სიყვარულის ლეგენდა

სიყვარულის ლეგენდა

„სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა... და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან“ _ ათქმევინა რომანის პერსონაჟს ნოდარ დუმბაძემ და ძნელია, არ დაეთანხმო, მაგრამ ამ ნიჭის გამო ახალი ნიჭი რომ იფეთქებს ხოლმე, პირადად მე, მთლად სასწაულად აღვიქვამ.
ერთ-ერთი ასეთი აფეთქებაა „მარჯნის ციხე“, ქვის კომპლექსი, რომელიც სიყვარულის ლეგენდაც არის და მეცნიერების თავსატეხიც. ამ ციხის შემქმნელის უპასუხო სიყვარულის ისტორიაზე მე ჩემი ვერსია მაქვს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის, თავსატეხი თავსატეხად რჩება.
1887 წლის 12 იანვარს ლატვიაში, ლიდსკალნინების ოჯახში დაიბადა ბიჭი, ედვარდი და ცხოვრობდა ბედნიერად, სანამ 16 წლის გოგონა არ შეუყვარდა. ამბად დარჩა, რომ შეყვარებულებს დაქორწინება უნდოდათ, მაგრამ გოგონას მამამ შვილს ნება არ დართო და ბოლო მომენტში საცოლე გაიქცა. აბსურდული განმარტებაა _ არ არის ცნობილი გოგონას ვინაობა; რამდენი წლის იყო ამ დროს ყმაწვილი; რა არის „ბოლო მომენტი“; სად გაიქცა“ და ა. შ. რეალობა ის არის, რომ ამ ამბავს „უპასუხო სიყვარულის ისტორია“ დაარქვეს. რატომ იყო უპასუხო, გოგონასაც ხომ უყვარდა...
ასეა თუ ისე, ლეგენდაა თუ სინამდვილე, ამბავი ლეგენდად დარჩა, ედვარდ ლიდსკალნინი კი _ რეალურ ამოუცნობ ფენომენად.
ჯერ კიდევ საბჭოთა მოქალაქეები ვიყავით, როდესაც საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ვიზმა ჩაკსმა გვიამბო სუფრაზე, სიყვარულის სადღეგრძელოს დროს ედვარდის ამბავი და აგერ ახლა ვნახე სრულიად შემთხვევით ედვარდისა და მისი ამოუცნობი შედევრის ფოტოები. ვიფიქრე, რომ თქვენც დაგაინტერესებდათ და ამიტომ გავიხსენე ეს ამბავი. 
სუსტი ჯანმრთელობის მქონე მიტოვებული შეყვარებული ედვარდი ლატვიას გაერიდა და საკუთარ თავში ჩაიკეტა, მხოლოდ მეცნიერებებით, ასტრონომიით, ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლითა და მუდმივი ხეტიალით ერთობოდა. უცხვირპირო ედვარდი, რომელიც არც კი ესალმებოდა არავის. საბოლოოდ ფლორიდაში დასახლდა და საკუთარ ნაკვეთში, ღამღამობით, ისე, რომ არავის ედევნებინა თვალ-ყური, რაღაც მშენებლობა წამოიწყო. ადგილობრივებმა მას „ქვის ჯადოქარი“ შეარქვეს, რადგან ამტკიცებდნენ წარმოუდგენელს, თითქოს, ღამით, როდესაც მთვარე გამოჩნდებოდა, ეს პატარა, სუსტი აღნაგობის კაცი ქვის უზარმაზარ ლოდებს ისე ამოძრავებდა, თითქოს ჰაერში ლივლივებდნენ. ზოგი ამბობდა, რომ ესმოდათ, როგორ მღეროდა ედვარდი ქვების ლივლივის დროს უცნაურ ენაზე. ბავშვები ამბობდნენ, რომ ედვარდი ქვებს ალაპარაკებდა, ასაკოვანი ადამიანები კი, ვერ ხსნიდნენ, რას ამბობდა, მაგრამ აღნიშნავდნენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ღმერთებს შეეძლოთ. თვით ედვარდი ამბობდა, რომ აღმოაჩინა მცირე მაგნიტური ნაკადების საიდუმლო. მისი თქმით, ყველა ნივთში იმალება უხილავი ძალა, რომელიც შეიძლება აიძულო, რომ იმოძრაოს. შესაბამისად, ზოგი ფიქრობდა, რომ დაკარგული ატლანტიდის ცოდნა აღმოაჩინა, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ ეგვიპტური მაგიის გასაღები აღმოაჩინა და მის კვალს გაჰყვა.
როდესაც ედვარდის ამბავი გახმაურდა, ცნობისმოყვარეების გარდა, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ მასთან მეცნიერები, მკვლევარები, არქიტექტორები და ძალზე დიდ თანხას სთავაზობდნენ საიდუმლოს გამხელის სანაცვლოდ, მაგრამ ამაოდ. ცხოვრობდა ედვარდი თავისთვის, განმარტოებული საკუთარი ე. წ. კოშკის მეორე სართულზე და არავის აძლევდა შიგნით შესვლის უფლებას.
