ედიშერ გვენეტაძე: ოპოზიცია უკვე „ პოსლეზე“ მუშაობს!

ედიშერ გვენეტაძე: ოპოზიცია უკვე „ პოსლეზე“  მუშაობს!

გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე:

_ ბატონო ედიშერ, არჩევნებამდე ერთი თვე რჩება. როგორ ემზადება ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის?
_ ოპოზიცია აღარ არსებობს, არამედ ეს ის ძალაა, რომელიც გარედან იმართება და ერთადერთი დავალება აქვს მიღებული – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს, რადგან თავად მეხუთე კოლონაც და მისი პატრონებიც მშვენივრად ხვდებიან, რომ არჩევნებით შედეგს ვერ მიაღწევენ. მეტიც, ჩემი აზრით, 2012 წლიდან მოყოლებული, რაც კი საქართველოში არჩევნები ჩატარებულა, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ე,წ. ოპოზიცია გამორჩეულ, ყველაზე დიდ მარცხს იწვნევს. დააკვირდით, ასპარეზზე გამოსულ ოდიოზურ ფიგურებს: ხაბეიშვილს, ნანულა ჟორჟოლიანს, ია ფარულავას, გუბაზას, რომელია მათგან გამარჯვების მომტანი?! ნაცებს ლევან სანიკიძეც შეუერთდა, რომელიც მამამისმა, ფაქტობრივად, ფულზე გაყიდა. თავადაც, ეს ახალგაზრდა კაცი მამაზე მეტი პირწავარდნილი ფულისტი ყოფილა. მას გუბაზას ბურვაკი ვუწოდე. აი, ვისზე დგას ე.წ. ოპოზიცია. „გაერთიანებულ რვიანს“ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღო, ალბათ 1%-საც ვეღარ აიღებდნენ. საზოგადოების ავადმყოფი ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანაში გვყავს, ნაცებს ხმას კი მისცემდა, მაგრამ ეს საკმაოდ მცირეა, რასაც მეხუთე კოლონაც და მათი პატრონებიც კარგად ხვდებიან. ამიტომ არჩევნებს, ვითომ, ბოიკოტი გამოუცხადეს. 
ზოგადად, ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს _ დემოკრატიული, ანუ არჩევნები და სახელმწიფო გადატრიალება. ესენი არც მალავენ, რომ გადატრიალების გზას ირჩევენ. ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ, რომელსაც ტვინის ნატამალი არ აქვს და მხოლოდ ხმა ჰქონია _ პაატა ბურჭულაძემ პირდაპირ განაცხადა: 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ოთხშივე ვამთავრებთო. ისე კარგად კი თქვა: თუ ჭკუით არ იქნებიან, მათ ქართველი ხალხი მართლაც „ოთხში ამოიღებს“. მეტიც, ნაცების მუმლაძემ განაცხადა: რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი ერთ მილიონ ლარს მიიღებსო. ეს უკვე მარაზმია. ჭკუას აცდენილი, საცოდავი ხაბე, იგივე ანიტა კი, პირდაპირ სპეცრაზმელებს ეუბნება: თუ ახლა წინააღმდეგობას არ გაგვიწევთ და მმართველ ძალას მხარს არ დაუჭერთ, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, 200-200 ათას ლარს მოგცემთო. მოკლედ, უკვე, პოსლეზე მუშაობენ, აი ამ სიტუაციაში არიან. ამათი შემყურე, ცნობილი იუმორისტი, დიდი მსახიობი თენგიზ ჩანტლაძე ცოცხალი რომ იყოს, წარმოგიდგენიათ, მისი მინიატურების თეატრი რა სპექტაკლებს დადგამდა?! ალბათ, საქართველოში გამოჩნდება პოლიკარპე კაკაბაძის მსგავსი ადამიანი, რომელიც ნაცებში მოფენილ ყვარყვარე თუთაბერებს სცენაზე გააცოცხლებს. 
ამას გულისტკივილით ვამბობ, რადგან ქვეყანას გამოსაფხიზლებლად რეალური ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება. ესენი კი ფულზე დაგეშილი ხალხია, რომელიც გამწარებული ელოდება უცხოეთიდან ჩარიცხულ ევროებს. ახლა რთული პერიოდი უდგათ, აშშ-ში განვითარებული პროცესების გამო _ იქ არამარტო „იუესაიდს“, არამედ ხუციშვილისა და ჩხიკვაძის მკვებავ სოროსსაც შეუტიეს. სოროსი და მისი შვილი შეიძლება სასამართლოს წინაშეEწარსდგნენ და „შავი საქმეები“ მთლიანად გამომჟღავნდეს, მათ შორის, საქართველოში ნამოქმედარიც. ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ სოროსი რიგ ქვეყნებში ფერად რევოლუციებს ახდენდა და სახელმწიფო გადატრიალებებს ხელს უწყობდა, რასაც სხვადასხვა ფონდების მეშვეობით აკეთებდა. ამ პროცესებმა ჩვენს თვალწინ გაიარა. კარგია, რომ ყველაფერი გამჟღავნდა და ამას დასასრული ექნება. ერი ბერი, ყველა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ეს უსაშინლესი ძალაა, რომელიც წასვლის წინ კუდს მაინც მოიქნევს. ამიტომ სიფრთხილე და გონიერება გვმართებს.
