ჯვარი ერთადერთი კიბეა, რომელსაც ზეცაში ავყავართ
რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ფილოლოგი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილია. მისი მრავალმხრივი ნიჭი და შემოქმედება სამყაროსავით ამოუცნობია. ზაზა შათირიშვილი იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს და მოღვაწეობს, მაგრამ სულ სხვა სამყარო ასულდგმულებს. სწორედ ამით იწვევს იგი საზოგადოების დიდ ინტერესს. ბავშვობიდან მისი მთავარი „გასართობი“ წიგნების კითხვა და ფეხბურთი იყო. როგორც თავად ამბობს, ოთარ იოსელიანის თბილისში დაიბადა და გაიზარდა, რომლისგანაც დღეს აღარაფერი დარჩა. მისთვის სამშობლო, უპირველესად, ქრისტიანული კულტურაა. ცხოვრების მთავარი ამბავი კი ზაზა შათირიშვილისთვის 37 წლის ასაკში გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა.
რითი ერთობოდა ბავშვობაში, რატომ შეიტყო აფხაზეთის ომის დაწყების შესახებ მესამე დღეს, სად შედგა პირველი პაემანი, როგორ აღმოჩნდა ბარაკ ობამას მეზობლად, რატომ გადაწყვიტა კათოლიკე გამხდარიყო, ამ და სხვა თავსგადახდენილ ამბებზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი თავად გვიამბობს:
„დინამო“ და წიგნები
გამორჩეული არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ როგორც ყველა ბავშვს, მეც ლაღი, უდარდელი ბავშვობა მქონდა. ჩემი ბავშვობა ორ ძირითად რამესთან ასოცირდება, ესაა ფეხბურთი და წიგნები. მაშინ „დინამო“ პოპულარობის ზენიტში იყო _ 1976-წლიდან 1982 წლამდე უძლიერეს გუნდად ითვლებოდა და იმ პერიოდის ბავშვები მისით შეპყრობილნი ვიყავით. დავით ყიფიანი ჩემთვის კერპი იყო. ასე რომ, ბავშვობა, ახალგაზრდობაც, 10-16 წლამდე პერიოდი, ფეხბურთის ცქერით და წიგნების კითხვით მახსენდება.
ასევე, ტკბილად მახსოვს პერიოდი, როცა არდადეგებზე დასასვენებლად ორთვე-ნახევარი ბორჯომის რაიონში სოფელ ახალდაბაში მივდიოდით. გაგეცინებათ, მაგრამ თავს იქაც ფეხბურთით და წიგნებით ვირთობდი. ყველა რაიონულ ცენტრს თავისი ფეხბურთის გუნდი ჰყავდა, ახალდაბის გუნდი ხან ბორჯომის გუნდს ეთამაშებოდა, ხან ახლომახლო სოფლებისას, ყველა თამაშს ვესწრებოდი.
საფეხბურთო
„კალენდარი“
ფეხბურთელობა არასდროს მინდოდა, რადგან საშუალო დონის მოთამაშე ვიყავი. ბავშვობაში ბევრს ნაყინის გამყიდველობაზე, ზოგსაც მეხანძრეობაზე უოცნებია. ასეთი ბავშვური ოცნებები არ მახსენდება. ოცნება, მომავლის დალაგების სურვილი მოგვიანებით გამიჩნდა. პროფესიაზე სერიოზული ფიქრი მე-9-10 კლასიდან დავიწყე. იყო პერიოდი, როცა რეჟისორობა მინდოდა, საბოლოოდ, ჰუმანიტარული სფერო ავირჩიე და კლასიკურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე. აქ დიდი მნიშვნელობა ანტიკური ენების შესწავლას და კლასიკური ტექსტების კითხვას ენიჭება. დღემდე მადლიერი ვარ ჩემი პედაგოგების. რისმაგ გორდეზიანთან ჰომეროსის „ილიადას“ გავდიოდით, თინა ყაუხჩიშვილთან _ ჰეროდოტე ჰალიკარნესელის „ისტორიას“, თინა გიორგობიანთან ქსენოფონტეს „ანაბასისს“... სტუდენტური წლები ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
მეხსიერება საოცრად სუბიექტური სფეროა. ვიცი, რას ვაკეთებდი, როცა ერთი-ორი წლის ვიყავი, მაგრამ, ჩამოყალიბებული სახით საკუთარი თავი ათი წლის ასაკიდან მახსოვს _ როცა რაღაც სუბიექტი ხარ და დროს მეტ-ნაკლებად, ფლობ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დროს როცა ფლობ, შენი საკუთარი, შინაგანი კალენდარიც გაქვს. მეორე მხრივ, ჩემი „კალენდარი“ მეტწილად საფეხბურთო სეზონებზე იყო დამოკიდებული. 1976 წლიდან 1982 წლამდე, უკვე საფეხბურთო კალენდარი მქონდა. 1983 წელი „დინამოსთვის“ კატასტროფული იყო. ფაქტობრივად, ამის შემდეგ დავით ყიფიანმა ფეხბურთის თამაში დაასრულა. მეც მერე „დინამოს“ თამაშებს იშვიათად ვუყურებდი.
