ბუღაძის ანალიზი რატიანის სილაქზედ

ბუღაძის ანალიზი რატიანის სილაქზედ

იცით, რა თქვა ე.წ. პროზაიკოსმა ლაშა ბუღაძემ ე.წ. პოეტ ზვიად რატიანზე? მაგან სილა პოლიციელს კი არა, სისტემას გაარტყაო, მისი ეს საქციელი იქნება მარადიულობის, ანუ ისტორიის ნაწილიო. ესე იგი, ლაშა გივიევიჩ ბუღაძის დავთრების თანახმად, ზვიად რატიანი უკვე საქართველოს ისტორიაშია შესული. ერთი ეგ არი, საქართველოს ისტორიაში გალეშილი მთვრალი შევიდა და როცა მემატიანე არქივს გადაქექავს, ეს მომენტი ცოტა უხერხულად გამოჩნდება. პრინციპში, თუ მემატიანე გაქექილი პიროვნება იქნება, აუცილებლად დაწერს, რომ ზვიად რატიანისთვის „მემთვრალეობა“ პატრიოტიზმი იყო და არა უბრალოდ წუკლაკობა. მერე კი პარალელებს გაავლებს რატიანსა და გალაკტიონს შორის, თან დასძენს, ასეთი გახლავთ გენიალური პოეტების ბედიო. 
მე ახლავე, აქედანვე მივმართავ მემატიანეს: ქალო თუ კაცო, რომელიც დამჯდარხარ ისტორიის წერად და საშალაშინოდ, ეს ე.წ. პოეტი გახლავთ ცნობილი „ალკოგოლიკი“, დალევს თუ არა ორიოდ ჭიქა არაყს, ეგრევე ჰკარგავს გასაღებს და გონებაამღვრეული იწევს პოლიციელებისკენ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, მაგან ადრეც გაითქვა სახელი პოლიციელებთან ბღლარძუნით. სტაცეს ხელი, ცოტა ხანს ჩააგდეს „კაპეზეში“, მერე გამოუშვეს და მოხია უცხოეთში როგორც ხელისუფლებისგან დევნილმა დისიდენტმა. ამას წინებზე ჩამოსულა, ისევ გამტყვრალა არყით და წაებლატავა პოლიციელებს, ერთ-ერთს სილაც კი გააწნა. ამჯერად „კაპეზეზე“ ვეღარ გადაატარებენ, უკვე რამდენიმეწლიანი ციხე ელოდება. ამიტომაც ესარჩლება ე.წ. დრამატურგ-პროზაიკოსი ლაშა გივიევიჩი ზვიად რატიანს და თან ბოდავს, ეგ უკვე ისტორიაშია შესული და მარადიულობის ნაწილიც გახლავთო. გაიგონეთ? ლოთბაზარა რატიანი თურმე გახდება მარადიულობის ნაწილი, როგორც უკვე გახდნენ მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ლაზარე გრიგორიადისი და სხვები. 
აი, აქ კი შეგიძლიათ, კარგად იცინოთ კი არა და... იხარხაროთ.

ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო...

