ადიგენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტები და სერვისები დაინერგება

ადიგენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტები და სერვისები დაინერგება

გოჩა ქიმაძე - პარტია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი ადიგენის რაიონში

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ადიგენის რაიონის ადგილობრივ არჩევნებში მერობის კანდიდატად კვლავ გოჩა ქიმაძის კანდიდატურა წარადგინა. ბატონ გოჩას წლებია, ვიცნობ. საქმიანი კაცია უმაღლესი პოლიტიკური გამოცდილებით, სხვადასხვა დროს იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. მას თავისი მშობლიური კუთხე, ადიგენი იმდენად უყვარს, რომ გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება მის კეთილდღეობას მიუძღვნას. ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციისა და და აბასთუმნის ტურისტული ინფრასტრუქტურის მაგალითად მოშველიებაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ადიგენის რაიონის განვითარებისათვის ბატონი გოჩა ქიმაძის კანდიდატურა მნიშვნელოვანია. მის მიერ განხორციელებული პროექტების, რაიონში არსებული პრობლემების, მიზნებისა და ხედვების შესახებ მერობის კანდიდატს ვესაუბრეთ. 
- რა არის ის ძირითადი გზავნილი, რის გამოც ადიგენის რაიონმა მერის თანამდებობაზე ხელმეორედ უნდა აგირჩიოთ?
- ჩემი მთავარი გზავნილი იყო გამჭვირვალე თანამშრომლობა, რაც გამოიხატა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაწყებული, მცირე საკითხებით დასრულებული. ანუ მარტივად რომ ვთქვა, სიტყვა და საქმე ერთმანეთს დაემთხვა.
ადიგენში გაკეთდა არა ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი პროექტები, რომელიც რეალურად აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
- ყველაზე მეტად რა აწუხებს რაიონს, რა პრობლემის გადაჭრას აპირებთ?
- ადიგენისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის შემცირება/ემიგრაცია, ახალგაზრდები ტოვებენ მუნიციპალიტეტს და საჭიროა მათი შენარჩუნება ახალი შესაძლებლობების შექმნით. ამ პრობლემების გადასაჭრელად ვგეგმავ დაწყებული პროექტების გაგრძელებასა და გაფართოებას სახელმწიფოს მხარდაჭერით.
- თქვენი გეგმები რით არის განსხვავებული სხვა პრეტენდენტების გეგმებისგან?
- ჩემი გეგმები უკვე გამოცდილ მიდგომებზეა დაფუძნებული.
განსხვავება იმაშია, რომ ჩემთვის პრიორიტეტი არის არა პოპულარობა და მხოლოდ დაპირებები, არამედ კიდევ უფრო მეტად განვითარება და ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხალხზე მორგებული პროექტებისა და სერვისების განხორციელება. მათ შორის, თუნდაც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა, ტურისტული პოტენციალს ზრდა და სხვა.
- “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში თქვენს რაიონში რა საკითხს, გამოწვევას გამოარჩევდით, რომელიც დადებითად გადაწყდა? 
- პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის დღიდან დღემდე უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განხორციელდა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც ხალხზეა ორიენტირებული და მათ საჭიროებებზეა მორგებული. თუმცა გამოვყოფ აბასთუმნის განვითარების პროექტს, ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას და აბასთუმნის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. არის კიდევ ბევრი პროექტი, სოციალური და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, სოფლებში საბავშვო ბაღებისა და სკოლის შენობების რეაბილიტაცია-მშენებლობა და სხვა.
- ადიგენის რაიონი სპეციფიკური კუთხეა როგორც თურქეთთთან, დიდ მეზობელთან საზღვრის, ისე რელიგიური მრავალფეროვნებითაც. გვახსოვს მუსლიმი თემის მიმართ თქვენეული სწორი პოზიცია, რომლის წყალობითაც, მათი მხრიდან ვნებათაღელვა შეწყდა. ინციდენტის განმუხტვაში რამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი? 
- ეს საკითხი ჩემთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ძირითადი როლი ითამაშა დიალოგმა და ნდობაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა. ყველა თემისადმი პატივისცემამ, მათი ტრადიციებისა და იდენტობის აღიარებამ შექმნა პლატფორმა, სადაც შესაძლებელი გახდა დაძაბულობის თავიდან აცილება.
- რა არის ადიგენის რაიონის მთავარი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევა? 
- მიგრაცია და ახალგაზრდების გადინება კვლავ რჩება მთავარ პრობლემად. ჩემი ხედვით, ამ პრობლემის გადაჭრის გზა ბიზნესის ხელშეწყობაა, ასევე ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად განვითარება და იმ სერვისების და პროგრამების ამოქმედება, რაც მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ადგილზე დააკავებს,.
- მერად კვლავ არჩევის შემთხვევაში რას ჰპირდებით ადიგენის მოსახლეობას?
- პირველ რიგში, მინდა შევთანხმდეთ, რომ თითოეული გაკეთებული საქმე, ჩვენი ხალხის თანადგომით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენი რეგიონის მაჟორიტარი დელეგატი დეპუტატის, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გვერდში დგომით, ადიგენის საკრებულოს მხარდაჭერითა და უფლის დახმარებით განხორციელდა და მომავალშიც ზუსტად ასე განვაგრძობთ, ამიტომ ვპირდები, რომ, განვაგრძობ უკვე დაწყებულ პროექტებს და დავიწყებ ახალი უფრო მნიშვნელოვანი და მასშატაბური პროექტების განხორციელებას, დავნერგავ ახალგაზრდებისთვის ახალ პროგრამებს, პროექტებს და სერვისებს, რაც მათი განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება, გავაფართოებ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, ერმანეთთან კოორდინირებული და მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. 
ესაუბრა
ლევან ჭიღლაძე