ორპირში დგომამ წელკავი იცის...
იმის შემდეგ, რაც ბატონმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ევროპელ ლიდერებს ღია წერილით საქმეც გაუკეთა, მათ ადგილზე რომ ვიყო, სოროში შევძვრებოდი სირცხვილისგან, მაგრამ ეს რომ გააკეთონ, შუბლზე ერთი ძარღვი მაინც უნდა უფეთქავდეთ.
ბატონი პრემიერის ღია წერილი იყო „ას“-ის უმაღლესი პილოტაჟი. ეს უკვე აღარ იყო დიპლომატიური წერილი, ეს იყო ევროკავშირის ორმაგი სტანდარტების საჯარო პოლიტიკური გაშიშვლება და თვალში თითის ჩაკვრა. თან რა დროს მისწერა, როცა „დემოკრატიის სამოთხეში“ საპროტესტი აქციებს ვერ აუდიან, „სამოთხელი“ „დემოკრატები“ კი მშვიდობიან აქციებს ისე შლიან, ერთი თვალის შევლებით, ფაშისტური გერმანიის საარქივო მასალებიდან აღდგენილი კადრები მეგონა.
ჰოდა, სწორედ გერმანიის ელჩმა დაგვამუნათა – ასე თქვენ ევროკავშირის წევრები ვერ გახდებითო. როგორ „ასე“?
თუმცა, ესენი ხომ იგივენი არიან. სააკაშვილის ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს ხელკეტებით თავებს გვიხეთქავდა, სახურავებზე ცხედრებად გვდებდა, ციხეებში გვყრიდა და იმ ციხეებშიც შტაბელებად ეწყოთ მუცელგმოფატრული და სიბინძურით ამოვსებული ან ტვინამოცლილი გვამები, და მაშინ, აი, ეს ვაჟბატონები და ქალბატონები ხმას კი არ იღებდნენ, რას შვრებითო, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად ჰყავდათ გამოცხადებული.
რა თქმა უნდა, თავიანთი ძაღლიშვილის ავკაცობებზე ხმას რატომ ამოიღებდნენ გამოკვებილები და კმაყოფილები, ეს მერე დაიწყეს კბენა და ღრენა, როცა გონზე მოვიდნენ, რომ ჩაილურის წყალს დიდი ხნის გაცდენილები იყვნენ.
რომ მიხვდნენ, რაც უნახავთ, იმას ვეღარ ნახავდნენ, დაიწყეს და დღემდე არ დაამთავრა ევროპულმა ბიუროკრატიამ საქართველოსთვის მორალის უზენაესი ტრიბუნალის როლის თამაში. ახლა კი რა აღმოჩნდა, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ: „დემოკრატიის უკუსვლა“, „რეჟიმი“, „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა“, „ავტორიტარიზმი“ და ა. შ. მათთან ყოფილა, მაგრამ ეს სახელები არ ჰქვია იქ, ბრიუსელურ გაგებაში, ევროპული ველური დარბევები „დემოკრატიის ზეობაა“ და „თავისუფლების აპოთეოზი“.
სამოსამსახურო ძაღლები ყველა ქვეყანაშია და სპეციალური დანიშნულებისთვის იწვრთნებიან: სამძებრო და კრიმინალური საქმიანობა, აკრძალული ნივთიერებების აღმოჩენა, სამაშველო ოპერაციები, ობიექტების დაცვა და ყარაულობა.
ამ ჩამონათვალში არსად არის ნათქვამი, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ადამიანებზე დაგეშილი გაავებული ძაღლები უნდა მიუშვა. როგორც ჩანს, ეს ძაღლებიც „დემოკრატიის აპოთეოზის“ შემადგენელი პერსონები არიან, ამდენად, ჩართულები უნდა იყვნენ დემოკრატიულ პროცესებში.
საინტერესოა, რატომ არ იღებენ ხმას ზედემოკრატი ორსახოვანი გვამები არამხოლოდ ევროპიდან და რატომ არ გმობენ კოპენჰაგენში მომხდარს?
