პრესიდან გამქრალი პუბლიცისტიკა

პრესიდან გამქრალი პუბლიცისტიკა

საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

ბეჭდური მედიის პრობლემები წლების წინათ დაიწყო და მას ორი ძირითადი მიზეზი აქვს - სუბიექტური და ობიექტური. სუბიექტური ის გახლავთ, რომ ბეჭდური მედიიდან, თავად ჟურნალისტების დიდი ნაწილის ხელშეწყობით, თანდათანობით გაქრა ანალიტიკური წერილები, რაც მისი მთავარი უპირატესობა იყო. ობიექტური მიზეზი კი ელექტრონული მედიის გაჩენაა. თქვენ ახსენეთ, გაზეთები სტელაჟებიდან გაქრაო. საქმე ის არის, რომ ხალხს ურჩევნია, ინფორმაციას ელექტრონული მედიის მეშვეობით გაეცნოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბეჭდური მედიის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშრებული არასისტემურობაა. გაზეთების დიდი ნაწილი მასალებს ინტერნეტსივრცეშიც ანთავსებს, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას გასულ ათწლეულებთან შედარებით მატერიალურად ნაკლებად უჭირს, გაზეთს მაინც არ ყიდულობს. მიზეზი ის არის, რომ პრესაში ის ინფორმაციები იბეჭდება, რაც უკვე ტელევიზიითა თუ რადიოთი მოსმენილი აქვთ. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება ბეჭდური მედიიდან გამქრალ ანალიტიკურ პუბლიკაციებზე. თუ გაზეთში სანდო ფაქტებით გაჯერებული ანალიტიკური პუბლიკაციები კვლავ დაიბეჭდება, მკითხველი პრესას დაუბრუნდება. ამ კუთხით გაზეთს ტელევიზიასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს ისევე, როგორც ამ უკანასკნელს აქვს უზარმაზარი უპირატესობა ოპერატიულობის თვალსაზრისით. ისეთი გაზეთის შეძენა, სადაც ხვალ იმას წავიკითხავ, რაც დღეს უკვე ტელევიზიით მოვისმინე, საინტერესო არ არის. მაგრამ თუ მეცოდინება, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კვალიფიციურ, კომპეტენტურ ანალიზს წავიკითხავ, რა თქმა უნდა, გაზეთს სიამოვნებით ვიყიდი. 
ადრე გაზეთებში ინტერვიუებთან ერთად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კომპეტენტური მოსაზრებებიც ქვეყნდებოდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარ არის, თითქოს ადამიანებს ინტერესიც გაუქრათ და არც გაზეთებს აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, რომ დარგის სპეციალისტებს ამაში თანხა გადაუხადონ. მაგალითად, ახლახან, ლარის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. კვალიფიციური ანალიზი, თუ როგორი იყო ლარის შემოღებიდან დღემდე საქართველოსთვის ეს 30 წელი, რა პროცესები ვითარდებოდა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას ატარებდნენ სხვადასხვა ხელისუფლებები, რა გზა გამოიარა ლარმა, არსად გამოქვეყნებულა. ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება, რასაც ჟურნალისტი ვერ შეძლებს და პოლიტიკურად მიუკერძოებელმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. ან ავიღოთ, თუნდაც ოპოზიციის მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე კოალიციური მთავრობის შექმნაზე საუბრები. დღეს რას ვხედავთ? - ოთხი სუბიექტიდან სამმა საპარლამენტო სიები ჩახსნა, გახარიამ კი – არა. მისი პარტია პარლამენტში 12 წევრით არის წარმოდგენილი. როცა ამ 12 წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, პარლამენტში მომდევნო 12 წევრი უნდა შევიდეს. ამ შემთხვევაში, სერიოზული ანალიზი უნდა გაკეთდეს, თუ რა აძლევდა საფუძველს ამ პარტიების მხარდამჭერებს და ანალიტიკოსებს, როცა კოალიციური მთავრობის უპირატესობაზე საუბრობდნენ. დღეს ეს ოთხი სუბიექტი იმაზეც კი ვერ თანხმდება, უნდა გამოცხადდნენ თუ არა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე. მათი პოზიციები განსხვავებულია და რამდენად შეძლებდა, თუნდაც, დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ეს ოთხი სუბიექტი კოალიციური მთავრობის ფორმირებას, ალბათ, ხვდებით. ამ პროცესსაც სერიოზული და მიუკერძოებელი ანალიზი სჭირდება, მედია კი მკითხველს ემოციურ შეფასებებს სთავაზობს.