_ ბოიკოტის „მთავარი ძალა“ _ ოპოზიციური 8-იანი, გუნდიდან ჩერგოლეიშვილის გაგდებას ითხოვს. 
_ წარმოგიდგენიათ, მე რომ განვაცხადო მსოფლიოს იმპერატორი ვართქო, ისე ირქმევენ ქვეყნის გადამრჩენლის სახელებს, ვითომ გული შესტკივათ სამშობლოზე. ჩერგოლეიშვილის და მისი მეუღლის საუბარი, ქართული ფილმ „ჩარი-რამადან“ იმ ეპიზოდს მახსენებს, ცოლი ქმარს რომ ეუბნება: მოხვალ, შენ, სახლში ჭიპილიაო. ბოკერიამ მეუღლის წამოცდენები დაგმო, თან, ამაზე შიშით ისაუბრა, რადგან სახლში რომ მივა, რა უბედურება დაატყდება თავს, უკვე თუ არ დაატყდა, არავინ იცის. ჩერგოლეიშვილის პედერალისტების პარტია ორი წვრისგან შედგება, კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილ აგენტ ცოლ-ქმრისგან. ქმარი აცხადებს: ჩემი ცოლი პარტიის გამორჩეული წევრიაო, ანუ, მე არარაობა ვარო. რაც შეეხება ამ გაერთიანებას, რა რვიანი, რის ცხრიანი, რაის ათიანი. მათ უკვე ქართველმა ხალხმა ათიანში გაარტყა პირდაპირ შუბლში. ისინი პოლიტიკურად მკვდრები არიან, მხოლოდ ერთადერთი რამ დარჩა _ ამ არჩევნებზე პოლიტიკური მიწის მიყრა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაიმარხებიან. საქართველოში ანალოგიური ძალა ვეღარასდროს უნდა მოვიდეს. ნაცები ფლიდობის, სიცრუის, ქვეყნის ღალატის, გაყიდვის, განადგურების თვალსაჩინო მაგალითი არიან. საბედნიეროდ, მიუხედავად მცდელობისა, უკრაინის ომის დაწყებიდან, უკვე სამ-წელიწადნახევარზე მეტია ქვეყნის აყირავება არ გამოსდით. ღვთის ნებით და „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკით, ზიანს ვერ გვაყენებენ.
_ ახლახან, უვიზო რეჟიმის მხარდასაჭერად სტუდენტებმა აქცია გამართეს სახელწოდებით _ ქართველი, მაშასადამე, ევროპელი.
_ ეს ახალგაზრდობის ამ ნაწილის გაუნათლებლობაზე მიანიშნებს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შედეგია. განათლების სისტემის საბოლოოდ დანგრევა, სააკაშვილის ხელისუფლების კისერზეა. თუმცა, ნგრევა მანამდე დაიწყო, როცა აქ სოროსის ფონდი შემოვიდა და „ბოლონიის პროცესში“ გავერთიანდით. შედეგიც მივიღეთ. თავს დავდებ, ქუჩაში მოხეტიალე ახალგაზრდები ევროპას რუკაზეც ვერ იპოვიან. მათ ისიც კი არ იციან, სიტყვა ევროპა საიდან მოდის, რას ნიშნავს ევროპული ღირებულება, ან რით არის ის აღმოსავლური ცივილიზაციის ღირებულებებზე უკეთესი. მათ არც ის იციან, აღმოსავლური ცივილიზაცია როგორ ჩამოყალიბდა. დიახ, არ იციან ძველი აღმოსავლეთი რას ნიშნავდა. არ იციან, დადებითთან ერთად, რა უარყოფითი მოვლენები ხდებოდა ევროპაში. მათ ვეკითხები: ახლა ფაშიზმს რომ სდევნიან, სად შეიქმნა ის, ევროპაში ხომ არა?! სად შეიქმნა კომუნიზმი? სად დაწვეს წიგნები? ვინ მისცა ჰიტლერს ისე მოქმედების საშუალება, როგორც მოქმედებდა? ეს ხომ „ევროპული ღირებულებებია“?! სად დევნიდნენ ქრისტიანებს, განსხვავებულად მოაზროვნეებს?! შემთხვევით ევროპაში ხომ არ დაუწვავთ ცოცხლად ჯორდნო ბრუნო?! ევროპაში ხომ არ დევნიდნენ გალილეო გალილეის? რაც ჩამოვთვალე, განა ეს „ევროპული ღირებულებები“ არ იყო? ამიტომ ვამბობ: ამ ახალგაზრდებს განათლება აკლიათ. საუბედუროდ, ამ დონეზე მიიყვანეს ეს ადამიანები, გამოაყეყეჩეს, რადგან ადვილად ემართათ. ისინიც დარბიან ასე წინ და უკან და რას ითხოვენ, თავადაც არ უწყიან. საბოლოოდ, მჯერა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უფრო და უფრო განმტკიცებით დასრულდება. იმედია, სპეციალური სკოლები შეიქმნება, სადაც ასწავლიან: რა არის სამშობლო, მისთვის თავის გაწირვა და არა აბსტრაქტულ ევროპულ ღირებულებებზე უაზრო ფანატიზმი.
