თამილა გურაშვილი: „ნაციონალებისგან“ გამოსახლებული დღემდე უსახლკარო ვარ!

თამილა გურაშვილი: „ნაციონალებისგან“ გამოსახლებული დღემდე უსახლკარო ვარ!

„საერთი გაზეთის“ სტუმარია დამოუკიდებელი ჟურნალისტი თამილა გურაშვილი

ქალბატონი თამილა იმ დროს მუშაობდა დედოფლისწყაროს ყოველდღიურ ინტერნეტგაზეთ „ქიზიყში“, როდესაც „ნაცების“ წინააღმდეგ ხმის ამომღები სანთლით საძებარი იყო. „ქიზიყი“ საუბრობდა აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც რაიონში ხდებოდა. შემდეგ ეს ინფორმაცია, ქალბატონ თამილას მიჰქონდა რაიონულ ცენტრში და ვრცელდებოდა ნიუსების სახით. ადგილობრივ ხელისუფლებას ისე ჰქონდა დაყენებული საკითხი, რომ რაიონის გარეთ არ უნდა გასულიყო იქ არსებულ მდგომარეობაზე სიმართლე, მაგრამ ქალბატონი თამილა და „ქიზიყი“ („ქიზიყის“ რედაქტორი _ ილია მარტყოფლიშვილი), რაც გასაკრიტიკებელი იყო, აკრიტიკებდნენ და ქვეყანას აგებინებდნენ. შემდეგ, ისე მოხდა, რომ ბატონი ილია მარტყოფლიშვილი თვითმმართველობის გაზეთში გადავიდა, ქალბატონი თამილა კი კახა კუკავას პარტიაში „თავისუფალი საქართველო“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო „ნაცების“ კრიტიკა.
_ ქალბატონო კოლეგაა, მათ, ვინც „ნაცმოძრაობას“ გვერდზეც არ ჩავუარეთ, კარგად ვიცით, როგორი მეთოდებით ხდებოდა „საეჭვო ელემენტებზე“ შურისძიება. თქვენს შემთხვევაში რა მოხდა, რა დააშავეთ?
– სანამ „ქიზიყში“ დავიწყებდი შემოქმედებით საქმიანობას, ვმუშაობდი საიდუმლო სამხედრო ნაწილში და შემდეგ კადრების განყოფილებაში, თანაშემწედ....
_ ცოტა გაუგებარია, ამიტომ, იქნებ, განმარტოთ, რა სამხედრო ნაწილი იყო და თქვენ რატომ იყავით იქ...
_ ჩვენთან, შუა რაიონში, წითელწყარო ერქვა მაშინ, ოდითგანვე იყო სამხედრო ნაწილი, „სამხედრო გარადოკს“ უწოდებდნენ _ ქალაქში იყო შემოღობილი კიდევ ერთი პატარა ქალაქი, რომელშიც საშვის გარეშე ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ანალოგიური იყო არხილოსკალოში და შირაქში, გემახსოვრებათ, საიდუმლო ბუნკერები იყო. რუსული ჯარი რომ გადიოდა, ქართული ჯარი ჩაენაცვლა, გადმობარების პროცესი მიმდინარეობდა და ამ დროს მივედი მე. „სანჩასტის“ უფროსი იყო ოთარ ზახარიჩი _ ასე ვეძახდით და კადრების განყოფილებაში მისი ცოლი ლუბა, ძალიან კარგი ცოლ-ქმარი, არ გაჰყვნენ საბჭოთა ჯარს, საქართველოში დარჩნენ.
მოკლედ, გადმოგვაბარეს სამხედრო ნაწილი ქართველებს და ვმუშაობდი კადრების განყოფილებაში. ახლა სამხედრო ექსპერტი რომ არის, ჩვენი სამხედრო ნაწილის მეთაური იყო _ ამირან სალუქვაძე. ოჯახებით „გარადოკშიც“ ცხოვრებდნენ სამხედროები და მის გარეთაც, _ ისიც შემოღობილი იყო. რომ დაიცალა ეს საცხოვრებლები, სამხედრო ნაწილის უფროსმა თავისი ერთპიროვნული ბრძანებით, ნაწილში მომსახურეებს საცხოვრებლის პრობლემის ვისაც გვქონდა, საცხოვრებლის არჩევის უფლება მოგვცა. რადგან ჩემს მშობლიურ ქუჩაზევე იყო, ნაწილის გარეთ ვარჩიე საცხოვრებლის აღება. შევსახლდი ოროთახიან ბინაში და მთელი 20 წელი ვცხოვრობდი.
