გია იაკობაშვილი: ოპოზიცია გაპუტულ თუთიყუშს ემსგავსება
გვესაუბრება საინფორმაციო სააგენტო „ფორ.ჯი“-ს დამფუძნებელი გია იაკობაშვილი:
_ ბატონო გია, რას ემსახურება ბი-ბი-სი-ს მიერ წარმოებული ე. წ. ჟურნალისტური გამოძიება დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით?
_ ბოლო ორი წელია, რადიკალების მხრიდან, თვალს ვადევნებთ საპროტესტო მუხტის ასწევად შემოგდებულ არაერთ თემას, ახალ-ახალ ფეიკნიუსებს. არადა, რეალურად, საპროტესტო არც არაფერია. საზოგადოება მშვენივრად ხვდება, რომ ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება _ ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაცია იყოს, თავად კი თევზი ამღვრეულ წყალში დაიჭირონ. ჯერ მოიგონეს, არჩევნები გაყალბდაო, ახლა ბი-ბი-სი-ს სკანდალური გამოძიება შემოაგდეს, თურმე ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი დაწამლა. ეს სისულელე უკვე ყველამ დაივიწყა. ცდილობენ, დაგვაჯერონ, ეს ის მომწამვლელი აირია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს იქნა გამოყენებულიო. ისტორია ყველას გვაქვს წაკითხული _ აირი, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ, ადამიანების მომენტალურ სიკვდილს იწვევდა. ჯიუტად იმეორებენ: შარშან ნოემბერ-დეკემბერში ხელისუფლებამ „მშვიდობიანი“ მოქალაქეების წინააღმდეგ კამიტი გამოიყენაო. შედეგი რა არის? _ ერთი წლის თავზე ორად ორი ფაქტი გვაქვს, ისიც გადაუმოწმებელი _ ძაღლმა პატრონი ვერ იცნო და თუთიყუშს ბუმბული გასცვივდაო. ბი-ბი-სი-ს მიერ ჩატარებული გამოძიების სიმბოლო, წლების მერეც, ბუმბულგაცვენილი თუთიყუში იქნება. დიახ, როცა ყველაფერი ჩაივლის და „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურ ველს ჩამოშორდება, ქვეყანა ფეხზე მყარად დადგება და მთელი ამ პროცესის, დაწყებული სააკაშვილის კონტეინერით შემოპარვიდან, ბი-ბი-სი-ს გამოძიებით დამთავრებული, სიმბოლო გაპუტული თუთიყუში იქნება.
რაც შეეხება თავად ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტურ გამოძიებას, ბოლომდე კარგად ვერ გათვალეს შესაძლებლობები. ცხადია, დამკვეთებს ეს გარკვეული თანხა დაუჯდათ, მაგრამ ამ ფეიკმა ორი კვირაც ვერ გაძლო, დასაცინი გახდა. ცალკე საკითხია, ვინ დაუკვეთა და მეორეა _ ვის დაუკვეთეს. შედარებისთვის, მობილურზე თუ ჩარიცხავ 5 ლარს, სალაპარაკო დროც თანხის შესაბამისი გექნება, ას ლარს თუ ჩარიცხავ, უფრო მეტს ისაუბრებ... ამ შემთხვევაში დამკვეთებმა, ეტყობა, დიდი ფული ვერ გაიმეტეს და შეკვეთაც ისეთ ხალხს მისცეს, ვინც არც კამიტი იცის, რა არის, არც პირველი მსოფლიო ომი, არც საპროტესტო აქცია. ამიტომაც „შეკვეთა“ მიაფუჩეჩეს. თუმცა დარწმუნებით ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ საქმისთვის ძალიან მცირე თანხაა გადახდილი. არა! საქმე ის არის, რომ გამოყოფილი ფულიდან ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტებამდე, რეჟისორამდე მხოლოდ გარკვეული თანხა მივიდა და მათაც ამ საფასურის „სკანდალი“ მოამზადეს.
_ თქვენი აზრით, დამკვეთი ვინ არის, ვის ინტერესშია საქართველოს დაზარალება?
_ ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის. გადახედეთ გერმანიის ელჩის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კონკრეტული ევროპარლამენტარების, რამდენიმე სენატორის ქმედებებს, რომელთაც კონკრეტული მთავრობებისგან, დიფ სთეითისგან თანხები აქვთ აღებული და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
_ რა გამოდის, საქართველო დიფ სთეითის _ მისი აქტიური აგენტურის მორიგი თავდასხმებისთვის უნდა ემზადოს?
