ტრაგიკომედია ვენესუელაში

ტრაგიკომედია ვენესუელაში

რა მოხდა ვენესუელაში? რომ არა მის დედაქალაქ კარაკასში გადასხმული დესანტი, ღამით ამ ქალაქის დაბომბვა, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის, სილვია ფლორესის მოტაცება, ისეთი არაფერი, რაც ადრე ნავთობით მდიდარ ქვეყნებში არ მომხდარა. 
ნიკოლას მადუროს გატაცებამ დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით. ევროპელი ლიდერები გაწბილებულნი არიან, ცალყბად გმობენ მომხდარს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ რისკავენ. მათ აშკარად დაინახეს, რომ მადუროს გატაცებით ტრამპმა რამდენიმე კურდღლის მოკვლა განიზრახა: პირველი - ევროკავშირის წევრი ქვეყნების ქვეშაფსია ლიდერები საბოლოოდ დააშინა და ყველა თავ-თავის ადგილზე მოსვა, მეორე - ეს იყო საჩვენებელი სვლა გრენლანდიისა და შვედეთისთვის, ასევე კანადელებისთვის და, ბარემ აქვე ვთქვათ, რაც ახლა ირანში ხდება, ეს შემთხვევითია? 
ტრამპი ეშხშია შესული და იქიდან გამოსვლას აღარ აპირებს. 
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავდა თუ არა მისი კომენტარი მომავალში კოლუმბიაში „ოპერაციის“ ჩატარებას, ტრამპმა უპასუხა: „კარგად ჟღერს“!
ამდენი მსხვერპლის გამო ცოტა დამწუხრებული მაინც უნდა იყო, სამძიმარი ფორმალურად მაინც უნდა უთხრა დაღუპულთა ოჯახებს, არა, ტრამპმა ნარკოტიკები აიკვიატა და ყველაზე მეტად ის უხარია, რომ ამიერიდან ნავთობის მარაგის უდიდეს ნაწილს გააკოტროლებს. ნავთობი და ფული, - ის ვერ და არ მალავს ძირითად საწადელს.

