პეტერ ფიშერი წაშავდა!

პეტერ ფიშერი წაშავდა!

ჩვენ ელჩებში არასდროს გვიმართლებს. არის (იყო) ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ისინი ამინდს ვერ ქმნიან (ქმნიდნენ). მაგალითად, აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოგზავნილ ელჩებს ეგონათ და ჰგონიათ, რომ საქართველო მათი სამართავი ენჯეოა და მეფისნაცვლებივით იქცევიან. ისე იძლევიან ბრძანებებს და ისეთი ტონი აქვთ, გეგონება, დღემდე მათი წყალობით მოვედით. 
აშშ-ის ბოლოსწინა წარმოგზავნილი, ქალბატონი კელი დეგნანი იქამდეც კი დაეცა, რომ ვაკეში ავტოფარეხების განაწილება დაიწყო. ალბათ, ამ საქმეს გარკვეული საზღაურის გარეშე არ აკეთებდა, მართლა სულელი ხომ არ იყო? სწორედ დეგნანი გახლდათ, ჩვენს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მაგიდაზე მუშტები რომ უბრახუნა, გინდათ თუ არა, რუსეთთან ომი დაიწყეთო, უკრაინას მხარში ამოუდექითო, გვამებში შეეხიდეთო, ხუთი დღე გაუძელით, მერე კი ტყეებში გაიხიზნეთო. რამდენიმე დღის წინაც გაიხსენა ირაკლი კობახიძემ, ქალი ბრძანებებს იძლეოდა, უკრაინაში ორი თვითმფრინავით მოხალისეები გააგზავნეთო, მხოლოდ ორითო. ეს იყო 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ომი გაჩაღდა უკრაინაში და როგორ გგონიათ, ეს ორი თვითმფრინავი არ გახდებოდა საბაბი აქაც ომის დაწყებისა? რა თქმა უნდა, გახდებოდა. 
აშშ-ელი ელჩები იქით იყვნენ, ამჯერად ერნსტ პეტერ ფიშერზე, გერმანიის აწ უკვე ყოფილ ელჩზე უნდა მოგახსენოთ, რომელმაც ყველაზე მეტად შეირცხვინა თავი და ყველაზე სამარცხვინოდ წავიდა საქართველოდან. მან სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა:
„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen“ (ნახვამდის)“.
აქ ალბათ, უნდოდა დაემატებინა - „ჰაილ ჰიტლერ“! თუმცა ვერ გაბედა, ან კიდევ აზრი აღარ ჰქონდა. გგონიათ, რამეს ვიგონებ და ჩემებურად ვაფორმებ? არა, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ საქართველოში სისხლი დაღვრილიყო და რუსეთთან ომი თუ ვერ გაჩაღდებოდა, სამოქალაქო არეულობა მაინც დაწყებულიყო. ეს იყო პირწავარდნილი ავანტიურისტი, რომელსაც ისე ჰქონდა მამუკა ხაზარაძის სახლში ბუნაგი მოწყობილი, ბიუჯეტში საერთოდ არაფერს იხდიდა და როცა გამოიჭირეს, იმავე ხაზარაძეს უსინდისოდ ათქმევინა, ეს მხოლოდ გაუგებრობა იყოო. რა გაუგებრობა? ასეთი რამისთვის ხომ გერმანიაში ციხე არ ასცდებოდა? 
რა უნდოდა ამ გაურკვეველ წარმონაქმნს, საიდან მოვიდა და რას გვემართლებოდა? ამ ხელისუფლებას რას გადაეკიდა და საყვარელი გერმანია რატომ შეგვაძულა? იცით, ჩვენ რომ კაცთმოყვარე ერი ვართ და ჩვენში რომ შოვინიზმი არ არის, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ ქვეყანა, რომელმაც 1941-1945 წლებში უკიდურესად დაგვაზარალა, 300 ათასი საჯიშე ქართველი საიქიოს გაისტუმრა, ერთი ამდენი დაასახიჩრა, არ შევიძულეთ, ანგარიშსწორება გულში არც კი გაგვივლია. თუმცა, ამ ერთმა თავხედმა პიროვნებამ 2022 წლის შემდეგ იმდენი მოახერხა, რაც კი რამ გვაკავშირებდა გერმანიასთან, ყველაფერი წყალს გაატანა. არა, ახლა რომ ვამტკიცო, ეს მხოლოდ ერთმა თავხედმა ფიშერმა შეძლო-მეთქი, მოგატყუებთ, რასაკვირველია, ის ევროკავშირის ე. წ. ბოსების დავალებას ასრულებდა, მაგრამ მას მაინც შეეძლო, ცოტა სხვანაირი, ანუ პრაგმატული პოზიცია დაეკავებინა და ისე არ წასულიყო საქართველოდან, როგორც წავიდა - ხელისუფლებისგან და ხალხისგან გარიყულად. რაღაც ვიდეო ვნახე, მგონი, საელჩოს თანამშრომლები დაემშვიდობნენ, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. 
