ლამაზი რევოლუცია

ლამაზი რევოლუცია

ტრამპმა თქვა: “სამართალდამცველებს ვუთხარი, თუ აქციის მონაწილეები შეაფურთხებენ, აღარ მოითმინონ. როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. წინა ადმინისტრაციის დროს ვერაფერს აკეთებდნენ, როცა აფურთხებდნენ. ამას უმეტესად დაფინანსებული ქალი აგიტატორები აკეთებენ.”
ტრამპს რა ჰგონია, „აქლემების დამცველთა საზოგადოება“ ვერ უჩივლებს? აქლემი იმის აქლემია, რომ აღშფოთებულმა უნდა იფურთხოს და შეძლებისდაგვარად, ტლინკები გასტყორცნ-გამოსტყორცნოს.
 ნამდვილად არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი საზოგადოება, მაგრამ ისეთი საზოგადოება თუ არსებობს, სადაც ქალები არა მხოლოდ იფურთხებიან, გაუპატიურებითაც ემუქრებიან პოლიციელებს, „ფურთხია აქლემთა დამცველი საზოგადოებაც“ რომ არსებობდეს, რატომ იქნება დაუჯერებელი? 
„საერთო გაზეთი“ ორი წლის უკან, პირადად ჩემი ხელით დაწერილი სიტყვებით საუბრობდა ორგანიზაცია „ანტიფას“ შესახებ და, ცოტა არ იყოს, არ მომწონს, ახლა ტრამპმა რომ წამოიწყო „ანტიფაზე“ მკაცრი საუბარი, მას აჰყვნენ „ჩვენებიც“ _ რაო, ტრამპმა თუ არ დაარტყა ბეჭედი, ისე ინფორმაციის ყურად ღება და ხმის ამოღება აკრძალულია?
პატივს ვცემ ბატონ შალვა პაპუაშვილს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები რომ წლებია, გავიძახით, რადიკალიზმის ხელშეწყობა უნდა შეწყდეს, სამართალმა უნდა იზეიმოს, რადგან ხვალ ის ტერორიზმად მოგვვევლინებაო, არაფერს ნიშნავდა და ტრამპის ერთი ფრაზით დევიზად იქცა? ბატონი შალვასივე სიტყვებია, რუსულ ცენტრს იმიტომ არ დავსხლტომივართ სისხლის ფასად, რომ ქედზე ბრიუსელი მოგვაჯდესო და, საკუთარ ნათქვამში ხომ არ იხლართებიან ჩვენი პატივცემულები?
აშშ-ის საგამოძიები კვლევითი ცენტრი „კაპიტალი“ წერს, რომ მიაკვლიეს 400 ათას დოლარს, რომელიც მინესოტას შტატის არეულობისას დაიხარჯა აქტივისტების გადამზადებასა და სახელმძღვანელოებზე. დოკუმენტებში გზამკვლევები აღმოუჩენიათ, რომელიც ასწავლის დაინტერესებულ პირებს, როგორ უნდა გაანადგურონ კერძო საკუთრება. ჩვენ, აქ, დედა-გიულის „ფრანკლინის კლუბიდან“ დაწყებული, ყვაჭიჭა ბაყაყის „ჩემი „იგი“ ჩემიას“ კლუბით დამთავრებული, ყველანაირი გადამზადებული „იგინი“ გვყავს საქართველოს ასარევად და რა უკვრთ ჩვენებს მაინც? 
აგერ ახლახან ახალი ვიღაცები გამოტყვრნენ, ალბათ, „ლამაზი რევოლუცია“ ჰქვია მათ სექტას.  გაურკვეველი წარმოშობის ასაკოვან ქალთა ნაკრები გამოენთო და, ჩვენ ვიწყებთ ლამაზ რევოლუციასო. ჩემი კბილა ქალები არიან, მაგრამ არანაირად არ მეცნო ერთი მაინც და გავიკითხე, ვინმეს ვინმე ხომ არ გეცნობათ-მეთქი. ნწუ-ო. ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კრიმინალების ოჯახის წევრები არიან, _ ძუნწად მომიგდო ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ნაცმეზობელმა ნანულიმ. მისი ცივი და ძუნწი პასუხი გამიკვირდა, ამიტომ ჩავეკითხ-ჩავეძიე.
