ფერეიდანი - პატარა საქართველო ირანში

ფერეიდანი - პატარა საქართველო ირანში

ირან-ისრაელის დაპირისპირება კვლავ მსოფლიო მოვლენების ეპიცენტრშია. გადავწყვიტეთ,  მიმდინარე მოვლენები, იქაური ქართველების, კერძოდ ფერეიდნელების გადმოსახედიდან ვაჩვენოთ. ამ აქტუალურ თემაზე მკითხველს თბილისელი რძლის, ინტერვიუს ვთავაზობთ:
_ საქართველოს ირანთან ურთიერთობა ისტორიულად აკავშირებს. ქართველები, ამ ქვეყნის კულტურას, მეტ-ნაკლებად, ვიცნობთ. მე შეიძლება ცოტა მეტად ვიყო ამ საკითხში ჩახედული, რადგან მეუღლე ფერეიდნელი მყავს. ჩვენ ოცი წლის წინ დავქორწინდით. მაშინდელი ვითარება დღევანდელისგან განსხვავდებოდა. ახლა ირანი დასანქცირებულია. დღეს იქ დოლარი მიმოქცევაში აღარ არის. აშშ-მ ირანს ურანის გამდიდრების გამო სანქციები დაუწესა. წლებია, აშშ-სა და ირანს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. რამდენადაც მივხვდი, ტრამპი ოქროზე მონადირეა. უკრაინასაც ხომ დაუდო გარიგება _ მომეცი, რაც წიაღისეული გაგაჩნია და დაგიცავო. ირანსაც ამ თვალსაზრისით უდგება. არც ირანის და ისრაელის მტრობაა ახალი. ირანში თუ იმოგზაურებთ, კედლებზე აუცილებლად შეგხვდებათ წარწერები: სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. აი, ასეთი განწყობებია ირანის იმ ნაწილში, რომელსაც აიათოლა ალი ხამენეი მართავს. 
ირანი უმდიდრესი ქვეყანაა, რომელსაც თითქმის ყველა ქიმიური ელემენტი მოეპოვება. ჩნდება შეკითხვა: თუ ირანი ასეთი მდიდარი ქვეყანაა, მაშინ რატომ უჭირს იქ მცხოვრებ ხალხს? _ ალბათ, იმიტომ, რომ ხალხმა ეს დოვლათი არ დაიტაცოს და გარკვეულ ძალებს მისი მართვის საშულება ჰქონდეთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო: ქვეყანაში, სადაც რელიგიური მმართველობაა, ქვეყნის ბედი უკუღმა ტრიალებს. როცა მოლებმა რელიგიური მმართველობა შემოიღეს, ჰიჯაბის ტარების წესიც სავალდებულო გახდა. ახლობლები ხშირად მეკითხებიან: ფერეიდანში რომ ჩადიხარ, ჰიჯაბით შემოსილი დადიხარო? გაუგებარია, მე რატომ უნდა მეცვას ჰიჯაბი, როცა თავად ირანელებს არ აცვიათ. უბრალოდ, შარვალზე ზემოდან ზედა უნდა გეცვას და თავსაფარი გეკეთოს ისე, როგორც აქ, ეკლესიაში შესვლისას. სახლებში თავსაფარს არავინ იფარებს. დიდ ქალაქებში: ისპაჰანში, თეირანში, სადაც ელიტური ოჯახები ცხოვრობენ, თავსაფარს, ფაქტობრივად, არც იფარებენ, უბრალოდ, თავზე ადევთ ან ნახევრად ახურავთ ისე, რომ თმაც კი უჩანთ. ამას წინათ სოციალურ ქსელში თეირანში გადაღებულ ქორწილის ფოტოს გადავაწყდი, სადაც დედოფალს, ჩვეულებრივ, საპატარძლო კაბა ეცვა. კომენტარებში გაოცებას ვერ მალავდნენ _ ნახეთ, როგორ თანამედროვედ აცვია დედოფალსო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ირანელებზე არასწორ ინფორმაციებს ვფლობთ. ირანი ჩვენი მეზობელია, თუმცა მას სათანადოდ არ ვიცნობთ. არადა, ისტორიიდან ვიცით, რომ გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხანმა, გვარად უნდილაძემ ლამის ირანის ტახტი დაიკავა.
_ როგორც ვიცი, ქართველები ირანში მაღალ თანამდებობებს ბოლო წლებშიც იკავებდნენ...