ახლა ბავშვებს უამრავი სათამაშო აქვთ, ამის ნაკლებობა არც საბჭოთა კავშირში იყო. დედ-მამას ხშირად უწევდათ მივლინებით ხან მოსკოვში, ხან ლენინგრადში, ხან ნოვოსიბირსკში ყოფნა. ძალიან კარგად მახსოვს ბავშვობის დაუვიწყარი შთაბეჭდილება, როცა ერთმეტრიანი წყალქვეშა ნავი ჩამომიტანეს. ბევრი კარგი სათამაშო არსებობდა, ოღონდ სხვა ტიპის. მაშინ ინდუსტრიული ეპოქა იყო და სათამაშოებს ძირითადად გემები, ტრაქტორები, ტანკები, ესკალატორები შეადგენდა. კომიქსები არ იყო.
სხვათა შორის, ზოგი ბავშვი კითხვას ადრეულ ასაკში სწავლობს. მე კითხვა ნული კლასიდან დავიწყე. დამოუკიდებლად რაც წავიკითხე, ჩემი პირველი წიგნი იყო იაპონური ზღაპარი ურასიმა ტაროს თავგადასავალი. ანუ, კითხვა 7 წლის ასაკიდან დავიწყე, მაგრამ 10 წლიდან, უკვე შემიძლია ვთქვა, რა პერიოდში რომელი წიგნი წავიკითხე. მაგალითად, რუსულ ენაზე ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ 13 წლის ასაკში წავიკითხე.
„გამოუსწორებელი“
ფრიადოსანი
სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, „გამოუსწორებელი“ ფრიადოსანი ვიყავი, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. საინტერესო ის იყო, რომ ვცდილობდი, გაკვეთილები რაც შეიძლება სწრაფად მომემზადებინა, რათა მერე წიგნის კითხვის დრო დამრჩენოდა. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა, მაგრამ ძალიან კარგად გამომდიოდა ქართულში თავისუფალი თემების წერა. კარგად ვსწავლობდი ისტორიასაც. მათემატიკაზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ მაგალითებს ძალიან ადვილად ვიყვანდი. მეზობელი მყავდა კარგი მათემატიკოსი და ის მეხმარებოდა-ხოლმე. მეუბნებოდა, მაგალითების გამოყვანა მშვენივრად გამოგდისო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ მათემატიკური ნიჭი არ მქონდა. მუსიკა საოცრად მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ სმენა არ მქონდა, ამიტომ მუსიკაზე არასდროს მივლია. მიუხედავად ამისა, კარგი მუსიკალური მეხსიერება მაქვს, 9-10 წლიდან აკადემიურ მუსიკას ვუსმენ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ბორხესია. სამი მთავარი წიგნი ჩემს ცხოვრებაში არის: ბიბლია (ბერძნულ და ინგლისურ ენებზე), თომა აკვინელის „სუმათეოლოგიის“ კლასიკური ოთხტომეული ლათინურ ენაზე, ინგლისური თარგმანის პარალელური ტექსტით, აი, მესამე წიგნის დასახელება კი, უკვე პრობლემაა _ ან ტოლსტოი ან დოსტოევსკი, ან „ომი და მშვიდობა“, ან „ძმები კარამაზოვები“. ბიბლიის მერე დოსტოევსკი ჩემს შინაგან ბუნებასთან ყველაზე ახლოსაა, მისტიკოსებს თუ არ ჩავთვლით.
