გრიგოლ გაგნიძე: საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხელისუფლებას არ აუჯანყდება
გვესაუბრება უფლებადამცველი, დამოუკიდებელი ადვოკატი, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დამფუძნებელი გრიგოლ გაგნიძე:
_ ბატონო გრიგოლ, პროკურატურამ შვიდი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, რასაც ნჯო-ების პროტესტი მოჰყვა...
_ როგორც გაირკვა, ანგარიშების დაყადაღების მიზეზი მათ მიერ აქციებზე მოხმარებული პიროტექნიკა, აირწინაღები, წიწაკის სპრეი და სხვა სასუალებები გახდა, რასაც პოლიციის წინააღმდეგ იყენებდნენ. როგორც ჩანს, არასამთავრობო ორგანიზაციებს სწორედ ამ თანხების წარმომავლობის გასაჯაროება არ სურდათ. ამიტომაც, ხმალამოღებული იბრძოდნენ, რათა ხელისუფლება ეიძულებინათ, გამჭვირვალობის კანონის უკან გაეწვიათ. არასამთავრობო ორგანიზაციის წესდებაში არ წერია, რომ პოლიციელი ცოცხლად უნდა დაწვა. კი ბატონო, ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა, მაგრამ პოლიციის მანქანას ცეცხლი წაუკიდო, თავად პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილი, პიროტექნიკა ესროლო, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა _ სკვერებში განლაგებული მოსასვენებელი სკამები დაამტვრიო, ამას არასამთავრობო ორგანიზაციების წესდება არ ითვალისწინებს. ეს უკანონო ქმედებაა, რაც კანონით დასჯადია.
რაც შეეხება იმას, რამდენად იყო ეს ქმედებები ქვეყნის გადატრიალების მცდელობა, ამას გამოძიება დაადგენს. სახელმწიფო ამ ნჯო-ებს კანონის დარღვევას, თანხების არამიზნობრივად გამოყენებას ედავება. ვინ ვინ და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენა ადამიანის უფლებების დაცვასთან არფერ კავშირშია. ეს მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ხდება. ოცდაათ წელზე მეტია, საქართველოში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მოღვაწეობს, რომლებიც ადამიანების უფლებებს როგორც შიდა სამართლებრივი გზებით, ასევე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე იცავენ და არა შენობებისთვის ცეცხლის მოკიდებით და მერე იმის მტკიცებით, რომ მათი უფლებები ილახება.
_ წელიწადია, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც ამტკიცებენ, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს. მაშინ რა საჭიროა ჩაფხუტების, აირწინაღების, წიწაკის სპრეის გამოყენება. თანაც, საზოგადოებას მართლაც აინტერესებს, რა თანხებით შეიძინეს ეს აღჭურვილობა?
_ დიახ, მშვიდობიან აქციად ვერ ჩაითვლება ის, რასაც შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი იქ მყოფი საზოგადოება აკეთებდა. წიწაკის სპრეისაც რომ თავი დავანებოთ, მათ სახელმწიფო ქონება დააზიანეს, მათ შორის, სათავალთავლო კამერები, ცეცხლმოკიდებულ ბოთლებს ისროდნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით. რომელი ერთი ფაქტი ჩამოვთვალოთ. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ახალგაზრდებს ბრმა იარაღად იყენებს. შარშან რა მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი, ჩემი აზრით, პროცესების იმგვარად განვითარების რისკი ამ შემოდგომაზეც არსებობს. დიახ, საზოგადოებას აინტერესებს, ეს აღჭურვილობა საგრანტო პროგრამით გაწერილი მიზნობრივი თანხებით იქნა შეძენილი თუ ამისთვის ცალკე, სპეციალური დაფინანსება იყო გამოყოფილი. ამასაც გამოძიება დაადგენს. ხომ ფაქტია, ამდენი პიროტექნიკა საახალწლოდ ჰაერში სასროლად არ სჭირდებოდათ. მთელმა მსოფლიომ იხილა კადრები, როგორ გამეტებით ცდილობდნენ პოლიციელების დაწვას. აქციის მონაწილეებმა ძალოვან სტრუქტურებს პიროტექნიკით უპრეცედენტო წინააღმდეგობა გაუწიეს. მსგავსი რამ თავად ევროპის ქვეყნებშიც კი გაუკვირდათ. არადა, ვიცით, რომ იქაც არანაკლებ ძლიერი შეჯახებები ხდება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. ამის სადემონსტრაციოდ, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის მაგალითების მოყვანაც იკმარებს.