გაუმართლებელი პროგნოზები და პასუხისმგებლობა
როცა ბეჭდურ მედიაზე ვსაუბრობთ, მინდა ყურადღება კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო, ეს არის პასუხისმგებლობა. გაზეთები, ჟურნალისტები და, მათ შორის, რესპონდენტები ინტერვიუს მიცემის დროს მკითხველის წინაშე არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. მაგალითად, პირები, რომლებიც შარშან გარკვეულ მოვლენებზე ექსპერტულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ, რაც არ გამართლდა, ამაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. თუ მათ ჟურნალისტი შეახსენებს: თქვენ სხვაგვარად ამბობდით, მოვლენები კი სულ სხვა კუთხით განვითარდაო, ანუ თუ გაუმართლებელ პროგნოზზე მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებთ, ეს ადამიანი თქვენთან საუბარს აღარ მოისურვებს, რადგან სურვილი არ გაუჩნდება, იგი თვითმხილების რეჟიმში გადაიყვანოთ. ექსპერტები ისე საუბრობენ, რომ თავიანთ სიტყვებზე პასუხს არ აგებენ, არც ჟურნალისტი ედავება და გამოდის, რომ ასე მკითხველი ორივეს შეცდომაში შეჰყავს და მის წინაშე პასუხისმგებლობას არავინ გრძნობს. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები საუბრობენ იმ თემებზე, რაც არ ესმით. ამიტომაც არ მიკვირს გაზეთების მიმართ დაკარგული ნდობა. 

ხელისუფლების საზრუნავი - პრესის ხელშეწყობა
დიდ შეცდომად მივიჩნევ ბეჭდური მედიის ამგვარ მდგომარეობას და იმას, რომ მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ინტერესი არ არსებობს. მინდა, თქვენი ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო, რაც ხელისუფლების მხრიდან, გრანტების სააგენტოს მეშვეობით ბეჭდურ მედიაზე ზრუნვას გულისხმობს. თუ დააკვირდებით, არცერთ პოლიტიკოსს, პოლიტოლოგს ბეჭდურ მედიაში საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების ინტერესი არ აქვს. მიზეზი ის გახლავთ, რომ თუკი ელექტრონული მედიიდან კვალის წაშლა ადვილია, დაბეჭდილი სიტყვა დოკუმენტია, რომელიც მუდმივად რჩება ბიბლიოთეკებსა თუ რედაქციის არქივში და ა. შ. ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი, ბეჭდური მედიის ხელშეწყობაა გარკვეული შეღავათებით ან პირდაპირი დაფინანსების, გრანტების მეშვეობით, ოღონდ კონკრეტული ამოცანების დასახვით. სახელმწიფოს მიერ გრანტის გამოყოფა არ ნიშნავს ფულის ისე ხარჯვას, რომ გამოქვეყნებულ მასალებზე პასუხისმგებელი არავინ იყოს. სახელმწიფოს მოთხოვნა, გრანტის გამოყოფის შემთხვევაში, უპირველესად, მაღალი სანდოობა, ინფორმაციის გადამოწმება, სახელმწიფო ენის ნორმების და ჟურნალისტური სტანდარტის დაცვა და, რა თქმა უნდა, ის საკითხები უნდა იყოს, რაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გაზეთში, რომელიც სახელმწიფო გრანტს მიიღებს, აუცილებლად კონკრეტული მმართველი პარტიის მოსაწონი პუბლიკაციები უნდა განთავსდეს. კრიტიკულ მოსაზრებებს კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. გაზეთი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებს არ უნდა ატარებდეს. ამ საკითხს სერიოზული ჩამოყალიბება, მედიის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება სჭირდება, რის შემდეგაც გაზეთებმა ეს დაფინანსება უნდა მიიღონ. დღეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაზეთები დიდი თანხებით დააფინანსოს, მაგრამ გრანტების მოცულობის პერსპექტივა გაიზრდება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ შეასრულებს გრანტის მიღების დროს დათქმულ პირობებს, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ფაქტებს, როგორ დაგვანახებს პრობლემის გადაჭრის გზებს დარგის სპეციალისტებთან ერთად და ა. შ. ამის შემდეგ შესაძლოა, მისი დაფინანსება და გავრცელების არეალი კიდევ გაიზარდოს. ვგულისხმობ შემდეგს: გაზეთს შეიძლება რეალიზაციის ფასი შეუმცირდეს და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. 

