გრიგოლ გაგნიძე: გორის ინციდენტი საბოტაჟს ჰგავს
გვესაუბრება უფლებადამცველი, „პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ დამფუძნებელი გრიგოლ გაგნიძე:
_ ბატონო გრიგოლ, წინა კვირას გორში მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს, საზოგადოება აღაშფოთა. წინა ინტერვიუში სწორედ იმაზე საუბრობდით, რომ აუცილებელია, ინსტრუქტაჟი, რათა პოლიციელმა ქცევის წესები იცოდეს.
_ დიახ, ბოლო წლებში მსგავსი შემთხვევები პერიოდულად მეორდება. გაგახსენებთ საკმაოდ გახმაურებულ ფაქტს, როცა პოლიციელმა მეტროში შშმ პირი დააკავა, რომელიც ვერ მეტყველებდა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ეს საზოგადოებისთვის მტკივნეული თემაა. სულ ახლახან კი ის სპეცრაზმელები დააპატიმრეს, რომელთაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებზე იძალადეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს. რაც შეეხება გორში მომხდარ ფაქტს, ნამდვილად საყურადღებო და შემაშფოთებელია. გავრცელებული ვიდეოთი ვიხილეთ გაუწონასწორებელი პოლიციელების სასტიკი ქმედება მოქალაქის მიმართ, რომელიც ბანკის თანამშრომელი აღმოჩნდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პოლიციელებს წარსულშიც არაერთხელ უძალადიათ, რაც მაშინ შერჩათ და ახლა ისევ იგივე გაიმეორეს.
_ ვიდეოს ნახვის შემდეგ, როგორც ადვოკატს, რა შეკითხვები გაგიჩნდათ, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ გადაღებულმა ვიდეომასალამ?
_ გორში მომხდარი ინციდენტი უფრო სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ საბოტაჟს ჰგავს. რაც ვიდეოში ვიხილე, კამერა ისე იღებდა, რომ დადგმულ სცენარს, ჩასაფრების შთაბეჭდილებას ტოვებს. ვინც მეტ-ნაკლებად იცის, როგორ ხდება პოლიციელების მიერ ვიდეომასალის გადაღება, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ვიდეო შორი დისტანციიდან იყო გადაღებული. უცნაურია ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა იქ სწორედ იმ დროს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი. როგორც გაჟღერდა, იგი ინციდენტის ადგილმდებარეობასთან ახლოს ცხოვრობს. იმ მომენტში იქ როგორ აღმოჩნდა, ეს გამოძიებამ გარკვეულ დროსა და ვადაში უნდა დაადგინოს. ვიმეორებ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ სცენარის დაადგმაში თანხა იყოს გადახდილი საბოტაჟის მოსაწყობად.
სამწუხაროა, რომ პოლიციელებმა მოქალაქეზე იძალადეს. თუ პირი დამნაშავეა და თან პოლიციას წინააღმდეგობას უწევს, იგი უნდა დააკავო და პასუხისგებაში მისცე, მაგრამ წაქცეულს რომ ურტყამ, თან ერთი კი არა, რამდენიმე ადამიანი, ეს საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს.
ჩემი აზრით, პოლიციელების დატრენინგება, მათთვის ინსტრუქტაჟის მიცემა, აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ და მიეჩვიონ იმ აზრს, რომ მსგავსი ქმედება უფლებამოსილების გადამეტებაა. ასეთ ქმედებებს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს როგორც წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. როგორც იცით, ოპოზიცია შანსს არ უშვებს, მაქსიმალურად ცდილობს, მსგავსი შემთხვევები სწორედ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს. ჩვენ ამის საბაბი არ უნდა მივცეთ.
დიახ, პოლიციელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას მსგავს შემთხვევებში ათმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე სხვა უწყების წარმომადგენლებს.
_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?
_ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად აუცილებლად მივიჩნევ, თვეში ერთხელ მაინც, შსს-ის ყველა განყოფილების ხელმძღვანელობამ პოლიციელებს გარკვეული ინსტრუქციები ჩაუტაროს. რამდენიმე თვეში ამ ინციდენტს ყველა დაივიწყებს. ამიტომ სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას კიდევ რომ არ ჰქონდეს ადგილი, სწორედ ამისთვის არის საჭირო მათი დატრენინგება. პოლიციელები საკუთარ უფლებებს კარგად უნდა გაეცნონ. ეს, გარკვეულწილად, შეამცირებს პოლიციელების მხრიდან მსგავსი გადაცდომების რისკებს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, ამ ინციდენტის პასუხად, სტრასბურგის პრეცედენტს მოვიშველიებ, რაც პრესის მიერ მოძალადე პოლიციელების მხილებას ეხებოდა. 1986 წლის 8 ივლისს ლინგენს-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა: მართალია, პრესამ არ უნდა გადალახოს ის საზღვრები, რომლებიც, მათ შორის, დადგენილია სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა, გააჟღეროს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ, ასევე, საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი ინფორმაციის გაცემის ამოცანა მხოლოდ პრესას კი არ აკისრია, არამედ ასევე საზოგადოებას გააჩნია ინფორმაციის მიღების უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკარნახევია იმ ფაქტისადმი ძალიან დიდი მნიშვნელობის მინიჭებით, რათა საზოგადოება სისხლის სამართლებრივი თუ სხვა სანქციის შიშით საზოგადოებრივი ინტერესების მქონე საკითხზე აზრის გამოთქმას არ მოერიდოს.
