ფული, ბაბაია, ფული...

ფული, ბაბაია, ფული...

„ფული ხელის ჭუჭყია“, _ თქვა ოდესღაც ვიღაც უფულომ და ეს ნათქვამი აიტაცეს უფულოებმაც და ფულიანებაც. განსხვავება ის იყო, რომ ამ ფრაზით უფულოები ფულიანებს ამუნათებდნენ, ფულიანები კი ხაზს უსვამდნენ, ვითომ მეც უფულო ვარო. დიდი საერთო და სინამდვილე კი ის არის, რომ უფულოსაც და ფულიანსაც, ფულის ნატვრა აერთიანებთ. 
კეთილი, ფული მეც მენატრება, მაგრამ ერთ „კამაზზე“ ნაკლებს არ მივიღებ, მეტს _ დიდი სიხარულით!
ჰოდა, ვიღაცას ერთი „კამაზი“ ფული რომ ჩაეხუტა, რატომ უნდა ჩაუშხამო ეს დიდი სიხარული?
პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის „შავი ფული“ გამოავლინა _ 624 მლნ დოლარი და 35 მლნ ევროო.
დედა, შვილო, როგორ გამწარდებოდი!
რა უსინდისობაა! „შავი ფული“ რას უქვიათ, შავი კუპიურები იყო? შავი კი არა, ისეთი ტკიცინები იქნებოდა, ჯერ რომ საღებავის სუნი არ გასვლია. ვინ ეკითხება სუს-ს და პროკურატურას, აჩუქა ვიღაცამ ვიღაცას და თან ინსტრუქცია მიადევნა, სულ კეთილ საქმეში მოგეხმაროსო, მაგრამ დააცადა ვინმემ კეთილ საქმეში მოხმარება?
მაღალი ალბათობით, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის იყო ეს უკანონო ნაღდი ფული განკუთვნილი, რომელიც 2022-2024 წლებში შემოიტანეს საქართველოშიო.
ცოტა არ იყოს, ფანტაზიები ჩამიფლავდა, მეგონა, ერთ ჯერზე შემოიტანეს „კამაზით“, მაგრამ არა უშავს, ფული ისეთი რამეა, ნაწილ-ნაწილაც გამოდგება. 
ახლა იმითიღა ვერთობი, რომ „ფულის გათეთრების“ ბრალდებით ერთი პირი ყოფილა დაკავებული. დადგენილია, რომ ამ ტიპმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელიო. აბა, ესა ყოფილა პიროვნება! ერთ კაცს თუ ამდენი შეუძლია, ფინანსთა სამინისტროში უნდა დაასაქმონ, ციხეში რა უნდა ამ ახალდროების კვაჭის?
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, სისტემატურად უზრუნველჰყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილზე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებასო.
აფსუს, მქონოდა ვალუტის გადამცვლელი ერთი ჯიხური, ეგებ, ჩემთან მოეტანათ, მაგრამ აბა, არ მაქვს, თორემ რა დიდი ამბავი უნდოდა, წამოვიკიდებდი ზურგზე გუდიანი კაცივით ფულიან ტომარას, დროდადრო ფეხით გადავირბენდი ახლომდებარე ბანკებში, მივიტანდი როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებულ სრულიად კანონიერ შემოსავალს და ეგ არის, თავი მექნებოდა ქუდში, ჯიბეში _ კარგი გასამრჯელო. ნეტავ, ის გასამრჯელო რამდენი იქნებოდა? ალბათ, კარგა გვარიანი, მაშ როგორ! მე რომ გავირჯებოდი და კომერციულ ბანკებს იმ ვალუტის წარმომავლობის შესახებ ყალბ მონაცემებს მივაწვდიდი, გარჯაში „კაი ფოსტას“ გამოვიდოდნენ და გავქუსლავდი კიდეც ჯერ ჩინეთში, თეთრი პირამიდის თავზე კვარცის სანახავად და მერე ეგვიპტეში _ პირამიდების უნახავი როგორ უნდა მოვკვდე!
მე ჩემს საქმეს გავაკეთებდი და მერე, ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირზე გადაცემისა და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზა და ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში მიმართვები ჩემი საქმე აღარ იქნებოდა. აფსუს, ადამიანს რომ ბედი არ გექნება _ ეს მე ვარ, მაგრამ ის უბედური ჩემზე უბედო ყოფილა, ეს რა შარში გაეხვა...
