ჩვენი სტრატეგიული პლაგიატები

ჩვენი სტრატეგიული პლაგიატები

ჩვენ, ქართველებს ჯერ ისიც არ მოგვინელებია, სომხებმა „ვეფხისტყაოსანი“ რომ მიითვისეს (ეგ ჩვენი აშოტას დაწერილიაო), ამ დღეებში კიდევ ახალი პლაგიატები გამოგვიჩნდნენ. არც დაიჯერებთ, ერთ-ერთი პლაგიატი ისეთი ქვეყნის თლა „უმფროსია“, მთელ დუნიას რომ აზანზარებს, ზოგს დაპყრობით ემუქრება, ზოგს, უბრალოდ, მიერთებით, ზოგს კიდე ასევე, უბრალოდ, დაბომბვით და მიწის ზედაპირისგან აღგვით. პირდაპირ გეტყვით: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2026 წლის 17 მაისს ამერიკელები საყოველთაო ლოცვაზე მიიწვია. როგორც მან განაცხადა, 17 მაისს ვაშინგტონში, ეროვნულ მოედანზე ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რომლის მიზანიც იქნება „ამერიკის ხელახლა გამოცხადება ღმერთის წინაშე ერთიან ერად.“ აღნიშნული ღონისძიება, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი საჯარო რელიგიური შეკრება იქნება. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან რელიგია და ქრისტიანობა ამერიკული პოლიტიკისა და კულტურის ცენტრში დააბრუნა. ტრამპმა ხაზი გაუსვა ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა სკოლებში ლოცვის მხარდაჭერა, ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და თეთრ სახლში რწმენის საკითხებზე პასუხისმგებელი ოფისის შექმნა. 
მოგეხსენებათ, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა. ეს დღე მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს იმართება ბევრ ევროპულ და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყანაში ლგბტ აღლუმები, ასეთი რამის დანერგვას ცდილობდნენ ჩვენშიც, მაგრამ 2013 წელს რუსთაველის გამზირზე აღვირახსნილი კამპანიის წამომწყებებს ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა, მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც და, ფაქტობრივად, 17 მაისი მათ დაგვიბრუნეს. 
საიდან მოუვიდა ტრამპს აზრად, თავის ქვეყანაში იგივე დღე ქრისტიანულ დღედ გამოეცხადებინა? ამანაც ჩვენი უწმიდესის მსგავსად, ელგებეტეების ამოჩემებულ რიცხვს შეგნებულად დაამთხვია? ეგებ, გაიგო, საქართველოში ასე და ასე იყო, მოდი, იმათ მივბაძოთო? ეს კაცი სხვა შემთხვევებშიც ისე იქცევა, შთაბეჭდილება რჩება, რომ აქედან ვიღაცა იდეებს აწვდის. ვნახოთ, მალე მოვა 17 მაისი, შეიძლება, ტრამპს „ტაბურეტკის“ სროლაც დასჭირდეს. 
ეს კაცი მალე სადღეგრძელოებსაც მოგვპარავს, მერე საცივის, ხინკლისა და ელარჯის რეცეპტებზე გადავა. აღარაფერს ვამბობ აჯაფსანდლის, ღომის, ჩობან-ყაურმისა და ჩაქაფულის რეცეპტებზე. არა, თქვას, კაცო, ვაჩუქებთ, ეგეთი პლაგიატობა რა საჭიროა? გვითხრა და უარი ვუთხარით?
პრინციპში, რატომ უნდა გვითხრას? ეშმაკობს, მერე ამ რეცეპტების გამო ნობელის პრემიას მოითხოვს კვების დარგში. გამოვა, ჯერ ნობელის პრემიის კომიტეტს გამოლანძღავს, მერე ნორვეგიის მთავრობას შეაჩვენებს, ბოლოს კი „ტრიპაჩობას“ დაიწყებს, მსოფლიო მე გამოვკვებე, 18 ქვეყანა გადავარჩინე შიმშილსა და ამოწყვეტასო. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. 
ახლა ისეთ რამეს გეტყვით, კარგახანს არ დაიჯერებთ, მაგრამ, როცა დაფიქრდებით, მერე აღიარებთ, რომ მართალი ვყოფილვარ. ესე იგი, თუ 2026 წელს დონალდ ტრამპს ნობელის პრემია არ მისცეს მშვიდობის დარგში, ნაღდად დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. კი, ბატონო, კი წაართვა ვენესუელელ ოპოზიციონერ მარია კორინა მაჩადოს ნობელის პრემია, საკუთარი ხელით ჩაატანინა ვაშინგტონში, მაგრამ ეს ის მაინც არ არის, რაც უნდა იყოს, დოკუმენტებში არ წერია, რომ ჯილდო დონალდ ტრამპს ეკუთვნის. რატომ ვეჭვობ, რომ შეიძლება 2026 წლის ბოლოს მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს? პოლონეთში აშშ-ის ელჩმა ტომ როუზმა პოლონეთის სეიმის სპიკერთან ვლოდიმიეჟ ჩაჟასტისთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა მას შემდეგ, რაც უარი თქვა დონალდ ტრამპის კანდიდატურისთვის ნობელის პრემიის მინიჭების მხარდაჭერაზე.