ეს ახლანდელ ევროკავშირზეა ნათქვამი - ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო. ესენი ერთი მხრივ აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიულ გზას დაადგა, მეორე მხრივ კი საქართველოს იგივე ხელისუფლება „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გაჰყავთ. 
ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს - ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს. 
იცით, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა რა კრიტერიუმებით შეფასდა? კეთილსინდისიერებით, გრძელვადიანი ხედვით, ადაპტაციის უნარით, სტრატეგიული პრიორიტეტებით, ინოვაციებით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს. მეტი რა გითხრათ, ხალხო? მაშინ, როცა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს დღეგამოშვებით აკრიტიკებს და ყველაფერს კადრულობს, ევროკომისია ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლება ლიდერიც არის, შორსმჭვრეტელიც, კეთილსინდისიერიც, ადაპტაციის უნარით დაჯილდოებულიც და მშვენივრად განსაზღვრავს სტრატეგიულ პრიორიტეტებსაც. 
ხედავთ, სიმართლე როგორი რამეა? თვით ურსულასაც კი შეიძლება გაეპაროს თავისსავე რამსებარეულ სამსახურში. აგერ, ხომ დაწერეს, საქართველოს ხელისუფლება სიკარგის მხრივ ევროპის ქვეყნების ოცეულშიაო? ხვალ გამოვლენ და დაიწყებენ, საქართველოში დიქტატურა მძვინვარებს, ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგიუქმოთო.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი დაბერდა და წერამ აიტანა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფი დაბერდა, ყოველ შემთხვევაში ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისე იქცევა, სხვას ვერაფერს ვფიქრობთ. 
ჯერ იყო, ანკარაში ჩასულ მიხეილ ყაველაშვილს ულტიმატუმის ენით მთელი მსოფლიოს წინაშე ელაპარაკა, თურქი მესხები უნდა დააბრუნოთო, მეო, გულის ფანცქალით ველოდები მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებასო. 
მეგობრებო, ამ საკითხზე სანერვიულო არაფერი გვაქვს, თურქეთის სათავეში პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ე.წ. თურქი მესხების თემა, როგორც ჩანს, მაგათთვის მარადიულია. ადრე სულთნები მართავდნენ თურქეთს და დიდი თურანის, ანუ მუსლიმანური სამყაროს გაერთიანების იდეა ატკიებდათ თავებს, ახლაც აწუხებთ ეგ იდეა, მაგრამ ვუყურებთ რა მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს, აშკარად განუხორიციელებელია. ახლა აღარ მოვყვები მიზეზებს, ალბათ მაგის დროც მოვა, ამჯერად მოკლედ და კონკრეტულად ვილაპარაკოთ თურქ მესხებზე. 
რადგან ერდოღანის უადგილო გამოხტომამ ბევრი დაზაფრა და დააფიქრა ჩვენში. ამ განცხადებამდე ერდოღანმა უნიჭო ლექსიც დაწერა - თურმე ძალიან ენატრება მესხეთი და ოცნებობს, როდის დაადგამს ფეხს მშობლიურ მიწაზე. ბებერმა რეჯეფმა არ იცის, ჩვენ, ქართველებს როგორ გვენატრება ტაო-კლარჯეთი, როგორ ვოცნებობთ იქ ფეხის დადგმაზე. 
ალბათ გახსოვთ, თურქი მესხების თემა 1990-იან წლებში შემოგვიგდეს, კერძოდ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, პარლამენტში ჩვენ გვყავდა ერთი კუნძივით კაცი, გურამ მამულია, რომელიც ამ საკითხს ახმოვანებდა და რასაც თურები უკარნახებდნენ, იმას ლაპარაკობდა. თურქი მესხების ჩამოსახლებას სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა გურამ შარაძე, იმდენი იბრძოლა ამ კაცმა, რაღაც პერიოდში, უფრო სწორად დღემდე ეს თემა „მოკვდა“ და აი, ახლა ბებერმა რეჯეფმა გააცოცხლა. ასეთია ჩვენი საუკუნოვანი ბედი, ვისაც რა მოეპრიანება, ყველა აქეთ იბღვირება და „ზემოდან“ გვკარნახობს. იცით, ცუდს არავის ვუსურვებ, მაგრამ ახლა რეჯეფის გამო მეშინია, ვინც საქართველოს პრეტენზიებს უყენებს, ვისაც გულზე საქართველოს ჭვალი ადგას, ან კვდება, ან ამხობენ, ან კიდევ პოლიტიკიდან აძევებენ. ჰოდა, თუ რეჯეფი არ მოინანიებს, წინ ძალიან ცუდი დღეები ელოდება.
და მაინც, ვინ არიან თურქი მესხები? ამ მხრივ რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთნი ამბობენ, რომ არანაირი თურქი მესხები არ არსებობენ, არიან მხოლოდ თურქები და არიან მხოლოდ მესხები. მეორენი ამბობენ, რომ ისინი, ვინც სტალინმა მესხეთიდან ზოგი თურქეთში, ზოგი ყაზახეთში გაასახლა, იყვნენ მესხეთში შემორჩენილი თურქები. ამ საკითხში განსწავლული ადამიანები ამტკიცებენ, რომ სტალინს მესხები არ გაუსახლებია. რომ გითხრათ, ეს საკითხი ძირეულად მაქვს შესწავლილი და დასკვნებიც გაკეთებული-მეთქი, ტყუილი იქნება, საამისოდ არსებობენ სპეციალისტები და რასაც ისინი ამბობენ, მეც იმას ვიმეორებ. თუმცა, მაქვს ამ მხრივ ერთი მცირე „პრაქტიკა“ გავლილი - მე ვმსახურობდი წყნარი ოკეანის ფლოტში, ვლადივოსტოკში, ჩემს ნაწილში ასევე მსახურობდნენ ე.წ. თურქი მესხები ყაზახეთიდან. ისინი ისეთი აგრესიულები იყვნენ ქართველების მიმართ, ვერც კი წარმომედგინა, ხშირად გვქონდა მათთან კონფლიქტი, ჯერ დღე და ღამე სტალინს აგინებდნენ, მერე აქეთ გვემდუროდნენ, გეგონება ჩვენ გავასახლეთ. რაც მთავარია, ამ ე.წ. თურქ მესხებს არაფერი ეტყობოდათ ქართველობისა, ლაპარაკობდნენ რუსულად და იყვნენ წმინდა წყლის თურქები, შეიძლება ყაზახებიც. მათთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, ვერაფერს ვაგებინებდით, არაფრის გაგება არ უნდოდათ, მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინმა გაასახლა მშობლიური მიწიდან და მორჩა, ჩვენ გვთვლიდნენ მტრებად. კი, მაგრამ თუ სტალინმა მესხები გაასახლა, მათ ქართველობა, ანუ მესხობა რაღაც დონეზე მაინც უნდა შეენარჩუნებინათ. აგერ, ფერეიდანში შეინარჩუნეს ქართველებმა ქართველობა და ამათ რა დაემართათ, ხომ შეიძლებოდა, რამდენიმეს მაინც სცოდნოდა დამტვრეული ქართული თუნდაც წამლად? სხვათა შორის, ასეთივე აგრესიულები იყვნენ ჩვენს მიმართ აფხაზები, მათ თავებში ჰქონდათ ჩადებული პროგრამა, რომ ოდესღაც მათ მიწაზე საიდანღაც შევცვივდით და დავიპყარით. როდესაც ვამბობთ, ჩვენი ძმები უნდა დავიბრუნოთო, ეს ძალიან რთული იქნება, მაგ „ძმებს“ საბჭოთა პერიოდშიც არ უნდოდათ ჩვენთან ურთიერთობა.
დავუბრუნდეთ „მეგობარ“ ტაიფს... იგი ბოლო დროს წერამ აიტანა, ამ დღეებში ის ისრაელის მთავრობასაც დაეტაკა, შეწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა და გააუქმა ფრენებიც. როგორც ჩანს, ტაიფი ვერ აცნობიერებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ წასვლას, ხოლო ეს ყველაფერი ნიშნავს მის გადაყენებას ან დაწიოკებას. მე ხომ ვთქვი, ვინც საქართველოს ცუდად შეეხება, კარგი დღეები არ უწერია-მეთქი? ვნახოთ, ეგეც მალე იქნება. 

რუბრიკის ავტორია
გელა ზედელაშვილი