ალბათ, იმიტომ, რომ მხოლოდ დანიის სამეფოში კი არ დალპა რაღაც, მთელ სადემოკრატეთში დაულპათ ყალბი დემოკრატია...
კაცმა რომ თქვას, დანიისთვის მშვიდობიან მოქალაქეებზე ძაღლების მიშვება სულაც არ უნდა იყოს აღმაშფოთებელი, რადგან ეს იგივე დანიაა, რომლის ხელისუფლებამაც, ათწლეულების განმავლობაში, 90-იანი წლების ჩათვლით, გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევრის იძულებით და მოტყუებით სტერილიზაცია განახორციელა – ეს მაშინ, როცა დანია უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყო! გარდა ამისა, დანია გრენლანდიელ ბავშვებზე სოციალურ ექსპერიმენტებს ატარებდა.
ბატონი პრემიერის წერილი მხოლოდ იმ დანიას კი არ ურტყამს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი „მე“, არამედ იმ ევროპულ მახინჯ კონსტრუქციას, რომელსაც რეალურად წარმოადგენს.
დანიას ხმა როგორ ამოეღება გრენლანდიაზე! ან იმ გრენლანდიელებს რამ დაუბნელათ გონება, ყინვისგან ტვინი გაყინული აქვთ? იმ ქვეყნის ქვეშევრდომობა როგორ უნდა ერჩივნოთ, ვთქვათ, ამერიკის ქვეშევრდომობას, რომელმაც, გააუბედურა. იმ დანაშაულისთვის, რაც დანიამ გრენლანდიელების მიმართ ჩაიდინა, მსოფლიო სამართალი რომ არსებობდეს, დანია გრელანდია უთქმელად უნდა ჩამოერთვას!
გაფარჩაკებულია ევროელიტა და მათგან გამომდინარე, ე. წ. ევროპული ღირებულებები. ან რა ღირებულებები აქვთ, რაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი, რეალურად კი ისეთივე არიან, როგორებიც საუკუნეების განმავლობაში იყვნენ გასული საუკუნის 50-იან წლებამდე?
დაემხოთ თავზე საკუთარივე ავკაცობები, თვალთმაქცობები, სიყალბეები და ცრუ დემოკრატია. ახლა ის არის საინტერესო, როდის მიხვდება ამას თვით ევროპელი ხალხი. ევროპა კონტინენტის ევროპული ნაწილია, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მდებარე სახელმწიფოებისგან შედგება – აი, ეს ხალხი ყველა ქვეყანაში როდის გამოფხიზლდება, რომ ხმა ამოიღოს? ბრიუსელი, პარიზი, სტოკჰოლმი ან ევროპის ნებისმიერი ქალაქი ევროპა არ არის, ხოლო ევროპარლამენტი - ევრომეფე!
ასეთი ერთიანი ღირებულებები, ერთიანი სტანდარტები და ერთიანი მორალური საზომი თუ აქვს ევროპაში არსებულ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, მაშინ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ თავიანთი დემოკრატიაცა და ღირებულებებიც!
დანიის პოლიციამ „ქრონიკას“ მოკლე ტექსტით უპასუხა, როდესაც დიალოგი უშედეგოა და მოქალაქეები პოლიციის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ძალის გამოყენება, შესაძლოა, აუცილებელი გახდესო.
თბილისში გამართული აქციების დროს, ემორჩილებოდნენ კი არა, 130-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, ზოგი მათგანი მძიმედ და პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ დღემდე თითს გვიქნევენ, ეგენი პოლიტპატიმრები არიანო. მათთვის ძაღლების მისევას ვინ ჩივის, ხელკეტიც კი არ ჩაურტყამთ, ცუნცულ-ცუნცულით ციმციმ გააცუნცულეს, ევროპიდან კი მაინც დაგვჩხავიან, სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა „სამართლის უზენაესობა“ არ არისო.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ „ბრიუსელური ბნელიტა“ საქართველოსთან დღემდე კოლონიური ზედამხედველის ენით საუბრობს, თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ ჩვენს ღირებულებებსო. ერთხელ ხომ უკვე შევესაბამებოდით? დიახ, და იმ დროის დაბრუნება უნდათ, ამიტომ მისტირიან დღემდე მათნაირ ამორალურ და უსამშობლო მიხეილ სააკაშვილს.
