მკვდარი ცხენის თეორია
გვესაუბრება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი ზურაბ ქადაგიძე:
_ ბატონო ზურაბ, ევროკავშირმა ულტიმატუმის სახით 31 აგვისტომდე 8-პუნქტიანი დავალების შესრულება მოგვთხოვა. რა კომპრომისზე წავა ხელისუფლება?
_ რვა პუნქტიდან რამდენიმე თუ თვითმყოფადობაზე, სუვერენიტეტზე საერთოდ ხელს ამაღებინებს და სახელმწიფოს საფუძვლებს მოარყევს, ამას ვერ დავეთანხმებით. ულტიმატუმების ენით საუბარი დაუშვებელია. ქართველი ხალხი ერთადერთ რამეს ითხოვს _ ნებისმიერ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მოხდეს.
_ ევროკავშირის მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევა და ლგბტ პირების უფლებების დაცვის გაძლიერებაა.
_ იმიტომ, რომ თანამედროვე ლიბერალიზმის მთავარი შემოქმედი, დისტრიბუტორი ე.წ. დიფ სთეითი _ ფარული მმართველობაა. ესაა მათი იდეოლოგია. ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, აღარ არსებობს, ეს არის ვოუქიზმი, ლგბტ პროპაგანდა არასრულწლოვნებსა თუ სრულწლოვნებში. ამ სიმახინჯით თაობები ნადგურდება. არაერთ დოკუმენტურ ფილმშია აღწერილი, რა უქნეს თაობებს ამერიკაში, ბრიტანეთში, ისეთ „ცივილიზებულ“ ქვეყნებში, რომელთაც თურმე ჩვენ, „ჩამორჩენილები“ უნდა დავეწიოთ ლიბერალიზმის, მოწყვლადობის და ლგბტ პროპაგანდის კუთხით. ამ იდეოლოგიით ჩაანაცვლეს აბსოლუტურად ყველაფერი: ტრადიცია, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება. არ მგონია, ხელისუფლებამ ამ საკითხში უკან დაიხიოს და მათ ნებას დაჰყვეს. საპარლამენტო არჩევნებზე მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა ხმა სწორედ ეროვნულ ინტერესებს მორგებულ კანონებს მისცა. აქედან გამომდინარე, ულტიმატუმის მესვეურები უკვე წაგებულ პოზიციაში არიან. ვიმეორებ, ეს მათი იდეილოგია, მრწამსია.
_ თუ უვიზო მიმოსვლა მართლაც შეგვიჩერეს, პასუხისმგებელი ვინ იქნება?
_ პასუხისმგებელი ის არის, ვინც ევროპა-საქართველოს ურთიერთობებს არასამართლებრივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, როგორც დოკუმენეტში წერია, რამდენიმე ფაქტორი შეიძლება გახდეს. ესაა ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური სიტუაცია, საემიგრაციო პოლიტიკა და ა.შ., რისი პრობლემაც საქართველოს არ უდგას. უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუქარა არის პოლიტიკური ინსინუაცია. პირდაპირ გვეუბნებიან: თქვენი მთავრობა თუ არ დაგვიჯერებს, კანონებს არ გააუქმებს, ხულიგნებს ციხიდან უაპელაციოდ არ გამოუშვებს, დამნაშავე პოლიტიკოსებს (და არა პოლიტპატიმრებს) არ გაათავისუფლებს, უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო. ამაზე ვაჭრობა დასაწყისშივე აბსურდია.
