ორი ნანულა და ერთი შაიშმელაშვილი
ანუ უნიჭო ავანტიურისტები
არჩევნებამდე ვინმე ნანა სანდერი იჭაჭებოდა გერმანიიდან, საქართველოში არ ჩამომიყვანოთ, თორემ ძვლებში დაგამტვრევთო, რევოლუცია გარდაუვალია, „ქართული ოცნების“ საქმე წასულიაო. ისეთი დიდაქტიკური ტონით წერდა, ვიდეოებს ავრცელებდა, რამდენიმე დღეში გაითქვა სახელი და მოიპოვა „დიდება“ გონებაჩლუნგ „ნაციონალებში“. ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რამდენიმე ახლობელმა მომწერა, ეგ ქალი აწ გარდაცვლილი პოეტის, გენო კალანდიას შვილიაო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ვერ დავიჯერე, არ შეიძლებოდა, გენო კალანდიას, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი და ვმეგობრობდი კიდეც, ასეთი აწყვეტილი შვილი ჰყოლოდა. თუმცა, მოგვიანებით გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს ჭორი უარყვეს და მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გენო კალანდიას მეუღლე. გამიხარდა, თურმე ტყუილი ყოფილა, მაგრამ რაკი ეს ქალი არ ჩერდებოდა, რაკი გერმანიიდან მუდმივად რევოლუციას აანონსებდა და ხელისუფლების მომხრეებს ძვლებში გადამტვრევით გვემუქრებოდა, მაინც გადავწყვიტე, ასე თუ ისე, გამერკვია, ვინ არის, რას წარმოადგენს და რამ გააბოროტა ასე. მან თავდაპირველად სახელი იმით გაითქვა, რომ თავისიანებს, ანუ „ნაცებს“ მოუწოდა, არჩევნებამდე სექსით არ დაკავდეთ, ენერგია 4 ოქტომბრისთვის შემოინახეთო, ღონემიხდილები, არაქათგამოცლილები, გასავათებულები და მუხლებგაყვლეფილები ვერაფერს გავაკეთებთო. ეს გახლდათ საუკუნის მოწოდება, რომელიც შესრულდა თუ არა, არავინ იცის. ჩემი აზრით, არ შესრულდა, რადგან ქუჩაში გამოსული „ნაცები“ ძალზედ უღიმღამოდ გამოიყურებოდნენ. არა, ეგენი სულ ასე გამოიყურებიან, მაგრამ ახლა იმდენად იყვნენ არაქათგამოცლილები, დასახული მიზნის 10%-იც კი ვერ შეასრულეს.
მე დამიკავშირდნენ ქართველები გერმანიიდან და მითხრეს, რომ კარგად იცნობენ ნანა სანდერს, რომ ის ნამდვილად არ არის გენო კალანდიას შვილი და რომ ის ისეთი უარყოფითი პიროვნებაა, ყველა ერიდება. ერთ-ერთის ვინაობას არ ვასახელებ, მაგრამ რაც მომწერა, იმას გაგაცნობთ:
„დღე მშვიდობისა, როგორც ვიცი, არაა გენოს გოგო ეს აღვირახსნილი. ამ არაქალს ვიცნობ, არჩევნებზეც შემხვდა შტუტგარტში. როგორც მითხრეს, ნარკომანიცაა. არავის ეს არ უყვარს, აი, არავის, ვერიდებით აქ ყველა, არის უვარგისი. ძალიან ცუდი გოგოა, ვერ იტანენ თვითონ „ნაცებიც“, მარიხუანას რომ ქალი დღეში ასჯერ მოწევს, ის სრულ ჭკუაზე იქნება? უბრალოდ არ ვყვებით მე და ჩემი მეუღლე, ისეთი დეგენერატია, იმედია მანდ მიხედავენ. აქ დადიოდა ადრე რაღაც მოტოციკლეტით... ბოლო არჩევნებზე სულ ახალი ჯიპით უნახავთ“.
აჰა, ბოლო არჩევნები გასულ წელს იყო, მაშინ მოტოციკლეტით დადიოდა, ცოტა ხნის წინ ახალი ჯიპით უნახავთ. ტელევიზორში ვნახე, 4 ოქტომბერს თბილისში იყო აქციაზე, საქართველოს დროშა ჰქონდა „ტელეგრეიკასავით“ წამოსხმული და პაატა ბურჭულაძეს ამუნათებდა, სხვებსაც ამუნათებდა, გეგმას სწუნობდა, ყველას მოღალატეს და მოსყიდულს ეძახდა. მერე გაქრა, აღარსად გამოჩენილა. პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტრურმში მონაწილეობდა თუ არა, არ ვიცი, მაგას გაარკვევენ. თუმცა, ინფორმაცია გავრცელდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელისუფლების დამხობის მიზნით 4 ოქტომბერს მოწყობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნანა სანდერი დააკავა.