რა ენაღვლება რა, ტიპი ამბობს, მე ვარ და ჩემი ბომბდამშენებიო!
მას შემდეგ, რაც ნობელის პრემია არ მიანიჭეს, თავდაცვის სამინისტროს ომის სამინისტრო დაარქვა. გუშინ თუ გუშინწინ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოაცხადებინა, ეს ჩვენი ნახევარსფეროა და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო. აქეთ რუსები ამბობენ, თუ ეგრეა, მაშინ ევროპა-აზია და კავკასია ჩვენი ნახევარსფეროა, რასაც გვინდა, იმას ვიზამთო.
შვრებიან კიდევაც... იქითა ნახევარსფეროელები აქეთა ნახევარსფეროელებს აღარ ეკითხებიან არაფერს და აქეთა ნახევარსფეროელები კიდე - იქითა ნახევარსფეროელებს. არც ადრე ეკითხებოდნენ დიდად, მაგრამ მაინც... 
მოკლედ, ამან, ამ ფრედოვიჩმა ისეთი რაღაცა ჩაიდინა, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე არავის ჩაუდენია. შევარდა შუაღამისას პრეზიდენტ მადუროს „სპალნაში’’ და ცოლთან ერთად დააპატიმრა. ეგეც არ აკმარა, სასამართლოში ფეხებზე ბორკილებდადებული მიიყვანა და 92 წლის მოსამართლეს ასამართლებინებს, ახალგაზრდაც არ აღირსა. ახლა მადურო ცოლთან ერთად ამტკიცებს, სუფთა და პატიოსანი კაცი ვარო, მაგრამ ვინ უსმენს?
ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ტრამპი და მადურო გარიგებულები არიან, სცენარი წინასწარ არის დაწერილიო... ეს რანაირი გარიგება უნდა იყოს, როცა მადუროს სადამ ჰუსეინივით დაათრევენ?
ფრედოვიჩმა - გრენლანდიაც მინდა, აშშ-ს რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებაო. კანადელებმაც ბევრი არ ილაპარაკონ, ეგეც ჩვენიაო.
ფრედოვიჩი იმდენს იზამს, პუტინს ანგელოზად გამოიყვანს, ამას ჯერ არ უთქვამს, აღმოსავლეთი ევროპა მჭირდება, დასავლეთ ევროპიდან საფრთხე გვემუქრებაო. პრინციპში, ეს მაგას არ იტყვის, ტანკს ამოქოქავს და უთქმელად გააკეთებს, ირგვლივ ლულას მოატარებს და ეგ არის.
რამდენიმე დღის წინ გაერო-ს საგანგებო სხდომას ვუყურე, ხანდაზმულთა კრებას ჰგავდა. ილაპარაკეს, იღავღავეს, ზოგმა მადურო დაგმო, ზოგმა ტრამპი, ზოგი „ვენეცუელას’’ გამოექომაგა, ზოგი აშშ-ს, ძირითადში მაინც შეშფოთდნენ, „საერთაშორისო’’ ნორმები დაირღვაო. სულ ეგ იყო, შეშფოთდნენ და დაიშალნენ. 
სიტუაციას რუსული ტელეარხებიც ამუქებენ - სადაცაა, პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო, თუ მადუროს არ გაათავისუფლებენო. მედვედევს უთქვამს, გაუმარჯოს ბირთვულ იარაღს, ამას პუტინთან შეთანხმების გარეშე ვერ იტყოდაო. 
არა, ეგ მაინც მაგარი იყო - ეს ჩვენი ნახევარსფეროაო, ანუ ნახევარი დედამიწა ჩვენიაო. კი, მაგრამ საიდან ეს ნახევარსფერო, ვინ მიუზომათ? ინდიელებმა? ინდიელები ამბობენ, ჩვენ არ მიგვიზომნია, ყაჩაღები შემოგვესივნენ, გაგვჟლიტეს და თვითონვე მიიზომესო. თან ჩაგვჩიჩინებდნენ, დემოკრატია უნდა დაგიმყაროთო, ოღონდ მას შემდეგ, ჩვენთვის ოქროს „სარაიებს“ რომ ავაშენებთო. ვენესუელელებსაც ეგრე ჰპირდებიან, აქედან ნავთობს რომ გავზიდავთ, თქვენ უკეთესად იცხოვრებთო, უფრო მეტი დემოკრატია გექნებათო.
გონებაშეზღუდული აკაცუკები ფრედოვიჩს უხმობენ, ჯარი ჩვენთანაც გამოგზავნე, ბიძინა ივანიშვილი წაიყვანე, საფრთხე მისგანაც გემუქრებათო.
ტრაკაცუკები ადრე ფრედოვიჩს ლანძღავდნენ, გიჟად ნათლავდნენ. ახლა აღარ, ახლა გმირია, თანაც მათი ერთადერთი იმედი. მათ „გულწრფელად’’ სჯერათ, რომ ერთ ღამესაც ფრედოვიჩი სპეცრაზმს გამოაგზავნის, ივანიშვილს „სპალნაში’’ შეუვარდება და ამერიკაში გააფრენს. 
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს... კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ამ საგიჟეთში არ გაგვრია და საშვილთაშვილოდ არ დაგვაწიოკა!

