„ზიგ ჰაილ, მიშ ჰაილ“!
მიხოს მანიფესტი
გამოუცხადეს რა „ვივამედის“ ბინადარს, მიხო სააკაშვილს, შენზე სისხლის სამართლებრივად ახალი დევნა დაიწყოო (სისხლის სამართლებრივები არც აქამდე აკლდა), დაჯდა და ეგრევე „გამოაცხო“ საქართველოს გათავისუფლებისა და აყვავების მანიფესტი - არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება, იქით არის სიბნელე და ბოროტება, რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაცო.
„ქართულ ოცნებასა“ და მის მომხრეებზე ამბობს, იქით არის სიბნელე და ბოროტებაო. ვანო მერაბიშვილზე, ბაჩო ახალაიაზე, მეგისა ქარდავაზე, გიგი უგულავაზე, ბიძამის თემურ ალასანიაზე, საკუთარ თავსა და მსგავსებზე ამბობს, აქეთ არის სინათლე, სიკეთე, ზნეობა, სიწმინდე და სიყვარულიო. ხედავთ, სად წამოყო კვლავაც თავი იმ ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამ? ხედავთ, სად ვიმკით 2013-ში დათესილს? ჩვენ კიდევ არ ვიცით, ეს საბედისწერო შეცდომა ჩვენს შვილებსა და შვილთაშვილებსაც მოსჭრის თუ არა კბილებს. თუ შეცდომა არ გამოვასწორეთ, აუცილებლად მოსჭრით.
სანამ სააკაშვილის სახელით გამოქვეყნებულ ე. წ. მანიფესტს გაგაცნობთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ეს მისი დაწერილი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და ვფიქრობ, არ ვცდები, რადგან მას არ შეუძლია ასეთი, შედარებით, ვრცელი წერილების წერა, თუ თავისი ჩიქორთული ქართულით დაწერს, იქ უამრავი შეცდომა უნდა იყოს. ახლა ვნახოთ ტექსტი, რომელიც მის „ფეისბუკგვერდზე“ გამოქვეყნდა (სტილი დაცულია):
„გავუსწოროთ სიმართლეს თვალი, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, პირველი - ის ადამიანები რომელთაც უყვართ ქვეყანა, ეზიზღებათ რუსეთი, უნდათ ევროპაში, სურთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ემხრობიან დემოკრატიას, თავისუფალ არჩევნებს. აქვთ ღირსების და სიამაყის განცდა. ეს ქართველები არიან მშრომელები, განათლებულები, ბრძოლისუნარიანები. აქეთ არიან ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ტატუნაშვილი, კახა ბენდუქიძე, ქუჩებში გამოსული თვალებანთებული უშიშარი ახალგაზრდები, ციხეში თავაწეულად მიმავალი აზა ჩილაჩავა.
ივანიშვილმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა მეორე საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, მათ ახასიათებთ მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად არიან ჩაბარდნენ პირველივე დამპყრობელს.
გრუზინებისთვის ტრადიცია ნიშნავს „ქართულ ჯიგრულ პონტს“, ისინი საზრდოობენ ზიზღით და იკვებებიან „იმედის სიუჟეტებით“, მათ არ გააჩნიათ არანაირი ისტორიული მეხსიერება და ბრმად იღებენ იმას, თუ კონკრეტულ დღეს რას მიაწვდის რუსულ-ქოცური პროპაგანდა.
ამათ არ გააჩნიათ ემპათიის რაიმე განცდა და სრულიად დაუნდობელი არიან თანამოქალაქეების მიმართ.
ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს - ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი.
კარგი ამბავი ისაა რომ პირველი კატეგორიის ქართველები ბევრად მეტი ვართ, ცუდი ისაა, რომ ჯერჯერობით გრუზინულ მონებს ბევრად მეტი ფული აქვთ, ძალა გააჩნიათ და მათ უკან დგას რუსეთი.
ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება.
გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი რათა აღარასდროს დავუშვათ მათი აღზევება.
ის რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ეჭვიც არ მეპარება. საქმე იმაშია რომ ერთ მხარეს ვართ ცივილიზაცია და მეორეს მხრივ სრული ბარბაროსები. აქეთ მხარეს ვართ ევროპა იქით რუსეთი და აზია, აქეთ ვართ პროგრესი და იქით სრული ჩამორჩენილობა, აქეთ არის აზროვნება და იქით ერთი აზრი და ბოლოს აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება.
ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრა მოხვრით. თვალების გამოხატულებით განვსხვავდებით ანთროპოლოგიურად - აქეთ მშრომელი ხალხია, იქით კლასიკური პარაზიტები, აქეთ ჰუმანიზმია იქით სადიზმი, აქეთ სილაღეა იქით დაკომპლექსებულობა.
ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი, ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება.
სინამდვილეში ერთადერთი რაც გვაერთიანებს გრუზინებთან არის ალბათ ის, რომ მოგვწონს ერთნაირი კერძები და საქართველოს ბუნება და ამის გარდა არც არაფერი გვაერთიანებს!
იქით არის სიბნელე და ბოროტება რომელიც უნდა დავამარცხოთ და დავამარცხებთ კიდევაც“!
წაიკითხეთ, ხომ? კარგად წაიკითხეთ? ახლა ხვდებით, რამხელა ბოროტებასთან გვქონდა საქმე 9 წლის განმავლობაში და რამხელა ურჩხულთან გვაქვს ჯერ კიდევ საქმე? ზემოთ მოგახსენეთ, ეს წერილი „გამართულობის“ თვალსაზრისით, მიხო სააკაშვილის დაწერილი არ არის-მეთქი. დიახ, მართალია, არც ამის დამწერმა იცის, რომ „რომ“-ის წინ ხანდახან მძიმე იწერება და „გრუზინი“ ბრჭყალებში ისმება, მაგრამ წინადადებებს არაუშავს რა, შედარებით კარგად ალაგებს. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს პასკვილი მიხოს პატრონებმა დაუწერეს, მერე თბილისში საშუალო დონის თარჯიმანს გადაათარგმნინეს, ასევე საშუალო დონის კორექტორს წააკითხეს და შემდეგ გამოუქვეყნეს. პრინციპში, ამით რა იცვლება? არც არაფერი, იგი სრულად ასახავს სააკაშვილის ჯიშის, მოდგმისა და გარემოცვის ხასიათს.
ამ გარეწარის აზრით, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვართ მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები, ბოღმიანები, მშიშრები, ხარბები და კორუმპირებულები, გვახასიათებს მონური დამოკიდებულება მამა მარჩენლისადმი და რუსეთისადმი, ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება და მზად ვართ, ჩავბარდეთ პირველივე დამპყრობელს. იქით ვინც არიან, აღარ ჩამოვთვლი, ეს უკვე წაიკითხეთ საკუთარი თვალით. ოღონდ აქ ანწუხელიძისა და შინდისის გმირების გვერდით კახა ბენდუქიძის ხსენება რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები და, ალბათ, ვერც თქვენ მიხვდებით. გარდაცვლილზე აღარაფერს ვიტყვი, მაგრამ ერთს მაინც აღვნიშნავ: ბენდუქიძემ როდის იომა, სახელმწიფოს კუთვნილი ქონება რომ დაანიავა თითო ლარად, მაშინ? როგორც ჩანს, მიხოს ზემოდან ჰკითხეს, გმირებში ვინ ჩავწეროთო და ამანაც ჩამოუთვალა.
სააკაშვილი მიდის ყველაფერზე, ოღონდაც „ვივამედს“ თავი დააღწიოს და ქვეყანაში არეულობა მოაწყოს. ამ დროს უძლურია, ვერც „ვივამედიდან“ გამოდის, ვერც არეულობას აწყობს და ახლა ჰგონია, გადამწყვეტი წერილი დაწერა, უფრო სწორად, დაუწერეს და მისი გულისნადები გადმოსცეს. ესე იგი, მორჩა, საქართველო შუაზეა გაყოფილი, აღარც შერიგება იქნება, აღარც დანდობა, „გრუზინები“ უნდა გადაშენდნენ, როცა ისინი გაიმარჯვებენ, ეგრევე დაიწყება „დეგრუზინიზაცია“. საინტერესოა, რას გვიპირებენ? ალბათ, დაგვხვრეტენ. კი, ბატონო, ზოგს დაგვხვრეტენ, ზოგს გადაგვასახლებენ, ზოგს სამუდამოდ კუთხეში დაგვაყენებენ, ზოგს ჩაგვრეცხავენ და ეგრე, რაააა, ფაქტობრივად, იმასვე გაიმეორებენ, რაც 9 წლის განმავლობაში აკეთეს. აი, ახლა ამას ჰგონია, ძალიან კარგ რამეს უკეთებს თავის ჯოგს, ანუ აღაგზნებს და საბრძოლოდ განაწყობს. პირიქით კი ხდება, მეორე მხარეს უფრო განაწყობს იმისთვის, რომ საერთოდ დასრულდეს „ნაცობა“ და ამოიძირკვოს აგენტურა. შორს აღარ არის ის დღე, როცა ეს ე. წ. პარტია, სინამდვილეში, ტერორისტული ორგანიზაცია აიკრძალება და ყველას, ვინც კი დაკავშირებული იყო მასთან რაიმე ფორმით, აეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა. „მოღვაწეობა“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო „ჩალიჩი“ უნდა მეთქვა.
