ჯო უილსონის მონები ევროპაში და კიდევ ერთი დახვეული რეზოლუცია
არ ჩერდებიან, იღებენ და იღებენ რეზოლუციებს, მერე საგულდაგულოდ ახვევენ და ჭერში აწყობენ. ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერე, არ გაჩერდებიან, სანამ მომდევნო ნომერი გამოვა, ერიი-ორი რეზოლუციის მიღებას კიდევ მოასწრებენ-მეთქი. ხედავთ? აღარც კი ვახსენებ, ვისზეა საუბარი, თვითონვე მიხვდებით, ევროკავშირსა და მის უსაქმურ სტრუქტურებზე ვამბობ. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: წინა კვირას საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის თასობაზე განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა:
„იმის გამო, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს როგორც საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების, ისე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი დელეგაცია, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“.
ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. არ დაიჯერებთ, რეზოლუციის სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ეს ბებერი ქოფაკი მხოლოდ აშშ-ში კი არ გვიფუჭებს საქმეს, ევროპაშიც გადმოგწვდა. ეტყობა, კეზერაშვილმა ჯამაგირი გაუორმაგა.
რა წერია ქოფაკის მიერ მომზადებულ და ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციაში? ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები. ესე იგი, დაუკვირდით, ამას ამბობს უილსონი და შეშფოთებას გამოხატავს ასამბლეა. ეს კიდევ არაფერი, თურმე ასევე შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით. გაიგონეთ? შარშანწინ საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ და ახლა შეშფოთდნენ, შარშან ადგილობრივი არჩევნები ჩავატარეთ და წელს შეშფოთდნენ. ესენი ამის გამო მომავალ წელსაც შეშფოთდებიან და 2028-ში კიდევ, სანამ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ, წინსწრებით შეშფოთდებიან.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს; დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით; უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ.
იცით, ამას რა ჰქვია? სახელმწიფო მართვის ყველა ბერკეტი გადმოგვაბარეთ და რასაც გეტყვით, უსიტყვოდ შეასრულეთო. ამოუვიდა ჩვენს დელეგაციას ამათი ტაკიმასხრობა და სხდომა კენჭისყრამდე დატოვა. ამაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი მთლად გაცუცურაკდა, ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობააო. ესე იგი, თურმე კონფლიქტი ერთობლივად უნდა მოვაგვაროთ, ეს არის დემოკრატია. კი, მაგრამ რა კონფლიქტზე გველაპარაკებიან? ვისთან გვაქვს ჩვენ კონფლიქტი? თეთრზე გვეუბნებიან შავიაო, თუ დავთანხმდებით, ე. წ. კონფლიქტიც ამოიწურება, ხომ? არადა, თეთრი თეთრია, შავი - შავია, ლურჯი - ლურჯია, მწვანე - მწვანეა, ფერების აღრევა გამორიცხულია, დაუშვებელია. ესენი გვიმტკიცებენ, ქალი კაცია და კაცი ქალიაო, არ გამოვა, ვერ დავთანხმდებით. ნახეთ, ჟოან პონსმა რა წამოგვაძახა:
„როგორც მოგეხსენებათ, თქვენს ქვეყანაშიც კი ცარიელი ადგილების დატოვება კარგი გადაწყვეტილება არ იყო, თქვენ აქ ზუსტად იგივეს აკეთებთ. ვფიქრობ, პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია“.
ცარიელი ადგილების დატოვება სად? ჩვენს ქვეყანაში? ეს „ევროპიელი“ პროვოკატორი, როგორც ჩანს, პარლამენტში დატოვებულ ცარიელ ადგილებს გულისხმობს. კი, მაგრამ ვინ დატოვა პარლამენტში ცარიელი ადგილები? მათი რჩევით თუ ბრძანებით არ გატუტუცდა ისედაც ტუტუცი ე. წ. ოპოზიცია, პარლამენტში რომ არ შევიდა და ბოიკოტის გზას დაადგა? ახლა ამ ამბავს ხელისუფლებას აბრალებენ, ხედავთ?
იცით, ეს უილსონის მონები რატომ არიან ნამეტნავად აღგზნებულები? სანამ რეზოლუციას მიიღებდნენ „მოსკოვის მექანიზმი“ ჩაუვარდათ, ვერ მიიღეს, საკმაო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვეს. ეს „მოსკოვის მექანიზმი“ რაღა დოზანაა? დიდი არაფერი, იგი ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ დამოუკიდებელი ექსპერტების დროებითი მისიის შექმნა, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე ეუთო-ს სხვა სახელმწიფოებში. კი, მაგრამ ე. წ. დამოუკიდებელი ექსპერტების მისია ერთხელ უკვე ხომ გამოგვიგზავნეს? შარშან გამოგვიცხადეს, ექსპერტების მისია ჩამოდისო და ერთი კინკილა კაცი ჩამოვიდა, როგორც ვიცი, ცუდი არაფერი დაუწერია. მაგის მერე სხვებიც ჩამოვიდნენ, ხინკალი და „ხაჩაპური“ ჭამეს, მოეწონათ და წავიდნენ. ვერ ისვენებს უილსონი, ვერ ისვენებენ ესენიც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქამდე საქმე არ ჰქონდათ და ახლა გამოუჩნდათ. ეტყობა, აქამდე რცხვენოდათ, ჯამაგირს რომ არაფერში იღებდნენ. ვიმეორებ: ესენი არ გაჩერდებიან, სანამ რამე ისეთი არ მოხდება, სანამ ევროკავშირი არ დაიშლება. ბოლო-ბოლო, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ესენი ვინ არიან? დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაგასაც მოვესწრებით.
P.შ. იცით, ჩვენ ყოველწლიურად რამდენს ვიხდით ეუთო-ს საერთო ბიუჯეტში? ეს არის ამ ორგანიზაციის მთლიანი წლიური წილის 0,07%, ანუ 110 000 ევრო.
გელა ზედელაშვილი
