ჰოდა, ალიასკაზე გამახსენდა...

ჰოდა, ალიასკაზე გამახსენდა...

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ალიასკაზე, ანკორიჯში შეხვედრიდან ერთი თვე გავიდა. ამ ისტორიული ფაქტის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. ექსპერტები, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები და ფიზიოგნომისტები კიდევ დიდხანს იმსჯელებენ რუსეთ-ამერიკის პირველი პირების შეხვედრის შესახებ, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და დეტალურად განიხილავენ ყველაფერს _ პრეზიდენტების მისალმებიდან დაწყებული, ბოლო წარბის აწევით დამთავრებული, რა რას ნიშნავდა, რა ითქვა და რა იგულისხმეს, რა შედეგები დადგა და მომავალში რას უნდა ველოდოთ...
ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტში წავაწყდი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ალიასკაზე მოგზაურობის ანგარიშს, სადაც მოთხრობილი იყო, რომ იგი ტრამპთან შეხვედრამდე სიტკისა და ალიასკის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოს ალექსის შეხვდა და მას ორი ძვირფასი ხატი აჩუქა _ ღვთისმშობლის მიძინების და გერმანე ალიასკელის, რომელიც თურმე ამერიკის მფარველი ყოფილა და მისი ხსენების დღე 9 აგვისტოა. 
გერმანე ალიასკელის ხატთან დაკავშირებით შეკითხვები გამიჩნდა. მოვიძიე ინფორმაცია და აი, რა შევიტყვე. ამ წმინდანის ნამდვილი სახელი ერისკაცობაში, ცნობილი არ არის. იგი პეტერბურგში აღკვეცილა ბერად და ვალაამის კუნძულზე ცხოვრობდა.
1793 წელს იგი პირველ მართლმადიდებლურ მისიას შეუერთდა, რომლის მიზანიც ალიასკაზე ჩასახლებულ და აბორიგენ მოსახლეობას _ ალეუტებს შორის მართლმადიდებლობის გავრცელება ყოფილა.
გერმანე ალიასკელი ასკეტურად ცხოვრობდა და 10 000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე მართლმადიდებლად მოუნათლავს, პატრონობდა და ზრუნავდა იმ ალეუტი ბავშვების აღზრდაზე, რომლებიც ობლად დარჩნენ და საბოლოოდ, რუსეთის მართლმადიდებლური მისიის ხელმძღვანელი გახდა.
გერმანე 1969 წელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შეურაცხავს წმინდანად.
თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, მაგრამ პუტინი „ისე, უბრალოდ“ რომ არაფერს აკეთებს, ცნობილია და ამ ჟესტით _ რუსი მართლმადიდებელი მღვდელმთავრისთვის ალიასკის მფარველი რუსი წმინდანის ხატის ჩუქებით, რა მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, მხოლოდ მან იცის და მეტმა არავინ... 
ალიასკაზე გამგზავრებამდე ვლადიმირ პუტინს ტელევიზიით („ვესტი“, 11.08.2025) უნახავს რეპორტაჟი ალიასკელი მარკ უორენის შესახებ, რომელიც ოცი წელია, რუსული „კალიასკიანი“ მოტოციკლით „ურალით“ სარგებლობს. ამერიკელმა რუსული ტელეარხის კორესპონდენტს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესეს, მოტოციკლისთვის სათადარიგო ნაწილების შოვნა უჭირს.
ვლადიმირ პუტინმა დიპლომატების საშუალებით მოახერხა და ალიასკელ მარკ უორენს ახალი მოტოციკლი „ურალი“ გაუგზავნა, რომელიც ინდივიდუალურად მზადდება და მისი ღირებულება 2-2,5 მლნ მანეთს შორის მერყეობს.
პუტინის ეს ჟესტიც რამდენად უანგაროა, ამაზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმე მოსაზრების გამოთქმის საშუალებას ნამდვილად იძლევა:
პუტინს უნდა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ამერიკის მოქალაქეებზეც ისევე ზრუნავს, როგორც საკუთარზე;
მიაჩნია, რომ ალიასკა ისევ რუსეთს ეკუთვნის;
უნდა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ მხოლოდ რუსულ „ურალს“ შეუძლია გაუმკლავდეს ალიასკაზე არსებულ ექსტრემალურ ბუნების პირობებს თუ კიდევ არსებობს რაიმე ვარიანტი, რომელიც აქ არ მომიყვანია?!
მართალია, ის ფაქტი, რომელზეც მინდა მოგითხროთ, ალიასკასთან კავშირში არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთსა და ამერიკას ეხება.
აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციის დროს გამართულ მიღებაზე სტუმრებს სამი კერძით უმასპინძლდებიან. თითოეულ კერძთან სვამენ განსხვავებულ, იმ კერძთან შეხამებულ ღვინოს, რომელიც აუცილებლად ამერიკული უნდა იყოს. 
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს, როდესაც დესერტი შემოიტანეს _ ვაშლის ტერინი, ნაყინით, არაჟნითა და მარილიანი კარამელით, მასთან მისაყოლებლად სტუმრებს მიართვეს ღვინო ძვრიფასი კალიფორნიიდან, ესე იგი, ღვინო რუსული მდინარის ველზე არსებული ვენახებიდან ყოფილა.
კორბელი კალიფორნიული მეღვინეობაა, რომელიც 1850-იანი წლებიდან არსებობს და ათი სახეობის შუშხუნა ღვინოს ამზადებს. რუსული მდინარე კი ჩრდილოეთ კალიფორნიაში იღებს სათავეს და წყნარ ოკეანეში ჩაედინება. მდინარეს სახელი კი იმ დროიდან შემორჩა, როცა კალიფორნია „რუსული სავაჭრო კომპანიის“ საკუთრება იყო.
დასკვნის (დასკვნების) გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია, ძვირფასო მკითხველო.

ბელა გველესიანი