწავლე, არც შიმშილით გარდაცვლილი ბავშვი და არც ის მოზარდი, რომელიც ამ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მრავალი დამნაშავის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მეორე ლოყის მიშვერა მაშინ, როცა სხვებს ჩაგრავენ, ქრისტიანული ქცევა არ არის - ეს მჩაგვრელის დანაშაულში თანამონაწილეობაა“.
მაშინ, როცა მსოფლიოში ომებია გაჩაღებული და უამრავი ადამიანი იხოცება, თითქოს ვერც გავამტყუნებთ, მაგრამ სხვები ამოხოცო იმის იმედით, რომ ყველაფერი დალაგდება, ეს არასწორია. ნახეთ, თან უაზრო მსხვერპლზე ლაპარაკობს და თან სურვილი გაუჩნდა, ადმინისტრაციის თანამშრომლები დაეხოცა, რომლებსაც, ფაქტობრივად, არაფერი დაუშავებიათ - არც ომები წამოუწყიათ, არც ვინმე დაუხოცავთ. ისინი უბრალო მოსამსახურეები არიან და ალბათ, არც მოსწონთ, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. არა, ეს ადამიანიც ვერ უნდა იყოს ფსიქიკურად გაწონასწორებული. როგორც მისმა დამ დაკითხვისას აღნიშნა, თურმე ალენი ბოლო დროს ხშირად დადიოდა „ტირში“, სროლაში ვარჯიშობდა. აბა, ამისთვის ივარჯიშა? ერთ მოსამსახურესაც კი ვერ გაარტყა და ისევ თვითონ დაზარალდა. ისე, ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ტრამპისთვის ეს იყო გაფრთხილება ირანთან დაკავშირებით და ამიერიდან უარესს უნდა ელოდოს. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რომელიც შეიძლება, სულაც არ შეეფერება სიმართლეს. ვნახოთ...
გელა ზედელაშვილი