საქმე ის არის, რომ აღნიშნული სამხედრო ნაწილი, დაახლოებით, ორ წელში დაიშალა, უტილიზაცია მოხდა. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამგეობიდან დარეკეს, სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო. ეჭვობდნენ, რომ რუსები მათთვის კარგად ნაცნობ სამხედრო წერტილებს დაბომბავდნენ. ჩვენ გამოვრბოდით, თვითმფრინავებმა ზუზუნით გადაგვიფრინეს, მაგრამ დაგვინდეს, მხოლოდ შირაქის ავაიბაზების სიახლოვეს ჩამოყარეს რამდენიმე გამაფრთხილებელი ბომბი.
2012 წელს, კანდიდატი ვიყავი კახა კუკავას პარტიიდან და როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო, „ნაციოლნალების“ ადგილობრივ წარმომადგენელზე, ზაზა კედელაშვილზე ვრცელი წერილი დაიბეჭდა პრესაში, სადაც ვამხილე მისი ყველა მანკიერება და გავაცანი საზოგადოებას, რეალურად რას წარმოადგენდა ეს პიროვნება.
_ მსოფლიო ჩემპიონ, მოჭიდავე ზაზა კედელაშვილზეა საუბარი?
_ დიახ. კედელაშვილი მერაბიშვილთან დაახლოებული პირი, მისი ზონდერი იყო და „ნაცები“ რამეს მაპატიებდნენ? ზედმიწევნით მქონდა მოყოლილი რა საქმეებში იყო ჩაბმული, როგორ ატერორებდა ხალხს...
ხომ გახსოვთ, ერთხანს სააკაშვილი კლინიკებს რომ ხსნიდა ვითომ, ერთსა და იმავეს რამდენჯერმე, ის დრო იყო. „ნაციონალები“ იყვნენ ჩამოსულები, დიდი შეკრება ჩაატარეს მუსიკალური სკოლის შენობაში და გადაწყვიტეს შუა ქალაქში კლინიკის აშენება. რასაც ჰქვია თავზე დანგრევა, ასე დაგვანგრიეს თავზე შენობა, რომელშიც ოჯახები ვცხოვრობდით, არაფრად დაგიდევდნენ ბავშვებსა და მოხუცებს, მოიყვანეს ექსკავატორი და დაიწყეს ნგრევა, თუ არ გამოვიდოდით, მოვყვებოდით ნანგრევებში... საბოლოოდ, ჩემი სახლის ნანგრვებზე გადაღებული ფოტოღა შემრჩა...
სადღაც შევეხიზნე, სადაც არც დენი იყო, არც წყალი, არც გაზი, ფანჯრები ჩამსხვრეული იყო და ვირთხები დარბოდნენ...
_ კი მაგრამ, ვინც აქირავებდა, მასეთს რანაირად აქირავებდა...
_ არ აქირავებდა. რადგან ყველა დააშინეს, რომ ჩემთვის ბინა არ მოექირავებინათ, ბინას ვერ ვშოულობდი და პატრონმა მითხრა, ასეთი მდგომარეობაა, თუ რამეს მოახერხებ, შედი და იცხოვრეო. ზოგი რითი დამეხმარა ზოგი რითი და რაღაცნაირად შევაფარე თავი. 
მერაბიშვილს დიდი დახვედრა რომ მოუწყეს და ხალხს ახლოს არ გვიშვებდნენ, ტაშისდამკვრელებად ისინი ედგნენ გვერდზე, მერე „ოცნებაში“ რომ აღმოჩნდნენ გადაპორტირებულები. ხელისკვრით გამომაგდეს იქიდან, რადგან მერაბიშვილს ვუყვიროდი, ვითომ ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველად რომ მოგაქვს თავი, ქუჩაში გამოგვყარე სახლებიდან და თავზე დაგვანგრიე ჭერი-მეთქი, _ მერე გავრცელდა ეს ვიდეო.