_ თვითმმართველობის არჩევნებში კალაძის კონკურენტი კუპრაძეა.
_ კუპრაძეს კალაძესთან გამარჯვების ისეთივე შანსი აქვს, როგორც მე ტაისონთან რინგზე რომ გავიდე საბრძოლველად. მეტსაც გეტყვით, ეს იგივეა ჩოხატაურის „ბახმარო“ მადრიდის რეალთან რომ ათამაშო. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ვთქვი.
_ მზია ამაღლობელის ჰაველის პრემიაზე წარდგენაზე რას ფიქრობთ?
_ 1938 წელს ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად, არც მეტი, არც ნაკლები, ადოლფ ჰიტლერი აღიარა. ესაა „ევროპული ღირებულებები“. ჰაველი, ალბათ, საფლავში ბრუნავს. მისი ორგანიზაცია ხელთ ტროცკისტებმა შეიპყრეს და პრემიას აძლევენ ქალს, რომელმაც პოლიციაზე იძალადა. დარწმუნებული ვარ, თავიანთ ქვეყნებში პოლიციაზე ძალადობისთვის უმკაცრესი სასჯელებია. მაგრამ ჩვენ დაბალი განვითარების, რასის მქონე ხალხად მვაჩნივართ. სხვა რა ეწოდება იმ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ავლენენ და მზია ამაღლობელისთნა პოლიტშარლატანებს ჰაველის პრემიებს ანიჭებენ.
სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამაღლობელისთანა მოღალატეებს, პრემიები ბევრს მიანიჭეს. მეტიც, ყოფილი საბჭოთა ხალხებისთვის უბედურების მომტან გორბაჩოვს, ნობელის პრემია მიანიჭეს. გორბაჩოვის პოლიტიკამ საბჭოთა კავშირის ნგრევა განაპირობა, მაგრამ მილიონობით ადამიანი გააუბედურა, სისხლი დაღვარა. რა თქმა უნდა, დასავლეთის ტროცკისტული ძალებისთვის ეს მისაღები იყო, რადგან ამით დიდი მოგება ნახეს. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ხალხისთვის, ეს პროცესი დღესაც ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.
_ მინდა გკითხოთ, რა აზრის ხართ მოვლენაზე, რა დროსაც აქტივისტებმა, თითქოს, რუსი ტურისტი ცემეს და ხელში ამერიკელი შერჩათ.
_ დააკვირდით, ამერიკის საელჩოს დამოკიდებულებას. ეს რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს გაეკეთებინა, რა ბაკქანალია ატყდებოდა. ახლა კი ამ ყველაფერზე ხმაც არ ამოუღიათ. ანუ, მათმა „სუკენ სინებმა“ აქ ქვეყანა კიდეც რომ დაანგრიონ, ეს დემოკრატიის აღმავლობად და განვითარებად ითვლება. ავიღოთ, თუნდაც ბათუმში მომხდარი ფაქტი, როცა ბელორუსი მოქალაქეები სცემეს. დამნაშავეები დაიჭირეს. მალე ნჯო-ები და დამნაშავეების მშობლები კნავილს დაიწყებენ: ჩვენი შვილები პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები არიანო. ეს იცით რისი ბრალია? _ იმის, რომ მათ სწორედ ისეთი ადამიანები აქეზებენ, რომლებიც მზია ამაღლობელს და მისთანა შარლატანებს ჰაველის პრემიას ანიჭებენ. ალბათ, რომ დასცლოდათ გრიგორიადისს ნობელის პრემიაზე წარადგენდნენ. აი, ესაა უბედურება.

თამარ შველიძე