ევროკავშირის კუდს ადევნებული საქართველო
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტ+ქ ახალი სტრატეგიის თანახმად, ევროკავშირში არასრულწლოვანებთან დაკავშირებით სქესის შეცვლის პროცედურები მარტივდებაო. ბატონმა ირაკლი კობახიძემ ის კი თქვა, რომ ეს ჩვენთვის შემაშფოთებელია და ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ უნდა დაუპირისპირდეს საქართველო ამ კურსს, მაგრამ იქამდე რატომ მიდიხარ, რომ დასაპირისპირებლად გაგიხდეს საქმე?
ევროკავშირის კუდს გაუაზრებლად ადევნებულები რომ ვართ, ევროპასავით წუხილი, ძალზე მცირე დროში, უკვე მიგრანტებზე მოგვიწევს. რა ჯანდაბაა ასეთი გაუაზრებელი ნაღმების ჩაფენები?!
ქრისტიანული საქართველო და ქრისტიანი ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა აგრესიული მის უბეში შეხიზნული უცხოტომელების მიმართ, არასდროს აუკრძალავს მათთვის საკუთარ ენაზე საუბარი და არ მოუთხოვია რელიგიური მრწამსის შეცვლა-უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ პირიქით ხდებოდა და ხდება კიდეც ქრისტიანების მიმართ არაქრისტიანულ ქვეყნებში, საქართველოში მაინც ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.
ტაძრები, რომლებიც საქართველოშია, ძველი, შედარებით ახალი თუ უახლესი: სომხური (გრიგორიანული), გერმანული (ლუთერანული), ინგლისურ-პოლანდიური (ბაპტისტური), ამერიკული (იაღოვა), ამერიკული (მორმონი), კათოლიკური და ა. შ. მართლმადიდებელი საქართველოსთვის იყო და არის უცხოური, მაგრამ არა უცხო. არასდროს გაუპროტესტებია არანაირი ფორმით არც ერთ მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველს, ამათ აქ რა უნდათო, კეთილმეზობლურად ვცხოვრობდით ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქეების სტატუსქვეშ. ტერმინი „ემიგრანტიც“ კი არ გვიკადრებია, ისე ვიკრავდით გულში საქართველოში დასახლების ყველა მოსურნეს და დღეს იქამდე მიგვიყვანა ყბადაღებულმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ, რომ ლამის სტუმრად ვიგრძნოთ თავი საკუთარ სამშობლოში.
ყიდვა-გაყიდვა და აღებ-მიცემობა ვაჭრობის სფეროა და რადგან ქართველი არასდროს ყოფილა კლასიკური გაგებით „ვაჭარი“, ვერც ხვდებოდა, სად უნდა გაევლო ვაჭრობაში ზღვარი, როცა საქმე მისივე ოფლით ნასაზრდოებ მიწას ეხებოდა, როცა საქმე მისივე სისხლით მოტანილ ქრისტიანობას ეხებოდა... და აი, შედეგიც, დღეს ის ინდოელი, არაბი, თურქი, ირანელი და სხვა უცხოტომელი საკუთრად თვლის იმ მიწას, რომელიც კანონიერად თუ უკანონოდ იყიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ხშირად გაისმის, მიწას თან ხომ ვერ წაიღებსო _ არა, ნამდვილად ვერ წაიღებს, მაგრამ ქართველისა აღარ არის, საქართველოსთვის მომაკვდინებელი კანონი კი თვით ქართველებმა დაწერეს და მიიღეს...
ამბობდნენ, არაქართული მენტალიტეტისა და, შესაბამისად, ქართველობის მოძულე სააკაშვილისა და მისი გუნდის ქართულ გვარებს ამოფარებული უცხოტომელების მზაკვრული ჩანაფიქრი დაკანონდაო. კი, ბატონო, დავუშვათ, რომ მართლაც ასე იყო, მაგრამ როცა დღესაც, ახალი ხელისუფლების პასუხისმგებელ უმრავლესობას ყური და თვალი დახშული აქვთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ენა, სარწმუნოება და მამულია, რა უნდა ვიფიქროთ? სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამბობდნენ, რომ ეს სომხური და მასონური (ან ორივე ერთად) გეგმის ნაწილი იყო. ახლა, უბრალოდ, ჩანაცვლება მოხდა?