საგრანტო პროგრამები - პრესის განვითარების კვალდაკვალ
გრანტებით დაფინანსების თემა, ჯერჯერობით, ნედლია. ზუსტად არ ვიცი, გრანტების სააგენტო ამ მიმართულებით რამდენად მუშაობს, მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს გაკეთდება ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით იგეგმება. ენჯეოების ერთ-ერთი ფუნქცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის კონტროლია მონიტორინგის თვალსაზრისით და არა ის, რომ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცებს მოესურვებათ, ხელისუფლებამაც ის აკეთოს. ანუ, მათ მონიტორინგი უნდა გაუწიონ შემდეგს: კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი რამდენად ეხმარება სახელმწიფოს გაძლიერებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის სწორად წარმართვაში, როგორ აისახება ყოველივე მოსახლეობაზე და მის კეთლდღეობაზე. აქ არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ პოლიტიკურ შინაარსსაც ვგულისხმობ, რათა ადამიანებმა სახელმწიფოებრივი, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, თუნდაც, საარჩევნო ურნასთან. არჩევანი გონივრული არასდროს არის, როცა დეზინფორმაციით არის გაჯერებული. ამიტომ, თუკი ბეჭდური მედია მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რასაკვირველია, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ხოლო, თუ სახელმწიფო ბეჭდურ მედიას საგრანტო პროგრამებით დაეხმარება, ეს მედიის განვითარებისთვის, ჟურნალისტიკის გადარჩენა-შენარჩუნებისთვის და ჟურნალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის უზარმაზარი ხელშეწყობა იქნება. 
ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზული დაფიქრება მართებს როგორც სახელმწიფოს, ასევე, ჟურნალისტებსაც. რაც მთავარია, ეს ხელსაყრელი, უპირველესად, მკითხველისთვის იქნება. მაგალითად, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაფინანსებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს. ახლა დაფინანსების წესი შეიცვალა - მთლიან შიდა პროდუქტზე აღარ არის მიბმული. ადრე დაფინანსება ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდებოდა, ახლა კი დასაქმებულთა რაოდენობაზეა მიბმული. ანუ, თუ საქართველოში უმუშევრობა მაქსიმალურად აღმოიფხვრება, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დაფინანსება კონკრეტულ ზღვარს მიაღწევს. საუბარია იმ დასაქმებულთა რიცხვზე, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს იხდიან. აღნიშნულ დაფინანსებას თან სდევს პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონშია გაწერილი. გრანტების სააგენტომ, გრანტის გაცემის შემთხვევაში, კონკრეტულ მედიასაშუალებას სწორედ ამგვარი ვალდებულება უნდა დააკისროს - ნებისმიერი თემის გაშუქებისას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და არა ის, რომ ესა თუ ის გაზეთი მმართველი პარტიის სამსახურში ჩადგეს. ასე მას მეტი შანსი გაუჩნდება, გრანტი მომდევნო წლებშიც მიიღოს.
