დაკავებების კვირეული

დაკავებების კვირეული

11 სექტემბერი „უხვმოსავლიანი“ აღმოჩნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, რომელსაც ცოტა ხნის წინ მამუკა მდინარაძე ჩაუდგა სათავეში. დილიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვარზე დააკავეს უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ და დიდი რაოდენობით კოკაინი შემოჰქონდათ. ფაქტობრივად, სუს-მა ტერორისტული დაჯგუფება აიყვანა. ძალოვნების ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 560-მდე უკრაინელი ნარკორეალიზატორია დაკავებული საქართველოში, საერთო ჯამში, მათგან 2 ტონამდე ნარკოტიკია ამოღებული. რა არის ეს, თუ არა ზელენსკისა და მისი ხროვის მიერ დაგეგმილი დივერსია საქართველოს წინააღმდეგ? არ ჩავებით ომში, არ გავერთიანდით უკრაინასთან რუსეთის წინააღმდეგ? მაშინ ასე გამოგვიტანენ განაჩენს - აგვაფეთქებენ შიგნიდან და ჩაგვახრჩობენ ნარკოტიკებში. პირადად შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ამ საქმეში მარტო ზელენსკი და მისი ხროვა მონაწილეობენ, ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის შესახებაც სააგენტო „პრაიმ-ტაიმმა“ სკანდალური ინფორმაცია მოიპოვა. როგორც სააგენტო წერს, ერთ-ერთი დაკავებული ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ლოკაციაზე მას უკრაინის სპეცსამსახურების, СБУ-ს წარმომადგენლებმა გადასცეს ასაფეთქებელი ნივთიერება და დაავალეს, რომ „ტვირთი“ თბილისში, კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტული ადამიანისთვის  გადაეცა. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ადგილი რუსეთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პარალელურად, „პრაიმ-ტაიმმა“ გაარკვია, რომ თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე უწევს.
მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობენ სააკაშვილის ხროვის წევრები, ე. წ. ყოფილი მაღალჩინოსნები. აი, ეს გახლდათ მათი მზადება „მშვიდობიანი რევოლუციისთვის“, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს მცდელობაც ჩაუშალა. ისევ ვინმე ლორთქიფანიძე, ისევ ის, ვინც სააკაშვილი შემოაგზავნა საქართველოში და სამარადჟამოდ „გაჭედა“... ისე, ვერ გავიგე, რატომღა ენდობიან ამ ლორთქიფანიძეს, ხომ ხედავენ, ვერც ერთი საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე, ყველა წამოწყებული გოთვერნობა ჩაუფლავდა? ვნახოთ, თანდათანობით კიდევ ბევრი რამ გახდება ცნობილი და კიდევ ბევრი ე. წ. ბობოლა „ნაცი“ გაებმება ხაფანგში. „ნაციონალებმა“ ქოშები უკუღმა ყარეს, ამათო, ამ ქოცებმა ახლა ეს მოიგონესო. ანა წითლიძემ - ლორთქიფანიძე და ბაჩო ახალაია ერთმანეთს გამარჯობასაც არ ეუბნებიანო. მერე რა, რომ არ ეუბნებიან? როცა ერთი ინტერესი უჩნდებათ, მაგათთვის გამარჯობა და ხელის ჩამორთმევა საჭირო არ არის. ამათ შეიძლება ერთმანეთი ეზიზღებოდეთ, მაგრამ, როცა მომენტს ნახავენ, ერთად დადგებიან.
ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა ანა წითლიძესთან კომენტარში უნებლიედ დაადასტურა, რომ „პრაიმ-ტაიმის“ სტატია სიმართლეა და „ნაცმოძრაობიდან“ წყაროს დასახელებით იმუქრება - „ბაჩოს მოკიდებენ ხელს და ვიტყვი, ვინ არის“! დიდი ამბები იქნება ამ დღეებში საყველიეში.
უკრაინელების დაჭერის ამბავი ხეირიანად არც კი იყო განალებული, ახლა ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. თავიდან გვეგონა, ასაფეთქებელ ნივთიერებასთან იყო რაღაც კავშირში, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას იმ საქმეზე ედავებიან, ძალოვნებს 200 ათას დოლარს რომ ჰპირდებოდა, თუ ჩვენკენ გადმოხვალთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ ფულს მოგცემთო. არ ვიცი, ალბათ, ასეთ რამეს დღეს ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს - ვინ, რომელი სულელი გადავა ამ უპერსპექტივო „ხლამის“ მხარეს? 
