ამბიციური ბრიყვების გაქცევა კომედიიდან, რომელიც უკვე დამთავრდა
ამ დღეებში ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ამავე თეატრის მსახიობისა და პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. უკაცრავად, აკაცუკები „ანდრო ჭიჭინაძის“ წინ „სინდისის პატიმარს“ წერენ, მაგრამ მე ვერ დავწერ, რადგან ის ჩვეულებრივ პატიმრად მიმაჩნია. რასაც ეს ჯოგი აკეთებდა, იქ სინდისს არაფერი ესაქმება. გაუხსენი ცეცხლი პოლიციელებს? დააზიანე სახელმწიფოს კუთვნილი (თუნდაც კერძო იყოს) ქონება? გადაბუგე რუსთაველის გამზირი? არ შეგაწუხა სინდისმა? არაფერი გითხრა საკუთარმა ნამუსმა? გამოდის, ჩვეულებრივი კრიმინალი ხარ. მოკლედ, ეს საკითხი გავარკვიეთ. ახლა გადავიდეთ შემდეგზე - რატომ ჩამოხსნეს ბანერი და რატომ განრისხდა ამის გამო რამდენიმე მსახიობი? რატომ დატოვეს მათ „მშობლიური“ თეატრი? იცით, რა თქვეს განრისხებულებმა? ჩვენ აქამდეც დავტოვებდით, მაგრამ ანდროს ბანერს „ვყარაულობდით“, რომ არ ჩამოეხსნათო.
რა ეწერა იმ ბანერზე. იქ ეწერა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და უპირველესად ანდრო ჭიჭინაძესო. ჩვენ ანდრო ჭიჭინაძე გავიცანით არა როგორც მსახიობი, არამედ, როგორც პატიმარი. სანამ არ დააკავეს, მისი არსებობის შესახებ ბევრმა არაფერი იცოდა, ახლა კი მისი დაქალ-ძმაკაცები ისე ხატავენ, თითქოს საქართველომ აკაკი ხორავა დაკარგა.
როგორც აკაცუკური გამოცემები იტყობინებიან, ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნის მიზეზად ახალი ბანერის გაკვრა მოუტანიათ, რომელიც იუწყება, რომ ახალი მუსიკალური პროექტი იწყება და ყოველ სამშაბათს ამ თეატრში უნდა ჩატარდეს. ფაქტს წინააღმდეგობა გაუწიეს მსახიობებმა, თუმცა ამაოდ. თეატრის დასი დატოვეს - ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, მანუ თავაძემ, ანასტასია ჭანტურიამ, დავით ბეშიტაშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა. აქვე გვატყობინებენ, რომ სია ნელ-ნელა გრძელდება.
იცით, მგონი, ესენი საკუთარი ნებით იმას აკეთებენ, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა - განა მხოლოდ უნივერსიტეტებია საქართველოში დასაშლელი და ხელახლა ასაწყობი? განა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლებია დასახური? არა, თითქმის ყველა სფეროშია კატასტროფული მდგომარეობა და, მათ შორის, თეატრებშიც, ბევრი მათგანი არა უბრალოდ თეატრი, არამედ „ნაცების“ ბუნაგია.
დღეს თბილისში რამდენი თეატრია, იცით? არ დაიჯერებთ, სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი 30 თეატრია და 20 კიდევ დამოუკიდებელი. ახლა თბილისის თეატრები რომ ჩამოვთვალო, ბევრს „ილიაუნური“ ავადმყოფობა დაემართება და ეგრევე დამიწყებენ ლანძღვას, აგერ, ნახეთ, ზედელაშვილი ისეთი უკულტუროა, თეატრების დახურვას ითხოვსო. ამას წინებზე ილიაუნზე ვთქვი რაღაცა და პროფესიონალმა იდიოტებმა სოციალურ ქსელებში უკანასკნელი სიტყვებით მლანძღეს. ამ ეტაპზე კონკრეტულ თეატრებს არ შევეხები, უბრალოდ, ვიკითხავ: ამდენი სახელმწიფო თეატრი ერთი პატარა ქალაქისთვის ნამეტანი ხომ არ არის? თან ნახეთ, როგორ უმადურობასთან გვაქვს საქმე - ამ კაცმა, ამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა სახელმწიფო თეატრი გაარემონტა, ავეჯი განაახლა, ყველა თეატრის პერსონალს სტიპენდიები დაუნიშნა, მსახიობებს წლების განმავლობაში დაეხმარა, ახლა ეს ე. წ. მსახიობები რუსთაველზე დაბოდიალობენ და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ მას მერე, რაც ე. წ. სინდისის პატიმრებს გაათავისუფლებენ. მეტიც, ამ ახალ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, ძალაუფლება „მშრომელთა მასებს“ უნდა გადასცეს, ფაბრიკა-ქარხნები – მუშებს, მიწები - გლეხებს, ხოლო ხელოვნება და კულტურა ნანკა – კალატოზიშვილს.
როგორც აკაცუკები წერენ, თეატრიდან მსახიობების წასვლას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აბა, კაცო, ამას წინებზე დმანისში მიწა რომ იძრა, მაგის ბრალი იყო, ბუნებამაც კი განიცადა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამტკიცებს, „ადამიანებს მეგობრის პლაკატი თავზე ჩამოახიეს“-ო. რატომ თავზე და არა თავებზე? დიახ, წელიწადი გადის, ეგ ბანერი თეატრის ფასადზეა გადმოკიდებული, ხელი არავის უხლია და ამ დროს მაგ ბანერის გადმომკიდებლები ამტკიცებენ, ქვეყანაში ტოტალიტარიზმი მძვინვარებსო.