მედიაში რიგი საკითხები, რაც აქტუალური არ არის და სკანდალს არ ექვემდებარება, იგნორირებულია. მაგალითად, რა ხდება აგრარულ სექტორში, როგორ ვითარდება სოფლის მეურნეობა, რამდენად ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ და როგორ აისახება ეს ადამიანების ჯანმრთელობაზე, რადგან სახელმწიფო უზარმაზარ თანხას ხარჯავს სამედიცინო მომსახურებაზე. აქაც პასუხისმგებლობის თემასთან მივდივართ. მაგალითად, გარკვეულ შემთხვევებში, როცა სოციალურად დაუცველი მუშაობას იწყებს, მას სახელმწიფო დახმარებას დროებით არ უჩერებს. ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, რაც მას საკუთარი ცხოვრების დაგეგმვასა და განსაზღვრაში დაეხმარება. ბეჭდური მედია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანები გაერკვნენ, რა ხდება მათ გარშემო, მომავალში რომელ პროფესიებს უნდა დაეუფლონ წარმატების მისაღწევად და ოჯახის სარჩენად. ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ მედიით არის შესაძლებელი. 

უცხო ქვეყნის მთავრობებს დამორჩილებული ნჯო-ები
მნიშვნელოვანია, ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით გრანტების სააგენტომ იმ პროექტებზე იმუშაოს, რასაც ჟურნალისტთა გუნდი შესთავაზებს. მოწონებულ პროექტებს დააფინანსებს ისევე, როგორც ენჯეოების დაფინანსებასთან დაკავშირებით იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაფინანსებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, უცხო სახელმწიფოებიდან იღებდა. ანალოგიური გრანტების გაცემა სახელმწიფოსაც შეუძლია, ოღონდ იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. უცხოური გრანტებით დაფინანსებული ენჯეოების დღის წესრიგს ის ფონდები და ორგანიზაციები განსაზღვრავენ, რომლებიც ფულს უხდიან. იქაური მთავრობები განსაზღვრავენ, კონკრეტულად რომელ ქვეყანაში რა თანხა და რა მიმართულებით გასცენ. ანუ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მთავრობისთვის არიან, თორემ სინამდვილეში, სხვა ქვეყნის მთავრობების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული და აქ თავს იწონებენ, არასამთავრობოები ვართო. ამიტომ გრანტის გაცემისას, ვალდებულებებში მოსახლეობის სწორი, მიუკერძოებელი ინფორმირება უნდა ჩაიწეროს. დავუშვათ, კონკრეტული მედიასაშუალება საქართველოს მთიანეთზე მუშაობს. ხომ შეიძლება მან სახელმწიფო გრანტი მიიღოს და გააშუქოს, რა მდგომარეობაა მთიანეთში, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. ასეთივე დახმარება დასჭირდება სხვა მედიასაშუალებებსაც, - ონლაინმედიას, საინფორმაციო სააგენტოებს. 
სხვათა შორის, 1992 წლის 14 იანვარს მთავრობამ ყველა გაზეთს, რომელიც მანამდე უზენაესი საბჭოს და მინისტრთა საბჭოსი იყო, ვალდებულებები მოუხსნა და ისინი „თავისუფალ ცურვაში“ გაუშვა. იმ დროს რამდენიმე არასამთავრობო გაზეთი არსებობდა, მაგრამ მაშინ ბეჭდური მედიის მიმართ ინტერესი დიდი იყო, რადგან მხოლოდ ერთი ტელევიზია არსებობდა და, ბუნებრივია, გაზეთს მკითხველი ჰყავდა. იმ პერიოდში გაზეთები 50, 100, 150-ათასიანი ტირაჟით იბეჭდებოდა. წარმოიდგინეთ, დღეს რომ იბეჭდებოდეს გაზეთი 100-ათასიანი ტირაჟით, მას არანაირი დახმარება არ დასჭირდება, საკუთარ თავს თავად შეინახავს, რედაქციას მაღალი ჰონორარების გაცემაც შეეძლება, მათ შორის, მეცნიერული წერილების ავტორებისთვის. დღეს ადამიანს ტელევიზიით ინფორმაციის მიღება უფრო იაფი უჯდება, თან, ამავდროულად, ინტერნეტსაც მოიხმარს და გაზეთის ყიდვის ინტერესი არ აქვს. ამ შემთხვევაში პრესის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. მივედით, ისევ ანალიტიკური პუბლიკაციების ბეჭდვის აუცილებლობასთან, მაგრამ ამას მკითხველი რომ ჰყავდეს, საჭიროა კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. გარდა ამისა, გრანტის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, კონკრეტულ მედიასაშუალებას მოსთხოვო, რომელიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკა არ გაატაროს და მის ინტერესებს არ ემსახურებოდეს, რასაც ახლა ტელევიზიები აკეთებენ. 