ამ ერთი ხარბი „ვალუტჩიკისა“ გავიგე, მაგრამ სანამ ამ გამოჭერილამდე მივიდა ის ნაღდი ფული, ის ამბავი უფრო საინტერესოა და დანარჩენი სერიები როდის იქნება?
მამაძაღლი, საბაჟოზე მე „კორჟიკი“ გამომგლიჯეს ყბიდან, არ შეიძლება გადატანაო და ესენი ამდენ ნაღდ ფულს რანაირად ეზიდებოდნენ? თუმცა, ფული, ბაბაია, ფული თქვი, თორემ ბაჩიაშვილიც კარგად გადაიპარა საზღვარზე მანქანაში გაკეთებული სამალავით _ ისე, რა ბოთე უნდა იყო მებაჟე, თუ ფულისტი არ ხარ...
რა ვიცი, ისეთი სკანერები გვაქვს, გუშინ რა ჭამე, ის ჩანსო და რაღა ქსელური დანაშაულის ფაქტები და ბაჩიაშვილი არ აისახება იმ სკანერზე? 
ცნობისმოყვარე ვარ და მაინტერესებს, თითქმის მილიარდიანი ბრუნვა რომ ჰქონდა „სავალუტო ბუტკას“, ისეთმა გაქნილმა საფინანსო დაწესებულებამ, როგორიც ბანკია, ასე ალალად როგორ დაიჯერა? აი, ბანკმა რომ ეგ დაიჯერა, მე არ მჯერა და დავიჯერო, საგამოძიებო უწყებას სჯერა? _ არც მაგის მჯერა!
ისიც მაინტერესებს, სასათბურე პირობებში მოთავსებულმა ეჭვმიტანილებმა რატომ და რანაირად უნდა აღიარონ ხოლმე ჩადენილი დანაშაული და დაასახელონ თანამზრახველები, რა რჯით?
უგულავასი არ იყოს, ხალხი რომ ამბობდა, 50 მლნ მომეცი და სამი წელი მეც ჩავჯდებიო. წინა ხელისუფლების დროს, საკუთარი თუ ახლობელთა წამების, გაუპატიურებისა და მოკვლის შიშით, ჩაუდენელსაც იბრალებდნენ, მაგრამ ახლა?
იჯდება ის ერთი კაცი, იჯდება და იჯდება... 
ეჭვი მაქვს, იმ სხვების ვინაობაც ცნობილია და ნელ-ნელა გამოაძვრენენ, მაგრამ როდის?
როგორც ვატყობ, სამართალი საარჩევნოდ იღვიძებს ხოლმე, ისიც, ზანტად. ისე, ყოველ წელს ხომ არ დაგვენიშნა არჩევნები?
მაგალითად, ახლა რომ გააერთიანეს მერის, მაჟორიტარისა და პარტიის არჩევნები, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვარ _ ასე ქვეშიდან უნდათ გამოძვრომა? მაშინ, სამი არჩვენების წილი სასკანდალო ამბები დაგვიდონ!
მთლიანობაში კი ერთი შეკითხვა მაქვს: ამდენი ნარკოტრაფიკი, ამდენი იარაღი, ამდენი არალეგალური საწყობ-საამქრო და ამდენი ფულის გათეთრება თუ იყო, ასე ერთნაირად რანაირად „ამოვარდა“, საქმეს დასჭირდა თუ აქამდე ტაბუ „გარედან“ ედო? იქნებ, „შიგნიდან“ ედო?
რაგინდ მოსაწონი იყოს ცუდის გამოაშკარავების ტენდენცია, უნებურად ხდება ცნობილი ხელისუფლების წინა პერიოდის სისტემური პრობლემის შესახებ. მაშასადამე, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული უბრალოდ კი არ არსებობდა, არამედ, დიდი ალბათობით, სისტემური მფარველობით სარგებლობდა _ სხვაგვარად ვერაფრით აიხსნება „ეფექტიანობის“ ასეთი ნახტომი.
ძალიან ცუდია, როდესაც მოქალაქეს ისეთი განცდა უჩნდება, რომ დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენა „რუბილნიკზეა“ მიბმული, ასწევ _ საქმე გაიხსნება, ჩამოსწევ _ არა!
კიდევ ერთი რამ მაინტერესებს _ ე. წ. ოპოზიცია იმ მილიონებთან დაკავშირებით ისრებს ისეთი კაცებისკენ სწევს, მე რომ დღემდე კაცებად ვიცნობ და რანაირად არის ეს ამბავი, დროზე უნდა გავიგოთ. 
