წინასაარჩევნო პროგნოზები
მირიან ყარაულაშვილი, საინფორმაციო სააგენტო „იქს-ნიუსის“ დამფუძნებელი: ჩემი აზრით, არჩევნები მშვიდ, კონკურენტუნარიან გარემოში ჩაივლის. მმართველი პარტია მაქსიმალურ შედეგს დადებს. ვფიქრობ, „გორბის“ სოციოლოგიური კვლევის შედეგი ერთი-ერთში გამეორდება. არ არსებობს საფუძველი, რომ ამაში ეჭვი შევიტანოთ, რადგან ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების ცდომილება მხოლოდ 1-2% იყო. ამიტომ „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით 60-65%-ს მიიღებს. ზოგადად, საგარეო ვექტორი თვითმმართველობის არჩევნებზე არ არის დამოკიდებული. ხალხი, უპირველესად, მშვიდ ცხოვრებას, ქვეყნის განვითარებას ირჩევს. რაც შეეხება ხელისუფლების დამხობას, ამას იმდენად ანეკდოტური, კარიკატურული პერსონაჟები გვპირდებიან, რომ კომენტარის გაკეთებაც არ ღრს.
ნანა კაკაბაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი: „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია თუნდაც იმიტომ, რომ მას რეალური კონკურენტი არ ჰყავს. მეორე მხარეს შენიღბული ნაცები დგანან. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ „ლელო“, გახარია და „ნაცმოძრაობა“ ერთი და იგივეა. შინაურ მოღალატეებს მხარდაჭერა დასავლეთიდან აქვთ, თუმცა ვერც მათი და ვერც შიდა მწირი მხარდაჭერით, ვერაფერს გახდებიან. რაც მთავარია, ხალხი მშვიდობას ირჩევს. ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია აღარავის უნდა. ესენი კი პირდაპირ დესტაბილიზაციას აანონსებენ, რასაც ქართველი ხალხის მხარდაჭერა არასდროს ექნება.
რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი: პრაქტიკულად, არ მახსენდება პერიოდი, როცა ასეთი განსხვავებული საარჩევნო კლიმატი იყო _ ოპოზიციის დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და პირდაპირ რევოლუციას აანონსებს. რადიკალთაგან საარჩევნო პროცესში ორი ოპოზიციური პარტია _ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ მონაწილეობს. თუმცა რვა ოპოზიციური პარტიის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მერე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ამ პარტიებს რეიტინგი არ გაზრდიათ. ასე რომ, დიდი შანსია, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებში ის მაქსიმუმი აიღოს, რაც კი ოდესმე აუღია და ასეც იქნება. რაც შეეხება 4 ოქტომბერს დაგეგმილ მშვიდობიან დამხობას, ფაქტია, ეს უცხოეთში ვიღაცას ძალიან სჭირდება, რადგან ამ პროცესს ხელს უწყობს. რევოლუციური სცენარით ხელისფლება რომ არ შეიცვლება, ეს დასავლეთისთვისაც ცხადია. ფაქტია, იმდენი უკმაყოფილო ადამიანი, რომ ამ ტალღამ ხელისუფლება წალეკოს, ქუჩაში არ გამოვა. ქვეყანაში ასეთი მოცემულობა არ დგას. ეჭვი მაქვს, შიდა და გარე მტრებს, უბრალოდ, აქ არეულობის მოწყობა სურთ, რათა მერე თითი ისევ რუსეთისკენ გაიშვირონ. ქაოსის დროს კი ვიღაც გაილახება, ვიღაცას დაიჭერენ და დასავლეთიც ახმაურდება: საქართველოში დიქტატურა მყარდებაო. ასეთ ფაქტებს დასავლეთი არგუმენტად გამოიყენებს, თუ როგორ მიიწევს საქართველო რუსეთისკენ. ამისთვის კი სამსხვერპლოზე დადებული საქართველოს სურათი სჭირდებათ. ამიტომ დიდი შანსია, დესტაბილიზაციის გამოსაწვევად საქმეში დიდი ფული ჩაიდოს.
ბონდო მძინარაშვილი, დამსახურებული ჟურნალისტი: 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დამთავრდება. ფაქტია, საქართველოში ოპოზიციურმა სპექტრმა სერიოზული დეგრადაცია განიცადა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი რადიკალურ ოპოზიციას მიუძღვის. მათი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს, რაც ძალიან კარგია. თუმცა, საბოლოო ჯამში, მათ ქართულ პოლიტიკურ ველზე მძიმე კვალი დატოვეს, რაც პერსპექტივაშიც აისახება. „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება. ის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ოპოზიცია აბსოლუტურად ფრუსტრირებულია. ყველანი ვხედავთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო გადატრიალებებმა თუ ნაცების რევანშის მცდელობებმა რადიკალიზაციამდე მიიყვანა, რამაც, საბოლოო ჯამში, ისინი პოლიტიკურ უფსკრულში გადაჩეხა.