არის თუ არა სააკაშვილის გამოხდომა წმინდა წყლის ფაშიზმი? რა თქმა უნდა, არის. ცხონებული ჯანსუღ ჩარკვიანი ხშირად ამბობდა ხოლმე, ჰიტლერსაც ნაცისტური პარტია ჰქონდა, სააკაშვილსაც ნაცისტური პარტია აქვსო. ბოლოს კი შესძახებდა ხოლმე: „ზიგ ჰაილ, მიხ ჰაილ“!
თურმე, მიხოს აზრით, ცუდი ის არის, რომ ჩვენ ბევრი ფული გვაქვს, თუმცა ვართ ბნელები. იქით ფული არ აქვთ, მაგრამ არის ცივილიზაცია (ერთი დაბანილი და ცივილიზებული ადამიანი მანახა იქით, ხმას არ ამოვიღებდი). თურმე არის კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, რაც მათ ჩვენთან აერთიანებს - ეს არის ქართული კერძები და ბუნება. ესე იგი, კერძები და ბუნება ჩვენც მოგვწონს და მათაც. სამწუხარო ყოფილა, მაგრამ ასეა. ცრუობს ბატონი მიხო, ვისაც კერძში ჩაფურთხება შეუძლია, მას არ მოსწონს, ეზიზღება. მეორე - ვისაც შეუძლია, რუსთაველის გამზირი გადაბუგოს, მას არც ბუნება უყვარს და არც საკუთარი სამშობლო. ალბათ, გახსოვთ, ამათ ჯერ ქვაფენილი აყარეს მთავარ გამზირზე, მერე კი ნერგებიც გადაწვეს.
მე შემიძლია, მიხოს ყოველი სიტყვა გავარჩიო და კიდევ ერთხელ დაგიდოთ დასკვნა, რომ ავადმყოფია. თუმცა, რაც დავწერე და რასაც აწი გამოძიება იტყვის, ესეც საკმარისია. ბოლო დროს საზოგადოებაში ისევ გაისმის მოწოდებები, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანონ ციხეში და დაგვასვენონ. აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, შეიძლება ციხეში ეგ უბედური მოკლან (მას ბევრი მოსისხლე მტერი ჰყავს) და შემდეგ ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდეს. პრინციპში, ეგ არ არის საიმისო საბუთი, რომ მან სასჯელო ბოლომდე „ვივამედის“ პალატაში მოიხადოს. რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, დღეს თუ ხვალ მაინც გადასაყვანია ციხეში. მართალია, მას ეგრევე დაეწყება ხელახალი დემენცია და განუახლდება 57 დაავადება, მაგრამ წესი წესია, კანონი კანონია.
ისე, რაღა დაგიმალოთ და... მართლა მაგარი დემოკრატია გვაქვს ქართველებს, ეს პატიმრები სხედან და წერენ მანიფესტებს, გამოსცემენ დეკრეტებს, იძლევიან განკარგულებებს, თან ამტკიცებენ, საქართველოში ტირანია მძვინვარებსო. განა ასეთი ტირანია უნახავს ვინმეს დედამიწის ზურგზე? განა ჩვენ არ ვიცით, როგორია ნამდვილი ტირანია? ვიცით.
და ბოლოს... ნეტავ, ვინ უთხრა მიხოს, რომ მასთან და მის ამფსონებთან შერიგებას ვაპირებდით? ამან, ფაქტობრივად, ჩვენი სათქმელი გვითხრა და თავისი მოკლე ჭკუით, უკვე გაგვრიყა, ანუ დაგვასწრო. ჩარეცხვა და „დაპაშოლება“ როგორი უნდა, ამას უახლოეს ხანში ვნახავთ.
გელა ზედელაშვილი