_ დიახ, ეს აბსოლუტურად სწორად დასმული შეკითხვაა _ მათი თავდასხმებისთვის საქართველო უნდა ემზადოს და არა, უბრალოდ, ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები ან სპეცსამსახურები. არა! საქართველო, საზოგადოება უნდა ემზადოს. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ქართული საზოგადოება ძალიან გაზრდილია _ მტყუან-მართალის გარჩევას ადვილად ახერხებს. აკაცუკებმა და უცხოელმა დონორებმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმდენჯერ შეძლეს, რომ დილით ფეიკნიუსს რომ გამოაგორებენ, შუადღეზე უკვე ამაზე ვიცინით. ყველას ვურჩევ, დისკუსიის დროს ოპონენტებს ერთი შეკითხვა დაუსვან: ბოლოს და ბოლოს, ორსართულიანი მატარებელი გვირაბში გაეტია თუ ვერა?!
_ კამიტის თემაზე სუს-მა საგამოძიებო მოქმედებები ამოწურა, თუმცა გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ გრძელდება, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. კვალი საით მიდის?
_ კვალი მიდის მათკენ, ვისაც საქართველო, უბრალოდ, ტერიტორიად სჭირდება, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა გზაჯვარედინი, ჰაბია და სხვა არაფერი. ჩვენთვის კი ეს ჩვენი სამშობლოა, სადაც წინაპრები თავს სწირავდნენ და სადაც მათი სისხლია დაღვრილი.
საღად მოაზროვნე საზოგადოება მიხვდა, რომ ბი-ბი-სი-ს და მის უკან მდგომთ, საქართველოში ნაღმის აფეთქება არ გამოუვიდათ. ცალკე საკითხია, როცა დამკვეთზე ვმსჯელობთ, მაგრამ დააკვირდით, ვინ არიან შემსრულებლები _ აბსოლუტურად უფანტაზიო, უვიცი, უსაქმური ადამიანები, რომელთა სახელწოდება _ ნჯო-შნიკებია. რაც შეეხება ოპოზიციადწოდებულ პოლიტიკოსებს, რომელთაც სივი და „ქურქუმალ ვაითი“ ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ, კოლექტიური ხაბეიშვილებისგან რას უნდა მოელოდეს დასავლეთი, არ ვიცი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ესენი ჩამოყალიბებული გონებაშეზღუდულნი არიან, რაც, ალბათ, იმ უცხოელებმაც იციან, ვინც მათ ფულს აძლევს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ „ლიბერდებილების“ მეშვეობით დიდი ფული კეთდება. თანხის ნაწილი გზაში იკარგება და უშუალოდ შემსრულებლებამდე 15-20% აღწევს. ესენი კი ჭამენ და დავალებასაც ვერ ასრულებენ.
_ ოპოტელევიზიები გამუდმებით იმეორებენ: ევროკავშირი ხელისუფლებას საკუთარი ხალხის მოწამვლის გამო გამადიდებელი შუშით აკვირდებაო.
_ თუმცა მოწამლულები ვერ გვაჩვენეს. ევროკავშირში საქართველოს შესახებ ბევრი დებატი გაიმართა, ქვეყნის გასვრა, დისკრედიტირება არაერთხელ სცადეს, უვიზო მიმოსვლის შეჩერებითაც დაგვემუქრნენ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს. მთავარია, გავუძლოთ, ცოტა გავიღიმოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს.
_ ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტურმა გამოძიებამ ის ექიმებიც აღაშფოთა, რომლებიც თავის დროზე, სააკაშვილის მოწამვლის ცრუ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.
_ უცხოელი ექიმების ქმედება ხომ გვახსოვს _ სააკაშვილის ბიოლოგური მასალა წინდებით რომ გაჰქონდათ უჩუმრად პალატიდან. ეს ექიმები კი, ახლა ბი-ბი-სი-ს გამოძიებამ რომ აღაშფოთათ, რას აღარ ამბობდნენ: მიშას დემენცია აქვს, დნება, იმსხვრევა, ქანაობს, ანორექსია აქვსო. ამასობაში სააკაშვილს ციხეში რამდენიმე შვილი ეყოლა. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, რადგან მინდა, ციხეში დიდხანს იჯდეს. საზოგადოება მასში იმ კარიკატურულ პერსონაჟს ხედავს, რადაც ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. 13 წლის წინათ, სხვებთან ერთად, მეც აქტიურად მოვუწოდებდი ხელისუფლებას, „ნაცმოძრაობა“ დროულად დაესრულებინა, მაგრამ ნაცებს თუკი რამ ავტორიტეტი გააჩნდათ, საკუთარი ხელით გაინადგურეს. დიახ, თავადვე დასრულდნენ. ჩვენ ახლა თვალს მათ ნელ, მტანჯველ სიკვდილს ვადევნებთ, რაც ძალიან მახარებს.
