ევროკავშირში ვიღაცები აზრზე მოვიდნენ
პატივცემულმა ევროკომისიამ, რომელიც წამდაუწუმ უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებს, საფუძვლიანი კვლევა გამოაქვეყნა და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ მნიშვნელოვან დერეფნად გვაღიარა. კი ჟღერს სიტყვა „დერეფანი“ ცოტა ისე, რაღაცნაირად, მაგრამ რაც მაგათ იკადრეს, მაგასღა დავეძებთ? მოკლედ, დოკუმენტში შავი ზღვა და მისი მოსაზღვრე ქვეყნები ნახსენებია, როგორც „გადამწყვეტი სატრანზიტო კვანძი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის, რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. აი, საქმის მცოდნე ადამიანები სულ ამბობდნენ, ჩვენ უფრო ვჭირდებით ევროპას, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ევროპაო და აჰა, ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა. ევროკომისია უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ საქართველოში რამდენიმე კონკრეტულ პროექტს არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ანაკლიის პორტს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიჩნეულია აუცილებლად შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს სანაპიროზე უფრო დიდი გემების მიღების შესაძლებლობისთვის“.
შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. პროექტი შეფასებულია, როგორც „საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა“, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან. მესამე გახლავთ სარკინიგზო და საგზაო ქსელი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების საჭიროება.
ევროკომისიის დასკვნაში ასევე, წერია, რომ აუცილებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორების შემდგომი რეფორმირება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საბაჟო პროცედურების ციფრული ტრანსფორმაცია, ე. წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება. კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული მზაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.
როგორც ჩანს, ევროკავშირში ვიღაცები დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ საქართველო ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის, პირიქით, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. არ მგონია, იმ კავშირში ყველა დაჭკვიანდეს, მაგრამ ვინც ეს დასკვნა დაწერა, აშკარად ესმის საგანი და კარგი იქნება, თუ სხვებიც ყურადღებით წაიკითხავენ.
გელა ზედელაშვილი