ვის უნდა ვენესუელის 
პრეზიდენტობა? 
ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფილი ელჩი და ყოფილი ჩავესისტი ედმუნდო ურურტია დაასახელა, რომელსაც თურმე 2024 წელს არჩევნებში გაუმარჯვნია. არის მარია მაჩადო, რომელიც ოპოზიციური პრეზიდენტის სტატუსი აქვს და თურმე ისიც 2024 წლის არჩევნებშია გამარჯვებული. ტრამპი მას ვერ იტანს, ნობელის პრემიის მიღებაში შეეცილა და დაისაკუთრა. ხუან გუაიდო გახსოვთ? ეს ის არის, მთელმა დუნიამ პრეზიდენტად რომ აღიარა და მაგ თანამდებობაზე მაინც მადურო დარჩა. ცოტა ხანს ეძახა საკუთარ თავს, პრეზიდენტი ვარო და მერე სადღაც გადაიხვეწა. ამ ეტაპზე ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ვენესუელის სათავეში ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი დატოვონ. ტრამპის თქმით, ჯერ არჩევნების ჩატარების დრო არ არის. როდრიგესმა ფიცი უკვე დადო და პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლა, ის ხაზგასმით აცხადებს, რომ ვენესუელას აუცილებლად შეუნარჩუნებს სუვერენიტეტს და ციხიდან გამოიხსნის ნიკოლას მადუროსაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა იქით შეუტია, ემანდ, არაფერი შეგეშალოს, მადუროს ზედ არ წაგაკლაო, ცოტაოდენ დაოკდა და როგორც ხედავთ, ნავთობის გადაცემაზეც კი თანახმაა. 
გაიტანეთ გრენლანდია!
თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მეუღლემ, კეიტი მილერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის რუკა ამერიკული დროშის ფერებში და იქვე წააწერა: „მალე“! ამის შემდეგ თეთრ სახლში თითქმის ყველა ალაპარაკდა იმაზე, რომ მათ გრენლანდია ძალიან სჭირდებათ, ხოლო ტრამპმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს აშშ-ის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. მეტიც, ტრამპმა ჯეფ ლენდრი გრენლანდიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლადაც კი დანიშნა. ცნობისათვის, ტრამპი გრენლანდიის ყიდვას პირველი ვადის დროსაც აპირებდა, მაგრამ დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებამ ეს იდეა უარყო. ახლა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.
ფრედერიკსენის თქმით, დანია და, შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება. თუმცა თეთრი სახლის მობინადრეებს არაფრის გაგონება არ უნდათ, ისინი მაინც ამტკიცებენ, რომ ეს მათი ნახევარსფეროა და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. მოდი, საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ, დავხედოთ რუკას, სანამ ამერიკელები გრენლანდიაში მივლენ, ჯერ კანადა უნდა გაიარონ. ახლა ხვდებით, რატომ არის ატეხილი დონალდ ტრამპი, კანადაც ჩემია, უნდა შემოვიერთოო? კაცმა რომ თქვას, რუსეთიდან გრენლანდიამდე თითქმის იგივე მანძილია, რაც აშშ-დან გრენლანდიამდე, რუსეთსაც შეუძლია, განაცხადოს, აშშ-დან საფრთხე მემუქრება და ეს ტერიტორია ბუფერულ ზონად მჭირდებაო. ისე, დონალდ ტრამპს რომ ჰკითხოთ, კოლუმბიაც დასაპყრობია, მექსიკაც, კუბაც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნორვეგიაც. რატომ ნორვეგია? იმიტომ, რომ სწორედ მათ არ მისცეს ტრამპს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 
მაინც გულმოწყალეა ტრამპი, არ მომცეს და ნუ მომცეს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ხომ გადავარჩინეო? უკრაინის საკითხში სადღაც მართალია, მაგრამ რომელი 8 ომი დაასრულა, მაინც ვერავინ გაიგო. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კუბელი ყოფილა, ის თავის შეფს ეხვეწება, რაკი ხარჯია, ბარემ კუბაც დავიპყროთო. კუბელი სერგო ორჯონიკიძეა, სხვა რა უნდა ვუწოდოთ? ისე, რაღა შორს წავიდეთ, ქვეყნის დაპყრობის მსურველები ჩვენც გვყვანან - მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა პირდაპირ მოსთხოვა დონალდ ტრამპს, საქართველოში საპოლიციო სპეცოპერაცია ჩაატარე და ბიძინა ივანიშვილი წაიყვანე, როგორც მადურო წაიყვანეო. მართალია, ნათელაშვილს რუბიომდე ცოტა უკლია, მაგრამ სურვილები ხომ ერთნაირი აქვთ. 