_ „კურკუმალმა“ გარეთ მყოფი ოპოზიცია დატუქსა _ კაპუჩინოს სმას შეეშვით და აზრზე მოდითო.
_ „კურკუმალმა“ ციხიდან დატუქსა გარეთ მყოფები, საპასუხოდ მათ აქედან დედა აგინეს. სჯობს, ჩამოვსხდეთ და პოპკორნი მოვიმარაგოთ. პირადად მე ქართული ბატიბუტი მაქვს მომარაგებული.
_ ჩახუნაშვილმა ჯერ მიშას დაუსვა ცრუ დიაგნოზები, მერე ქვეყნის დამხობა სცადა. ახლაც იგივეს იმეორებს. ამ მავნებელ ექიმებს საზოგადოებამ, მათ შორის, მედიცინის წარმომადგენლებმა პასუხი არ უნდა მოსთხოვონ?
_ სამედიცინო საზოგადოებამ ასეთ ექიმებს განაჩენი აუცილებლად უნდა გამოუტანოს. სრულიად საზოგადოებას რაც შეეხება, ასეთი მავნებელი ექიმები მანამ იქნებიან, სანამ ათი კაცი მაინც მათ ქუჩაში მიესალმება, ხელს ჩამოართმევს და იმ სუფრას არ დატოვებს, სადაც ესენი იქნებიან. ჩახუნაშვილები მალე სანაგვეზე აღმოჩნდებიან, მაგრამ ახალი ჩახუნაშვილები რომ არ გამოჩნდნენ, საზოგადოების მკვეთრი რეაქციაა საჭირო.
_ ბატონო გია, ოპოზიცია ბი-ბი-სი-ს გამოძიებაში მოტანილ „ფაქტებთან“ დაკავშირებით საერთაშორისო კომისიის მოწვევას ითხოვს.
_ ვერ გავიგე, ბოლოსდაბოლოს, ჩვენ სახელმწიფო ვართ თუ არა? რას ნიშნავს საერთაშორისო კომისიის მოწვევა?! მახსოვს, იმასაც ითხოვდნენ, მოსამართლეებად უცხოელები დაგვინიშნეთო. მახსენდება, 60-70 წლებში „ვეფხისტყაოსნის“ გადაღებას რომ აპირებდნენ, სადაც ალენ დელონს ტარიელი უნდა ეთამაშა, კლაუდია კარდინალეს _ ნესტან დარეჯანი. ვიღაცამ იკითხა: ქართველებმა რა ვითამაშოთო. ნოდარ დუმბაძემ უპასუხა _ ქაჯებიო. ახლაც ეს უნდათ, რომ აქ მოსამართლეები, მედიამენეჯერებიც უცხოელები იყვნენ, გამოძიებაც უცხოელებმა ჩაგვიტარონ, კანონებიც მათ დაგვიწერონ. ქაჯები კი, გეტყვით, ვინ უნდა ითამაშონ _ ქართველებმა, ოღონდ გიგაურმა, ლომჯარიამ, ხაბეიშვილმა, სააკაშვილმა და ა. შ.
რად უნდა იმას თქმა, რომ საერთაშორისო კომისია იმ დასკვნას დადებს, რაც მათ აწყობთ, ვინც ბი-ბი-სი-ს ეს გამოძიება დაუკვეთა და მის ტირაჟირებას ეწევა. აბა, მე მკითხონ, საერთაშორისო გამოძიებას ვენდობი?! მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და არა ვიღაც უცხოელები. მერწმუნეთ, ეს ფილმი არავის აინტერესებს. ევროპაში, ამერიკაშიც ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ორი მთავარი თემა გადასაწყვეტია _ რა უყონ უკრაინას, ზელენსკის და რა მოუხერხონ მიგრაციას.
_ სად გადის ზღვარი ჟურნალისტურ ეთიკასა და ამ უმსგავსობას შორის?
_ არ მესმის, მთელმა ცხოვრებამ თავის მართლებაში, შეპასუხებაში რატომ უნდა გაიაროს. ეს ადამიანები არ იმსახურებენ არც დისკუსიას, არც ყურადღებას. წადით, თქვენი დედაც ვატირეთ-თქო, აი, ასე უნდა იწყებოდეს და სრულდებოდეს მათთან საუბარი.
_ ოპოზიციური მედია ხელისუფლების გაშავებაში აქტიურად არის ჩართული...
_ ეს მედია არ არის. „ფორმულა“ მედია არ არის ისევე, როგორც „ნაცმოძრაობა“ პარტია არ არის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ არ არიან ნჯო-ები, ჩახუნაშვილები არ არიან ექიმები და ა. შ.
თამარ შველიძე