ისე მოხდა, რომ ცქრიალა ნანულიმ ოჯახი ვერ შექმნა. ვერც ფაუნის წარმომადგენლები შეიყვარა, ვერც ბავშვების სიყვარულით დაიკვეხნის _ „ლენინი და ბავშვები სჭირს“ _ „ბავშვებს უყვარდათ ლენინი, ლენინს ფეხებზე ეკიდა“.  ჰოდა, აი, ეს ნანულიც კი აღშფოთებული გამენდო „ქოცს“, რომ ამ ქალმა თქვა, შვილიშვილებს მოვიყვანთ 4 ოქტომბერს ლამაზ რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებადო. ბორგავდა ნანული, უმწეო ბავშვები და მოხუცები წინ როგორ უნდა აიფარო, შე ნაძირალა, თუ შნო გაქვს, შენ წადი წინო. 
პირადად მე, დიდად არ ვწყალობ ნაცშპანას, ამიტომ ვინ ვისი რა არის, ან საერთოდ, ვისი ვისაშია, არ მაინტერესებს, ამიტომ ბევრ ვინმეზე ბევრი რამე არ ვიცი _ ჰოდა, ვიღაც მამუკა ჯუღელიც გამომტყვრალა ნაცოხნი სიმინდის ნაქურჩალიდან, აგერ, ბატონო სია, ვინ უნდა მოვკლათ ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, რომ გვეშველოსო.  კიდევ არაერთი ჩემთვის სიახლე მითხრა შეფიქრიანებულმა ნანულიმ და ბოლოს დააყოლა, როდემდე უნდა ვიყოთ ასეო?
ჩემი ასაკის ნანულის ერთხელ უკვე შესწრებული ძმათამკვლელი ომის კონტურები ელანდება და მსგავსის განმეორება აშინებს, მაგრამ მისივე თანაპარტიელ ლაწირაკებს სისხლიანი დაპირისპირება რომ რომანტიკად ჩაუდეს თავში, იმათ ხომ შემაკავებელი საგდული აგლეჯილი აქვთ... 
ცუდ რამეს ვიტყვი, ამასთანავე, არაპოპულარულს, მაგრამ ასე ვფიქრობ და არ დავმალავ _ ვინც მართლა გამოიყვანს ბავშვს ძალადობრივ აქციაზე, მას უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლებაც და ბავშვიც, რადგან ის მას ადამიანად ვერ გაზრდის ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონვე ამტკიცებს მხოლოდ ერთ რამეს _ ბავშვი მის ხელში მოტიტინე სათამაშო იარაღი ყოფილა და არა სათუთად გასაზრდელი და სრულფასოვნად აღსაზრდელი შვილი!
მხოლოდ შვილისა და შვილიშვილის კი არა, ნებისმიერი ბავშვის წინ ამფარებელი ადამიანი, მით უფრო, ქალი, პირადად ჩემთვის, ზნედაცემულობის უმაღლესი გამოვლინებაა!
შევხედე ამ ე. წ. ქალებს და მივხვდი, რატომ არიან ის ბიჭები, მათი ოჯახის წევრები მსჯავრდებულები _ სხვანაირად ვერც იქნებოდა...
ახლა ეს ქალები თავიანთი მოკლე ჭკუით, ამ „ლამაზი რევოლუციის“ გამოცხადებით რას აკეთებენ, ნეტავ, თავიანთ გაგებაში რა და როგორ წარმოუდგენიათ?
სოცქსელში ერთი ქალბატონის მკვახე-მკვახე კომენტარებს გადავაწყდები ხოლმე _ გვარის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთხანს მამალი ნაცი მეგონა, მერე კი მივხვდი, რომ მესამე ძალა ყოფილა, ის მესამე, რომელიც ოფიციალურად ვერ იბადება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დაბადება ხელოვნური გზით დალაგებულ ჰარმონიას არევს. ამაზეც მიფიქრია _ იქნებ, მართებულიცაა, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან არეული უნდა დალაგდეს, რომ მთლად არ აირიოს ისედაც არეული ყველაფერი...