ვინმე სანდერს დაკავებამდე ნანულა ჟორჟოლიანმა შეუტია, ემიგრანტებში ფული რომ აკრიფე აირწინაღების საყიდლად, სად წაიღეო? რასაკვირველია, სანდერმა უპასუხა, შენ ხომ არ ურიკინებო? ამის შემდეგ „მარათონში“ ჩაერთო ელისო კილაძე, რომელმაც ასეთი „რეპლიკა“ ისროლა: „ნანუ ნანა სანდერი, ადამიანი, რომელმაც ემიგრანტების აკრეფილი ფული მიითვისა და აქციის წინა ხაზს აღჭურვილობა არ შეუძინა“. სანდერმაც შეუტია ნანულა ჟორჟოლიანს: „შე მატყუარა ქალო... „ქოცების’’ რუსულ სასამართლოსაც კი იმსახურებ, დამიდე მტკიცებულება, ვისი თანხა დავხარჯე“?!
აი, აქ უნდა დაწყებულიყო ის ამბავი, დედა რომ შვილს აღარ აიყვანს ხელში, მაგრამ შსს-მ ლენტა გაწყვიტა. ალბათ, გახსოვთ, კინოთეატრებში ფილმის მიმდინარეობისას ლენტა რომ გაწყდებოდა და კინომექანიკოსი ორიოდ წუთში გადააბამდა ხოლმე. ჰოდა, აეგრე გაწყვიტა შსს-მ ორი ნანულას წაკიდების ამბავი. თუმცა სანდერმა ისტერიკაში ჩავარდნა მაინც მოასწრო - ის ურეკავდა ემიგრანტებს, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, იწერდა და შემდეგ თავის „ფეისბუკგვერდზე“ დებდა. სხვათა შორის, ვინმე სანდერი იმითაც ტრაბახობდა, რომ ამერიკაში გაქცეულ ყოფილ გდდ-ელ შაიშმელაშვილთან ჰქონდა კავშირი, რომელიც თავის მხრივ, თურმე სპეცრაზმელების გადაბირებაზე მუშაობდა.
ახლა ნახეთ, როგორი სურათი იკვეთება - როგორც ჩანს კი არა და, ზუსტად ასეა, პაატა ბურჭულაძეს ვიღაცამ (სავარაუდოდ, შაიშმელაშვილმა) მისცა გარანტია, რომ, როგორც კი პრეზიდენტის სასახლეს მიუახლოვდებოდა, სპეცრაზმი მის მხარეს გადავიდოდა, შემდეგ საიდანღაც გაჩნდებოდნენ შეიარაღებული ავანტიურისტები, საქმეში ჩაერთვებოდნენ აქციის მონაწილეები, აიღებდნენ სასახლეს, იქ შევიდოდა ირგვლივ მოსუნსულე სალომე ზურაბიშვილი, გამოაცხადებდა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება დამხობილია, თვითონ არის ლეგიტიმური, მერე მასთან სასახლეში მიწანწალდებოდნენ ევროპიელი ელჩები, გამოუცხადებდნენ ნდობას და იტყოდნენ, ეგ არი და გორის ციხეო. ამ ვერსიას ამაგრებს პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე, რომელიც ამბობს, მამაჩემს ეგონა, პრეზიდენტის სახლთან რომ მივიდოდა, სპეცრაზმელები მის მხარეს გადმოვიდოდნენო. რატომ ეგონა? ესე იგი, ვიღაცა გარანტიას აძლევდა.
ნანულა ჟორჟოლიანმა, ამ „კეთილშობილმა“ ადამიანმა გაიგო თუ არა, ნანულა სანდერი დააპატიმრესო, ეგრევე გააპროტესტა (სტილი დაცულია): „ერთია კითხვები რომელსაც შეიძლებოდა ეარსება ნანუ სანდერთან, მაგრამ ეგ არც საკმარისი იყო მის დასაკავებლად და არც მუხლი აქვს წაყენებული შესაბამისი. მესმის რომ სიგიჟე პოსტებს წერდა ფეისბუქზე და არ დაუჯერა არავის აეღო მაგრამ რამ დაგაჭერინათ?! მეგონა სერიოზულად უდგებოდით ამ ამბავს. რა ნანუ სანდერი და მისი დაკავება ოე“!