ბრავო, პრემიერო! დასცა ბნედა იმ ავხორც და ავტვინა ევროჩინოვნიკებს, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ თითის ქნევას და ბრძანებების გაცემას!
ბრავო, პრემიერო! საქართველომ პირველად თქვა საჯაროდ, რომ არავის მონა არ არის და არც ევროპის მონა იქნება. საქართველო ის შემდგარი სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს, ყველა მიმართულებით დასვას არასასიამოვნო შეკითხვები და მოითხოვოს პასუხები.
ირაკლი კობახიძე: ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით.
ფსევდოლიბერალური, მოფაშისტო ევროჩინოვნიკები და ქრისტიანულ-ეროვნულ ღირებულებებზე მდგომი საქართველო – რა საქმე აქვს საქართველოს ასეთ კავშირში?
პირველი საარბრიუკენი აიქოჩრა. გამეცინა. საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამ, რომ გაბუტვოდა საბჭოთა საქართველოს დედაქალაქთან სიმბოლურ მეგობრობას, გამამხიარულა.
უცბად, მოვიღუშე – ახლა არ დამიწყოს თბილისის მერიამ, უკრაინასავით, ჩვენ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, არც საარბრიუკენის მოედანს გადავარქმევთ სახელს და არც საარბრიუკენის ხიდსო, თორემ ცურვა არ ვიცი, გადავხტები მაგ ხიდიდან და პირის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ვინმეს გასკვანჩვა მოუწევთ.
უხსოვარი დროიდან ჩვენ ხომ ყოველთვის ყველაფერი ევროპულის ღია კართან ვდგავართ და ვაკაკუნებთ. ჰოდა, ედუარდ შევარდნაძის ნათქვამი გამახსენდა, დიდხანს ნუ იდგებით ორპირში, წელკავი იცისო. ჩვენ კი ვდგავართ და გავიძახით, არა, აქ უნდა ვიდგეთ, სანამ არ შემოგვიშვებთო.
რანაირებიც ისინი არიან და რანაირებიც ჩვენ ვართ ჩვენ-ჩვენი გაგებითა და მისწრაფებებით, ერთმანეთს ვერც ვიტანთ და ვერც შევეგუებით და რას ვშვრებით, ერთმანეთს ვაბოლებთ, სანამ რომელიმე არ „გამოსწორდება“?
გავიგეთ, რომ კონსტიტუციიდან ვერც ფურცელს ამოვხევთ და ვერც გადავჯღაბნით იმთავითვე იდიოტურ ჩანაწერს, კონსტიტუციის შესაცვლელად კი საკმარისი ხმები არ არის, მაგრამ იმ ღია კარებიდან გვერდზე მაინც გავიწიოთ, ეს ხომ მაინც შეგვიძლია. რა აკვიატებაა რაღაც წლების დასახელება, 2028 იქნება თუ 2030, ღირსებით ღირსეულ ადგილში უნდა შეხვიდე...
ვინმეს მართლა სჯერა, რომ ძაღლის კუდი გასწორდება?
გამიშეშდა წელი...
ის უკვე უკან მიდევნებული ლამპარია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა, ფაქტობრივად, უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ. უბრალოდ, ერთგვარად კარგია, რომ თავად ბრიუსელს აძლევენ ღირებულ მითითებებს საქართველოს საკითხზე.
ზოგადად კი, ეს რაღა ორგანიზაციაა? ვისთვის არის ავტორიტეტული და რატომ? – ჩემთვის ესეც არაფერს წარმოადგენს! როდის უნდა დამთავრდეს ამ „საერთაშორისო“ ორგანიზაციების პარპაში? ან ამ ორგანიზაციას ვინ ეკითხება, ევროპარლამენტი რას დამიშავებს, მერე ამან უნდა მაყვედროს, აგე, დაგიცავიო?
მიხურეთ კარები, ერთად შემომიტია წელკავმა, რადიკულიტმა და ლუმბაგომ!
ზურა ოშხერელი