მშობლებს ხშირად დავყავდი თეატრში, ბავშვობიდან ბევრი კარგი მსახიობი მახსოვს: ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ვასაძე, ბუნდოვნად მახსოვს სერგო ზაქარიაძე. მისი მონაწილეობით ნანახმა სპექტაკლმა „ჭინჭრაქამ“ ბავშვობაში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ქრისტიანულ
პლატონიზმში მყოფნი
როგორც ვახსენე, კლასიკური ფილოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, მერე ისე მოხდა, რომ ასპირანტურაში გადავკვალიფიცირდი. ყველაფერი ლოგიკურად მოხდა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. თავიდანვე მაინტერესებდა წმინდა მამების პერიოდი, განსაკუთრებით, კაპადოკიელი მამები _ ბიზანტიელი ქრისტიანი იერარქების, თეოლოგებისა და ბერების სამეული, რომელთაც ხელი შეუწყვეს როგორც ადრეული ქრისტიანობის, ისე ბერული ტრადიციის ჩამოყალიბებას: ბასილი დიდი _ კეისარიის ეპისკოპოსი, მისი უმცროსი ძმა გრიგოლ ნოსელი _ ნისის ეპისკოპოსი და მათი ახლო მეგობარი გრიგოლ ღვთისმეტყველი _ კონსტანტინეპოლის პატრიარქი. დიპლომი 1988 წელს დავიცავი. ფილოსოფია და თეოლოგია ერთი დარგია. ფილოლოგიც უნდა იყო და ფილოსოფოსიც, სხვაგვარად ანტიკურ ტექსტებზე მუშაობა შეუძლებელია. აღმოჩნდა, რომ ქრისტიანული პლატონიზმიდან მოყოლებული, დღემდე ამ ქრისტიანულ პლატონიზმში ვიმყოფებით. ადრე თუ უფრო მეტს კაპადოკიელი მამების შესახებ ვკითხულობდი, დღეს უფრო ნეტარი ავგუსტინეს „აღსარებანი“-ს ვკითხულობ. თანამედროვე ფილოსოფიასაც ვეცნობი, ასევე, ლიტერატურულ ტექსტებს, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 60-იან წლებამდე _ გოეთედან დაწყებული, ტომას სტერნზ ელიოტით დამთავრებული. ასევე, საინტერესოა „უპანიშადები“ _ ფილოსოფია და მისტიკა ერთდროულად. „ბჰაგავადგიტა“, „შანკარა“, ბუდისტური ტექსტები.
ბარიკადებზე
ჩემი სტუდენტობის პერიოდში სოციალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით საინტერესო არაფერი ხდებოდა. ასპირანტურაში ჩაბარების პერიოდს დაემთხვა „ეროვნული მოძრაობის“ გააქტიურება. ამიტომ, ან ქუჩაში ვიყავი ან ბიბლიოთეკაში. ეს ორი სამყარო, როგორც ჰარი პოტერშია, ძალიან კარგად მახსოვს. ერთი იყო მიტინგები _ აქციებზე აქტიურად დავდიოდი, როგორც რიგითი ქართველი, თბილისელი. როგორც იტყვიან, ყველანი ბარიკადებზე ვიყავით. მეორე იყო ტექსტების ბერძნულად კითხვა ბიბლიოთეკებში. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა, დამოუკიდებლობა მივიღეთ და გადავედით 90-იან წლებში, რაც ყველას გვახსოვს, როგორც უშუქობა, უწყლობა, უგაზობა. შემდეგ იყო აფხაზეთის ტრაგიკული ომი, სოხუმის დაცემა. 1993 წლის 27 სექტემბერი, დღემდე მახსოვს, როგორც სრული აპოკალიპტური მომენტი.