გამოთქმაა, „ხალხს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო“, ამავე პრინციპით, გამოდის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას იმ დოზით ჰყავს მბრძანებელი, რამდენის უფლებასაც აძლევს? რატომ, რატომ! ხელისუფლების მბრძანებელი ის ხალხია, რომელმაც აირჩია ქვეყნის ხელისუფლად და არა ის, ვისაც გაუვა მბრძანებლობა. ბავშვს ჰკითხეს, რა გატირებსო? გამდის და ვტირიო... რა გამოდის, ვისაც გასდის, ის მბრძანებლობს საქართველოს და, შესაბამისად, ქართველ ერს მისსავე საბრძანებელში?..
ავღანეთში (500 000 ქართველი), ერაყში (200 000 ქართველი), ირანში (2 000 000 ქართველი), თურქეთში (3 000 000 ქართველი), რუსეთში (500 000 ქართველი) და ა. შ. ის დაკარგული ქართველები არიან, რომლებიც ისტორიის ძნელბედობამ მოსწყვიტა დედასაქართველოს, მაგრამ ვინც და რამდენნიც დავრჩით, ისინი საკუთარ მიწაზევე უნდა გადაგვყლაპონ მხოლოდ იმიტომ, რომ, ვინც ხმა უნდა ამოიღოს, ის დუმს? _ ხალხი არ დუმს, ხალხი ყვირის, მაგრამ ხალხის ყვირილი შორ მანძილზე არ ისმის...
„ემიგრანტებს მართებთ ადაპტირება და არა ავსტრალიელებს... გნებავთ, მიიღეთ ეს და გნებავთ _ არა. მე უკვე დავიღალე ამ ხალხის საყვედურებისგან, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ და მათ კულტურას. ჩვენი ერი ორასწლოვან ბრძოლებში გამოიწრთო, მილიონობით კაცი თუ ქალი იბრძოდა თავისუფლებისთვის.
ჩვენ, ძირითადად, ვლაპარაკობთ ინგლისურად და არა იაპონურად, არაბულად, ჩინურად, რუსულად ან სხვა რომელიმე ენაზე!
ავსტრალიელთა უმრავლესობას სწამს ღმერთის! _ ეს მემარჯვენე ქრისტიანული ფრთის პოლიტიკური იმპულსი რომ არ არის, ფაქტია, რადგან ქრისტიანებმა დააფუძნეს ჩვენი ერი და ეს ნათლად დოკუმენტირებულია. შესაბამისად, ნორმალურია, ეს აისახოს ჩვენი სკოლის კედლებზე _ თუ თქვენთვის ეს შეურაცხმყოფელია, გთავაზობთ, საცხოვრებლად აირჩიოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ღმერთი ჩვენი კულტურის ნაწილია!
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს რწმენას. ერთადერთი, რასაც ჩვენ თქვენგან ვითხოვთ, ის არის, თქვენც ასევე პატივი სცეთ ჩვენს რწმენას და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში _ ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და ჩვენი ცხოვრების წესია!
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენთან ერთად თქვენც ისარგებლოთ ამ ყველაფრით, მაგრამ თუ თქვენ გამოთქვამთ პრეტენზიებს და დაიწყებთ ტირილს, რომ გზაფრავთ ჩვენი დროშა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა და ცხოვრების წესი, მაშინ, მე გთავაზობთ, ისარგებლოთ ავსტრალიის კიდევ ერთი თავისუფალი არჩევანის უფლებით, უფლებით, წაბრძანდეთ ქვეყნიდან!
თუ თქვენ აქ ცუდად გრძნობთ თავს, დატოვეთ ქვეყანა, ჩვენ ხომ ძალით არ წამოგვიყვანიხართ, თქვენ ითხოვეთ აქ ცხოვრების უფლება, ჰოდა, შესაბამისად, პატივი ეცით და მიიღეთ ის ქვეყანა, ვინც თქვენ შეგიფარათ!“ _ ეს ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კევინ რუდის სიტყვებია, არცთუ შორეულ წარსულში რომ ითქვა.
