თბილისის უალტერნატივო მერი

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე მესამედ წარადგინა, “საერთო გაზეთი” მიესალმება კახა კალაძის კანდიდატურას, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი საქართველოს დედაქალაქისთვის მართლაც უალტერნატივო მერია.
არა მხოლოდ თბილისი და თბილისელები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს დედაქალაქი სხვა ქვეყნების დედაქალაქებთან შედარებით ბევრად “მწვანე ქალაქია” და უფრო და უფრო მწვანდება, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე ქალაქისთვის.
სამ საუკუნეზე მეტს ითვლის თბილისის მმართველობის ისტორია და საიდანაც თბილისის მმართველობის ისტორია იწყება, არცერთ თბილისის მმართველს არ ჩაუდია იმდენი შრომა თბილისის აღმშენებლობაში, გალამაზებაში, ჟამთასვლისა თუ სხვის გაფუჭებულის გამოსწორებასა და ახლის შექმნაში, რამდენიც კახა კალაძემ ითავა. სწორედ ამიტომ, კახა კალაძე უალტერნატივოა მერის პოსტზე!
კახა კალაძის სიტყვები იყო, სადაც დავჭირდები ჩემს გუნდს, იქ ვიქნები, იქიდან ვემსახურები ჩემს ხალხსო და ასრულებს მოცემულ სიტყვას, მზადყოფნა გამოთქვა, რომ კიდევ ერთხელ, რიგით მესამედ, იყაროს კენჭი საქართველოს დედაქალაქის მერობაზე, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა მრავალჭირგამოვლილი მხცოვანი თბილისისა და პრეტენზიული თბილისელების წინაშე.
თავდაპირველად, რვა წლის წინათ, როდესაც კახა კალაძე პირველად გახდა თბილისის მერი, ისეთ დიდ და რთულ საქმეებს შეეჭიდა თბილისის ცალკეულ უბნებში, რომ მოსახლეობა ვერც მიხვდა, რა შედეგს მიიღებდა. შესაბამისად, მხოლოდ ცალკეული მოქალაქეები თუ ხვდებოდნენ, რომ რაღაც კარგი კეთდებოდა, დიდი ნაწილი მხოლოდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ჩასაფრებულები კი ანტიპიარზე იყვნენ გაფაციცებულები.
კახას, როგორც ქალაქის მერის ძალისხმევამ, შედეგი გამოიღო და დღეს თვით მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსაც კი უჭირთ მისი შრომის დაუნახაობა, კახას ღვაწლის იგნორირება, როცა თვალნათელია რომ თბილისი კიდევ უფრო ლამაზი, გამწვანებული, განათებული, სუფთა, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა _ სახლებში გამოკეტილი ბავშვებითა და მოხუცებით გაცოცხლდა სიცოცხლისუუნარო, გადახრიოკებული პატარ-პატარა თუ მოზრდილი მწვანე კუნძულები შუა ქალაქში.
კახა კალაძე ის მერია, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს საქმიან კრიტიკას, შენიშვნას, მითითებასა და შეძახილს, თუ რეაგირების უფლებას კანონი აძლევს.
ამ ფონზე კახას მხარდამჭერებად გამოვდივართ იმ კუთხით, რომ კანონები, რაც დედაქალაქს ეხება და მწვავე პრობლემებად დახვავდა, უპირველესად ავარიული სახლების სახით, კანონმდებლების გამოსასწორებელია.
ასევე, კანონმდებლების გამოსასწორებელი საკითხია ისიც, რომ შუაგულ თბილისში არსებული საუკუნოვანი კერძო სახლები, რომლებიც სწორედ რომ უპირველესი თბილისელების თბილისური სახლებია და ზოგი მათგანი სახიფათოდ კატასტროფულ მდგომარეობაშია, თბილისის მერიას არ ეკუთვნის თურმე, თუმცა მათი მფლობელები თბილისელები არიან და თვითმართველობის (არა მხოლოდ) არჩევნებში ხმის უფლება აქვთ _ ეს ნონსენსია!