ჩრდილში მოქცეული ბეჭდური მედია
დამერწმუნეთ, გაზეთების მიმართ ანალოგიური ინტერესი რომ გაჩნდეს, პოლიტიკური პარტიები მათაც ისევე დააფინანსებენ, როგორც ტელევიზიებს. 90-იანი წლების დასაწყისში პოპულარული იყო პარტიული პრესა. მოგვიანებით ასეთი გაზეთები გაქრა, რადგან იდეოლოგიურმა პუბლიკაციებმა ყოველგვარი აზრი დაკარგა. მაშინ პარტიები საკუთარი აზრების გავრცელებას ჟურნალისტებთან და რედაქციებთან კომუნიკაციის გზით ცდილობდნენ. დღეს გავლენის მოპოვების მცდელობა ტელევიზიებში აქვთ, რადგან ტელევიზიას და რადიოს უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ბეჭდური მედია კი ჩრდილში მოექცა. დააკვირდით, რა ხდება, - როგორც საუბრის დასაწყისში ვახსენე, პრესის ფურცლებიდან ანალიტიკა იმიტომ გაქრა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ამის ინტერესი არ აქვთ. თავად ანალიტიკოსებიც კონკრეტული პარტიების სამსახურში არიან და საზოგადოებისთვის ღრმა და მიუკერძოებელი ანალიზის მიწოდების ინტერესი არ აქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ამომრჩეველი სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. დაზომბებული ადამიანების ემოციების მართვა გაცილებით ადვილია. თუკი გაზეთები იმ პრინციპით დაფინანსდებიან, რაზეც ვისაუბრე, ხალხს საშუალება ექნება, მეტ მიუკერძოებელ ინფორმაციას გაეცნოს. 

ჩვენ საზოგადოებრივი პრესა გვჭირდება
შეიძლება მერე პოლიტიკურ პარტიებს ბეჭდური მედიის მიმართ ინტერესი გაუჩნდეთ და გაზეთის გამოცემას თავადაც შეეცადონ, მაგრამ მკითხველი ხომ უნდა ჰყავდეთ? ამიტომ იძულებული გახდებიან, ფაქტების ანალიზისას, რაც შეიძლება დემაგოგიურ ნიშნებს შეიცავდეს, სიმართლეს გვერდი ვეღარ აუარონ, რასაც სტატისტიკური მონაცემები გულისხმობს. იმიტომ, რომ მკითხველს სხვა ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობაც ექნება. მაგალითად, დღეს ყველა კონკრეტულ არხს თავისი მაყურებელი ჰყავს. ზოგი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს. ერთადერთი ტელევიზია, სადაც შეიძლება მიუკერძოებელი ინფორმაცია მოისმინო, „საზოგადოებრივი მაუწყებელია“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საზოგადოებრივი პრესა გვჭირდება, რომელსაც ხელისუფლება გრანტებით დაეხმარება და ასე ქვეყანას მიუკერძოებელი მედიასაშულებლები შეემატება. ვიმეორებ, როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს მიუკერძოებლობის ვალდებულება, ასევე უნდა ჰქონდეს გრანტებით დაფინანსებულ ბეჭდურ მედიასაც და ავტორიტეტს მოიპოვებს - ხალხს რწმენა გაუჩნდება, რომ სახელმწიფო გრანტით დაფინანსებული ბეჭდური პრესისგან სიმართლეს გაიგებს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებული იქნება, რესპონდენტის კონკრეტული მოსაზრება გადაამოწმოს და მას მკითხველის მოტყუების საშუალება არ მისცეს. ეს ერთ-ერთი