ბატონ რუდს ავსტრალიის ორასწლოვანი ბრძოლების ისტორია აქვს საამაყო და ქვეყნის დატოვებისკენ მიუთითებს ყველას, ვინც პატივს არ სცემს მასპინძელი ქვეყანის, ავსტრალიის ტრადიციებს, აღმსარებლობას თუ სიმბოლოებს და ჩვენ, ქართველებს ვინ ჩამოგვართვა იგივეს უფლება?
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი: „მიგრანტები არანაირ გარემოებაში არ უნდა შემოვუშვათ... წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დაგვასრულებენ. უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს. მე ვნახე სხვების დაცემა და ჩემს ქვეყანას არ მივცემ უფლებას, რომ იგივე გააკეთონ. ამიტომაც უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოლო ამოსუნთქვამდე! აქ მოქმედებს გენერალური გეგმა ე. წ. „სოროსის გეგმა“, რომელიც აშკარად აცხადებს, რომ ყოველწლიურად ერთი მილიონი მიგრანტი უნდა შემოიყვანონ. უნგრეთი ეკუთვნის უნგრელებს!“
საქართველო არ ეკუთვნით ქართველებს?
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ ერთ კვირაში შეასრულა დანაპირები. მან პირობა დადო, რომ დაიცავდა იტალიის ტრადიციებს, ქრისტიანულ რწმენას და იდენტობას და ერთ კვირაში მმართველმა პარტიამ უკვე წარადგინა კანონპროექტი, რომლს სახელია „ქრისტიანული იდენტობის დაცვა და ბრძოლა ისლამურ და კულტურულ სეპარატიზმთან“. ასეა, როცა სიტყვას საქმე მოსდევს, ან სიტყვა და საქმე ერთია!
კანონპროექტი ითვალისწინებს საერთო ეროვნულ დონეზე ფარანჯის ტარების აკრძალვას;
ასევე, კატეგორიულად იკრძალება ნიქაბის და ბურკის ტარება ყველა საზოგადოებრივ ადგილზე – ქუჩებში, მაღაზიებში, ოფისებში, სკოლებში და ა. შ.
მეჩეთების დაფინანსება მოხდება მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ.
მუსლიმური გაერთიანებები, რომლებიც ოფიციალურად არ არის აღიარებული იტალიის მიერ, ვალდებული გახდებიან, გაასაჯაროონ დაფინასებისა და შემოწირულობების ყველა წყარო.
თუ რომი მიიჩნევს, რომ ეს დაფინანსება იტალიური ფასეულობებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, შესაძლებელი იქნება მისი გაყინვა ან საერთოდ აკრძალვა, მომსახურე პერსონალი კი დეპორტაციას ექვემდებარება.
გარდა ამისა, შემოდის ადმინისტრაციული სახდელი. თუ ვინმე არ დაემორჩილება აღნიშნული კანონის მოთხოვნებს, დარღვევაზე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმა 300-იდან 3000 ევრომდე.
ჯორჯა მელონი: „მოქალაქეობა არ არის უფასო მოწყალება! თუ გსურთ იტალია, იცხოვრეთ ჩვენი კანონებით. იტალიის მოქალაქეობა არ გაიცემა როგორც უფასო სუვენირი. ეს არ არის უპირობო უფლება - ეს არის ჯილდო მათთვის, ვინც პატივს სცემს ჩვენს კანონებს, ჩვენს წესებს და ჩვენს იდენტობას. თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ ჩვენი წესებით? ნუ მობრძანდებით აქ და ნუ ითხოვთ მოქალაქეობას. თუ გსურთ აქ ცხოვრება, უპირობოდ მიიღეთ ჩვენი ცხოვრების წესი. სამყარო უზარმაზარია და არის ათობით ისლამური ქვეყანა, სადაც ქრისტიანებს კვლავ დევნიან, აწამებენ, კლავენ, სადაც ეკლესიებს მიწასთან ასწორებენ. მაგრამ იტალიაში სხვა სიტუაციაა. იტალია ქრისტიანული ქვეყანაა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეკლესიებს, ჩვენს რწმენას, ჩვენს ოჯახს და ჩვენს ერს. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი წინაპრებისა და შვილების წინაშე!”