მსახიობების საქციელმა ზოგს ცოტნე დადიანი გაახსენა - ესე იგი, ჭიჭინაძე „ქოცებმა“ შეიპყრეს, ხოლო ესენი კალატოზიშვილისა და კინწურაშვილის მეთაურობით, მზის გულზე ტატრაყუნები ჩამოსხდნენ. ერთი ეგ არი, ახლა ისეთი პერიოდია, არც მცხუნვარე მზე აწუხებთ, არც თაფლი გამოუყენებიათ თვითგვემის იარაღად. თურმე ეს არის ქართული კულტურის რღვევა ეროვნულობის შესანარჩუნებლად. თურმე ქართველი მსახიობებისგან სამსახურის დატოვება და სოლიდარობის მსგავსი ჟესტები პატარა მსხვერპლი არ არის. თურმე მათ ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსი შემოსავლები არ აქვთ, მაგრამ თავიანთ საყვარელ საქმეს მაინც ტოვებენ. აი, ჰოლივუდიც ახსენეს, ისინი ამერიკაში რომ მოღვაწეობდნენ, აუცილებლად ექნებოდათ, მაგრამ ისე უყვართ სამშობლო, ისე სტკივათ ყოველივე, ვერ ტოვებენ.
მსახიობი ირაკლი რობაქიძე: „გივიკო ბარათაშვილი თამაშობდა სპექტაკლში „მე გადავცურაც ზღვას“, რომლის ბილეთის მოპოვებასაც 1 წელზე მეტი ვცდილობდი და ბოლო-ბოლო, ჩემმა მეგობარმა მიყიდა ტელეფონით (ყიდვისთვის რამდენიმე ადამიანი ყველა გაჯეტით რიგში ვიდექით). ჰოდა, გივიკო ბარათაშვილს ვინ შეცვლის იმ სპექტაკლში“?
წარმოგიდგენიათ? მსახიობი რომ ერთი წლის განმავლობაში ბილეთს ვერ შოულობდა, ჩვენ, უბრალო მოკვდავები რანაირად ვიშოვით? გივიკოს ვინ შეცვლის? არა, მართლა ვინ შეცვლის, თქვენ ამაზე გიფიქრიათ? განა ეს საკითხავი არ არის? ამაზე პასუხი ისევ რობაქიძეს აქვს: „ვერა, მას ვერავინ შეცვლის, ისევ ფეხბურთს შევადაროთ - ჟორჟი რომ არ გვყავდეს 9-იანზე, ვინ ითამაშებს მის ადგილას მასავით? ვერავინ“!
ხედავთ, რომ ესენიც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ? ხედავთ, რომ ამათაც სააკაშვილივით თავები შეუცვლელები ჰგონიათ? ხედავთ, რომ ამათაც კარგი პირობები თავში აქვთ ავარდნილი და ისევ ამ კარგი პირობების შემქმნელს ებრძვიან? მოდით, „დავგუგლოთ“, მოვიძიოთ, რამდენი ცნობილი თეატრია, მაგალითად, საფრანგეთში? სამი, ხალხო, სამი - „კომედი ფრანსეზი“, „მარინის თეატრი“, „ოპერა გარნიე“. რამდენია გერმანიაში? ხუთი - „ბაიროითის თეატრი“, „ბერლინერ ანსამბლი“, „ვაიმარის თეატრი“, „კომიშე ოპერ“, „მეინინგენელთა თეატრი“. ასეთივე მდგომარეობაა იტალიასა და ესპანეთში, 30 სახელმწიფო თეატრი არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს. აღარაფერს ვამბობ აფრიკაზე, აზიასა და ავსტრალიაზე. სწორს ამბობს ირაკლი კობახიძე, როცა 65 უმაღლეს სასწავლებელზე ლაპარაკობს, ამ დროს თეატრებიც თითქმის ამდენივე გვაქვს. მგონი, დადგა დრო, ამ თემაზეც ხმამაღლა ვილაპარაკოთ. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე უნდა დაიხუროს, არა, ხომ შეიძლება, ბიუჯეტზე ამდენი ორგანიზაცია არ იყოს ჩამოკიდებული? ხომ ამბობენ, ბილეთებს ერთი წლის განმავლობაში ვერ ვშოულობთო? გამოდის, დაფინანსების პრობლემა არ ყოფილა, დადგან სპექტაკლები, გაყიდონ ბილეთები და ირბინონ თავისუფალ დროს რუსთაველზე აკაცუკურად, უშლით ვინმე? ეგრე სად არის, თან ჯიბეზე მიყურო, თან თეატრი გირემონტო, თან პირობები შეგიქმნა, თან კიდევ მაგინო?
ეს წერილი კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიას სიტყვებით უნდა დავასრულო: „ვასო აბაშიძის სახელმწიფო თეატრიდან ისეთი მსახიობები წავიდნენ, გაჯანსაღდა გარემო და მგონი დროა, დავიწყოთ მანდ სიარული“.
დასაწყისშიც გითხარით, ესენი ცოტა ადრე უნდა წასულიყვნენ... აი, მაშინ, როცა მაგათი „კუმირი“ დოიაშვილი რეგიონებში გასვლით დაგვემუქრა, ძალა უნდა გაჩვენოთო და როცა ფეხები ვერ მოგვჭამა, ჩინეთში გადაიკარგა. ისე, რაღა დაგიმალოთ და... ამ ბრიყვებმა გაქცევაც უნიჭოდ იციან.
გელა ზედელაშვილი

