მიხო რუსთავის ციხეში გადაიყვანესო, ან კი აქამდე რას ელოდებოდნენ?
ჩემი ყველა წერილი ბოლოს ასე მთავრდებოდა: „გადაიყვანეთ ეს ძონძი ციხეში, გა-და-ა-თრი-ეთ!
მარტო მე? თქვენც იგივეს არ წერდით და ამბობდით?
და მოხდა სასწაული, გადაიყვანეს კი არა... გადაათრიეს.
ცხოვრებაში არაფერი დამიბრალებია. ახლა მინდა, ეს ამბავი დავიბრალო და განვაცხადო, რომ, რაკი მე ავტყდი, გადაათრიეთ-მეთქი, ამიტომაც გადაათრიეს, მთავრობამ მომისმინა, დამიჯერა. შეგიძლიათ, თქვენც დაიბრალოთ, არ არის პრობლემა.
ერმა გაიხარა!
ხედავ, მიხო? ერთი-ორმა თუ სამმა ბოგანობ ყარა ტლინკები უკუღმა და ეგ იყო, ქუჩაში კი არა, ეზოშიც არავინ გამოსულა, ყველამ დაგიკიდა. დიდი-დიდი, კალოშებიანი ნანულა წამოგიწვეს შორიახლოს. ეგეც არა მგონია. წავიდა შენი დრო. ყველას და ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენ გქონდა 9 წელიწადი, თავზე გადაიფსი და ამის საფასური უნდა გადაიხადო.
იცი, რატომ გიგებს ბიძინა ივანიშვილი ყოველ ჯერზე? ის დროის შერჩევის დიდოსტატია. შენ კი არა, მაგ კაცმა ბევრი „სეერთაშორისოც’’ დადო ბეჭებზე. შენ ვინ ხარ, ბიჭო, ლენინი ხარ, ციხიდან რევოლუციები მოაწყო? ან კი სად იყო ციხე? ოდეს ყოფილა, ლუქსპალატიდან რევოლუცია მოეწყოს ვინმეს? ბლეფი ხარ!
ვიცი, შენ არც ციხეში მოისვენებ - როგორც კი მოგცემენ ნიშანს და დირექტივას, ეგრევე გადავარდები გულშეღონებული და დაიწყებ კვნესა-მტვრევას. ისეთ დაავადებებს ჩაგიწერენ შენი მომხრე ე. წ. ექიმები, მსოფლიო მედიცინას რომ არც გაუგონია. დედაშენი გიულა ისევ ჩამაიყვანს აშშ-იდან კოჭლ ორთოპედს და ისიც დაგიწერს რამე სირობას. „ვარელი’’ გელბახიანი გამოვა აქუს კანტორაში და დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ „პეტუხი’’ ხარ და ბავშვების კეთების თავი აღარ გაქვს, ღონე გაქვს მიხდილი, სიქა გაქვს გამძვრალი და თავში მერცხლები გიჭიკჭიკებენ. შალვა ხაჭაპურიძე დაიქირავე ხელახლა, მაგან იცის, როგორ დაარქვას კოჭლ ორთოპედს ნობელის პრემიის ლაურეატი. მე რომ ჩავეძიე, ეგ კაცი ნობელის პრემიის ლაურეატი არ არი, საბუთი დადე-მეთქი, „დაზადნა’’ - ეგა, კაცო, ჯგუფურშიაო. არც ჯგუფურშია და არც ინდივიდუალურში-მეთქი. დამელოდე, საბუთს გამოგიგზავნიო. დღესაც მოდის დანაშრეტი, ვერ აგზავნის.
მადლობა „ვივამედის’’ მედპერსონალს გამძლეობისთვის. მაგათ ყოველ დილით ეკუთვნით თითო ლიტრა ნაღდი რძე. აღარაფერს ვამბობ „მენდლებზე’’ მამაცობისთვის.
ნინო ნადირაძეს უნდა გადაეცეს ჯილდო განსაკუთრებული გამძლეობისთვის.
კიდევ რა ვთქვა? ამ ჯოჯოხეთის მაშხალასთან დაკავშირებით სათქმელს რა გამოლევს? კოსტუმებზე დამიჭირესო, უცხოელ სტუმრებს პატივი რომ ვეცი და ზოგს ყვავილები მივართვი, ამაზე დამიჭირესო. მთავარს არ ამბობს, რაზე დაიჭირეს და კიდევ რა ბრალდებები უნდა წაუყენონ. სანამ არაჟნის მანქანით ჩამოეთრეოდა, ერთხელ წამოსცდა კიდევაც პირდაპირ ეთერში, რა გამიჭირეთ საქმე ამ სანდრო გირგვლიანითო? რაღა დროს სანდრო გირგვლიანიაო? ეს ძონძი ვერც კი ხვდება, რომ მისი ე. წ. კარიერა გარდაცვლილმა გირგვლიანმა დაასრულა და ციხეშიც გამოკეტა. ირინა ენუქიძემ მოუღო ბოლო, მისმა სიკვდილმა დაუჩქარა ყველაფერი, ციხის კადრები უკვე კულმინაცია იყო. ტიპს არაერთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი და იძახის, კოსტუმების ყიდვაზე მასამართლებენო.