დედა და
აფხაზეთის ომი
მამა _ აივენგო შათირიშვილი ბიოლოგი, გენეტიკოსია, ამჟამად ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასწავლის, პარალელურად, გამოცდების ცენტრში მუშაობს. დედა _ იზა ჭუჭულაშვილი ასევე ბიოლოგი, გენეტიკოსი, პროფესორი იყო, 1992 წელს ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა. პროფესიის არჩევაში დედ-მამის კვალს არ გავყევი და ჰუმანიტარი _ ფილოსოფოსი, კლასიკური ფილოლოგიის გამოცდილებით, გავხდი. დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა სოხუმის ომი დაიწყო. ამიტომ ომის დაწყების შესახებ მეორე-მესამე დღეს შევიტყვე. დედ-მამასთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორც ეს ნორმალურ, ინტელიგენტურ ოჯახს შეშვენის. აქვე უნდა ვახსენო ბებია, რომელმაც ჩემს აღზრდაში აქტიური მონაწილეობა მიიღო _ ფაქტობრივად, ბებიას აღზრდილი ვარ, რადგან, როგორც გითხარი, დედ-მამა გენეტიკოსები იყვნენ და ხშირად მივლინებებში ყოფნა უწევდათ. ბებია ძილის წინ ზღაპრებს მიკითხვდა. იგი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედას, ბებიას, ორივეს დიდი სიყვარულით ვიხსენებ, არ ვიცი, რომელი უფრო მიყვარდა, შეიძლება ითქვას, რომ ორი დედა მყავდა. ბებიას დარიგებებიდან კონკრეტულს ვერაფერს გამოვყოფ, უფრო საქციელები მახსოვს, ხანდახან უთქმელი რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია.
პროფესიის პროფესია
რადგან ათი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძალიან ბევრს ვკითხულობდი ბერძნულ-რომაულ ლიტერატურას. მოგვიანებით ფილოსოფიით დავინტერესდი და პლატონის კითხვა დავიწყე.
მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: ფილოსოფია პროფესიის პროფესიააო. თან პროფესიაა და თან _ არა. პლატონის თქმით კი, ფილოსოფია თითოეულ ადამიანშია. ფილოსოფია არის ის სხივი თუ ნათელი, რომელიც ჩვენში დარჩა, როცა ზეციდან ჩამოვვარდით. სული ზეცაში იყო, ჩამოვარდა, მაგრამ ის სხივი დარჩა.
გაფუჭებული ტელევიზორი და პირველი პაემანი
მეუღლე ნინო ცერაძე საკმაოდ ადრე, სტუდენტობის ასაკში გავიცანი. იგი მათემატიკოსია. დიდი ხნის განმავლობაში თავისი პროფესიით „ალგორითმში“ მუშაობდა, რომელიც 1993-94 წლებში დაიხურა. მას მათემატიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. იმ პერიოდში მათემატიკური ლოგიკით ვიყავი დაინტერესებული და ჩვენი დაახლოებაც ამ ნიადაგზე მოხდა. ბევრი რამ არ მესმოდა და ნინოს, როგორც მათემტიკოსს ვეკითხებოდი. აღსანიშნავია, რომ მეუღლეს მუსიკალური ათწლედიც აქვს დამთავრებული, საოცრად უკრავს.
ჩვენი გაცნობა ისე მოხდა, როგორც ეს ოთარ იოსელიანის ფილმ „იყო შაშვი მგალობელშია“. მაშინ, ძირითადად, გაცნობა ოჯახებში, დაბადების დღეებზე ხდებოდა. მე იმ თბილისში დავიბადე, გავიზარდე და ჩამოვყალიბდი, რომელიც ოთარ იოსელიანის ფილმშია აღწერილი.
პირველ პაემანს რაც შეეხება, როცა ნინო გავიცანი, ტელევიზორის ეპოქა იყო და დროდადრო ტელეეკრანებით საოპერო სპექტაკლებს გადმოსცემდნენ. ოპერა ძალიან მიყვარს, იმ პერიოდში კი კარლ მარია ფონ ვებერის ოპერა „თავისუფალი მსროლელი“ უნდა ეჩვენებინათ, რომელიც დრეზდენის ოპერიდან გადმოიცემოდა. ჩემი ტელევიზორი არ მუშაობდა, ნინოსთან მივედით სახლში და ოპერას ერთად ვუყურეთ. აი, ეს იყო ჩვენი პირველი პაემანი.
ორი ვაჟი გვყავს _ ილია და ირაკლი. უფროსი ილია დიპლომატია, ყაზახეთის საელჩოში პირველ მდივნად მუშაობს. უმცროსი ირაკლი იურისტი, თავისუფალი პროფესიის ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა პროექტებში იწვევენ. ჩემს უფროს ვაჟს, რომელიც ახლა დიპლომატიურ სამსახურშია, აბსოლუტური სმენა და მეხსიერება აღმოაჩნდა. იგი 16-17 წლის ასაკში ნოტების გარეშე უკრავდა. მერე ახლობელთან მივიყვანეთ, რომელმაც ნოტები ასწავლა. ამ დარგს არ გაჰყვა, თუმცა მასაც და მეორე ვაჟსაც მუსიკა ძალიან უყვართ. ასე რომ, მუსიკა ჩვენს ოჯახში დიდ როლს ასრულებს.