მერე ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩამოსული. ვცდილობდი, ბიძინამდე მივსულიყავი მაგრამ არ მიშვებდნენ. უკვე მანქანაში იჯდა, როცა მის ყურს ჩემი დაძახილი მისწვდა, „ბატონი ბიძინა“-მეთქი. იმდენად გულისხმიერი ადამიანი ყოფილა, უკვე მანქანაში ჩამჯდარი გადმოვიდა და დამალაპარაკეთ ადამიანთანო. ხელი ჩამომართვა, მომისმინა, ძალიან თბილად დამელაპარა და მითხრა, თქვენ მალე ჩვენს პარტიაში გიხილავთო. თავდაპირველად ხომ არავინ არ ვიცოდით ვინ იყო, მერე თითქოს რაღაც მიუწვდომელი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძალიან უშუალო პიროვნება ყოფილა. 
მერე უკვე „ოცნება“ მოვიდა. ჩვენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის მომხრეები ვიყავით და ისე მოხდა, რომ ბერძენიშვილებთან და ე. წ. დასავლური ორიენტაციის პარტიებთან კოალიციაში არ შევედით. თვალსაჩინო ზეწოლები იყო დასავლეთიდან. ერთ-ერთი შეხვედრის დროს დარბაზიდან რეპლიკებს ვამბობდი და ბატონმა ბიძინამ გამოაცხადა, ამოუშვით კუკავას პარტიის სიმპათიური ქალბატონი თავმჯდომარეო. ავედი სცენაზე და ვთქვი, ბატონო ბიძინა, ჩვენ ხომ დიდი ბრძოლები გამოვიარეთ „ნაციონალებთან“, რატომ აკრიტიკებთ კუკავას, თქვენ ხომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე იყავით-მეთქი. კუკავას კი ვაკრიტიკებ, მაგრამ ჩვენთან დადექით, ქალბატონო, არ მგონია, „ნაცების“ წიქვილზე წყლის დასხმა გინდოდეთო, მერე ეს კადრები მიჭრეს-მოჭრეს და ისე დადეს. დღემდე ვნანობ, რატომ არ დავუჯერე. თითქოს პრინციპებს არ ვუღალატე _ დასავლეთის ზეწოლით იმ დროს ისეთი ხალხი დაიყენა გვერდზე ბატონმა ბიძინამ, რომ მათ გვერდზე დგომა ვერ წარმომედგინა, თორემ მე დღემდე პატივს ვცემ მას. ვინც გვერდზე დაიყენა ბატონმა ბიძინამ, თითქმის ყველამ უღალატა ამ კარგ ადამიანს...
ალბათ, როდესმე კიდევ მომიხდება ბატონ ბიძინასთან შეხვედრა და ძალიან მინდა ვუთხრა, რომ, რასაც არ იმსახურებს, იმას იღებს უმადური ხალხისგან. 2012 წელს მე ივანიშვილს კი არ ვაქციე ზურგი, არამედ იმ ცუდ ადამიანებს, რომლებიც გარშემო შემოიკრიბა. რა ვქნა, ვერაფრით ვერ დავდგებოდი ბერძენიშვილების, უსუფაშვილების, და მისთანების გვერდზე, თორემ, მე დღემდე იმ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი ვარ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სწორი სვლები არიდებს დიდ უბედურებებს. ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერავინ მთელი 35 წლის განმავლობაში. დასავლეთის კოლონიად გვაქციეს და ახლა ეს კაცი მოგვევლინა იმისთვის, რომ დასავლური მარწუხებიდან გვიხსნას. პირადი საქციები იქნება თუ სხვა ზეწოლები, არაფრად დაგიდევთ, ამას აკეთებს ისეთი სიზუსტით, რომ ისტორიაში ხალხი კი არა, თვით საქართველოს ისტორია შეიყვანს. 
სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, ომს გადაგვარჩინა, ამას ეხუმრებით? ამხელა უკრაინა მიწასთან გაასწორეს, პატარა საქართველოს რა დაემართებოდა, ძნელი წარმოსადგენია?