როდესაც მშენებლობა დაასრულა, ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე, ედვარდმა გზა გაუხსნა ტურისტებს. ბსოლუტურად აუხსნელი იყო ყველასთვის, რანაირად შეძლო გამხდარმა, მეტრ-ნახევარი სიმაღლის პატარა კაცმა სრულიად მარტომ ჯერ მხოლოდ მშენებლობის წამოწყება-დასრულება და სულაც, ამხელა მასიური ქვების გადაადგილება ყოველანაირი ტექნიკის გარეშე. ედვარდს მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა: „მე პირამიდების საიდუმლოებები გავხსენი და გავიგე, როგორ ახერხებდნენ ეგვიპტელები და აზიის უძველესი მშენებლები პრიმიტიული იარაღების დახმარებით მრავალტონიანი ქვის ბლოკების აწევასა და დამონტაჟებას.“
როგორც აღწერენ, უზარმაზარი ქვები, რომლითაც შიდა ეზოს გარშემო კედლებია აგებული, ერთმანეთზე ცემენტის გარეშეა დაწყობილი. ისინი, როგორც ეგვიპტის პირამიდებში, იდეალურად არის მორგებული ერთმანეთზე.
ქვის კარი 9 ტონა ყოფილა, მაგრამ თითის შეხებით ბრუნავს. ვინც ის თითის შეხებით შეაღო, ყველას შეგრძნება გაუჩნდა, რომ ქვის კარში თითქოს რაღაც იდუმალი და შეუცნობელი ძალა იმალება.
ე. წ. ციხე-კოშკის კედლებზე და ქვის კომპოზიციებში ასახული ყოფილა ვარსკვლავების სქემა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ედვარდი სამყაროს საიდუმლოებებს კითხულობდა.
სხვადასხვა „პოზაში“ დადგმული ქვის სკამები და ტახტები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს იქ რაღაც სხვა, უხილავი სამეფო არსებობს, რომელიც გარეშე თვალისთვის უხილავია. 
ტერიტორიაზე ბევრი უჩვეულო, ქვისგან დამზადებული ნაგებობა ყოფილა, მათ შორის მარსისა და სატურნის ქვის სკულპტურები, რომელთაგან თითოეული 18 ტონაა, ხოლო მთვარის სკულპტურა 30 ტონა ყოფილა. იქვეა უნიკალური საათი, რომელიც დროს ზუსტად აჩვენებს, მაგრამ ისიც ქვისაა და მას ორი წელი ქმნიდა ედვარდი...
ედვარდ ლიდსკალნინი 1951 წელს გარდაიცვალა საკუთარი ციხე-კოშკის სასტუმრო ოთახში. მის „მარჯნის ციხეს“ დღემდე არ აკლია მნახველი, რომლებიც ცდილობენ, როგორმე ამოხსნან ის, რაც ამოუხსნელია _ რანაირად შეძლო სუსტმა, ავადმყოფმა კაცმა იმაზე მეტი, რაც ტექნიკასაც კი უჭირს.
მარჯნის ციხე ტრაგიკული სიყვარულის მატერიალურ ძეგლად რჩება, მაგრამ რეალურად დაკარგული ცოდნის ის საიდუმლო კარიბჭეა, რომელში შეჭვრეტაც კი წარმოუდგენელია. როგორ და რანაირად გაცხადდება ეს საიდუმლო, არავინ იცის, მაგრამ აშკარაა, რომ როცა გაცხადდება, კაცობრიობა არა მხოლოდ გრავიტაციის შესახებ გაიგებს სიმართლეს, არამედ კიდევ ბევრ ამოუცნობს აეხდება ფარდა.
ისე კი, რა საინტერესოა, სად სიყვარული, ადამიანური გრძნობა და სად გრავიტაციის დაფარული საიდუმლო...
გრავიტაციის გამო პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ, მაგრამ სიყვარულით გულდადუთქულმა ადამიანმა გრავიტაცია ხელში ჩაიგდოს და საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენოს? _ ეს არც ნიჭია და არც აღმოჩენა, ეს დაშვებაა. გრავიტაცია, რომელიც ყოველთვის და მუდმივად არსებობს, რაღაცის გამო სწორედ ედვარდზე გადმოვიდა, მაგრამ რატომ, რა გამოტყორცნა მოხდა და რის გამო? ვფიქრობ, საძიებელი ეს არის, ისევ გრავიტაციაში და არა ედვარდში, რადგან იმ დროს და იმ ადგილზე, ნებისმიერი „ედვარდი“ შეიძლებოდა, რომ აღმოჩენილიყო...

მაკა ჯაყელი