ხალხს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ რაც ქალაქს ეხება, ყველაფერს ქალაქის მერი ვერ გადაწყვეტს, ისიც კანონს უნდა დაემორჩილოს. ამდენად, რაც თბილისს ეხება, თუ რამე დაშავდა, ყველა შემთხვევაში, საჩვენებელი თითი, როგორც უპასუხისმგებლო ან დამნაშავე პირისა, ქალაქის მერისკენ, ბოლო რვა წლის განმავლობაში კი კონკრეტულად კახა კალაძისკენ არის მიშვერილი.
თბილისი სხვადასხვა რელიგიისა და კულტურათა თავმოყრის უნიკალური ადგილია, მრავალეროვანი და მრავალფეროვანი ქალაქი, მაგრამ ვერცერთი ეთნოსი ვერ დაიჩივლებს, რომ ის რაიმე ნიშნით გამოარჩიეს, მის კულტურულ მემკვიდრეობას ისეთივე ყურადღებითა და რუდუნებით არ მოექცა თბილისის მერი და მისი სამსახური, გარიყა და არ იზრუნა მასზე, როგორც საკუთარზე.
კახა კალაძემ, როგორც საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატმა, ორი დაპირება მოგვცა: თბილისი, როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი, როგორც შესაძლებლობების ქალაქი _ ეს არის ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც თბილისელებს ჰპირდება:
“თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა – არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისის ისტორიული იერსახის შენარჩუნება ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი.
თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს – უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით.”
როდესაც კახა კალაძე პირველად წარმოგვიდგა თბილისელებს თბილისის მერობის კანდიდატად, მისი მთავარი დაპირება იყო “სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ახლა მისი სლოგანია “მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!”. ლაკონურად არის ნათვამი და ასეც არის, თუ მშვიდობა არ იქნება საქართველოში, თბილისს ვერაფერი სიკეთე ექნება...
რაც შეეხება სიკეთეს, უკეთესად და მოკლედ განმარტება შეუძლებელია: “სიტყვა „სიკეთეს“ ორი მნიშვნელობა აქვს – მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს ქალაქს სჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წელიწადში შევუქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს.
სიკეთეს, მატერიალურთან ერთად, აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი და თბილისელებს შორის ურთიერთობის მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ.”
ვფიქრობთ, რომ თუ ბოლო რვა წელი კახა კალაძის მერობა ურბანული დატვირთვის იყო, მესამედ არჩევის შემთხვევაში, ურბანულ სტრატეგიას დაემატება გეოპოლიტიკური სტრატეგია და ეს ოთხი წელი იქნება გარდამტეხი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის.
კახა კალაძეს პიარი აღარ სჭირდება, რვა წლის განმავლობაში საქმით ყველას დაგვანახა, რა შეუძლია თუ კანონიც უწყობს ხელს. ასე რომ, თუ თბილისელ ადამიანს თბილისი გიყვარს, მხოლოდ გაგიხარდება, თუ დედაქალაქის მერად ისევ კახა კალაძეს იხილავ.
თბილისის მერად კახა კალაძე უალტერნატივოა თუნდაც იმიტომ, რომ ის ერთადერთია დღევანდელ რეალობაში, ვისაც აღმოაჩნდა ქალაქის მართვის უნარები და დღეისათვის უკვე რეალური გამოცდილება და კონკრეტული დადებითი შედეგები აქვს!
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში!
ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ თბილისის კიდევ უფრო გალამაზებისა და კეთილმოწყობის იმედით, თბილისელები კიდევ ერთხელ, დედაქალაქის მერად კახა კალაძეს აირჩევენ, მას ვაბარებთ ამ ბადახშს მოსავლელად და კიდევ უფრო გასაბრწყინებლად!
დაწყებული მელიქ ენალით (მეჩვიდმეტე საუკუნე) - დამთავრებული დავით ნარმანიათი, კახა კალაძის მსგავსი საქმიანი მერი თბილისს არ ჰყოლია.
“საერთო გაზეთი”