რითი ვართ ნაკლები მაგალითად მოყვანილ რომელიმე ქვეყანაზე?
ე. წ. არალეგალური მიგრანტების ცალობით გაძევება რომ წამოიწყეს, ვის ასულელებენ, ნეტავ?
ათასობით ადამიანს აქ მისახლებ, ბინადრობის უფლებას აძლევ, სასოფლო-სამეურნეო მიწებს ასყიდებ, მოქალაქეობას აძლევ, ყველაფერს უკანონებ და ცალობით ვიღაცებს აძევებ, _ ესაა საქმე, მომაკვდავი ერების სიაში შეყვანილი საქართველოს დაცვა გადამთიელებისგან, აბსოლუტურად სხვა კულტურის, ტრადიციებისა და მენტალობის მქონე ადამიანებისგან, რომლებიც გამრავლების გასაოცარი ტემპით გამოირჩევიან მსოფლიოში?!
ეს საქართველოა!
რაც შეეხება ლგბტ საკითხებს _ როგორ, რატომ, რა უფლებით უნდა მიწესებდნენ ქართველს საქართველოში ვიღაც გადამთიელები ცხოვრების წესსა და ნირს!
ვინ მიგდია ვიღაც ურსულა ფონ დერ ლაიენი, გადაგვარებული ევროკავშირი, ან სხვანი და სხვანი, რომ საქართველოსგან ლგბტ საზოგადოების შეკრება, გამოხატვის თავისუფლება ან ბავშვების გაუბედურება მოითხოვონ?!
საქართველოში კი არა, ყველგან და ყოველთვის იყვნენ და იქნებიან გაუკუღმართებული სექსუალური ლტოლვის მოყვარენი, მაგრამ იყვნენ მოფარებულში, ჩუმად, მხოლოდ ერთმანეთს რომ ენდობოდნენ, რადგან ეს მიუღებელი იყო ყველა დროის საზოგადოებისთვის.
„ჩვენ ირაკლი მეფემან, მპყრობელმან ქართლისა და კახეთისამან, ნება-ყოფლიბითა სრულ ერთიანად ჩვენის ქვეყნების თავადთა, აზნაურთა, დიდ-ვაჭართა და გლეხთა: ღვთის მოწყალებით ამას ზედა დიაღ გულდაჯერებულ ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში არც ყოფილა და არც არის ამისთანა ავნი და ღვთისგანმარისხებელნი საქმენი, მაგრამ ჩვენს ხალხს ვაბრთხილებთ: თუ ვინმე ამისთანა საქმის მქნელი გამოჩნდეს _ ან მომწამლელნი, ან კაცის შემკრელნი, ან სიყვარულის და სიძულვილის წამლის მიმცემნი, ან ღვთის დიდად განმარისხებლისა და მიუტევებელისა ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნოდ მწველისა მამათმავლობის მქნელნი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიანი და საანდაზო ჯაჯაებით (ჯაჯა _ დამნაშავე კაცის ტანჯვა-წამება) დაიხოცნენ“ (1767 წელი. ერეკლეს კანონი მამათმავლების წინააღმდეგ).
ვისაც არ მოსწონს ქართული ტრადიციები და ადათ-წესები, რაც საკმარისად გათანამედროვებულია და მისაღები, წაბრძანდეს იქ, სადაც მისთვის მისაღებია და დაივიწყოს საქართველო.
დღეს რა ფრაზების თქმაც უწევს ბატონ პრემიერს ლგბტ+ქ-სთან დაკავშირებით, ამის თქმა არ მოუწევდა 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტს 115 ხმით 0-ის წინააღმდეგ სამარცხვინოდ რომ არ მიეღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რითიც საქართველოში მამათმავლობის გარყვნილება დაკანონდა. ამ კანონინით სხვა ტრადიციულ უმცირესობებს, რელიგიურ, ეთიკურ და ა. შ. გაუთანაბრეს სექსუალური უმცირესობები, ანუ გარყვნილება გაუთანაბრეს რწმენასა და ეროვნებას.