მოკლედ, პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყებაში 1986 წლიდან მუშაობდა. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა გერმანია ორად არის გაყოფილი - დემოკრატიულად და ფედერაციულად. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება იყო ეკონომიკა და გლობალური საკითხები. იყო ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს დესპანი და ეკონომიკის განყოფილების უფროსი, თელ-ავივში გერმანიის ელჩის მოადგილე, ასევე, მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. გერმანიაში ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ეკონომისტი და გარემოს დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. მუშაობდა გერმანიის პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის განყოფილებაში რიხარდ ფონ ვაიცზეკერის პრეზიდენტობის დროს. 2018-2022 წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მსახურობდა. როგორც ხედავთ, ფიშერი გამოუცდელი არ არის, პირიქით, მას ლამის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი და წესით, ქიციც უნდა იცოდეს, ქიცმაცურიც. დიახ, იცის კიდევაც და სწორედ ამიტომაც მოიქცა ჩვენთან მიმართებით ისე, როგორც მოიქცა, ანუ გაიძვერულად და თაღლითურად. პრინციპში, რასაც ავალებდნენ, იმას აკეთებდა. ვიმეორებ, შეიძლება დავალებები შეასრულო, მაგრამ ისე შეასრულო, რომ არც მწვადი დაწვა, არც შამფური. სხვათა შორის, როცა აშშ-ის ადმინისტრაციამ ელჩად კელი დეგნანი გამოგვიგზავნა, თავიდან ერთი წელიწადი წესიერად იქცეოდა, ჩვენც პრეტენზია არ გვქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, არაერთხელ მომისმენია ტელევიზიით მავანთაგან, რომ ეს ქალი ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა. თუმცა დაიწყო თუ არა უკრაინაში ომი, ეს ღმერთის გამოგზავნილი ქალი ეშმაკად გადაიქცა და პირდაპირ ითხოვდა, რუსეთ-უკრაინის ომში ჩავრთულიყავით. 
პეტერ ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის მადლიერია წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო.
პეტერ ფიშერმა წასვლის წინ რუსთაველის გამზირზე გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won’t Stand Down“ („უკან არ დავიხევთ“). გამოდის, კი წავიდა ეს ადრე წასასვლელი ე. წ. ელჩი, მაგრამ უკან დახევას მაინც არ აპირებს. თქვენი არ ვიცი და... მე ეს სიტყვები მუქარად მეჩვენება, ტიპი ისე წავიდა საქართველოდან, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის ოხტში ვერ ამოვიდა, მისი სახლ-მუზეუმი ვერ გააუქმა. სამაგიეროდ კი რა გააკეთა? დაარღვია ვენის კონვენცია - საქართველოში წაახალისა ექსტრემიზმი, ზეწოლას ახდენდა მართლმსაჯულებაზე, არაფრად აგდებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცხოვრობდა ე. წ. ოპოზიციონერის სახლში და ღიად გამოხატავდა ე.წ. ოპოზიციის ინტერესებს. ეს გახლდათ ნიმუში იმისა, როგორი არ უნდა იყოს ელჩი. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, ის ისე წავიდა (გაიპარა, - გ.ზ.), არავის დაემშვიდობა - არც პრეზიდენტს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც პრემიერ-მინისტრს. ასეც უნდა წასულიყო, სხვანაირად არც შეიძლებოდა. 
ვინ იქნება შემდეგი? როგორ გითხრათ, ალბათ, არც ამაზე უკეთესი, არც ამაზე უარესი, რადგან ვინც მოვა, ვისაც დანიშნავენ, ისიც შეასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებებს და... თუ მართლა შეასრულებს დავალებებს, უარესს უნდა ველოდოთ. შეიძლება თავიდან ცოტა თავი მოიკატუნოს, მაგრამ მერე აუცილებლად გამოაჩენს ბრჭყალებს. აი, ასე ნადგურდება საქართველოში პროევროპული და პროამერიკული განწყობები დროთა განმავლობაში და ამას აკეთებენ თვითონ ევროპელები ამერიკელებთან ერთად. ამ დროს ყვირიან, საქართველოში პრორუსული განწყობები ძლიერდებაო. არაფერიც არ ძლიერდება, ესენი თვითონვე ანგრევენ იმას, რითაც 30 წლის განმავლობაში გვაბრუებდნენ. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ნუ გამოვრიცხავთ, რომ გლობალური პოლიტიკა შეიცვალოს და ამათაც სხვა დუდუკზე დაუკრან. 

გელა ზედელაშვილი