_ გორჯებს (ასე ეძახიან სპარსები ქართველებს) ფერეიდანში დღესაც დიდი ძალა გააჩნიათ. დიახ, თავდაცვის უწყებაში ბევრი ქართველი იყო, მაგრამ ბოლო წლებია, ირანის მოლათა მმართველობა სხვა ეთნიკური ჯგუფების ხალხს ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე არ აჭაჭანებს. ირანი სანქცირებულია, ისრაელსაც, როცა გაუხარდება, მაშინ ბომბავს, თან, ირანელები ურანს ამდიდრებენ, შესაბამისად, სხვა ეთნიკურ ჯგუფებს არ ენდობიან. 
_ როგორც აღნიშნეთ, დიდ ქალაქებში ჰიჯაბს არ ატარებენ, ფერეიდანში რა წესები მოქმედებს?
_ ფერეიდანში უმეტესად ქართველები ცხოვრობენ, ამიტომ იქ ბევრი „ჩანერგილიც“ ჰყავთ. სხვათა შორის, ომების დროს საზარბაზნე ხორცად ქართველებს იყენებენ. ფერეიდანში ომის საფრთხე ნაკლებია. ჩემი მეუღლის ოჯახი დღემდე იქ ცხოვრობს. ირანსა და ისრაელს შორის გამწვავებული კონფლიქტის დროს, ბექა (მეუღლე) დედას, ძმას, ძმისშვილებს ესაუბრა. მათ აღნიშნეს, რომ იქ ომის საფრთხე არ არსებობს. ირანში ბომბები, ძირითადად, სამხედრო ობიექტებზე ჩამოაგდეს. ამ დროს, ფერეიდანში სწავლაც ჩვეულ რეჟიმში მიდიოდა.
_ ფერეიდნელი ქართველები, პირველ ხანებში, რჯულს, წეს-ჩვეულებებს ინარჩუნებდნენ, შემდეგ მათ სარწმუნოება იძულებით შეუცვალეს...
_ ქართული ენა მაინც შეინარჩუნეს. ქართველები შაჰ-აბასმა მებრძოლებად წაიყვანა. ამიტომ ირანში გადასახლებულ ქართველებს უკვე რჯულის შეცვლაც მოსთხოვეს, სხვაგვარად ჯარში ვერ იმსახურებდნენ. მაგალითად, სომხები სპარსელებს მეომრებად არ სჭირდებოდათ. ისინი ვაჭრობაში ჰყავდათ ჩართული. შესაბამისად, მათ თავიანთი რელიგია დღემდე შენარჩუნებული აქვთ.
_ ანა, თქვენ ახსენეთ, რომ ქართველებს ირანელებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. რას გულისხმობდით?
_ დიახ, ასეა. მაგალითად, ქართველებს ჰგონიათ, რომ ირანელი მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ. ამ დროს ცოლის სიტყვა ქმრისთვის, კანონია. გარდა ამისა, როცა გავთხოვდი, დედა მეუბნებოდა: იქ ვერაფერს შეჭამ, ცხიმიანი საჭმელები ექნებათო... არადა, პირიქით არის, ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ. მეტსაც, გეტყვით, გაოცებულნი არიან, რამდენ ზეთს იყენებთ კერძებშიო. დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევენ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ. ქორწილში ერთ ნაჭერ ნამცხვარზე მეტს თუ შეჭამ, იქ ცუდ ტონად ითვლება. მინდა გითხრათ, რომ ფერეიდანში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. კიდევ ერთი მითია, თითქოს ირანელები გაუნათლებელი ხალხია. ასე არ არის. გამოცდების დროს ჩემი მულები ერთმანეთს მხოლოდ იმაზე ესაუბრებიან, რა ქულა მიიღეს ბავშვებმა. ახლაც, ოლიმპიადები რომ ტარდება, სულ ირანელები იმარჯვებენ, ჩვენ კი ჩამორჩენილი ერი გვგონია. ჩემი აზრით, იქ ბავშვი ყველაფერს უფრო საფუძვლიანად სწავლობს, რადგან მშრომელები არიან. ამას ისიც ემატება, რომ ინტერნეტი არ აქვთ (ძვირი სიამოვნებაა და თან სუსტი ქსელებია) და ამაზე დრო არ ეხარჯებათ. 
ფერეიდნელი ქართველები გამორჩეულად ნიჭიერები არიან. ბევრი მათგანი ხატავს, კარგად ეუფლება მათემატიკას და თამაშობს ჭადრაკს. თუმცა იქ ინგლისური უფრო ცუდად იციან, ვიდრე საქართველოში. ფერეიდანში, ძირითადად, ძველი ქართულით საუბრობენ. მე მიყვარს უცხო ენების ათვისება, მაგრამ ფერეიდანში სპარსულს ვერ ისწავლი, რადგან იქ სულ ქართულად ლაპარაკობენ. დედამთილმა ძველით ქართული ბევრად უკეთ იცის, ვიდრე ახალგაზრდებმა. სამაგიეროდ, ჩემმა დედამთილმა სპარსული იცის ცუდად. ფერეიდნელი ბავშვები ქართულს, ძირითადად, ოჯახში სწავლობენ, რადგან ირანის კანონმდებლობით, სკოლებში სწავლა სპარსულ ენაზე მიმდინარეობს. ძველად ფერეიდნელი პურს რომ აცხობდა, ზედ ყოველთვის ჯვარს სახავდა. ეს ძალიან ემოციურია. 