გავიგეთ, რომ იმ დროს ჯერ კიდევ ვერ იდგა ფეხზე მყარად ახალი ხელისუფლება _ „ქართული ოცნება“ და დღემდე კიდევ კარგად გაუძლო ზეწოლებს, რომელიც ბაგა-ბაღებსა თუ სკოლებში სოდომისტების აღმზრდელებად მოვლინებას გულისხმობდა; ასევე, გეიაღლუმებსა და გარყვნილების ქადაგებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ა. შ. უამრავ სოდომისტურ გამოვლინებას.
საქართველოს კანონმდებლობიდან „გენდერი“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება ან „გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის“ სახელის გადარქმევას „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ კანონად“, რა აზრი აქვს, თუ არსი არ შეიცვალა და კვლავ ოჯახების დანგრევის საფუძვლად დარჩა. ეს და „იუვენალური იუსტიცია“, ორივე მიმართულია ოჯახის წინააღმდეგ, რათა დაინგრეს ტრადიციული ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის. თვალი ვეღარ მივადევნე _ საინტერესოა, ტერმინი „სექსუალური ორიენტაცია“ კვლავ არის კანონში?
ხუთი-ექვსი წლის წინათ ბრუნეიში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ჰომოსექსუალური კავშირი სიკვდილით, კერძოდ, ჩაქოლვით ისჯებაო და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოში, თითქოს ინდოჩინეთში მდებარე ბრუნეის აბსოლუტური მონარქია იყოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ილგა“-ს მონაცემებით, ბრუნეი მე-7 ქვეყნაა, სადაც ლგბტ ადამიანებს სიკვდილით სჯიან. დანარჩენი ქვეყნებია: ავღანეთი, ირანი, საუდის არაბეთი, იემენი, სუდანი და მავრიტანია, სადაც შარიათის წესებით ხელმძღვანელობენ. ისლამური მორალურ-ეთიკური და რელიგიური ნომებით, ჰომოსექსუალებს სიკვდილით სჯიან კატარში, ნიგერიისა და სომალის გარკვეულ შტატებსა და პროვინციებშიც.
გაერო-ს წევრ 26 ქვეყანაში არსებული კანონით, ლგბტ ადამიანებს 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე სასჯელს უსჯიან.
ჰომოსექსუალობა ისჯებოდა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირშიო _ გამოატვინეს ხალხი...
როგორც ვიცით, 1933 წლის დეკემბერში, სტალინმა ახალი მუხლი დაუმატა საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსს _ ჰომოსექსუალობა (მამათმავლობა) კანონის დარღვევად იქნა მიჩნეული. იმ დღიდან, საბჭოთა ჰომოსექსუალეებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. იმ დღიდან მოსკოვსა და ლენინგრადში, შემდეგ კი უკვე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სექსუალურ უმცირესობათა მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.
ნაცისტურ გერმანიაში როგორ სჯიდნენ, ამის ჩაძიების არც დრო მქონდა და არც ინტერესი, მაგრამ სტალინის 5-წლიანი სასჯელი რა მოსატანია სიკვდილით დასჯასთან, მით უმეტეს, რომ სსრკ-ში, ფაქტობრივად, არც სრულდებოდა აღნიშნული კანონი, თუ მაინცდამაინც ძალიან თავს არ გავიდოდა სექსუალურად აღტკინებული პირი. ყველამ ვიცოდით, ვინ იყვნენ ჩვენს არეალში ასეთი უმცირესობების წარმომადგენლები, მაგრამ თანავცხოვრობდით კეთილმეგობრულად და კეთილმეზობლურად, რადგან ისინი თავს არ გვახვედნენ ჩვენ და ჩვენს შვილებს თავიანთ სექსუალურ მისწრაფებებს და ჩვენც არ ვერჩოდით.
მაშასადამე, რა გამოდის, თუ გარყვნილების დაკანონების მომხრე არ ვარ, ან ფაშისტი ვარ, ან კომუნისტი, ან „ჩამორჩენილი აზიატი“?!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, კაბის კალთა რომ დამაგლიჯონ, არაფერი მესაქმება ასეთ ევროოჯახში – არ ვარ ევროკავშირის ბინძურ კუდს ადევნებული ქართველი!
მაია ჭელიძე