ხაბეიშვილი კეზერაშვილის ტელევიზიასთან დააკავეს, იგი ყველანაირად შეეცადა, დაკავება მეტად ხმაურიანი და სკანდალური ყოფილიყო. მან, სახალხო „მოღვაწემ“ ეგრევე მოსახლეობას მიმართა:
 ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი”!
მანამდე ინგა გრიგოლიასთან იბრიქებოდა ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილს რის თავი აქვს, რანაირად უნდა დამაკავონო? მაინც დააკავეს, თავზე ზემოდან ხელი დაადეს და მანქანაში ჩატენეს. მამალს ერთხელაც არ ჰქონდა ნაყივლები, რომ ხაბეიშვილმა განაცხადა, მე ქრთამს არავის ვაძლევდი, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იყოო, ანუ ვიტყუებოდიო. არა, რომ იტყუებოდა, ეგ ყველამ ვიცოდით, მაგრამ ასე მალე თუ უარყოფდა, არ მეგონა. ანა წითლიძემ აიწყვიტა, დაუწყო ისევ მამუკა მდინარაძეს გინება - ხალხს გაახსენა, ეგ მე პარლამენტში ნაცემი მყავსო. ჰოდა, ახლა მე ვაწესებ 400 ათას დოლარს მათთვის, ვინც ჩვენ მხარეს გადმოვაო. დამიჭირე, მდინარაძევ, შე ჩმოროო. აქ ზვიად გამსახურდიას დრო გამახსენდა, ერთხელაც ზვიადი მოვიდა ტელევიზიაში, დერეფანში ლუიზა შაკიაშვილი გადაუდგა და დაუწყო: ზვიადიიი, დამიჭირე, ზვიადიიიი! ზვიადს გაეცინა და მიუგო - ქალბატონო ლუიზა, სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ციხეს ვერ ეღირსებითო. მამუკამაც შემოუთვალა წითლიძეს, ჩვენ პერფორმანსებზე არ ვიჭერთ,მარტო დანაშაულზე ვიჭერთო. 
ლევან ხაბეიშვილს ახლა 4-დან 7 წლამდე ციხე ემუქრება. მასთან ერთად ხელი მურთაზ ზოდელავასაც სტაცეს. როდესაც ხაბეიშვილს დაკავება დაუპირეს, თავისი ტელეფონი ზოდელავას მისცა, რომელმაც გაქცევა სცადა. პოლიციელებს წინაარმდეგობა გაუწია, მაგრამ ვერ გაძვრა. კაცი გენპროკურორი იყო და უკანასკნელი პიჟონივით იქცევა, ვუყურებ ამათ ავაზაკობას და ვგრძნობ, რას გადავურჩით. პრინციპში, რაც მაგათ ჩაიდინეს, ამას გადარჩენა არ ჰქვია, მაგრამ შეიძლებოდა, უარესიც დაგვმართოდა. ახლა ზოდელავას 2-დან 5 წლამდე ეკუთვნის, თუ ნახევარი მაინც მიუსაჯეს, მერე დაიწყებენ, კიდევ ერთი სინდისის პატიმარი შემოგვემატაო. კი, მაგრამ სად არის აქ სინდისი? მურთაზ ზოდელავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ქართველ ხალხს გააჩნია ნდობა და სიმპათია. გაიგონეთ? ბიძინა აპატიმრებს ყველას, ვინც ქართველ ხალხს უყვარს სიგიჟემდე. უკაცრავად და... ეს ტიპი გენპროკურორი რანაირად იყო?
შემდეგი გახლდათ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მან და მისმა ყოფილმა მოადგილემ თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. იცით, რა მიკვირს? შე კაი კაცო, ამხელა თანამდებობა გიბოძეს მაღალი ხელფასით, ათასნაირი ბონუსით, სხვადასხვა სიკეთით, გავლენით, დაფასებით, ამ ესპანეთში სახლი რაღა ჯანდაბად გინდა? ეს მაქინაცია და რაღაც აპარატის გამო ციხეში ჩაჯდომა აუცილებელია? რა გინდა, სახლებიც გაოხრია, ფულიც გაოხრია, ცხოვრება საათივით გაქვს აწყობილი, რაღას მიედ-მოედები? 
„ნაცები“ ამ შემთხვევაშიც თხზავენ თავიანთ ვერსიებს. ე. წ. ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის თქმით, ივანიშვილს სიკვდილივით ეშინია რაღაც კადრების, რომელიც აქვს ღარიბაშვილს ან ლილუაშვილს. ბიძინას ასევე ეშინია, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი რომ თანამშრომლობენ ხაბეიშვილთან. თურმე ჯუანშერ ბურჭულაძის და ხაბეიშვილის დაკავება პირდაპირი გაფრთხილებაა ორივესთვის. „ნაცები“ იმედოვნებენ, რომ ფარული ჩანაწერები სათანადოდ არის შენახული და შესაფერის დროს გამოაგორებენ. თქვენი არ ვიცი და, მე ლილუაშვილ-ღარიბაშვილის თანამშრომლობა ხაბეიშვილთან წარმოუდგენლად მეჩვენება. თავიანთი ჭკუით, კვესიტაძეებსა და მისნაირებს დემორალიზაცია შეაქვთ „ქართული ოცნების“ რიგებში, ერთმანეთთან აპირისპირებენ ყოფილებსა და ამჟამინდელებს. ეს ფანდი მაგათ არაერთხელ იხმარეს, წლების განმავლობაში ასე ცდილობენ მმართველი ძალის დაშლა-განადგურებას, მაგრამ ერთი აგურიც ვერ ჩამოატეხეს. ასეა ეს და ასე იქნება მომავალშიც.

გელა ზედელაშვილი