აქა ამბავი „ყველაფერჩიკ“ გია ხუხაშვილისა და „ვოზდუხ“ გიორგი გახარიასი

აქა ამბავი „ყველაფერჩიკ“ გია ხუხაშვილისა და „ვოზდუხ“ გიორგი გახარიასი

ყველაფრის ექსპერტ გია ხუხაშვილს პირადად ჩემთან აქვს ნათქვამი, რომ გიორგი გახარია მან მიუყვანა ბიძინა ივანიშვილს და დაანიშნინა ბიზნესომბუდსმენად. მეტიც, მან ისიც მიამბო, როგორ მივიდა რამდენიმეჯერ გახარიას მამა, ზაურ გახარია მასთან სახლში, როგორ იხვეწებოდა, ჩემი შვილი ჩამოვიდა მოსკოვიდან, აქ უნდა ცხოვრება, ეგებ, გამოიყენოთო. შემდეგი სურათი კი ხუხაშვილმა ასე დახატა: ვსხედვართ მე, ბიძინა, კიდევ ვიღაცები, ვბჭობთ რაღაც თემებზე, უცებ ბიძინამ იკითხა, ბიზნესომბუდსმენად ვინ დავნიშნოთო? უცებ გამახსენდა გიორგი გახარია და შევთავაზე კიდევაცო. გაუმართლა მოსკოვიდან ჩამოსულ გახარიას, უკვალოდ არ ჩაიარა მამამისის მცდელობამ, ტყუილად არ აუტალახებია ხუხაშვილის კარი. მაშინ ყველაფრის ექსპერტმა მთხოვა, ამაზე არსად დამეწერა, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის დაბადების დღეზე ვიყავით, მოწმეებიც არიან, პირობა მივეცი, ეს ამბავი არ „გაჟონავდა“, მაგრამ ცოტა ხანში თვითონ „გააბაზრა“. გამოგიტყდებით, მაშინ ყველაფერი დავიჯერე, არ მქონდა საფუძველი, არ დამეჯერებინა, ის ხომ ბიძინა ივანიშვილის კარზე „დიდი“ ფიგურა იყო? დღევანდელი გადასახედიდან, შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაღაც-რაღაცებში ეჭვი მეპარება და თქვენ წარმოიდგინეთ, სულ სხვანაირი სურათი იხატება. 
ამას წინებზე ირაკლი კობახიძემ თქვა, გიორგი გახარია პრემიერად „დიფ სთეითმა“ დაგვანიშნინაო. მე მჯერა და აი, რატომ: ჯერ ერთი, მოსკოვიდან დაბრუნებული გახარია ასე სწრაფად ვერ უნდა დაწინაურებულიყო, მას აშკარად ჰყავდა ვიღაც მფარველები, რომლებმაც ხელისუფლება აიძულეს, ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დაენიშნათ, მერე კი მთავრობის მეთაურად გაემწესებინათ. ალბათ, ხვდებით, ვიღაცებში ვის ვგულისხმობ - „დიფ სთეითს“, ანუ უჩინარ მმართველებს. თუ უჩინარმა მმართველებმა გია ხუხაშვილს დაავალეს, ეს ბიჭი ივანიშვილს მიუყვანე, დანარჩენს ჩვენ მივხედავთო, მაშინ ხუხაშვილი აგენტი გამოდის. სხვათა შორის, ამ „ყველაფერჩიკს“ ისიც აქვს მონაყოლი, რატომ „დააპაშოლა“ თავისი გარემოცვიდან ბიძინა ივანიშვილმა. თურმე თავიდანვე შეუჩნდა, „ნაცები“ დავიჭიროთ და ცოცხლად გავატყავოთო. ატყდა თურმე, საშველს აღარ აძლევდა. ივანიშვილს უთქვამს - შენა, შვილო, მოგზავნილი ხომ არა ხარო? ამას ეწყინა, რას ჰქვია, მოგზავნილი ვარ, ყველა „ნაცი“ დასაჭერი არ არისო? ამის შემდეგ იყო, ხუხაშვილი სოლოლაკიდან რომ გამოქანდა და კოლმეურნეობის მოედანზე მოადინა ბრაგვანი. განა „ნაცები“ არ იყვნენ იმ ეტაპზე დასაჭერ-გასაციმბირებლები? ბარემაც რომ იყვნენ, მაგრამ მაშინ ივანიშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ მყიფე იყო, ერთი მხრიდან უცხო „მბრძანებლები“ იყვნენ მომდგრები და ითხოვდნენ, „ნაცებს“ ბუზები არ აფრენოდათ, მეორე მხრიდან კიდევ ხუხაშვილი და მისი მსგავსნი ითხოვდნენ მასობრივ დაჭერებს, რათა ახალი ხელისუფლება სწრაფად აყირავებულიყო. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება რაღაც დონეზე ჩაჰყვა გადამთიელ „მბრძანებელთა“ კაპრიზებს, სხვა გზა არ იყო, იმ ავადსახსენებელ კოჰაბიტაციაზეც დათანხმდა, ბევრი ისეთი დაწინაურდა, ბევრმა ისეთმა დაიკავა მაღალი თანამდებობა, ორ ბატს რომ არ ჩააბარებთ. გიორგი გახარია ასეთი არ ჩანდა, ორ ბატს რომ ვერ ჩააბარებ, პირიქით, ისეთი ნათელი პიარი აუგორეს, ისეთი რაკურსით წარმოაჩინეს, გეგონება, მსგავსი არაფერი გვინახავს, მსგავსი მმართველი საქართველოს არ ჰყოლია. მერე, თვალის ჩაპაჭუნება? აი, ამაზე გადაირია საქალეთის ლამის ნახევარი და მერე კიდე იმის ნახევარი კი გაჰყვა თან, როცა მიზეზად ნიკანორ მელიას დაპატიმრება მოიდო და კრიტიკულ სიტუაციაში გადადგა, რაც მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა ღალატად შეაფასეს. 
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ უსახელოდ ასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას ბატონი „ვოზდუხ“ გიორგი გახარია – მას სასამართლომ უკვე მიუსაჯა 6 წელი დაუსწრებლად. რას ედავება პროკურატურა ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსანს? ამონარიდი პროკურატურის განცხადებიდან:
„საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს - კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. 2019 წლის 20 ივნისს, საღამოს საათებში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მათ დაიწყეს სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, მათი ნივთების დაზიანება და განადგურება. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება“.
მართლაც, იმ ღამეს ისე განვითარდა მოვლენები, ბევრი რამ ამოუხსნელი დარჩა, იყო შეკითხვები, არ იყო პასუხები. თავდაპირველად ეჭვები გაჩნდა რეზინის ტყვიებთან დაკავშირებით, რადგან არ იყო მათი გამოყენების საწიროება. შემდეგ ასევე ეჭვები გაჩნდა პარლამენტის შენობაში შესული თუ შეყვანილი ე. წ. აქტივისტების გამო, უცნობი ადამიანების გამო და საერთოდ, როგორც მოგვიანებით დეპუტატები ყვებოდნენ, გიორგი გახარია გამოირჩეოდა უცნაური ქცევით. დღევანდელი გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ მაშინ რომელიღაც ჯგუფს სახელმწიფო გადატრიალება ჰქონდა ჩაფიქრებული და ჩაეშალა. ამ ჯგუფში იყო გარეული ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც. არ ვიცი, კონკრეტულად რამ შეუშალათ ხელი, გეგმა არ ჰქონდათ, ბოლომდე ვერ გარისკეს თუ რაღაცის გამო შეშინდნენ? 
რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს: „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, იმჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ამ საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. ეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საბაბად გამოიყენეს, კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მათ კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“.
ეს დანაშაული 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორ აღიქვა თავად გიორგი გახარიამ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები? როგორც ჩანს, მან კარგახნით ადრე იცოდა, რომ პროკურატურა ამას აპირებდა და ამიტომაც გაუჩინარდა ბერლინში. გახარია წარდგენილ ბრალდებებს „პოლიტიკურ დევნას“ და „შეთითხნილს“ უწოდებს. იგი ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილის მუქარის შესრულებად აფასებს:
„სასამართლომ ჩემი დაკავების ბრძანება გასცა. ამით შესრულდა ივანიშვილის წინასაარჩევნო მუქარა. ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის და პირადად ჩემთვის, ემიგრაციიდან - ეს ნიშნავს ახალ ეტაპს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, რომელიც ახლა მოითხოვს ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას. სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე, დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ, თუმცა, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა საქართველოში ევროპული იდეის შესანარჩუნებლად“.
უკვე ბანალური ამბავია, რუსეთიდან ჩამოსული ტიპი გველაპარაკება ევროპიულ ღირებულებებსა და იდეაზე. ახლა ამას ჰგონია, რაკი საქმეები აღუძრეს, ასე „ქართული ოცნება“ ევროპას და ამერიკას ებრძვის, ესენი ხომ საქართველო-ევროპის დამაკავშირებელი ელემენტები არიან? 
და ბოლოს, კულმინაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარია  ჰერტის სკოლამ აიყვანა თანამშრომლად: 
„ხელის გულზე დევს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად. ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის ეს ყველაფერი გაფორმებული, თითქოს მან უნდა აწარმოოს კვლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მისი დაფინანსება ასევე მოიცავს ვიზიტებს, ინტერვიუებს ევროკომისიის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალჩინოსნებთან“.
ფაქტია, „დიფ სთეითი“ თავის აგენტებს უსამსახუროდ არ ტოვებს. ჯერ იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი გახდა, ახლა კი ესეც დაასაქმეს მკვლევარის თანამდებობაზე. რა უნდა გამოიკვლიოს გიორგი გახარიამ? არაფერი, იგივე, რასაც იკვლევს სალომე ზურაბიშვილი, ოღონდ, ერთი განსხვავებით, ის საქართველოს ვერ მოუახლოვდება, გარე-გარე ირბენს თავისი „კრიტიკული“ გამოხდომებით. თუ საქართველოში ჩამოვა, ეგრევე დაიჭერენ.

გელა ზედელაშვილი