ასევე დამოკლეს მახვილივით დაჰკიდეს ხელისუფლების თავზე თავის დროზე სტატუსის მონიჭების საკითხი დაძაბულობის შესაქმნელად, რათა დღის წესრიგი რადიკალების სასრგებლოდ შეცვლილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ახლა მეორე მცდელობაა _ უნდათ, ქართველი ხალხის დასჯა ხელისუფლებას გადააბრალონ. მაგრამ როცა მოწმენდილ ცაზე ამ საკითხს ინსინუაციისთვის იყენებ – ხელისუფლება არ მემორჩილება და ამისთვის ქართველ ხალხს დავსჯიო, ეს პირდაპირ ევროკავშირის, დიფ სთეითის, სოროსის სინდიკატის პასუხისმგებლობა იქნება. ევროდეპუტატების 80% სოროსს ჰყავს ჯიბეში ჩასმული, რასაც ქართული საზოგადოება კარგად ხედავს. ამიტომაც არიან ერთ ამბავში _ იციან, რომ ეს შეიძლება პირიქით მოუბრუნდეთ და ლავირებას ცდილობენ, რათა ისრები ხელისუფლებისკენ გადაიტანონ. საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ეს ე.წ. პოლიტიკოსები _ რადიკალი ექსტემისტები ბრიუსელში, აშშ-ში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში ოთახ-ოთახ დარბოდნენ, რომ რამენაირად ქართველი ხალხის დასჯა მომხდარიყო.
_ არჩევნებამდე ხელისუფლების მიმართ ევროპის მხრიდან კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდება. შეძლებენ ამომრჩეველზე რეაგირების მოხდენას?
_ ხალხზე მათი განცხადებები გავლენას ვერ იქონიებს, თუმცა ვითარების დაძაბვის მცდელობები იქნება. გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 31 აგვისტო ტყუილად როდია მოცემული. ეს ის პერიოდია, როცა წინასაარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაში შედის. მათ სურთ, პოლიტიკური პროცესი როგორმე რადიკალიზმში გადაიყვანონ და პოლიტიკა საარჩევნო ყუთების ნაცვლად, კვლავ ქუჩაში გამოიტანონ. ანუ, 31 აგვისტო _ ეს თარიღი პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად გამოიგონეს. ხომ ვხედავთ, ეს ადამიანები რეზოლუციებს ყოველგვარი პროტოკოლის და წესის დაცვის გარეშე როგორ იღებენ. ამ ერთთვიან პერიოდში, დესტაბილიზაციის გამოწვევას ეცდებიან. როგორც შარშან, ვერაფერი მოახერხეს და არჩევნებმა გამჭვირვალედ, მშვიდ გარემოში ჩაიარა, ახლაც ასევე იქნება. ქართველი ხალხი ბრძენია და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს.
_ რადიკალებს დასავლეთიდან არჩევნების ჩაშლის დირექტივა მიღებული აქვთ. ხაბეიშვილი ხელისუფლების დამხობით იმუქრება. რა პროცესი გველის?
_ ეს შიდა, მათი პირადი ბაზრისთვის გაკეთებული განცხადებებია და მეტი არაფერი. ნაცები და მისი სატელიტები საკუთარ ამომრჩეველთანაც კი ვაჭრობენ და ცდილობენ, ისეთი ვერსია მოიფიქრონ, რომ თავის გამართლება შეძლონ. ნაწილმა თავი დააჭერინა _ თუ ამომრჩეველი პრეტენზიას წაუყენებს, იტყვიან: ციხეში ვიყავით და რა უნდა გვექნაო. ვინც გარეთ დარჩა, ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას ცდილობს. თუ იგივეს დააპირებენ, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რაც უნდა იქუხონ და მუშტები იბრაგუნონ გულ-მკერდზე, „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე გადმოსდინდების“. ხაბეიშვილის ცუმბუშად ქცეული „ნაცმოძრაობის“ გადატრიალებული ქვეყანა, რაც არის, უკვე ვნახეთ 2024 წელს და იგივე მოხდება 2025 წელსაც.
_ ვაშაძემ ციხიდან განაცხადა: მოვითხოვ, დროებითი მთავრობა შედგეს, რომელიც ახალ არჩევნებს ჩაატარებსო. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მერე დაუმორჩილებლობას დავიწყებთო. სულ შეიშალნენ, თუ რა სჭირთ?