ეს იმ ხალხის აზრია, რომლებიც, მრავალთა მსგავსად, ხმას „ქართულ ოცნებას“ კი არ აძლევენ, არამედ ხმას აძლევენ ნაცების წინააღმდეგ. ასე რომ, „ქართული ოცნება“ თავს იტყუებს, თუ ჰგონია, რომ 1,2 მილიონი თავისი სუფთა ამომრჩეველი ჰყავს...
ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ ჩლუნგი დედაკაცებისგან იქ მიყვანილ რომელიმე ბავშვს რამე დაუშავდეს, თორემ ოხრად დაგრჩებათ ნაჭამიც და ჯერ ვერშეჭმულიც...“
„ხელისუფლების ბრალია, რაც ხდება და კეთილი ინებოს, მიხედოს ახლა, ფრთხილად, ძალიან ფრთხილაად... რევოლუციით მხოლოდ მტრები ისარგებლებენ... რისი გაკეთებაც სურთ, აჟღერებენ, ხელისუფლებამ კი მიიღოს ზომები, ამდენს არ უნდა „უტარებდნენ.“
„ამ ვითომ პოლიტიკოსებმა წინ ის მოდღავილე დედაკაცები აიფარეს, ქვასროლია ბიჭები და გოგოები რომ დაზარდეს. ბებერი, მარაზმატიკი მომღერალი და მასზე აკიდებული დედები თუ ბებიები შვილებსა და შვილიშვილებს რომ იფარებენ, მეშინია, ვინმე არ მოკლან ამ დებილების ფონზე, თორემ დასაკვირვებლად საინტერესო არიან ეს მუტანტები.“
„უკვე მეც ვნერვიულობ... ვაი, „ქოცების“ ბრალი გაცოფებული ხალხის ხელში, თუ გონზე არ მოვლენ!“
„ხალხის გასაყრელი გახდებიან ეს ალქაჯები!“
„რა კარგია, ხალხმა აკეთოს ხელისუფლების გასაკეთებელი და ხელისუფლებამ ინარნაროს, თან სულში გვაფურთხოს?“
ხელისუფლება და კიდევ ერთხელ ხელისუფლებაა ყველაფერში დამნაშავე! არანაირი ბრალი ოპოზიციას! დიახ! ისინი ტერორისტები და ქვეყნის მტრები არიან! ხალხს რაც შეეხება, ხალხმა აირჩია ხელისუფლება, ჯარი, პოლიცია, უშიშროება, სპეცნაზმი მათ ხელშია და კეთილი ინებონ და მიხედონ, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში აკეთებს თავმოყვარე ხელისუფლება!“
უამრავი იგივე აზრის მატარებელი ადამიანის პატარ-პატარა ტექსტია, ყველას ხომ ვერ მოვიტან მაგალითად, მაგრამ „გურამ შარაძის საზოგადოების“ მიერ გამოთქმულ აზრს გვერდს ვერ ავუვლი: რომ ვაკვირდები ქუჩაში დარჩენილ ჯოგს, სულ ჩამოთესლებული, ბავშვობაგამწარებული, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის დუჟმორეული, უცხოელების ფულზე დაგეშილი და მსუყედაც გადახდილი, კომუნისტების დროინდელი ანონიმშიკების შთამომავალი, ქაჯი და უწიგნური „ბავშვები“ დაძრწიან. „სტაროსტებს“ კი ხედავთ - დენიკინის დროის მეძავებს. 99%-ზე ვამბობ და არ დამიწყოთ აქ ხოხბებზე ლაპარაკი კომპლექსიანმა ქაჯებმა. ჯერ დაამტკიცეთ, რომ ზემოაღნიშნული თვისებები არ „გაკვდებათ.“
ნამდვილად რაღაც უცნაური ფონი იქმნება _ კაცებს დავეძებ სანთლით და კაცებს ვერ ვპოულობ, მათ ნაცვლად უპატრონო ქალთა სქესი მხვდება ხელში. ყველა ქალს გაუმარჯოს, მაგრამ ქალს და არა ქალის მსგავს არსებას _ ქალებსაც რომ ვეღარ ვპოულობ?