რაც შეეხება მშვიდობიან დამხობას, ეს გამორიცხულია. ასეთი მცდელობები არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ ჩაფლავდნენ. ახლაც ანალოგიური ელით. მთავარი ის არის, რომ ეს ბევრი ადამიანის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება. განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლება დამხობის გზით შეიცვლება. ყველამ დაიმახსოვროს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლება. თუ ოპოზიციას სურს, ამ ყველაფერს დაპირისპირება, ძალადობა, სახელმწიფო უწყებების, შენობების დაკავების, მათში შეჭრის მცდელობა მოაყოლოს, ტყუილად ირჯება. ამაზე შესაბამის პასუხს მიიღებს. ვიმეორებ, ქვეყანაში ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით იცვლება. ოპოზიციას ვურჩევ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაელოდოს და ვისაც უფლება ექნება, მასში მონაწილეობა მიიღოს. შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, ძალაუფლებას მოიპოვებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, დამოუკიდებელი უფლებადამცველი, ყოფილი პარლამენტარი: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ შეგვიძლია ისე შევაფასოთ, როგორც პოლიტიკური პლატფორმა. სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაიწყება ქვეყანაში დენაციფიკაციის პროცესი _ „ნაცმოძრაობის“ გაუქმება. „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ყოფილ, ასევე მოქმედ ლიდერებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნის უფლება აეკრძალებათ. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები მხოლოდ საკრებულოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა არ არის. ეს სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთი ფუნდამენტი, ბურჯია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს.
პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საპარლამენტო დასკვნა ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა და მიიღება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ნაცების სრული ლიკვიდაცია უნდა მოხდეს. იმედია, ახალ წლამდე „ნაცმოძრაობა“ აღარ იარსებებს, რაც ახალ, რეალურ პოლიტიკურ გაერთიანებებს გზას გაუხსნის
ედიშერ გვენეტაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: 4 ოქტომბრისგან, უპირველესად, ველი, რომ „ნაცმოძრაობა“ ქაღალდის ტყვიით, ანუ, საარჩევნო ბიულეტენით პირისაგან მიწისა აღიგვება და კიდევ ერთხელ, უკვე მეათედ ქართველი ხალხი მას თავის ადგილს მიუჩენს. მჯერა, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ყველა რეგიონში გაიმარჯვებს. ნაცების ფაფხური შემოდგომის ბუზების ბოლო კბენას მაგონებს. დაე, იფაფხურონ, რადგან მათ იციან, რომ არჩევნების მერე პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებათ. ქართული საზოგადოება, ცალსახად, მშვიდობას ირჩევს, რაც ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, კბილებით მოვიტანეთ. თვითმმართველობის არჩევნები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კატასტროფული მარცხით დასრულდება. დიახ, ეს ანტიქართული, ანტიხალხური, ანტიეროვნული, ანტიტრადიციული ძალა საბოლოოდ დასამარდება.
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ პროცენტულად უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. ქვეყანას ვერავინ დაამხობს, ვერც მშვიდობიანად და ვერც არამშვიდობიანად. მითხარით, რომელი ჭკუათმყოფელი ერი დაუჭერს მხარს დამხობას და მშვიდობას არ აირჩევს?!
ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი: „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს გამომდინარე იქიდან, რომ მას კონკურენტი არ ჰყავს. ხოლო ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს არ აცხადებენ და არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ისინიც, ფაქტობრივად, რეალობას მოწყვეტილნი არიან და აბსურდულ რადიკალიზმზე არიან გადასული. ამიტომ გამარჯვების შანსი, გარდა მმართველი ძალისა, სხვას არავის აქვს. ჯანსაღი მოლოდინი მაქვს, რომ ყველა მუნიციპალურ რაიონში, ქალქსა თუ სოფელში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.
ბაღათერ არაბული, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, პოეტი: ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნები ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, იმ ფონზე, რა პროცესებსაც ბოლო დღეებში თვალს ვადევნებთ, იქნება ეს ქუჩის აქციები თუ, მოტყუებული, ზოგიც მოსყიდული ახალგაზრდის ზღვარგადასული ვნებათაღელვა. მგონია, რომ ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი გამოცდა იქნება, რადგან საბოლოოდ გამოიკვეთება, საქართვლოში ვინ არის სტაბილური პოლიტიკური ცხოვრების მომხრე და ვინ _ მუდმივი ქაოსის და არეულობის. მჯერა, საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის აღმშენებლობა, სწორი განვითარება გაიმარჯვებს. ეს კი ერთადერთ ძალას _ „ქართულ ოცნებას“ ძალუძს.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი: არ მინდა, პროცენტულად დავასახელო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, „ქართული ოცნება“ ხელშესახებ გამარჯვებას მოიპოვებს. ეს, ალბათ, ყველაზე უფრო უინტრიგნო არჩევნები იქნება, მათ შორის, რაც კი ოდესმე მახსოვს. თვითმართველობის არჩევნებში, თავისი შინაარსითა და ყველანაირი გაგებით, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. რა თქმა უნდა, მონაწილეობას, მმართველი ძალის გარდა, სხვა პარტიებიც იღებენ, მაგრამ ჩემთვის სრულიად ნათელია, რა შედეგი დადგება. მეტსაც გეტყვით, ნაცები არჩევნებში არ მონაწილეობენ, რადგან მათი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, რაც დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა გამოიწვია. ამან მათ ელექტორატშიც კი დიდი იმედგაცრუება წარმოშვა. პრინციპში, მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი არ ელოდა, რომ ნაცები პარლამენტში არ შევიდოდნენ. სწორედ სერიოზულმა ელექტორალურმა იმედგაცრუებამ გამოიწვია მათი რეიტინგის რეალური ვარდნა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებენ. ფაქტობრივად, ნაცებსაც და ახალ ნაცებსაც მონაწილეობის შემთხვევაში შედეგები გაუნახევრდებოდათ, თუ უფრო დაბალი არ ექნებოდათ. რაც შეეხება დამხობას, ეს უკვე იტალიური კომედიის საუკეთესო სცენარია.
თამარ შველიძე