ილიას ჰყავს ოჯახი, ფსიქოლოგი მეუღლე და სამი შვილი _ ორი, ოთხი და ხუთი წლის _ დიტო, ანდრო და ნიკოლოზი. როგორც ბაბუა, მათ აღზრდაში საკმაოდ ჩართული ვარ: დამყავს გასართობ ცენტრებში, მთაწმინდის პარკში, ლისის ტბაზე, ჩვენთან სახლშიც ხშირად არიან. სამივე ძალიან განსხვავებულია. ბავშვებს ხომ თავიანთი სამყარო აქვთ. ვაკვირდები და, რაღაცით ერთმანეთს კიდეც ჰგვანან. საინტერესოა, როგორ იდგამს ბავშვი ენას, როგორ აღიქვამს სამყაროს _ რომ შემეძლოს, ამაზე წიგნს დავწერდი. ვფიქრობ, ამ კუთხით ლიტერატურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მასში ისეთი ეგზისტენციალური გამოცდილებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სხვისი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ანუ, ჩვენ ხომ გვაქვს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ლიტერატურა საშუალებას გაძლევს, სხვისი ცხოვრებითაც იცხოვრო, მის ტყავშიც მოხვდე და რაღაც ისეთი დაინახო, რასაც მხოლოდ შენი საკუთარი მაგალითებით ვერ მიხვდები. ზოგადად, ბავშვების აღზრდა არა ქადაგების კითხვით, არამედ პირადი მაგალითით ხდება. მე უფრო ინტუიციის ადამიანი ვარ. მგონია, რომ ინტუიცია მთავარია. რიტმს უნდა მიჰყვე.
ბარაკ ობამას მეზობლად ჩიკაგოში
2003-2004 წლებში კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) მვლევრად ვიყავი მიწვეული. 2008-2009 წლებში კი ოჯახთან ერთად ერთი წლით ჩიკაგოში ვცხოვრობდი, მიწვეული ვიყავი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მეცნიერის სტატუსით. ეს პოლიტიკურადაც ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. კერძოდ, ის პერიოდია, როცა ობამა პრეზიდენტად აირჩიეს. ისე მოხდა, რომ ზუსტად იმ ქუჩაზე ვცხოვრობდით, სადაც ბარაკ ობამა და დედამისი ცხოვრობდნენ. ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, სანამ ობამას პრეზიდენტად აირჩევდნენ, მას ხელიც კი ჩამოართვა. მე იმ დროს უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი. მეგობარმა მითხრა: შენ სადაც ცხოვრობ, იმ ქუჩაზე გაიარა და ხელი ჩამოვართვიო.
„საბას“ ნომინანტი
2005 წელს ნომინაციაში „საუკეთესო კრიტიკოსი“, წიგნისთვის „გალაკტიონის პოეტიკა და რიტორიკა“ ლიტერატურული პრემია „საბა“ გადმომცეს. ეს იყო თეორიული ნაშრომი გალაკტიონის კრებულზე „არტისტული ყვავილები“.
რომში _
ბენედიქტე XVI-სთან
2007 წელს რომში დიდი სიმპოზიუმი „უნივერსიტეტის იდეა და ფუნქცია“ ჩატარდა, სადაც საქართველოდან ეპისკოპოსმა ორი ადამიანი გაგვაგზავნა. სიმპოზიუმს მეც ვესწრებოდი, უამრავი პანელი იყო, დიდი კონფერენცია, სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულნი. სიმპოზიუმი პავლე VI-ის დარბაზში დამთავრდა, სადაც აწ უკვე აღსრულებულმა ბენედიქტე XVI-მ ერთსაათიანი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ქართულ ენაზე ვთარგმნე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბენედიქტე რატცინგერი ჩემთვის არამარტო მოძღვარი, პაპი, არამედ ინტელექტუალი, დაუსწრებელი მასწავლებელი იყო. მიმაჩნია, რომ იგი არა მხოლოდ დიდი თეოლოგი, არამედ დიდი ფილოსოფოსი იყო, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი არაერთი სიტყვა მაქვს ქართულ ენაზე თარგმნილი. სანამ ცოცხალი იყო, მის ყველა გამოსვლას ვკითხულობდი.
