მედიამიმტაცებლები, თუ...

მედიამიმტაცებლები, თუ...

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამტკიცებს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილმა, ელონ მასკმა, ვიქტორ ორბანმა, რობერტ ფიცომ და ბენიამინ ნეტანიაჰუმ მედია მიიტაცეს. 
აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ ამ ორგანიზაციით, ამ დილასღა აღმეძრა ინტერესი, ამ ინფორმაციის შემდეგ, ნეტავ ვისი რა არისო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა, რომელიც 1985 წელს დაარსდა მონპელიეში, ცენტრალური ოფისი კი პარიზშია.
ჩავეძიე და არაკომერციული ტიპის ორგანიზაცია უწერია. დამაარსებელია რობერ მენარი. სად მედია აჩქარებულზე, 2019 წლის მონაცემები მომხვდა ხელში და იმ დროისთვის 120 თანამშრომელი ჰყოლიათ და შემოსავალი 6, 17 მლნ ევრო ჰქონიათ. ყოჩაღ, ძმაო, ექვს მილიონ ს ჩემტა, არ არის ცუდი ფული, მაგ ფასად ფოთის პოლიცმეისტერიც გაიხდის, არათუ კიკუ!
ისე, მისია კარგი უწერიათ, მხოლოდ მივესალმები მსოფლიოში თავისუფალი პრესისა და ჟურნალისტების მხარდაჭერას, მაგრამ, როცა წაიგოთვერნებენ ახლანდელივით, მერე რას ვშვრებით საზღვრებში მყოფი ჟურნალისტები? რას ვშვრებით და ვინტერესდებით საიდან აქვთ შემოსავლები, ვინ უხდით და რატომ, ხოლო შემდეგ, მათი „დამახურებისა“ და ჩვენი შეხედულებისამებრ, ყველა საკუთარ ან საერთაშორისო ენაზე ვაგინებთ, სხვა რა ვქნათ? პირადად მე ქართულ ენაზე უფრო ჯიგრიანად შემიძლია გინება. ასე რომ, ალალია, მიუვიდეთ!
გაგებაში რომ არ არიან რეალურად რა მდგომარეობაა მედიის მხრივ, ვიღაცების ენის მიტანითა და ქეშად თუ გადარიცხვით გადახდილი თანხით, ვინ ეკითხებათ ჩემს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის დადგენას; ან თავისუფალი პრესის ბარომეტრების გარკვევას!
ეს კი არა, და სიაც ჰქონიათ გამოქვეყნებული. ჩამოვუყევი „თავისუფალი პრესის მტრებს“ და ბიჯო, რა გავიხარე ნასიცხარზე!
ვის აღარ ნახავთ სიაში, მაგრამ სულ გოიმ-გოიმი ქვეყნებიდან, „შიგევროპელი“ ვერავინ ვნახე და აი, ახლა დგება ის სანუკვარი მომენტი, როცა ელონ მასკმა, და რობერტ ფიცომ ჩვენებური ქართული ჯიგრიანი უნდა უთხრან: „ერთი ჩვენ გაკლდით სიაში, მო&&&ით ორგანიზაციაში!“ ორბანი ვერ იტყვის, აქამდეც ჰყოლიათ სიაში, უბრალოდ, ახლა მთლად მიუტაცებია მედია. მესამედაც თუ გაიმეორებს მედიაზე ძალადობას, დაერქმევა მედიარეციდივისტი.
ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა უთხრას, ჯერ ვერ დამიდგენია, რადგან ევროპა-აზიის გასაყარზე ვართ და დავიბენი. მთლად ისე რომ არ დავრჩეთ, „წადი თქვენი“...“ მაინც სათქმელია. ვაჰ, როგორ გამართეს ორშაბათ დილის სისხამზე ნახევრად სნეული კაცი. ამას რომ ვწერ, თან ვბრაზობ, თან მეცინება... 