 არ მახსოვს, რომელი ტელევიზიის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი იყო _ რომელიღაც ღამის კლუბში, ისეთში, მხოლოდ „ძალიან სვეცკები“ რომ იკრიბებიან და იწლარწებიან, უკვე მძაფრ განცხრომაში რომ იყვნენ, „ნაზი სიმების“ ნაცვლად, მოულოდნელად „შალახო“ ჩართეს და ეს ძაან-ძაან „სვეცკები“ რომ წამოხტნენ საცეკვაოდ, მენჯების ჩაშლამდე იცეკვეს _ ვერ მიხვდნენ, როგორ ლამაზად „დააგოიმეს“. ასეთია დღევანდელი „შიგევროპელის“ ნამდვილი სახე, რომელიც ხვალ „ლამაზი რევოლუციის“ მოწყობას გვპირდება.
სიმართლესთან ახლოს არის ჩემი მეგობრის სიტყვები: „ესენი თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ალბათ, ბევრი ტერმინოლოგია და იურიდიქციაში დამკვიდრებული განმარტება შეიცვლება.
ასე, მაგალითად: გაუპატიურება - არ ჩაითვლება გაუპატიურებად, თუ მოძალადე იტყვის, რომ „ნაზად გააუპატიურა“. მკვლელობა - არ ჩაითვლება მკვლელობად, თუ მკვლელი იტყვის, რომ „მშვიდობიანად მოკლა“. ყაჩაღობა - არ ჩაითვლება ყაჩაღობად, თუ ყაჩაღი იტყვის, რომ „სათუთად დააყაჩაღა“. ქურდობა - არ ჩაითვლება ქურდობად, თუ ქურდი იტყვის, რომ „ტიროდა, როცა იპარავდა“. სახელმწიფო გადატრიალება - არ იქნება დანაშაული, თუ იტყვი, რომ არის „ლამაზი რევოლუცია“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მოკლედ, ერთი სული მაქვს, როდის დადგება 4 ოქტომბერი, რომ ამათ გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა სამართავად! გაიხარე, მუშავ წამებულო, დადგა დროი სანეტარო!“
რა მოცემულობასაც ვერ შევცვლით ის არის, რომ ახლა უკვე 4 ოქტომბერს გამოცხადებული „მშვიდობიანი დამხობისა“ და „ლამაზი რევოლუციის“ უკან ის ჯგუფები დგას, რომელთაც მცირედი შეგრძნებაც კი არ აქვთ ცნება „სამშობლოსი“. ამ გაცხადებული „სიკვდილის ქრონიკის“ მიღმა ნაცმო და ყველა ის პარტიული სექტა დგას, რომელიც რეალურად, ნაცმოს განაყარია.
სიმართლე რომ ვთქვა, აინუნშიც არ ჩავაგდებდი ამ უთავო ქათმების გამოხდომებს, მაგრამ, რადგან ახალგაზრდები ჰყავთ წინა პლანზე გამოყრილი და ახლა უკვე უწლოვანი ბავშვების გამოყენებსაც აპირებენ სარევოლუციო მასალად, ვეღარ გავჩუმდი!
 დაცვა ჩვენ, ხალხს კი არა, ახალგაზრდებსა და ბავშვებს სჭირდებათ!
ამჯერად მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, იდეაში „ლამაზი რევოლუციის“ მომწყობები, რეალურად, გამოცხადებული ტერორისტები, ლამაზად იზოლირებულები რატომ არ უნდა იყვნენ ლამაზ ადგილზე, ხედით თბილისზე, ბოლო-ბოლო, ტრამპმა თქვა, რომ ეს სწორი იქნება!..

ზურა ოშხერელი