სამშობლო ქრისტიანული კულტურაა, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სახელმწიფოებრიობაა. ქართული კულტურა ერთ-ერთი ძველი ქრისტიანული კულტურაა. ძალიან ცოტა ხალხს აქვს ბიბლია თავიდანვე თარგმნილი მე-4, მე-6 და მე-8 საუკუნეებში. ის რამდენიმე ენაზეა თარგმნილი ლათინურად, სირიულად, სომხურდ, ეთიოპიურად... ჩვენ ამ აზრით, ერთ-ერთი უძველესი ბიბლიური, ქრისტიანული კულტურა ვართ, რასაც შენახვა და შემდეგი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სამშობლო ჩემთვის უპირველესად, სწორედ ეს არის.
კიბე, რომელსაც ზეცაში ავყავართ _ ათეიზმიდან კათოლიკე ეკლესიაში
ყველას ცხოვრებაში არის მთავარი ამბავი. ნებისმიერი ქრისტიანისთვის მთავარი მისი მოქცევაა. 37 წლის ვიყავი, როცა ნაბიჯი გადავდგი და ეკლესიაში წავედი. კარგად მახსოვს, ეს რა პერიოდში მოხდა _ როცა ვკითხულობდი წიგნს „პილიგრიმის მონათხრობი საკუთარ თავზე“, სადაც წმ. ეგნატე ლოიოლა საკუთარი მოქცევისა და მისი ცხოვრების შესახებ ჰყვება. სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ არა მხოლოდ ღმერთი არსებობს, არამედ წმინდა სამება. ეს ის ტრიგერი იყო, რამაც კათოლიკე ეკლესიაში მიმიყვანა. პირველი აღსარება მამა პიერ დიუმულენს ჩავაბარე. 22 წელია, რაც საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ვარ, რომლის მეთაურიც ჩემი სულიერი მამა, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა _ როცა ათეიზმიდან კათოლიკე ეკლესიაში გადავინაცვლე. მებრძოლი ათეისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც სხვაა, როცა ადამიანი ცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობს და სულ სხვაა, როცა შენთვის ღმერთი არსებობს. წმინდა როზა ლიმელმა, მე-16 საუკუნის მოწამემ თქვა: ჯვარი არის ერთადერთი კიბე, რომელსაც ზეცაში ავყავართო.
„იესოს საზოგადოებაში“ (რასაც არცთუ ზუსტად უწოდებენ იეზუიტების ორდენს) 9 წლის წინათ ერთ იეზუიტთან მომიწია შეხვედრა. მათ საკუთარი მედიტაციური სისტემა აქვთ, სადაც ერთი კვირიდან 24 დღის ჩათვლით საგანგებო სავარჯიშოებს აკეთებენ. ეს ერთკვირიანი სავარჯიშოები, დაახლოებით, ორჯერ მაქვს გავლილი. ყოველდღიური მედიტაციური ცხოვრება მნიშვნელოვანია, რომელიც ისტორიას, პოლიტიკას, საკუთარ ქვეყნის ცხოვრებას სხვა თვალით გაყურებინებს, წიგნსაც სხვანაირად კითხულობ. მოკლედ, ეს პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. გენიალური კონსტანტინ სტანისლავსკის სისტემა, საკუთარ თავზე მუშაობა, სულიერი სავარჯიშოები მნიშვნელოვანია. მთავარია არა ამის კითხვა, არამედ კეთება. სულიერი სავარჯიშოები დაახლოებით იგივეა, რაც იოგა, ან ისიხაზმი. თუმცა აღმოსავლეთში ხანგრძლივი ბერული ცხოვრებაა საჭირო. კათოლიკე ეკლესიაში სხვადასხვა ორდენი არსებობს, მათ თავიანთი სპირიტუალობა აქვთ, რაც თანამედროვე ადამიანზეა მისადაგებული. ასე რომ, ვიმეორებ, მთავარია მოქცევა, რომელიც თან ერთჯერადია, მაგრამ თან არასდროს მთავრდება. ზეცაში ზემოხსენებული კიბით ასვლამდე, ჩვენ სულ მოქცევის სიტუაციაში ვართ. აი, ეს გვაკავშირებს როგორც მიწიერ, ასევე ზეციურ სამშობლოსთან.
თამარ შველიძე