ოე, შსს, ჯერ არ უნდა დაგეკავებინათ, ავი ენები ამბობენ, მაგ ქალს ემიგრანტების 15 ათასი ევრო აქვს წაღებულიო, მოატანინებდა ნანულა ჟორჟოლიანი და მერე გექნათ მაი ამბავი. არ იცით, რა დროს რა უნდა გააკეთოთ, რააა!
არადა, ნანულა სანდერი მაშინ იყო დასაჭერი, როცა საქართველოს დროშა დაწვა და ფეხით გადაუარა. თან აქეთ იმუქრებოდა, ჩემმა გერმანულმა გვარმა არ შეგაცდინოთ, მე ქართველი ვარ, საქართველოში დავიბადე და 20 წელი მანდ ვცხოვრობდი, დაგლეწავთ პირდაპირ ხერხემალშიო. ვისაც კალაძე „გკრიშავთ’’, ყველანი ხართ პიდარასტებიო, მასეთებს, იცოდეთ, ხელს არ ართმევენო.
ისე, რაღა დაგიმალოთ და, წესით, ნანულა ჟორჟოლიანს სხვა მხრივაც უნდა ეწვოდეს ერთი ადგილი - თუ სანდერმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაპირები შეასრულა, შეიძლება ერთი-ორი სკანდალი კიდევ გასკდეს. იგი აანონსებდა, რომ გრანდიოზული ფინანსური მაქინაციების სქემას გაშიფრავდა, რომელსაც ნანულა ჟორჟოლიანი ადგენდა. თან ემუქრებოდა, სასამართლოში შევხვდებითო.
მეორე თაღლითი, რომელსაც ნანულა ჟორჟოლიანი ედავება, ამერიკაში გაქცეული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილია: შენა, ბიჭო, ტელევარსკვლავი რომ იყავი, 4 ოქტომბერს სად გაქრიო? შაიშმელაშვილმა ერთი-ორი დღე გამოუშვა და მერე მისწერა, მე ისეთივე მხარდამჭერი ვიყავი პროცესებისა, როგორც იქ მდგომი ნებისმიერი მოქალაქე - და არა ორგანიზატორიო. გაიგონეთ? მე აქაური არა ვარო. მეტიც, იგრძნო რა საფრთხე შაიშმელაშვილმა, ეგრევე „დაზადნა“, მე იატაქვეშეთში არაფერს ვაკეთებდი, მარტო რეკომენდაციებს ვიძლეოდიო
რა გითხრათ, ხალხო? ესენი ან უნდა ისხდნენ ციხეში, ან უნდა იყვნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში!
P.შ. სტატია დამთავრებული მქონდა, როცა ნანულა სანდერის (სავარაუდოდ) ახლო მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა: „გთხოვთ, დაგვეხმარეთ, ამ წამს აღმოჩნდა, რომ ნანა სანდერს აქვს ძალიან სერიოზული მენტალური პრობლემები, არ ჰყავს ადვოკატი. არ იკარებს არავის ადვოკატებად, არის უმძიმესად და მიუთითებს თავის მოკვლაზე, თუ ციხეში ჩასვამენ. აღმოჩნდა, რომ არც გერმანიის მოქალაქე არ არის, რომ გერმანიის საელჩო დაგვეხმაროს. ასევე აღმოჩნდა, რომ აქვს საბუთი და დიაგნოზი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვჭირდება სასწრაფოდ ადვოკატი, ვისაც მსგავსი ტიპის ადამიანებთან უმუშავია“.
როცა ვამბობთ, რომ ყველა ე. წ. რევოლუციონერს აქვს მენტალური თუ ფსიქიატრიული პრობლემა, აქეთ გვიტევენ და შეურაცხგვყოფენ. მიაკითხავენ თუ არა სამართალდამცავები, ეგრევე ეწყებათ პრობლემები. ახლა მაინც თუ ხვდებიან ამათი უცხოელი პატრონები, ვისთან აქვთ საქმე და ვის იყენებენ? ვფიქრობ, ვერ ხვდებიან, რადგან ფაქტია, მათაც მენტალურ-ფსიქიატრიული პრობლემები აქვთ.
გელა ზედელაშვილი