_ როგორც ამბობენ, ფერეიდანი მთაგორიანი რაიონია და ძალიან ჰგავს საქართველოს. ასეა?
_ არა, არ არის ასე, ესეც მითია. იქ სულ სხვა კლიმატია. ფერეიდანი ზღვის დონიდან 2700 კილომეტრზეა, ზამთარში თოვს, ზაფხულში _ გრილა. საქართველო სიმწვანით იქცევს ყურადღებას, ირანი და მისი პროვინცია ისპაჰანი, სადაც ფერეიდანი მდებარეობს, ხრიოკია. ფერეიდანი ირანში კურორტივითაა, რადგან, როგორც ვახსენე, იქ მაღალი ჰაერია.
_ როგორია ფერეიდნელი ქართველების განწყობა რეჟიმის მიმართ?
_ უმრავლესობა რეჟიმის მომხრე არ არის, რადგან ქართველები, ზოგადად, თავისუფალი სულის ადამიანები ვართ. საქართველოში ჩამოსული ფერეიდნელები აქ ადვილად ადაპტირდნენ. აქ ფერეიდნელი ქართველი გოგონები მოკლე კაბებით დადიან, ირანელები _ არა. ფერეიდნელი ქართველები ლამაზები, თეთრები არიან, როგორც ძველი ქართველები. სპარსები გორჯებს ეძახიან და ლაპარაკითაც ცნობენ. ბექა თეირანში რომ ჩადის, სპარსულად საუბრობს, მაგრამ ხვდებიან, რომ გორჯია. 
ვიმეორებ, მუსულმანური რუტინა ბევრს არ მოსწონს. სანამ მოლების მმართველობა დაიწყებოდა, მანამდე შაჰი რეზა იყო, რომლის დროსაც ბევრი უნივერსიტეტი გაიხსნა, ქვეყანა უფრო განვითარდა. მერე მოლებმა შაჰი გადააგდეს. მოსახლეობას მოლების მმართველობა არ მოსწონს და მათ შეცვლას ითხოვს, თუმცა ეს რეჟიმი ძნელი დასამარცხებელია. ფერეიდანში ყოფნისას, მეზობელ გოგონასთან ვიყავით სტუმრად, ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა, გოგონა წამოხტა შარვალზე ზედა გადაიცვა, თავსაფარი დაიფარა, ისე კარს ვერ გავაღებო. ამით ძალიან შეწუხებულნი არიან, ნატრობენ, როდის მოვა ის დრო, თავისუფლები ვიყოთ და რაც გვინდა, ის ჩავიცვათო.
_ ბოლოს მინდა, მტკივნეულ თემაზე გკითხოთ, საქართველოში ფერეიდნელებისთვის ბინადრობის უფლება გართულებულია. ეს რას უკავშირდება? 
_ აქტუალური შეკითხვაა. შეიძლება ირანის ხელისუფლებას არ აწყობს ფერეიდნელების საქართველოში დაბრუნება. ეს საკითხი ფერეიდნელებისთვის მტკივნეულია. ისინი პატრიოტი ხალხია და საკუთარი ფესვებისკენ მიილტვიან. სხვათა შორის, ფერეიდნელები ძალიან ერთგული, მშრომელი ხალხია და მათთვის ბინადრობისა და მოქალაქეობის შეჩერებით ქვეყანა ქართველების ღირსეულ ნაწილს კარგავს. საქართველოში ინტეგრაციის შემთხვევაში კი, ისინი სამშობლოს ძალიან გამოადგებიან.
ფერეიდნელები თავიანთ სამშობლოდ საქართველოს აღიქვამენ. ფერეიდანი არის პატარა საქართველო ირანში. მე ბექას რომ გავყევი, არც მიფიქრია, რომ „ირანელს“ მივყვებოდი. წლების მერე წავაწყდი განწყობებს: უი, შენი ქმარი ირანელია, იქ რომ ჩადიხარ, ჰიჯაბი გახურავს და სხვა ამდაგვარებს, რაც გულდასაწყვეტია. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ფერეიდნელები ტიპიური ქართველები, უფრო კონკრეტულად კი, კახელები არიან ფიზიონომიით, საუბრის მანერით, ხუმრობებით და ერთმანეთისთვის სახუმარო სახელების შერქმევის ტრადიციაც კი აქვთ. 

თამარ შველიძე