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან გია ბარამიძე, უმცროსი ლევან სანიკიძე და კიდევ რამდენიმე მისი მომხრე მივიდა. ტრიბუნაც მიიტანეს, მიკროფონებიც და შეშფოთებული სახეებით წაიბრიფინგეს - ისაო, მიხეილ სააკაშვილი ციხეზე პუტინის დავალებით გადაიყვანესო. ესე იგი, პუტინმა დაურეკა ივანიშვილს, ივანიშვილმა დაურეკა კობახიძეს, კობახიძემ დაურეკა იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის მინისტრმა დაურეკა ციხის უფროსს, ციხის უფროსმა „ვივამედში“ გაგზავნა ბადრაგები, ბადრაგები მივიდნენ მიხოსთან და ეგრევე მიახალეს, შენ რომ ჩვენთვის ჯაგარი არ მოგიტანია, უნდა წამოგვყვე ციხეშიო. ხედავთ, როგორი რუსულია ეს ხელისუფლება? პირდაპირ პუტინის ბრძანებებს ასრულებს. ამ დროს, როგორც ამბობენ, მიხოს მომხრე ექიმს დაუწერია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროება, გადაიყვანეთ, ერთი მაგისიცო. არა, „ერთი მაგისიცო“, არ დაუწერია, ვიცი, უბრალოდ, იგულისხმებდა. ექიმს უთქვამს, გაწერეთო და ამათ კიდევ ციხეში გადაწერეს.
რამდენი წელი გვყავდა ფაშასავით მუთაქებში მხართეძოზე წამოწოლილი? 2022 წლის მაისიდან დღემდე რამდენი წელიწადი გავიდა? 3 წელიწადს აღარაფერი უკლია. ოფიციალურად იყო გაცხადებული, რომ მისი სამედიცინო „მომსახურება“ წელიწადში ჯდებოდა 200 ათას ლარზე მეტი, 3 წელიწადში მას დავახარჯეთ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი. რომელ პატიმარს ვექცევით ასე? არავის. კარგი, ჯანდაბას, რაკი პრეზიდენტი იყო (ჩვენდა საუბედუროდ), რაკი საქართველო მაგან აღაშენა (როგორც თვითონ ამბობს), გამონაკლისი დავუშვით, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? კიდევ კარგად გავუძელით, „ქართულმა ოცნებამაც“ კარგად გაუძლო ამდენ მოღალატეს, ქვეყანამ ხომ გაუძლო და გაუძლო. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მიხოსთან დაკავშირებული საკითხი ციხეში გადაყვანით არ დასრულდება, აუცილებლად იქნება მეორე განყოფილება, სადაც კიდევ ვიხილავთ საცირკო სანახაობას. კი, ბატონო, ვიხილოთ, ჩვენი რა მიდის, მეტი რა საქმე გვაქვს?
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედრო ტყვედ გამოცხადებას სთხოვს.
სანამ ამ სტატიის ბოლოს წერტილს დავსვამდი, სააკაშვილის ადვოკატმა მისი საკნიდან წერილი გამოიტანა და ჟურნალისტებს წაუკითხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საცირკო სანახაობის მეორე განყოფილება დაიწყო.
გაიგონეთ? თურმე მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო და ბიძინა ივანიშვილი ამიტომაც ანადგურებს მოსკოვთან შეთანხმებით. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ივანიშვილი სააკაშვილით ევროპას და ამერიკას ევაჭრება, თუ პატივს არ მცემთ, ამის სიცოცხლეზე პასუხს აღარ ვაგებო. აი, თურმე რატომ გადაუყვანიათ დილეგში. თვითონ სააკაშვილი წერს, დილეგში გადამიყვანესო. ვინც ადრე მომწამლა, ისევ იმ ჯალათებთან დამაბრუნესო. ჯერ სად ხართ? უარეს ზღაპრებს მოისმენთ. ნეტავ, ეს „დილეგი“ მის ჯურღმულებთან შედარებით როგორია? რა ვიცი, ვინც გასინჯა, არავინ იწუნებს. თუმცა, როგორ არა, სასამართლოში ნინო დათაშვილმა დაცვის წევრები რომ დაკბინა, ეგ ამბობს, საკანში დაბალი „შკაფი“ მქონდა, წაკუზვა და აკუზვა მიჭირდაო, აეგრე მაწამებდნენო. შეიძლება სააკაშვილსაც დაბალი „შკაფი“ დაუდგან და წაკუზვა-აკუზვით აწამონ, ჩვენ რას გავიგებთ?
სააკაშვილი ითხოვს, ზელენსკიმ იგი სამხედრო ტყვედ გამოაცხადოს და თუ საჭირო იქნება, ვინმეში გაცვალოს. წარმოგიდგენიათ, რაზე მიდის? წარმოგიდგენიათ, როგორი საინტერესო მოვლენები გველოდება წინ? რას იზამს ზელენსკი? ვნახოთ, ის ამაზე დალაგებული არ გახლავთ, შეიძლება გამოაცხადოს კიდევაც.
მოკლედ, ვიმეორებ: ჩვენ მზად ვართ, ვნახოთ საცირკო სანახაობის მეორე განყოფილება. პოპკორნი გვაქვს. ისე, ბატიბუტს პოპკორნი რატომ დაარქვეს, ვითომ ეგრე უკეთესია?
გელა ზედელაშვილი