„ჩვენ აღარ გვექნება შემდგომი ურთიერთობები, კონტაქტები ან კომუნიკაცია სეიმის მარშალთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“.
როუზის განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და აშშ-ის ელჩს შეახსენა, რომ პარტნიორებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და ლექციები არ უნდა წაუკითხონ: 
„ელჩო როუზ, მოკავშირეებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ და არა ლექციები წაუკითხონ. ყოველ შემთხვევაში, ასე გვესმის ჩვენ პარტნიორობა პოლონეთში“.
როუზი ამბობს, დონალდ ტრამპმა ბევრი გააკეთა პოლონეთისთვის და პოლონელი ხალხისთვისო. არ ვიცი, როდის გააკეთა ბევრი, რაღაც არ მსმენია, შეიძლება გააკეთა კიდევაც, ჩვენ არც კამბოჯისა და აზერბაიჯანის ომის შესახებ გვქონდა რამე გაგონილი, მაგრამ ხომ დაასრულა და სამუდამოდ მშვიდობა ჩამოაგდო? ამაშია საქმე, ჩვენ ეგეთ რაღაცებს გვიან ვიგებთ ხოლმე. 
რაც ამ დღეებში ევროპის თავს მოხდა, ამას შეიძლება პლაგიატობა ვუწოდოთ და არც ვუწოდოთ, მე გეტვით და დანარჩენი თავად შეაფასეთ: ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს, გამოცდილების გაზიარებას კი საქართველოს სთხოვს. ქართულმა მხარემ მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადაუგზავნა. მანამდე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით, ანგარიში შემუშავდა. მსჯელობის მთავარი თემაა - უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოების დახვეწა. როგორც ჩანს, ამათ ს(ვ)ინდისი საერთოდ არ გააჩნიათ, გუშინ და გუშინწინ არ იყო, გამჭვირვალობის კანონი რუსულად რომ მონათლეს და ამტკიცებდნენ, მაწონი შავია, ხოლო „ფეჩი“ გარმონიო? როცა ვეკითხებოდით, რატომო, დაუფიქრებლად გვპასუხობდნენ - იმიტომო. გახსოვთ, ხომ? მაგას რა დაგავიწყებთ? თქვენ გგონიათ, მთელი ეს მარაზმი ჩვენებური აკაცუკების მოგონილი იყო? არა, ამათი გონება ამდენზე ვერ ქაჩავს, დირექტივები მოსდიოდათ ევროკავშირიდან და ესენიც ერეკებოდნენ. რომ გითხრათ, ევრომაიმუნები ნამეტნავად გონიერი არსებები არიან-მეთქი, მოგატყუებთ, უბრალოდ, აქაურ აკაცუკებს უამრავი სისულელეებით უტენიან თავის ქალას და ესენიც იჯერებენ. 
ისე, რაღა დაგიმალოთ და... თავიდან ფეიკი მეგონა, როგორ, კაცო, ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს და თან დახმარებას ჩვენ გვთხოვს-მეთქი? გადავამოწმე, გადმოვამოწმე, გადავქექე, გადმოვქექე, არაერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია წავიკითხე და სრული სიმართლეა, ახლა აქეთ გვეხვეწებიან, დაგვეხმარეთ, გვასწავლეთ, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩვენც უნდა გავაკეთოთ, თორემ დაგვენგრა ჭერი თავზეო. ერთი ეგ არი, რაც არ ეპატიება ხარს, ეპატიება იუპიტერსო, ნათქვამია რომაულ მითოლოგიაში ტერენციი აფრას მიერ. ეს კაცი დრამატურგი გახლდათ 195-159 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. გამონათქვამი ხარსა და იუპიტერზე იმიტომ დავაკონკრეტე, რომ ზოგს ქართული ანდაზა ჰგონია და მისტერ დონალდმა კიდევ თუ ყური მოჰკრა, ეგრევე მიითვისებს, მთელ დუნიას მოსდებს, ეგ ფრთიანი ფრაზა მე გამოვიგონეო. იტყვის, რა, ჭკუა დაუშლის, გონება, თანამდებობა თუ მოსკოვს დაეკითხება? ერთ-ერთი მითის თანახმად, ზევსს, ანუ იუპიტერს იმდენად მოეწონა მეფე ფინიკის ქალიშვილი ევროპა, რომ გადაიქცა თეთრ ხარად, მიეახლა ზღვის ნაპირზე მოსეირნე ევროპას, შეისვა ზურგზე და გაიტაცა. როდესაც ხარის დასჯა მოინდომეს, ის ისევ გადაიქცა იუპიტერად და ყველაფერი ეპატია. თან არ დაგავიწყდეთ, მეფე ფინიკის ქალიშვილს ევროპა ერქვა. დიახ, ევროპა მაშინ ჯერ კიდევ ქორფა იყო, ახლა კი ისეა დაბერებულ-დაჩაჩანაკებული, მუხლებს ვინ ჩივის, გონებაც აღარ ემორჩილება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, კიდევ რის მითვისებას და წაღებას დააპირებენ ევროპიელები და ამერიკელები ჩვენგან, რას მოგვთხოვენ და რას მოიპარავენ. ეგრეა, ჩვენ სულ გვპარავენ, გვართმევენ, გვაჭრიან, გვხოცავენ, მაგრამ მაინც ვარსებობთ და ვიარსებებთ კიდევაც. ჩვენს სტრატეგიულ პლაგიატებს კი რა ეშველებათ? - საკითხავი აი, ეს არის!

გელა ზედელაშვილი