_ მერწმუნეთ, ეგენი ჭკუათმყოფელები არც არასდროს ყოფილან. ეს ყველაფერი მათ მიერ მართული მედია საშუალებების მხრიდან აგორებული პიარია, თითქოს, ესენი დიდი პოლიტიკოსები და სტრატეგები არიან. ნაცები და მისი სატელიტები მორალისგან დაცლილნი არიან. მათ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ამ სიგიჟეში შეყვება, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეს: მეთოდები, რასაც ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იყენებენ, არ მუშაობს. ამას მკვდარი ცხენის თეორიას ვუწოდებ. არსებობს ასეთი ბიზნესთეორია, როდესაც ორგანიზაცია ვერ აღმოაჩენს, რომ ცხენი, ამ შემთხვევაში, პროდუქტი, იდეა მკვდარია და ცდილობენ, მას მხედარი, ლაგამი, აბჯარი შეუცვალონ, მაგრამ სინამდვილეში, ცხენი მკვდარია და ეს ვერ აღმოაჩინეს. აი, ასეთი მკვდარი ცხენის თეორიას მიჰყვებიან ეს საცოდავები. ვაშაძე გარეთ იყო და მაშინ ვერ დანიშნა დროებითი მთავრობა და ციხიდან როგორ უნდა დანიშნოს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
_ ზურაბიშვილი ცდილობს, ოპოზიცია თავის გარშემო გააერთიანოს, თუმცა ამას უკვე თავად ნაცებიც ირონიით ხვდებიან.
_ ზურაბიშვილი გახლავთ მოგონილი, ფსევდოპოლიტიკოსი, რომელიც სამი წლის წინ დიფ სთეითმა გამოიგონა და ვითომ ლიდერად შემოგვასაღა. ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, ჩამოლაბორანტებული პოლიტიკოსის, სალომეს იქით, გზა აღარ დარჩა. ის არც საფრანგეთს სჭირდება, არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც საქართველოს. უკაცრავად, მაგრამ ყველა ხვრელიდან ძვრება, რომ იქნებ, რამენაირად საკუთარი ლიდერობის დემონსტრირება მოახდინოს. იგი ისეთივე ლიდერია, როგორც სააკაშვილი და ისეთივე გმირი, როგორიც ხაბეიშვილი. მათგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ, სააკაშვილი მძიმეწონიანი ცუმბუშაა, ხაბეიშვილი _ მცირეწონიანი, სალომე კი ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ცუმბუშა.
_ სააკაშვილმა განაცხადა, ვიცი, ქვეყანაში კრიმინალის თარეში როგორ დავასრულოო.
_ სააკაშვილზე შეიძლება ცალკე სატირა დაიწეროს, როგორ ავიდა კვარცხლბეკზე და მერე დაეშვა თავდაღმართში. კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს კაცი, ქართველი, პოლიტიკოსი, პიროვნება. მან როგორ უნდა დაასრულოს არარსებული კრიმინალის თარეში?! მას ხომ მხოლოდ ტერორი, ბიზნესრეკეტი, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამით თავისი ჯიბის ჟურნალისტებით პიარის კეთება და ფსევდორეპუტაციის შექმნა შეუძლია. ახლა სააკაშვილი ისეთ მდგომარეობაშია, მის ახლობლებს ვურჩევ, კომპიუტერში ჩაუწერონ სტრატეგიები: ტოტალ ვორ, მედია ვორ, რომის, შუა საუკუნეების სტრატეგიები, სადაც მოყვანილია, როგორ ქმნიდნენ ჯარს და შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოებს ებრძოდნენ. აი, ამ თამაშებს ითამაშებს და ცოტას გაერთობა, საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებს. მას საქართველოში პოლიტიკის გაგრძელების პერსპექტივა არ აქვს.
_ საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. რა შედეგს ელით?
_ უპირველესად, ძალიან მწვავე შედეგს ველოდები, გამომდინარე იმ სხდომებიდან, რეალობიდან, რაც დაზარალებული ოჯახებისგან მოვისმინე. დარწმუნებული ვარ, კომისია მკაცრ, ზუსტ შეფასებას გააკეთებს, რის საფუძველზეც „ნაცმოძრაობას“, არამხოლოდ პარტიას, არამედ მის ლიდერებს, შემქმნელებს არასდროს მიეცემათ ქართულ პოლიტიკაში ოპერირების საშუალება. ეს დასკვნა საფუძველი იქნება, პროცესი სამართლებრივი კუთხით წარიმართოს.
თამარ შველიძე