_ ნჯო-ების ანგარიშების დაყადაღებას, დასავლელი პარტნიორებიც გამოეხმაურნენ...
_ დასავლეთი ბოლო წლებია, აქტიურად ებრძვის არამარტო ხელისუფლებას, ზოგადად, ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებას სჯიან იმისთვის, რომ ქვეყანა ომის ქარცეცხლში არ გახვია. ახლა წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან. ვფიქრობ, ცხელი შემოდგომა გველის. როგორც იცით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, უკრაინის ხელმძღვანელობამ საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდა. ხელისუფლება დასავლეთიდან განხორციელებულ დარტყმებს დღემდე ღირსეულად იგერიებს. მან ომს მშვიდობა არჩია. ევროპიდან ზეწოლები არ წყდება _ რაც შეუძლიათ, ქვეყანას სხვადასხვა მექანიზმებით მაქსიმალურად სჯიან. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მუქარით ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ამომრჩეველიც დაუპირისპირონ.
ალბათ, წაიკითხეთ, რა განაცხადა გიორგი მუმლაძემ: რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი მილიონ ლარს მიიღებს, რეჟიმის მხრიდან ემიგრაციაში იძულებით განდევნილი კი, ჩამოსვლის შემთხვევაში 5 ათას ლარს. ასევე, კომპენსაციას მიიღებენ სამსახურიდან გაგდებული მოქალაქეებიცო. ბუნებრივია, ეს მტკნარი სიცრუეა. ამით ცდილობენ, ხელისუფლებას მოქალაქეები ყოველმხრივ დაუპირისპირონ. მეტიც, ისინი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე წასასვლელადაც კი მზად არიან, რათა ხელისუფლებასთან ბრძოლამ უფრო მძაფრი ხასიათი მიიღოს. ასევე, მათი სურვილია, სახელმწიფო სტრუქტურებში, ძალოვანებში უნდობლობა დათესონ. მუმლაძე ამ პროვოკაციული განცხადებით ცდილობს, ქვეყანაში ხალხის მობილიზება მოხდეს და დესტრუქციული მოვლენები განვითარდეს. ამ ყველაფერთან ერთად ვითარება მთლიანად რეგიონშიც იძაბება _ ბაქო რუსეთთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს.
_ თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვებას არ აპირებს „სამართლიანი არჩევნები“. ეს რაზე მიუთითებს?
_ მათ უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ხელისუფლება მათ სდევნის. ანგარიშების დაყადაღებას ასე, პროტესტით გამოხატავენ. ოპოზიციონერი ლიდერები რომ რვა-რვა თვით, ციხეში თავის ფეხით გაეშურნენ, ესეც გარკვეული პროტესტი იყო. ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ სუსტია და შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებას ვერ მოახერხებს. ამიტომ ციხეში დასვენება გადაწყვიტეს. დავუბრუნდეთ „სამართლიანი არჩევნების“ გადაწყვეტილებას, მათ იციან, რომ ანგარიშები რადგან დაყადაღდა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი დევნაც განხორციელდება, ამიტომ პროტესტის ნიშნად გადაწყვიტეს, არჩევნებს არ დააკვირდნენ და საკუთარი პოზიცია დესტრუქციული ფორმით გამოხატონ.