დონალდ ტრამპმა 
შორს შეტოპა?
ტრამპმა თავისი დაუფიქრებელი საქციელით ხელ-ფეხი მთლიანად გაუხსნა რუსეთს. ამიერიდან თეთრი სახლი კრემლს ვეღარ მოედავება, უკრაინას ან სხვა ქვეყნებს რატომ ბომბავო. მეტიც, ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელას ჩინეთისა და რუსეთის გაძევებას სთხოვს და ნავთობთან დაკავშირებით მხოლოდ აშშ-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამას ემატება შარი, რომელიც ნავთობტანკერებთან დაკავშირებით წამოკიდა ტრამპმა. ვგულისხმობ ტანკერ „მარინერას“ დატყევებას კარიბის ზღვაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ დაკავებული რუსული დროშის ქვეშ მცურავ „მარინერას“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 6 საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის, გემის კაპიტანიც, 20 უკრაინის, ხოლო 2 რუსეთის მოქალაქეა. მგონი, საქმე იქით მიდის, შეიძლება უახლოეს დღეებში აღმოჩნდეს, რომ მაგ ტანკერთან რუსეთს არაფერი აკავშირებს. ყველაზე „მაგარი“ კი ის არის, რომ დაკავებული ტანკერი ცარიელი აღმოჩნდა, არავითარი ნავთობი. არადა, ამ ტანკერს აშშ-ის დაზვერვა ორი კვირა დასდევდა. მადუროს დაკავების შემდეგ მსოფლიო პრესა ამერიკული დაზვერვისა და სამხედროების მაღალკვალიფიციურობაზე ალაპარაკდა, ხოლო ჩვენმა აკაცუკებმა, ანუ „ნაცებმა“ და მათმა მიმდევრებმა ერთი ამბავი ატეხეს, აშშ-მ რუსეთი დააჩოქა, პუტინს სილა გაულაწუნაო. ჯერ ერთი, ამერიკელებს როგორი „კვალიფიციური“ დაზვერვა და არმია ჰყავთ, ეს 11 სექტემბრის ამბებმა აჩვენა, როცა 6 სამგზავრო თვითმფრინავი ცხვირწინ აუფეთქეს და ვერაფერი გაიგეს, მათ შორის 1 პენტაგონის ეზოში ჩამოუგდეს. მეორეც - ამერიკელებს რა შეუძლიათ, ეს მაშინ დავინახეთ, როცა ავღანეთიდან უკანმოუედავად გამოიქცნენ, თვითმფრინავების ფრთებზე ეკიდნენ და 80 მილიარდი დოლარის შეიარაღება თალიბებს დაუტოვეს. მოგვიანებით ამერიკელების დაზვერვის შეფმა განაცხადა, ჩვენ საერთოდ არ ვიცოდით, ავღანეთში თალიბები თუ მოდიოდნენო. გესმით, ვისთან გვაქვს საქმე? 
კოლუმბიის პრეზიდენტის გუსტავო პეტროს განცხადებით, კოლუმბიის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებების რეალური საფრთხე არსებობს.
შეკითხვაზე, თუ როგორ დაიცავს კოლუმბია თავს აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, პეტრომ უპასუხა, რომ ურჩევნია დიალოგი და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. აჰა, კოლუმბია გადატეხილია. ამას მოჰყვება მექსიკა და კუბა. მოკლედ, აქ თუ წერტილი არ დავსვი, მოვლენები ისე ვითარდება, დეტალურ აღწერას მთელი გაზეთი დასჭირდება. 

ბოლოთქმა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოში 8 ომი დაასრულა და, მიუხედავად ამისა, მაინც არ მიანიჭეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 8 ომის დასრულებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ 8 ომი კი დაიწყო. ფაქტია, აშშ ღიად ებრძვის რუსეთს, ჩინეთს, ირანს, ვენესუელას, კუბას, მექსიკას, კოლუმბიას, გრენლანდიას. აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე, ინდოეთზე, ნორვეგიაზე და ასე შემდეგ. თუ ასე გაგრძელდა, მალე 18-მდე ავა. 

გელა ზედელაშვილი