„ხალხის მტრების“ სიიდან ნაცნობები უნდა ვთქვა, მთელს რა ჩამოთვლის, ამოვარჩევ. შემთხვევით არ მითქვამს, ნამდვილად ასე ვთვლი, რომ თავისუფალი პრესის მტერი ხელისუფლება ხალხის მტერია. რამდენიმე წელში ერთხელ ადგენენ თურმე ამ სიას, ასე რომ, მე ბოლო სია მაქვს 2021 წლის. სიიდან იმათ არ ჩამოვთვლი-მეთქი ვინც აღარ არის ხელისუფლებაში.
მაშ, ასე, „ჩემი ნაცნობი“ ხალხის მტრები არიან: ალექსანდრე ლუკაშენკო, ალი ჰამენეი, ვიქტორ ორბანი, ვლადიმირ პუტინი, ილჰამ ალიევი, კიმ ჩენ ინი, ნარენდრა მოდი, ნიკოლას მადურო, რამზან კადიროვი, რეჯებ თაიფ ერდოღანი, სი ძინპინი და ახლა ახლებიც დაემატებიან. ბენიამინ ნეთანიაჰუს გვერდი ავუარე, რადგან ვერაფრით ვხვდები, როგორ მოხვდა ამ სიაში, ის ხომ „მათიანია“...
ნამდვილად არ ვიცი, რომელ ქვეყანაში რა ვითარებაა მედიის თავისუფლების მხრივ, მაგრამ საქართველოში რა იყო და რა არის, ვინ ძალადობდა მედიაზე, ვინ მიიტაცა და გააპარტახა, საქართველოში მყოფ ჟურნალისტებზე უკეთ იციან გადამთიელებმა?
საინტერესოა, თუ ასეთი პირუთვნელი და პატიოსანი ორგანიზაციაა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რა თავდასხმებიც იყო მედიაზე, რატომ არ არის შეყვანილი „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ორგანიზაციის „შავ სიაში“ მიხეილ სააკაშვილი? 
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს რამდენი ჟურნალისტი დააშინეს, დააშანტაჟეს, სცემეს, რეზინის ტყვიებით „დაასაჩუქრეს“ და დაიჭირეს, ნეტავ, თუ ჩააღწია პარიზამდე თუ არა, მონპელიემდე მაინც?
სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკური თოქ-შოუები რომ დაიხურა და ზედ მიჰყვა ტელევიზიების დახურვები და დარბევები, ნეტავ თუ ჩააღწია ამ „ძვირფას“ ორგანიზაციამდე? 
სააკაშვილმა მედიაზე შეტევა 2007 წელს გამომცემლობა „სამშობლოზე“ თავდასხმით დააგვირგვინა. იმ შენობაში განთავსებული რედაქციები ისე გამოყარა სპეცნაზის შეჭრით, თვალი არ დაუხამხამებია, ერთია, რომ ნერვებს უშლიდნენ იქ განთავსებული მედია-საშუალებები და მეორეა ის, რომ პრესტიჟულ ადგილზე მდგარი შენობა სათავისოდ უნდოდა _ ამაზე ნეტავ, რამე თუ აქვთ ნათქვამი?
შესაძლოა, ცალყბად რამე წაეკვნესათ, თორემ სერიოზულად რომ ეთქვათ რამე, მაშინ მიხეილ სააკაშვილი „შავი სიის“ თავში უნდა მოექციათ.
ვიტყოდი, „რეპორტიორებს საზღვრებს გარეშე“ შეურცხვეთ სინდის-ნამუსი მეთქი, მაგრამ ფაქტად მიდევს წინ, რომ არც ერთი აქვთ და არც მეორე, ცერცვი ტყუილად რატომღა გავაფუჭო...
არ ვიცი რა ხდება სხვაგან, მაგრამ საქართველოში 2025 წლის მონაცემები მიდევს წინ: ტელევიზია 50; რადიო 40-45; ბეჭდური მედია 25-40; ონლაინ პორტალი 150-250; „იუთუბი“, პოდკასტები და სხვა _ ვერ დავთვლი.
გარდა ამისა, დღეს საქართველოში უმარტივესია ნებისმიერი მედიაპლატფორმის რეგისტრაცია, ილაპარაკე რაც გინდა, პასუხს არავინ გთხოვს. შესაბამისად, სახეზეა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ჩამონათვალიდან, უმეტესობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებაა.
რადგან მუდმივად მოლდოვასა და უკრაინას გვადრიან, მეც მათ მივადგები!