ერთი სიტყვით, „ნაციონალებისგან“ გამოსახლებული ასე დავრჩი დღემდე უსახლკაროდ. რაც შეეხება დასაქმებას, _ მოგეხსენებათ, „ნაციონალებს“ ყველგან თავისი „ნაციონალები“ ჰყავდათ დასაქმებული და „ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მათთვის პოლიტიკური ნიშნით ხელი არავის უხლია. რადგან „ნაცებთან“ კოაბიტაციის გამო კრიტიკას არ ვწყვეტდი, კულტურის სახლში ვიყავი დასაქმებული და 2014 წელს იქიდან გამომიშვეს.
საქმე რაშია, იცით? მე რეალურად ვუყურებ იმ მოცემულობას, რომ რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელია, ახლომახლო კი ისეთი მუსლიმანური ქვეყნები გვყავს, ერთი ამოსუნთქვით ჩაგვყლაპავენ. კი, ბატონო, მივესალმები ყველა ქვეყანასთან კარგ ურთიერთობას, მაგრამ „ევროპული ღირებულებები“ რომ აუჩემებიათ ბრმად, რომელ ღირებულებებზეა საუბარი, ან როდის დაგვდგომია ევროპა გვერდზე...
„ოცნებამ“ ის შეღავათი გამიწია, რომ ბინის ქირის ნაწილს მიხდიან და შვილი დამისაქმეს. სხვათა შორის, ჩვენმა მერიამ ქონების მართვის სააგენტოში თხოვნის წერილიც გააგზავნა, რომ მე, როგორც „ნაციონალებისგან“ დაზარალებული, უსახლკაროდ ვარ დარჩენილი და გაითვალისწინონ. სადაც მე ვცხოვრობდი, „არქიმედე“ _ ებრაულ კომპანიაზე იყო გადაცემული ის ტერიტორია და რადგან ვერ ააშენეს კლინიკა, ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა. ეკონომიკის სამინისტრომ სამ ნაწილად გაჰყო და გაამზადა გასაყიდად, მაგრამ „არქიმედემ“ დაიწყო დავა. მე მომწერეს, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე თქვენს საკითხს ვერ განვიხილვთო. ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, მაგრამ როდის დასრულდება დავა, ვინ იცის. ცოტა ხნის წინათ ისევ მივმართე, სამოსახლო მაინც მომეცით, კვლავ ქირით ვცხოვრობთ სამი სული ნესტიან ოთახ-ნახევრიან ბინაში-მეთქი. ძალიან დიდი უსამართლობის განცდა გიჩნდება ადამიანს, როცა ხედავ, რომ თავიანთი ვითომ დაზარალებულებისთვის ყველაფერი შესაძლებელია და შენთვის კი სამართალი და სამართლიანობა მიუწვდომელია. რაიონში ვარ და ზედმიწევნით კარგად ვიცი ყველასი ყველაფერი, მაგრამ მაქსიმალურად ვერიდები ფრჩხილების გახსნას, თუმცა ძალიან ნაწყენი ვარ ყველაზე, რომ გვერდზე არ დამიდგნენ და გულთან არ მიიტანეს ჩემი მდგომარეობა. 
_ ერთი რამე ვერ გავიგე _ 2012 წლიდან დღემდე არავისთვის მიგიმართავთ კონკრეტული თხოვნით ან მოთხოვნით?
_ როგორ არ მიმიმართავს, მაგრამ ვისაც მივმართავდი, მწერდნენ, ბიუჯეტი არ გაგვაჩნია რომ ბინა შეგიძინოთო და ამით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე, არადა, ბიუჯეტი ძალიან დიდი აქვთ. როგორც სხვაგან, ჩვენთანაც ასეა _ ყველგან ისევ „ნაცები“ არიან, ყველა სფეროში. თავდაპირველად, ხელისუფლება რომ შეიცვალა და თავგამოდებული ნაცაქტივისტები ისევ თავიანთ ადგილებზე დარჩნენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან მივედი, ბატონო ნუგზარ, რა ხდება? ჩვენ, ვინც „ნაციონალებს“ ვებრძოდით, ჩრდილში ვსხედვართ, ესენი ისევ თანამდებობზე რატომ არიან-მეთქი?
_ და, რაო?