შეგახსენებთ, რომ სანამ ანგარიშების დაყადაღება მოხდებოდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა იმის შესახებ, რა თანხებს და რაში ხარჯავდნენ. ნჯოსექტორმა პასუხად განაცხადა, რომ მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემდა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამ თანხებით პიროტექნიკა შეუძენიათ, რითაც პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. აი, რატომ იკავებდნენ ინფორმაციის გაცემაზე თავს.
_ ბატონო გრიგოლ, არჩევნებზე დაკვირვებაზე უარის თქმის მიზანი ისიც ხომ არ არის, რომ ამით არჩევნების დელეგიტიმაცია მოახდინონ და საერთაშორისო დონეზე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ?
_ რა თქმა უნდა, ძირითადი მიზანი ეს არის. თურმე, ნეიტრალური ორგანიზაციები არჩევნებს არ აკვირდებიან. ასეთი ნეიტრალურები თუ არიან, უკრაინაში წავიდნენ და რუსეთს ეომონ და იქ გამოიჩინონ თავი, რაღა ქართულ პოლიციას ებრძვიან! ახალგაზრდებს არასწორი ქმედებისკენ უბიძგებენ და მერე თავიანთი დონორების გასაგონად ყვირიან: გვდევნიან, გვავიწროვებენო. ნჯო-ები თუ არა, ალბათ, არჩევნებს კოალიციაში შემავალი პარტიული ორგანიზაციები დააკვირდებიან. სულ რომ არავინ დააკვირდეს მათ ორბიტაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ამას გამოვრიცხავ. თუ „ისფედი“ არა, სხვა დააკვირდება. ასეთი მინიმუმ, 35 ორგანიზაციაა.
_ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევებს აკვირდებოდა. ამჯერად, რა გეგმა გაქვთ?
_ წინა კვირას საარჩევნო კომისიაზეც ვიყავით და ამჟერადაც ვაპირებთ თვითმმართველობის არჩევნებს დავაკვირდეთ და მონიტორინგი ახლაც განვახორციელოთ. არჩევნების დასრულების შემდგომ საზოგადოებას შედეგებს გავაცნობთ.
საზოგადოება მომწიფდა და ოპოზიციის ცრუ დაპირებების აღარ სჯერა. ოპოზიციაც და ნჯოსექტორიც ხელისუფლებაზე მხოლოდ გარე ზეწოლების იმედად დარჩნენ.
_ შესაძლოა, გარე კურატორების მითითებაც იყოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებს არ დააკვირდნენ?
_ ვფიქრობ, თავად მათთვისაც კარგი იქნება, თუ დააკვირდებიან, რამდენად ობიექტურად ჩატარდება არჩევნები. ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა. ოპოზიციამ ამას თავისი ინტერპრეტაცია მოუძებნა. საბოლოოდ, ეუთო/ოდირის დასკვნით გამოდის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ზოგადად, გაყალბება-არგაყალბება სასამართლოს წესით დგინდება და არა ისე, ვინ რას წამოიყვირებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია, რომელმაც იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნები წაგებული აქვს, დესტრუქციული პროცესებისთვის ემზადება. აი, ეს მოცემულობა გვაქვს. ევროპარლამენტი თუ ევროსაბჭო, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედონ, იმედია, ქართველ ხალხს არ დაუპირისპირდებიან. ქართველი ხალხი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების შესაცვლელად და ქვეყნის ომში ჩასათრევად კეთდება. ამიტომ, ტყუილად აქვთ იმედი, რომ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხელისუფლებას აუჯანყდება. საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა თუ მოახერხეს, კავკასიაში პროცესები აფეთქდება. ღვთის მადლით და ხლისუფლების სწორი პოლიტიკით, საქართველოში, ჯერჯერობით, მშვიდობა ნარჩუნდება. ხელისუფლებას გამძლეობას ვუსურვებ, ჩვენს ქვეყანას, რეგიონს კი _ მშვიდობის შენარჩუნებას.
თამარ შველიძე