იქნებ, არის და ჯერ არ ვიცი, „შავ სიაში“ მაია სანდუ, როდესაც მოლდოვაში დაიხურა: 10 ტელეკომპანია;
იქნებ ვოლოდიმირ ზელესკიც არის „შავ სიაში“ და ჯერ არ ვიცი, რადგან უკრაინაში დაიხურა არანაკლებ 6 ცენტრალური ტელეკომპანია. 
არც ამერიკელი ჟურნალისტი გონსალო ლირა გახსენებიათ თავისუფალი მედიისთვის ცრუ მებრძოლებს, მხოლოდ ელონ მასკმა დაწერა სოციალურ ქსელ იქს-ზე, რომ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტი მოკლა და მოხვდა კიდეც ახლა თვითონ მედიის მიმტაცებელთა სიაში. გონსალო ლირა ზელენსკისა და ბაიდენის კრიტიკით გამოირჩეოდა. მან გაქცევა ვერ მოასწრო, 2023 წელს ხარკოვში დააკავეს, რუსეთის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი და... აღარ არის მართლისმთქმელი ამერიკელი ჟურნალისტი... 
და ეს ყოვლად უნამუსოები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მედია მიიტაცა, კაცმა რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე, როცა წინა ხელისუფლების ტაშისმკვრელ მედიას ცახცახი ჰქონდა ატეხილი, ყველას დაგვხურავენო, გამოაცხადა, რომ მედიას ათავისუფლებდა მანიაკი დიქტატორის მონობისგან.
როგორც აღმოჩნდა, არ ყოფილან გასათავისუფლებელი, რადგან არც მონები ყოფილან, დიქტატორის ჩვეულებრივი თანამზრახველები აღმოჩდნენ. იმიტომაც ხარობენ დღემდე, როდესაც სადმე რამე უბედურება მოხდება და თუ ვინმე გარდაიცვლება, გაღიმებული ჟურნალისტები გამწარებულ ჭირისუფალს თავს დასტრიალებენ სვავებივით...
მაქსიმალური თავისუფლება მისცა სწორედ ამ „მედიის მიმტაცებელმა“ ბიძინა ივანიშვილმა სვავ-მედიას და ამიტომაც მოხვდა ახლა „შავ სიაში“. 
მე რომ მკითხოს ვინმემ, რაიმე სიაში მაიას სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან გათანაბრებას, ნამდვილად ვამჯობინებდი „შავ სიაში“ გატარებულთა გვერდით დასახელებას, უბრალოდ, რაღაცნაირია, როდესაც ასე უგვანოდ იქცევა რაღაც ორგანიზაცია. 
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აქამდე რაღაც სერიოზული და სამართლიანი ორგანიზაცია მეგონა, რადგან, რისთვისაც მომიკრავს თვალი, სამართლიანი აღნიშვნა-შეფასებები იყო, მაგრამ ახლა, ასეთი მტკნარი სიცრუის შემდეგ, კაპიკიც არაა იმ 120 ადამიანის ფასი.
თუმცა, რაზე უნდა ელაპარაკო ვინმეს, როდესაც ევროკავშირის მიერ დაარსებული ჯილდო, ქართველთმოძულე ანდრეი სახაროვის პრემია, როდესაც ის დააარსდა, 1988 წელს, პირველს ნელსონ მადელას გადაეცა, შუაში 2022 წელს უკრაინელ ხალხს და ამ ბოლოს, გაუზრდელ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს.
თავდაპირველად, შესაძლოა, მართლა სერიოზულად კარგი ჩანაფიქრი ჰქონდათ, აურია სრულიად ევროპამ და ახლა აურიეს რეპორტიორებმაც საზღვრებს გარეთ, ყოველგვარ საზღვარს გასცდნენ და თავი გაინულეს საქართველოში.
კიდევ სხვებმაც მიიტაცეს, მაგრამ დანარჩენ 29-ს სად ვდიო. მართლა რომ იყვნენ „მედიამიმტაცებლები“, ამათი უკვე აღარ მჯერა...
 ესენი ვინ ყოფილან!

 ზურა ოშხერელი