დესტრუქციული ოპოზიცია, გარე ძალები, ხილულად თუ უხილავად ქვეყნის დისკრედიტაციისკენ არიან მომართულნი. ამიტომაც გამოვთქვი საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამორიცხული არ არის, ეს ინციდენტი სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული საბოტაჟის მცდელობა იყოს. რადიკალურ ოპოზიციას როდის როგორ აწყობს, ისე იქცევა: ახლა ხელი გაიშვირეს, ნახეთ, პოლიციელები როგორ იქცევიანო. ხოლო როცა დასჭირდებათ, პოლიციელებს ეტყვიან: ხომ ხედავთ, ხელისუფლება გაპატიმრებთ. ჩვენს მხარეს გადმოდით და არ დაგიჭერთო. მსგავსი ანარქია, საბოტაჟის მცდელობა საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უკვე ვიხილეთ. ამიტომ შსს-ს კადრების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. რატომ უნდა ურტყა წაქცეულს, დაადე ბორკილები და წაიყვანე განყოფილებაში. პოლიციელების აგრესიის მართვაა საჭირო. ოცი წლის პოლიციელს უფრო მეტად უნდა აუხსნა, როგორ მოიქცეს და თუ სამართალდამცავი სტაჟიანია, იგი მეტად გაწონასწორებული უნდა იყოს. ვიმეორებ, ჩვენს ქვეყანას გარე თუ შიდა საფრთხეებიდან გამომდინარე, დამატებით სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის და იური ვაზაგაშვილის საქმის გამეორება არ სჭირდება. ამიტომ საბოტაჟი, პროვოკაციები რომ არ განმეორდეს, ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
_ თქვენ ახსენეთ, პოლიციელებს სიფრთხილე მართებთო. სიფრთხილისკენ მათ თეა წულუკიანმაც მოუწოდა, მტრებს სალაპარაკო არ მივცეთო.
_ მოხელის საჯარო გაფრთხილებას, საზოგადოების ნაწილი უარყოფითად, ნაწილი კი, დადებითად აღიქვამს. თეა წულუკიანის ნათქვამს სწორად გაგება სჭირდება. ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილმა ნაწილმა, წულუკიანის სიტყვებს ასეთი ინტერპრეტაცია მისცა _ ფრთხილად იყავით, ძალადობის ჩადენისას არ გადაგიღონო. რეალურად, სიფრთხილე ნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები თავიდან უნდა იქნას აცილებული, რაც უწყების, ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს, რადგან მსგავსი ინციდენტები შეიძლება ფატალურად დასრულდეს.
გავრცელდა ასეთი ვერსიაც, რომ დამნაშავე პირმა პაპუნა ლოცულაშვილმა დაკავებამდე ნარკოტიკი გადააგდო. ეს უწყების თანამშრომლებმა უნდა დაადგინონ და გამოკვეთონ, რათა დამნაშავის დაკავება ინციდენტში არ გადაიზარდოს. როგორც პატრულის თანამშრომლებს აქვთ კამერები და გარკვეული ინციდენტების დროს იყენებენ, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ მსგავსი კამერების კანონის ფარგლებში გამოყენება. შეიძლება მოქალაქის მხრიდან თავის დაცვის ან პროვოკაციის მიზნით ადგილი ჰქონდეს ძალადობას, თუნდაც პოლიციელს დაარტყას, ამ უკანასკნელმა ვერ მოითმინოს და მოქალაქეს იმავე ძალადობით უპაუხოს, ანუ უფლებამოსილებას გადაამეტოს. ჩემი აზრით, ეს რომ არ მოხდეს, სასურველია, მსგავსი ოპერაციების ჩატარებისას, პოლიციელებს კამერები ჰქონდეთ მიმაგრებული, რათა სიმართლე მარტივად დადგინდეს. ასე საკუთარ ქმედებებსაც გააკონტროლებენ და დამნაშავესაც.
_ ბატონო გრიგოლ, გორის ინციდენტიდან მალევე, რადიკალებმა სისტემურ დანაშაულზე საუბარი დაიწყეს. რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?
_ უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიციელების ქმედება მკაცრად დაგმეს და აღნიშნეს, რომ კანონის ყველა დამრღვევს პასუხი მოეთხოვება, რაც მისასალმებელია. სახელმწიფომ დამნაშავე პოლიციელები არ დაიცვა, რაც მის სიძლიერეზე მიუთითებს. ოპოზიცია გაჰყვირის: სახეზეა სისტემური დანაშაულიო. ზოგში სიტყვა _ სისტემა უარყოფით ინტერპრეტაციას აღძრავს. სისტემაა თავად ეს უწყება. თუ პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტები ხშირად ხდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება სისტემურ დანაშაულზე ვისაუბროთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მსგავსმა შემთხვევებმა სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რადგან ეს ხალხში უკმაყოფილებას გამოიწვევს და ჩუმი პროტესტი იფეთქებს, რაზეც წინა ინტერვიუში ვრცლად ვისაუბრე.
დიახ, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს დამნაშავე პოლიციელები არ დაუცავს, პირიქით, მათ გამოაშკარავებას ცდილობს. მეტიც, საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავს შემთხვევებზე შსს-ს ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდოს.
აქვე გეტყვით, რომ, როცა პატიმარი ციხეში შედის, იგი სამედიცინო შემოწმებას გადის იმის დდასადგენად, დაკავებისას რაიმე დაზიანება ხომ არ მიიღო. ეს სტატისტიკა იუსტიციის გარდა, სახლახო დამცველსაც აქვს, რომელსაც დაკავებისას ძალადობის შემთხვევაში, პატიმრის ოჯახის წევრები ხშირად მიმართავენ. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, პატიმარს სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს, რადგან დაზიანებულ ადამიანზე პასუხისმგებლობის აღება უწყებას ცალკე ხარჯი უჯდება (მკურნალობა და სხვა). სამედიცინო შემოწმების გარეშე პატიმრის მიღებას სახელმწიფოს მიმართ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს.
თამარ შველიძე