გზაა, რომ სხვა დროს ექსპერტმა ინტერვიუს მოცემისას საკუთარ ნათქვამს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს. შესაბამისად, ასეთ გაზეთს სახელმწიფოსგან გრანტის კვლავ მიღების მეტი შესაძლებლობა უჩნდება, რადგან გაზეთი საზოგადოებას სწორად ინფორმირებაში ეხმარება. ვიმეორებ, მთავარია, პრესა, ტელევიზია სიცრუის გამავრცელებელი და მიკერძოებული არ იყოს. როცა გრანტის მიღების პირობაში ასეთი მოთხოვნები ჩაიწერება, მისი მიღებაც გამარტივდება. გრანტის გამცემი შეამოწმებს, რამდენად იცავს სტანდარტს მედიასაშუალება. თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, მომდევნო წლებში გრანტის მიღების პრობლემა არ დადგება. გაზეთისადმი ნდობაც საგრძნობლად გაიზრდება ისე, რომ მას გრანტი შეიძლება, აღარც კი დასჭირდეს; თავად შეეცდება სტანდარტი დაბლა აღარ დასწიოს, რადგან ეცოდინება, რომ ასე მკითხველიც შეუმცირდება და ნდობასაც დაკარგავს და, შესაბამისად, სახელმწიფო გრანტსაც.
ჩვენ ხარისხიანი მედიაპროდუქტი უნდა შევქმნათ, რისთვისაც არცერთ ბეჭდურ გამოცემას მატერიალური შესაძლებლობები არ ეყოფა. ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფოსგან გრანტებით დახმარება. ბუნებრივია, უცხოელები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარებასა და ხალხის სწორად ინფორმირებაში ფულს არ ჩადებენ. მათ თავიანთი ინტრესები აქვთ, რასაც აქ სხვადასხვა ფონდების მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო გრანტებით დახმარების შემთხვევაში კი ბეჭდური მედია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოაჩენს და დაიცავს. ამ საკითხზე ჯერ არავის უსაუბრია. გრანტების სააგენტო ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ იმედია, ინტერვიუს წაიკითხავენ და ბეჭდურ მედიას დაეხმარებიან. აქ არ არის საუბარი იმდენად დიდ თანხაზე, რომ სახელმწიფომ მისი გაღება ვერ შეძლოს. თან ეს ძალიან შეუწყობს ხელს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის შენარჩუნებას და პროფესიონალი ჟურნალისტების გადარჩენას. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი ჟურნალისტები მიზერული ანაზღაურების ფასად არ მუშაობდნენ. რეალურად, კარგი ჟურნალისტიკის კეთება, მძიმე შრომის შედეგია. ჟურნალისტებს სათანადო ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, რათა პროფესიონალებმა პროფესიიდან გაქცევა და სხვაგან თავის შეფარება არ სცადონ, სადაც როგორც პროფესიონალებიც დაიკარგებიან და ახალი პროფესიაში დახელოვნების შესაძლებლობაც ნაკლებად წარმომიდგენია. ანუ, პროფესიონალი ჟურნალისტების ბეჭდურ მედიაში დასარჩენად საჭიროა დახმარება, რათა მწერალი ჟურნალისტები პროფესიიდან არ გაქრნენ. ეს მნიშვნელოვანია. იმედია, ჩვენი ხელისუფლება და გრანტების სააგენტო ამ მიმართულებითაც იმუშავებენ.

მოამზადა
თამარ შველიძე