საქმე ის არის, რომ, თუ პირადი კეთილდღეობისთვის იღვწოდა რამდენიმე პირი, ნამდვილად გავუგებ _ სულაც არ მიმაჩნია დანაშაულად, რომ სადღაც გამომუშავებული ფული აქ გადააკონვერტირონ, მაგრამ თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული და ქუჩის სალახანების ქართველ უსამშობლო მეთაურებზე ნაწილდებოდა, „ამას სიკვდილი, იმას _ ჩამოხრჩობა“ არ დამენანება და აი, რატომ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა ზოგიერთი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ბრალდებით, რომ ისინი ხელს უწყობენ მტრული ატმოსფეროს შექმნას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. 
მან პირდაპირ დაასახელა ორგანიზაციები, როგორიცაა Oპენ შოციეტყ Fოუნდატიონს (ჯორჯ სოროსის ფონდი) და Fორდ Fოუნდატიონ, როგორც ისეთები, რომლებიც აფინანსებენ მედიასა და აქტივისტებს, რომლებიც კონსერვატორებს აკრიტიკებდნენ, ლანძღავდნენ და ხელს უწყობენ ძალადობას. 
ვენსმა განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციები იღებენ „გულუხვ საგადასახადო შეღავათებს“ და აფინანსებენ პროტესტებსა და არეულობებს. ვენსის თქმით, ეს არა მხოლოდ შიდა პრობლემა, არამედ უცხოური გავლენაა, რომელიც აშშ-ის შიდა პოლიტიკას არღვევს.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში _ საქართველოში რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირების (რომელთა შორის ნჯო-ებიც არის) რაოდენობა დაახლოებით 25 ათასიდან 33 ათასამდეა. ეს მოიცავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფონდებს, ასოციაციებს და სხვა არაკომერციულ ფორმებს. მაგალითად:
2022 წლის ივნისის მდგომარეობით, რეგისტრირებული არაკომერციული იურიდიული პირები 33 000-ზე მეტია (საჯარო რეესტრის მონაცემებით).
2024 წლის მონაცემებით, საქართველოში 25 000 მეტი ნჯო-ა რეგისტრირებული, რომელთა უმეტესობა უცხოური დაფინანსებით მუშაობს.
აქტიური ნჯო-ები: ყველა რეგისტრირებული ორგანიზაცია არ არის აქტიური. 2023 წლის მონაცემებით, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი 300-ს არ აღემატება.
კარგად ვიცით, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ყველანაირი ანტიქართული გამოვლინების უკან უცხოეთიდან დაფინანსებული ნჯო-ები დგანან, რომლებიც წლების განმავლობაში ისე მომძლავრდნენ, რომ სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნეს სახელმწიფოს უცხოური ინტერესების გამტარებელი ზედამხედველი ორგანოს სახით. მათთან შემოდინებული ფულიდან ნაწილი თუ „თეთრდებოდა“, ნაწილი სამავნებლო საქმიანობისთვის რჩებოდა. წარმოუდგენელია, რომ ცხოვრებანანახი ცალკალოშიანი აღზევებული მდაბიო ისევ ცალ კალოშს დაუბრუნდეს _ ნემსის ყუნწში გაძვრება და სამშობლოს კი არა, მშობელ დედასაც გაყიდის. ასე რომ, ნჯო-თან შეფარებული უსამშობლოების ნებისმიერი ხერხით განეიტრალება აბსოლუტურად მისაღებია. 
იმ საეჭვოდ შემოგდებულ ვერსია-კაცებს კი, სამშობლოს ღალატის გულში გაფიქრებასაც ვერ დავაბრალებ, წარმოუდგენლად მეჩვენება მეც და სხვასაც, ამიტომ დროზე უნდა გაიხსნას ფრჩხილები, საკმარისია ყველაფრის მალვა-ჩქმალვა.
– ფული, ბაბაია, ფული, _ ტყუილად კი არ ათქმევინა კიკუს ნაწარმოების ავტორმა...
თუ ის მილიონობით ფული ჩემი სამშობლოს, საქართველოს დასაქცევად იყო შემოსული, სამშობლოს გამყიდველებთან რევერანსები არ არის საჭირო! _ დაიდოს მათი ვინაობა, რაც დაკავებულის დასახელებისა და დადასტურების გარეშეც კარგად იციან შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა! 

ზურა ოშხერელი