_ რა ვქნა, თამილა, ყველას უჯრაში ედო გამზადებული განცხადება თანამდებობების დატოვების შესახებ, მაგრამ „ზემოდან“ ბრძანება გაიცა მათი დახევის შესახებ და დარჩნენ ადგილებზეო. დღემდე ისინი ჰყავთ წინა პლანზე...
მე „ოცნებაში“ არ ვიყავი, მაგრამ ჩემი გაზეთი დაჰქონდა „ოცნებას“ წინასაარჩევნოდ და სოფელ-სოფელ აკითხებდნენ ხალხს, ნახეთ, როგორი უარყოფითი დახასიათება აქვს „ნაცების“ კანდიდატსო...
თვითონ „ოცნების“ წევრები მეუბნებოდნენ, ბიძინამ რომ გითხრა, მოდი, გვერდზე დაგვიდექიო, შანსი გქონდა, რომ მოგეხსნა კანდიდატურა და „ოცნების“ კანდიდატი ყოფილიყავიო. რა იქნებოდა მაგითი, _ არაფერი, რადგან, როდესაც ბატონ ბიძინას ვესაუბრებოდი, მასთან დაახლოებული თანამდებობის პირები ჩემზე ქირქილებდნენ. 
მთელი 10 წელი ვღავღავებდი „ნაცონალების“ ავკაცობებზე, პოლიციებში და სასამართლოებში დამარბენინებდნენ, ტელეფონებს მიტეხავდნენ, რამდენი რამ მაქვს გამოვლილი, მათ შორის ფსიქოლოგიური ტერორი. ეს ამბები ჩაიკარგა, ვითომც არაფერი ხდებოდა. 
„ოცნება“ სანამ მოვიდოდა, ჩვენ ხომ იმედი გვქონდა, რომ სამართალი და სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ფაქტი მე ვარ, ჩემთვის არც სამართალი აღდგა და არც სამართლიანობა.
გულდასაწვეტია, როცა ვუყურებ, რომ იმ ხალხმა, დაწყებული „პროევროპელებით“, ვინც ბიძინა ივანიშვილმა ჭაობიდან ამოათრია, დამთავრებული „გახარიებით“, ყველამ უღალატა, მხოლოდ პირადი ფინანსური მდგომარეობისთვის გამოიყენეს მისი სახელი და ფორმალური სიახლოვე.
ნეტავ, თუ იცის ბატონმა ბიძინამ, რომ ხალხის კეთილღეობაზე დასახარჯი ფული ხალხამდე არ მოსულა, თორემ „ბიძინა, ბიძინას“ იყვირებდნენ? უამრავი პროექტი, რაც ვითომ განახორციელეს, ფულის „მოტეხვის“ კარგი საშუალება იყო, სხვა არაფერი...
ერთადერთი იმის იმედიღა მაქვს, რომ „ოცნება“ დაიწმინდება, კორუფციაში გარეული ხალხი ჩამოშორდება და იმ საგარეო კურსს აიღებს, რაც საქართველოს გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია. 
_ დღეს ჟურნალისტურ საქმიანობას აღარ ეწევით?
_ „ინტერმედიაზე“ ვარ, ძირითადად, რუსული საიტებიდან ვთარგმნი და ჩემი გვერდიც მაქვს _ „დედოფლისწყაროს ახალი ამბები“.
_ მადლობა ვრცელი და საინტერესო საუბრისთვის.

მინაწერი:
„ჩემო კარგო, მე შეიძლება, რაღაცები გადავამლაშე და რის თქმასაც არ ვაპირებდი, მაინც მეთქმევინა, ამიტომ თქვენი შეხედულებისამებრ ამოიღეთ“, _ მითხრა ქალბატონმა თამილამ.
საქმე ის არის, რომ, რის შესახებაც ქალბატონმა თამილამ ისაუბრა და ვინც გვარ-სახელებით მოიხსენია, სათქმელია და გამოსააშკარავებელი, მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე. ვინაიდან ჩასაფრებული არავისზე ვარ, მინდა, რომ იმ ადამიანებს გაფუჭებული თუ მიგდებული საქმეების გამოსწორების ერთი შანსი კიდევ ჰქონდეთ... 

 მაია ჭელიძე